fbpx

ბრაზილია, სენეგალი და სხვები


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

როდესაც მატჩის 62-ე წუთზე ბრაზილიელმა კოუტინიომ პარაგვაის ნაკრების კარში მეორე გოლი გაიტანა, ბელუ ორიზონტის სტადიონზე მისული „ტორსიდა“ მეტოქის გასანადგურებლად მოემზადა და არც შემცდარა, რადგან აშკარა იყო, რომ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს მოსწყურდა გოლები წინა სამ შეხვედრაში მეტოქეთა კარში გატანილი ორადორი ბურთის შემდეგ.

სატურნირო ცხრილის მიხედვით თუკი ვიმსჯელებთ, ბრაზილიის ნაკრები სამხრეთ ამერიკის უძლიერესი გუნდია და ტრადიციულად მსოფლიო ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. მაგრამ რამდენად სწორია ასეთი შეფასება? 

2016 წლიდან მოყოლებული, ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ტიტეს დანიშვნის შემდეგ, თითქოს საბოლოოდ წარსულს ჩაბარდა გერმანიის ნაკრებთან საკუთარ კედლებში ანგარიშით 1:7 მარცხი.

პენტაკამპეონებმა 2019 წელს, 12-წლიანი პაუზის შემდეგ, კოპა ამერიკა მოიგეს და შესანიშნავი სტატისტიკით მოაღწიეს დღევანდელ დღემდე, მაგრამ დაკვირვებული გულშემატკივრისთვის აშკარაა, რომ ბრაზილიის ნაკრებს ამავე სტატისტიკის მიხედვით, რაღაც აკლია სრულყოფამდე. ეს „რაღაც“ კი გადამწყვეტ პაექრობებში დამარცხებაა. 

ბრაზილიის ნაკრებმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ბელგიის ნაკრებთან წააგო. ბელგიის ნაკრები მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია, მაგრამ ბრაზილიის ნაკრებს მასთან წაგების უფლება მხოლოდ იმიტომ არ ჰქონდა, რომ ის მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია. ბელგიის დამარცხებას კი ბრაზილიელთა ტოლსწორი საფრანგეთის, იტალიის და ინგლისის ნაკრებებიც ახერხებენ…

მომდევნო გადამწყვეტი მატჩები 2019 წელს ბრაზილიამ საკუთარ კედლებში უკვე მოიგო. კოპა ამერიკის ნახევარფინალში მან ჯერ არგენტინა, შემდეგ კი ფინალში პერუ დაამარცხა. 

მაგრამ ფინალში სენსაციურად გასვლის მიუხედავად, პერუ მსოფლიოს უძლიერესი ნაკრებების სიაში არ შედის, არგენტინას კი იმ მარცხის შემდეგ 29-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, რომელიც შარშან „მარაკანას“ სტადიონზე კოპა ამერიკის ფინალში ბრაზილიის ნაკრების დამარცხებასაც მოიცავს.

კოპა ამერიკის გამარჯვებული არგენტინის ნაკრები

დღევანდელი და 2019 წლის ფორმაციის არგენტინის ნაკრებებს შორის არსებულ უდიდეს სხვაობაზე მოყვანილი სტატისტიკა მეტყველებს. ტიტეს ნაკრებმა კი მის კარში გოლის გატანა სამ უკანასკნელ შეხვედრაში ვერ მოახერხა. სამაგიეროდ ანგარიშით 4:0 ანადგურებს პარაგვაის ნაკრებს, რომელიც მიმდინარე ციკლში ზედიზედ მე-7 მატჩია, გოლის გარეშე ტოვებს მოედანს.

უცნაურია, მაგრამ პარაგვაის სტატისტიკას კოლუმბიის ნაკრებიც იმეორებს, რომელიც არგენტინასთან წაგების შემდეგ, პრაქტიკულად შეეგუა მსოფლიოს 22-ე ჩემპიონატის გარეშე დარჩენას.

სამაგიეროდ გასულ კვირას იმარჯვა ჩილეს ნაკრებმა, რომელმაც გასვლაზე ბოლივიის ანგარიშით 3:2 დამარცხებით, კატარში გამგზავრების შანსი შეინარჩუნა.

ალექსის სანჩესმა, გარდა იმისა, რომ დუბლი შეასრულა, საგოლე კომბინაციაშიც მიიღო მონაწილეობა და განაპირობა კიდევაც საკუთარი ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი სამი ქულა.

ჩილელები შესარჩევი ციკლის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მე-4 და მე-5 ადგილოსან ურუგვაის და პერუს შესაბამისად – 3 და 2 ქულით ჩამორჩებიან და ჩემპიონატზე მოხვედრის გარკვეულ შანსს ინარჩუნებენ, რადგან ამისთვის მათ მომდევნო ტურში 24 მარტს ჯერ გასვლაზე ბრაზილია უნდა დაამარცხონ, ხოლო შემდეგ კი 29 მარტს შინ ურუგვაის ნაკრები. 

ბრაზილიასთან წაგების შემთხვევაში, ჩილეს ნაკრებს დახმარებას ისევ ურუგვაი ან პერუ თუ აღმოუჩენს, რომლებიც ერთმანეთს მომდევნო ტურში დაუპირისპირდებიან. 

ჩილელთათვის სასურველი ამ მატჩში ურუგვაელთა მარცხი იქნება, რადგან ბოლო ტურში ისინი მათ მასპინძლობენ და საკუთარი ბედის გამგებელნი თავად იქნებიან, ხოლო პერუს ნაკრები კი ნაკლებად სავარაუდოა, რომ ურუგვაისთან წაგების შემთხვევაში, ბოლო ტურში შინ სუსტ და უმოტივაციო პარაგვაისთან დამარცხდეს.

მიუხედავად იმისა, რომ აქ ჩამოთვლილ მატჩებს სატურნირო თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა აქვთ, ფეხბურთის მოყვარულთა ყურადღება უპირველეს ყოვლისა ბრაზილიის და არგენტინის გადადებულ პაექრობას უკავშირდება.

მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი სანაკრებო დაპირისპირება გასული წლის 5 სექტემბერს მატჩის მე-6 წუთზე ბოლომდე გაურკვეველი მიზეზებით შეწყდა. მისი ხელახალი ჩატარების თარიღი კი ჯერჯერობით უცნობია.

შეძლებენ ბრაზილიელები საკუთარ მოედანზე თავიანთი უძველესი და უმთავრესი მეტოქის დამარცხებას? 

ეკვადორთან მატჩის მიხედვით თუკი ვიმსჯელებთ, მათ თამაშში პროგრესი მაინცდამაინც არ შეინიშნება, აი არგენტინელებს კი შარშან ბრაზილიაში კოპა ამერიკის მოგებამ თითქოს მეტი დამაჯერებლობა შესძინა. მათ ხომ მესის გარეშეც შეიცნეს გამარჯვების გემო, რაც ბოლო ორ ტურში ზედიზედ ორი მოტივირებული მეტოქის, ჩილეს და კოლუმბიის დამარცხებებმაც ცხადყო. 

არგენტინის ნაკრებმა სათამაშო რგოლების სანიმუშო ბალანსირების შედეგად, შესანიშნავი გუნდური თამაში ააწყო. ლაუტარო მარტინესის გამარჯვების მომტანი გოლების და ანხელ დი მარიას „ხმელი ფოთლების“ თუ გარღვევების ცქერა კი გულშემატკივრებისთვის უდიდესი სიამოვნებაა. 

განა არ დაამშვენებდა არგენტინელი გარემარბის სათამაშო ესთეტიკა მის ყოფილ გუნდს, მადრიდის „რეალს“, რომელიც გასულ კვირას ესპანეთის თასს „ბილბაოსთან“ მატჩში დაემშვიდობა?

როგორც ჩანს, „სამეფო კლუბი“ წლეულს კოპა დელ რეისთან შედარებით გაცილებით მაღალ მიზნებს ისახავს და ამიტომ არც უნდა გაგვიკვირდეს მისი იმ ტურნირიდან გამოვარდნა, რომელიც 21-ე საუკუნეში მხოლოდ ორჯერ მოიგო. 

მაგრამ რას უნდა მივაწეროთ „ოლდ ტრაფორდზე“ ინგლისის ასოციაციის თასის ტურნირიდან „მანჩესტერ იუნაიტედის“ ჩემპიონშიპის გუნდ „მიდლსბროსთან“ ნაადრევი გამოვარდნა?

რალფ რანგნიკმა მასპინძლები ძირითადი შემადგენლობით ათამაშა. კრიშტიანუ რონალდუ კი მთელი 120 წუთის განმავლობაში ამყოფა მინდორზე, რაც პორტუგალიელისთვის ალბათ დამამცირებელიცაა, რადგან ამ ბოლო ხანს ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ედინსონ კავანის გარეშე „მანჩესტერ იუნაიტედს“ გოლის გატანა ძალიან უჭირს. 

კავანიმ კი გასულ კვირას ურუგვაის ნაკრების ორ მოგებას შეალია ძალა და სათასო მატჩში კლუბისთვის არ ეცალა. კრიშტიანუმ მის არყოფნაში „მიდლსბროსთან“ პირველ ტაიმში პენალტი ვერ გამოიყენა. მატჩის შემდგომ თერთმეტმეტრიანების  სერიაში კი „მიდლსბროს“ ფეხბურთელებმა ანგარიშით 8:7 იმარჯვეს და ამით „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელებს „ვილიარეალთან“ ევროპის ლიგის ფინალის ავადსახსენებელი პენალტების სერიაც გაახსენეს.

გასულ უიკენდზე სათასო მატჩის ხასიათი მიიღო სანახაობრივი თვალსაზრისით შესანიშნავმა მილანურმა დერბიმაც, რომელშიც „მილანმა“ სერია A-ს გათამაშების ლიდერი „ინტერი“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა. 

მატჩის გმირად მოედანზე მყოფი ერთადერთი მსოფლიო ჩემპიონი ოლივიე ჟირუ იქცა, რომელმაც წაგებული პირველი ნახევრის შემდეგ მეორე ტაიმში შესრულებული დუბლით „მილანს“ უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუპოვა და „სკუდეტოს“ მოპოვების შანსი უფრო რეალური გაუხადა.

აფრიკის თასის ფინალში კი ერთმანეთს სენეგალის და ეგვიპტის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. უაღრესად დაძაბულმა მატჩმა გატანილი გოლების გარეშე ჩაიარა და საბოლოოდ  თერთმეტმეტრიანების სერიამდე მიაღწია. ეგვიპტის ნაკრებმა ფინალამდე პენალტების სერიაში დაამარცხა კოტ დივუარის და ჩემპიონატის მასპინძელი კამერუნის ნაკრებები, მაროკო კი დამატებით დროში გაამგზავრა შინ.

მაგრამ კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანს. თერთმეტმეტრიანების ლატარიაში გადამწყვეტ მატჩში ეგვიპტელებს უკვე არ გაუმართლათ და კონტინენტის საუკეთესო გუნდის ტიტული ისტორიაში პირველად, ფიფას რეიტინგის მიხედვით, უძლიერესმა აფრიკულმა გუნდმა – სენეგალის ნაკრებმა მოიპოვა. 

საგულისხმოა, რომ გადამწყვეტი პენალტი „ლივერპულის“ ფორვარდმა სადიო მანემ გაიტანა, რომელმაც შეხვედრის დებიუტში თავისი შანსი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ვერ გამოიყენა. მის ლივერპულელ პარტნიორ მუჰამედ სალაჰს კი პენალტის დარტყმა გასაგები მიზეზის გამო არ დასცალდა. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.