ბოდიში, ყვავილები არ გვაქვს – ჯგუფური გამოფენა The Why Not Gallery-ში
ფოტო: სანდრო სულაბერიძე
The Why Not Gallery წარმოგიდგენთ ახალგაზრდა ხელოვანი ქალების ჯგუფურ გამოფენას – „ბოდიში, ყვავილები არ გვაქვს“, რომელიც თამარ გურგენიძის, ნატა ვარაზის, ლოლას, თამარა ლორთქიფანიძისა და გვანცა ჯიშკარიანის ნამუშევრებს აერთიანებს.
ნამუშევრების ერთობლიობა წარმოადგენს დიალოგს საკითხებზე – რას ნიშნავს იყო ქალი პატრიარქალურ კულტურაში; სხვადასხვა მოლოდინი, რომლებიც უნდა გაამართლო, როლები, რომლებიც უნდა მოირგო, ფორმები, რომლებშიც უნდა გარდაისახო და სურვილები, რომლებიც უნდა აასრულო.
თუმცა, ნაცვლად იმისა, რომ ეს თითქოსდა ჭეშმარიტებები იდეალებად წარმოჩინდეს, გამოფენის მონაწილე მხატვრები თავიანთი ძლიერი ენერგიითა და თვითმყოფადი, ჩამოყალიბებული ხელწერით, ეჭვქვეშ და თავდაყირა აყენებენ ამ მოცემულობებს.
ესაა ემოციური და გულწრფელი მოგზაურობა თაობის ტრავმებსა და განკურნების გზების ძიებაში, სილამაზესა და ბედისწერასთან აბსურდულ ჰარმონიაში, ქალური სოლიდარობის პოეზიასა და სენტიმენტალურობაში.
The Why Not Gallery-ში გამოფენა 15 მარტამდე გაგრძელდება.