fbpx

ქართული სტარტაპები, რომლებიც ეკომეგობრულ სათამაშოებს ქმნიან


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინო იმერლიშვილი

 

თამაში ბავშვის განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილია. ერთი შეხედვით სრულიად არასერიოზულ და უფროსებისათვის ზოგჯერ გაუგებარ ქმედებებს გადამწყვეტი როლი შეუძლია შეასრულოს პიროვნების ჩამოყალიბების რთულ და კომპლექსურ პროცესში. ალბათ, ხშირად ბევრ მშობელს  არც კი უფიქრია, თუ რამდენად არის დაკავშირებული თამაშის ხასიათი და ამ დროს მიღებული გამოცდილება იმ ღირებულებების ჩამოყალიბებასთან, რომელზეც საბოლოოდ ადამიანის პიროვნება ვითარდება. სწორედ თამაშის თავისებურებებია ის, რაც  მშობლებს საშუალებას აძლევს სახალისო გზით, შვილების განათლებასა და გონებრივ თუ ემოციურ განვითარებაზე იზრუნონ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, განსაკუთრებით აქტუალური გახდა შემეცნებით-განმავითარებელი სათამაშოები, რომლებსაც ადრეულ ეტაპზე ბავშვის ინტელექტის კოეფიციენტის მნიშვნელოვნად გაზრდა შეუძლია. 

როდესაც ვსაუბრობთ სათამაშოებზე, გარდა შინაარსობრივი დატვირთვისა და სიმბოლური მნიშვნელობისა, აუცილებელია მისი, როგორც ფიზიკური პროდუქციის  ხარისხის გათვალისწინებაც. მასობრივმა წარმოებამ ბავშვებისათვის განკუთვნილ ნივთებში უამრავი მავნე ნივთიერების არსებობა განაპირობა, რაც თავისთავად ჯანმრთელობისათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.  ამ ყველაფრის გათვალისწინებით, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს შესაბამისი მეთოდიკისა და ხარისხის დაცვით შექმნილი ეკო-სათამაშოები, რომლებითაც თამაშის პროცესი სასარგებლო და ამავდროულად, უსაფრთხოა.  დროთა განმავლობაში ქართულ რეალობაშიც გაჩნდა საწარმოები თუ მცირე სახელოსნოები, რომლებმაც მაღალი ხარისხის ეკო-სათამაშოების წარმოება დაიწყეს. სტატიაში  სწორედ ასეთ სტარტაპებს გაგაცნობთ. 

 

ფქვილი აქა

“ფქვილი აქა” განმავითარებელი სათამაშოების ქართული სტარტაპია. ფერადი სათამაშო ცომი, ე.წ. პლასტილინი და მრავალფეროვანი  ფორმის ხის ფიგურები ბავშვებს საშუალებას აძლევს გამოძერწონ ცხოველები, ციფრები, ასოები და სხვადასხვა მნიშვნელობის ობიექტები. ეს პროცესი პატარების სწავლის, შემეცნებისა და განვითარებისთვის საკმაოდ წარმატებით შეგვიძლია გამოვიყენოთ – სახალისო აქტივობებთან ერთად, შესაძლებელია მათ დავეხმაროთ წერა-კითხვის, მარტივი არითმეტიკული უნარების, ბიოლოგიის, გეოგრაფიისა და იმ სხვადასხვა საგნის საფუძვლების უკეთ გაგებაში, რასაც მომავალში დაწყებითი განათლების ადრეულ საფეხურზე ისწავლიან. სათამაშო ცომი მარტივად ფორმირებადია, რაც ბავშვებს ძერწვის პროცესს უადვილებს. ხის ფორმებთან ერთად,  საძერწ მასალას ასევე მოჰყვება სპეციალური  დაფა, საბრტყელებელი და დანა.  “ფქვილი აქა”  სრულიად  უსაფრთხო სათამაშო პროდუქტია, რომელიც 100% საკვები მასალებისგან მზადდება და მუშავდება. 

 

ჩხირკედელა 

კიდევ ერთი ეკომეგობრული სტარტაპი “Ჩხირკედელა” ორგანულ პლასტილინს აწარმოებს, რაც საკმაოდ სახალისო და ამავდროულად, უსაფრთხო  თამაშს  უზრუნველყოფს. ბავშვების  ქცევა გამძაფრებული ცნობისმოყვარეობის გამო ხშირად არაპროგნოზირებადია. იქიდან გამომდინარე, რომ “ჩხირკედელას” პლასტილინი სრულიად უვნებელი ნივთიერებებისაგან არის დამზადებული, ის თეორიულად საკვებად ვარგისი პროდუქტია. ამიტომაც შეგვიძლია  მშვიდად ვიყოთ მაშინაც კი, თუ დავინახავთ, რომ ჩვენი ოჯახის პატარა წევრი ცდილობს საკუთარი სათამაშო პირდაპირი მნიშვნელობით დააგემოვნოს. 

 

ბამო  

“ბამო” ბავშვებისათვის ჯადოსნურ და კომფორტულ სამყაროს ქმნის. ეს არის  ოჯახური სტარტაპი, რომლის შექმნის იდეაც მას შემდეგ გაჩნდა, რაც მისი დამფუძნებლები – თეკა ჯამაკაშვილი და გიორგი ძაგანიშვილი მშობლები გახდნენ.  სწორედ ამის შემდეგ დაიწყო წყვილმა შვილისათვის ხის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების დამზადება. შემდეგ გაჩნდა საახალწლო სოფლის შექმნის იდეა და ასე გადაიქცა საოჯახო საქმიანობა წარმატებულ წარმოებად. “ბამოს” კოლექციები უამრავ საინტერესო ნივთს აერთიანებს, მათ შორის არის მინიატურული ხის სახლები, ბავშვებისათვის განკუთვნილი ავეჯი, სათამაშოებად ქცეული სხვადასხვა ყოველდღიური ნივთები. “ბამოს” შექმნილ საინტერესო მოდელებში ე.წ. ტრანსფორმერ სახლსაც აღმოაჩენთ. ეს მოწყობილობა ბავშვების წარმოსახვის უნარის მიხედვით შესაძლოა, იქცეს  ზღაპრის ქოხად, თოჯინების თეატრად, მყუდრო სამალავად  ან ნებისმიერი სხვა დანიშნულების სივრცედ.  თითოეული პროდუქტი ბავშვების ფანტაზიის უნარით არის შთაგონებული და ამავდროულად,  სწორედ მათ ემოციურ და  ინტელექტუალურ განვითარებაზეა ორიენტირებული. 

 

მწვერვალი 

“მწვერვალი” ხის სათამაშოების კიდევ ერთი ქართული სტარტაპია, რომელიც ეკომეგობრული პროდუქციით და მრავალფეროვანი აქტივობებით  ბავშვების შემეცნებასა და განვითარებაზეა ფოკუსირებული. ხის ასაწყობი ფაზლებით, გეომეტრიული ფორმებით, ანბანით, ცხოველების, ფრინველებისა თუ სხვადასხვა ობიექტების აღმნიშვნელი ფიგურებით “მწვერვალი” სასარგებლო თამაშს უზრუნველყოფს.  პროდუქტები განსხვავდება მომხმარებლის ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით.  სტარტაპის პროდუქცია ხარისხითაც გამოირჩევა – სათამაშოები წიფლის, ცაცხვისა და ნეკერჩხლის  მასალით მზადდება. თითოეული დეტალის შექმნისას  გამოყენებულია ეკოლოგიურად სუფთა, მდგრადი საღებავები და წებო. წარმოების სტანდარტი სრულად შეესაბამება ევროკავშირის სათამაშოების უსაფრთხოების კრიტერიუმებს. 

 

კოდალა 

“კოდალა” სოციალური საწარმოა, რომელიც ხუთ წელზე მეტია, რაც ხის ეკომეგობრულ სათამაშოებს ქმნის. მრავალფეროვანი კოლექციები ძირითადად ხის,  ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს მოიცავს, მათ შორის  ასაწყობ სათამაშოებს, რომლებიც  ბავშვის წარმოსახვის და  მეხსიერების განვითარებას უწყობს ხელს. ვიზუალურად სათამაშო ფიგურები ინარჩუნებს გამოკვეთილ ხის ტექსტურას. ზედაპირი დაფარულია სათამაშოებისთვის განკუთვნილი ეკოლოგიურად სუფთა საღებავების თხელი ფენით და ლაქით, რომელიც ასევე  სრულიად  უვნებელია და შეესაბამება სათამაშოს უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს. წარმოებაში გამოიყენება საქართველოში დამზადებული ნატურალური ხის მასალა, უმეტესად  კი – წიფელი. პროდუქცია სხვადასხვა კატეგორიად იყოფა, მათ შორის არის ასაწყობი სამაგიდო თამაშები, განმავითარებელი, მექანიკური და ფიგურული ხის სათამაშოები. “კოდალას” პროდუქცია საქართველოში, საბავშვო სათამაშოების მაღაზიების რამდენიმე წამყვან ქსელშია განთავსებული. ასევე აღსანიშნავია, რომ საწარმოს მიერ შექმნილი ნაკეთობები  ექსპორტზეც გადის. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.