fbpx

საკულტო კინო ბოროტმოქმედების ათეული


გააზიარე სტატია


ავტორი: ნინკა მამულაშვილი

 

ვინ არ ყოფილა მოხიბლული ბოროტმოქმედი გმირით? 

ზოგ შემთხვევაში მთავარი ანტაგონისტი გმირ პერსონაჟზე საინტერესოც კი შეიძლება იყოს, რასაც ხშირად მათი კომპლექსურობა განაპირობებს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის ისტორიაში არაერთ დასამახსოვრებელ ბოროტმოქმედს შევხვედრივართ, რამდენიმე მათგანი გასცდა მხოლოდ დასამახსოვრებელ სახეს და პოპულარული კულტურის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. მართალია, ე.წ. villain-ის მთავარი მისია ჩვენი საყვარელი კინოს გმირებისთვის ხელის შეშლა და ტანჯვის მიყენებაა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ „კარგი“ ბოროტმოქმედი ფილმის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ასპექტია. 

 

#10. ფრედი კრუგერი (კოშმარი თელების ქუჩაზე)

“ერთი, ორი, ფრედი მოდის შენთან… სამი, ოთხი, ჯობია კარი ჩაკეტო…”

მისი შემზარავი იმიჯით ფრედი კრუგერი ბავშვების ყველაზე საშინელ ღამის კოშმარად იქცა. ფილმის – „კოშმარი თელების ქუჩაზე“ (A Nightmare On Elm Street) რეჟისორმა უეს კრავენმა ფრედის იდეა პირველად ასე წარმოიდგინა: ძილის დროს ადამიანები განსაკუთრებით დაუცველები არიან, რაც თითქმის შეუძლებელს ხდის კრუგერის შეჩერებას. გარდა ამისა, ვერავინ შეძლებს სამუდამოდ ფხიზლად დარჩენას, ასე რომ,  ერთი კვირის ან თუნდაც ორი თვის შემდეგ ფრედისთან შეხვედრა გარდაუვალია. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ფრედი კრუგერი დღეს საშინელებათა ჟანრის სიმბოლოა. 

#9. დრაკულა (ნოსფერატუ, ბრემ სტოკერის დრაკულა)

დრაკულას პერსონაჟი და მისი ისტორია არაერთი ფილმის შთაგონებად იქცა. თითოეული მათგანი საკუთარი ორიგინალური და მხატვრული ვერსიით გამოირჩევა, თუმცა აღნიშნული ფილმები სათავეს 1922 წლის კლასიკიდან, „ნოსფერატუდან“ (Nosferatu) იღებენ – ესაა დრაკულას ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ვერსია საშინელებათა ჟანრის ფილმებს შორის. „ნოსფერატუ“ ბრემ სტოკერის ცნობილი რომანის, „დრაკულას“ (Dracula) არაოფიციალური ადაპტაციაა.

რეჟისორი ფრიდრიხ მურნაუ აღნიშნული ჟანრის პიონერია, რომელმაც პერსონაჟი და ვამპირის მითოლოგია ფართო აუდიტორიას გააცნო. მარტივად რომ ვთქვათ, ფილმი დრაკულას პერსონაჟის, საშინელებათა ჟანრის, გერმანული ექსპრესიონიზმის და ზოგადად, კინემატოგრაფიის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ასევე უნდა ვახსენოთ ფრენსის ფორდ კოპოლას „ბრემ სტოკერის დრაკულა“ (Bram Stoker’s Dracula). ფილმის ყველაზე დიდი უპირატესობა გერი ოლდმენია დრაკულას როლში, რომელიც მისი გოთური იმიჯით და სამსახიობო ოსტატობით, ფაქტობრივად წიგნის გაცოცხლებული ვერსიაა.  

 

#8. ფრანკენშტეინი (ფრანკენშტეინი, 1931)

 “It’s alive!” (Frankenstein, 1931)

1816 წელს მერი შელი, პერსი შელი და ლორდ ბაირონი ერთმანეთს შეეჯიბრნენ, თუ ვინ დაწერდა საუკეთესო საშინელებათა ისტორიას. დღეების ფიქრის შემდეგ მერი შელი შთაგონებული იყო მეცნიერით, რომელმაც შექმნა სიცოცხლე და შეძრწუნებული იყო თავისი ქმნილებით. შელი 60 წლისაც არ იყო, როდესაც გარდაიცვალა, მაგრამ მისი მემკვიდრეობა სამ სხვადასხვა საუკუნეს მოიცავს. ფრანკენშტეინი და მისი ურჩხული, საშინელებათა ჟანრის კინოს ისტორიაში ორი ყველაზე ხანგრძლივი პერსონაჟია. ისინი ეკრანზე პირველად 1910 წელს, 16-წუთიან მოკლემეტრაჟიან ფილმში გამოჩნდნენ. ორი ათწლეულის შემდეგ, 1931 წელს, რეჟისორმა ჯეიმს უაილმა შელის რომანის პირველი სრულმეტრაჟიანი ადაპტაცია გადაიღო. ფილმში ბორის კარლოფის მიერ შესრულებული მონსტრი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰელოუინის კოსტიუმის საწყისი გახდა. 

 

#7. კრუელა დე ვილ (101 დალმატინელი)

ერთია ადამიანებს ერჩოდე, მაგრამ ცხოველებს? ეს ბოროტების სულ სხვა დონეა. კრუელა დე ვილს სხვა არაფერი სურს, გარდა იმისა, რომ დალმატინელი ლეკვები ბეწვის ქურქად გადააქციოს, რისთვისაც ყველაფერზე წამსვლელია. ის პომპეზური და გლამურულია, მაგრამ ამასთან ერთად გაიძვერა და საშიში. გლენ კლოუზის ექსცენტრიკულმა ინტერპრეტაციამ 1996 წლის ეკრანიზაციაში – „101 დალმატინელი“  კრუელა ერთ-ერთ ყველაზე საკულტო ბოროტმოქმედად აქცია პოპულარული კულტურის ისტორიაში.  

 

#6. ნორმან ბეიტსი (ფსიქო)

Slasher ჟანრის ფილმები, როგორც წესი, დინამიკური ბოროტმოქმედებით არ გამოირჩევა. მასების დასაკმაყოფილებლად მკვლელს ნიღაბი, დანა და მარტივი მოტივი სჭირდება. თუმცა, აღნიშნული ჟანრის „მამის“, ალფრედ ჰიჩკოკის მიერ რობერტ ბლოხის რომანის, „ფსიქოს“ (Psycho) ადაპტაცია ფსიქოლოგიურ კომპლექსურობას ბევრად უფრო ღრმა ჭრილში წარმოაჩენს. შხაპის სცენა ერთ-ერთი ყველაზე საკულტო სცენაა ფილმის ისტორიაში – მამაკაცი დანით უბრალო ბოროტმოქმედი არ არის, ის პირველია თავის კინემატოგრაფიულ სახეობაში: ურჩხული, რომელიც 100 პროცენტით ადამიანია – არა მოჩვენება ან რაიმე სხვა სახის მონსტრი; მასზე ვერასოდეს იფიქრებთ, რომ ზიანის მოტანა ან ტკივილის გამოწვევა  შეუძლია. დღეს დიდი ეკრანი სერიული მკვლელებითაა სავსე, შესაბამისად, რთული წარმოსადგენია, რამდენად შოკის მომგვრელი და შემაძრწუნებელი იყო საკუთარი დედით შეპყრობილი ნორმან ბეიტსი 1960 წელს, თუმცა სამართლიანია ითქვას, რომ მან ხელახლა განსაზღვრა საშინელებათა ჟანრი. 

#5. ჰანს ლანდა (უსახელო ნაბიჭვრები)

კვენტინ ტარანტინომ თავისი კარიერის განმავლობაში არაერთი დაუვიწყარი პერსონაჟი შექმნა და ჰანს ლანდაც ერთ-ერთი მათგანია. ის თავად ბოროტების განსახიერებაა – შეუპოვარი და რაც ყველაზე მთავარია მიმზიდველი. სწორედ მისი მომხიბლავი დიქოტომია წმინდა შინაგან ბოროტებასა და ყალბ მეგობრულ ფასადს შორის ხდის ლანდას ასეთ მომნუსხავ ბოროტმოქმედს. კრისტოფ უოლცმა შეუძლებელი შეძლო: მან ლანდა ერთდროულად საშიშ და ქარიზმატულ, ბუნებრივად საინტერესო, მაგრამ ენით აღუწერელ სასტიკ პერსონაჟად აქცია.  

 

#4. სერსეი ლანისტერი (სამეფო კარის თამაშები)

მართალია „სამეფო კარის თამაშები“ (Game of Thrones) სერიალია, თუმცა როდესაც  ბოროტმოქმედ ქალებზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება გვერდი ავუაროთ სერსეი ლანისტერს. ძალაუფლებით შეპყრობილი ცივი და ვერაგი ძმის მოყვარული ლანისტერების მატრიარქი მზად არის გზიდან ჩამოიშოროს ყველა, ვინც ტახტზე მის პოზიციას საფრთხეს უქმნის. თუმცა, უნდა ითქვას, რომ სერსეის ყველაზე დიდი სისუსტე აროგანტულობაა, ის ხშირად გადაჭარბებულად აფასებს საკუთარ ტაქტიკურ შესაძლებლობებს. რა თქმა უნდა, ეს ნაკლი მას, როგორც ბოროტმოქმედს, უფრო ადამიანურს ხდის და ისეთ ანტაგონისტად აქცევს, რომელიც გვიყვარს, რომ გვძულდეს. 

 

#3. ლორდ ვოლდემორი (ჰარი პოტერი)

სანამ დიდ ეკრანზე გადმოინაცვლებდა, ლორდ ვოლდემორი ჯოან როულინგის წყალობით, თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთი საუკეთესო ბოროტმოქმედად ჩამოყალიბდა. იმის რისკი, რომ ვოლდემორის კინოანალოგს შეიძლებოდა წიგნის მოყვარულების მოლოდინი ვერ დაეკმაყოფილებინა, საკმაოდ მაღალი იყო, თუმცა რეიფ ფაინზმა შესანიშნავად  გაართვა თავი ამ ურთულეს „ამოცანას“. ბნელი ბატონი თითქოს პირდაპირ წიგნის გვერდებიდან გადმოვიდა ეკრანზე. ფაინზის ვოლდემორი სასტიკი და შთამბეჭდავია – მის მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვის მიღმა საფრთხის და  არასტაბილურობის შეგრძნება გვეუფლება. 

 

#2. დართ ვეიდერი (ვარსკვლავური ომები)

ანაკინ სკაიუოკერი ღარიბი მონა ბიჭი იყო ტატუინიდან. მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების დაკარგვის შემდეგ, მათ შორის დედის და ცოლის, ანაკინის სევდა მრისხანებაში გადაიზარდა, რამაც ის დაუნდობელ ნიღბიან კიბორგად აქცია, რომელიც გალაქტიკის დომინაციისთვის უკან არაფერზე იხევს. ფილმის დასასრულს მას დარჩენილი ადამიანურობის ნაპერწკალი აიძულებს საკუთარი შვილის გადასარჩენად სიცოცხლე გასწიროს. ის ფაქტი, რომ დართ ვეიდერის ბოროტმოქმედად გარდასახვა გარემოებებმა განაპირობა, მის მიმართ სიმპათიასაც კი იწვევს, რაც პერსონაჟს კომპლექსურობას მატებს. 

 

#1. ჯოკერი (ბნელი რაინდი)

“ზოგიერთის მიზანი სიმდიდრე არ არის. მათ ვერ მოისყიდი, ვერ დააშინებ, ვერ აუხსნი და ვერ მოელაპარაკები. ზოგიერთს უბრალოდ სურს უყუროს, როგორ იწვის სამყარო.“ (The Dark Knight, 2008) 

რა ხდის ჯოკერს ასეთ საშიშს? არაპროგნოზირება. მასში არაფერია ისეთი, რასაც ადამიანური ემოცია შეიძლება ვუწოდოთ. ის ანარქისტია და მისი მთავარი მოტივიც გოთემში აურზაურის შექმნაა. ამას ემატება ის, რომ „დანაშაულის კლოუნი პრინცის“ წარსული ბურუსითაა მოცული და რეალურად არავინ იცის მისი ვინაობა, თითქოს ჯოკერი არსაიდან გაჩნდა. ტიმ ბარტონმა და ჯეკ ნიკოლსონმა 1989 წლის „ბეტმენის“ (Batman) ეკრანიზაციაში კომიქსების ფესვებზე დაყრდნობით, ჯოკერის უფრო „კემპ“ ინკარნაცია შემოგვთავაზეს, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ კრისოფერ ნოლანის და ჰიტ ლეჯერის ინტერპრეტაციას „ბნელ რაინდში“ (The Dark Knight) კონკურენციას ვერავინ უწევს. ჰიტ ლეჯერი მისი ოსკაროსანი პერფორმანსისთვის ერთი თვის განმავლობაში სასტუმროს ოთახში იყო ჩაკეტილი და ჯოკერის მანიაკურ მანიერიზმებზე მუშაობდა, მას დღიურიც კი ჰქონდა, სადაც ბოროტმოქმედის აზრებს და გრძნობებს იწერდა. არსებობს ვარაუდი, რომ როლზე მუშაობისას მიღებულმა ემოციურმა ტრავმამ მსახიობის ნაადრევი სიკვდილი გამოიწვია. ფაქტი ერთია, ვერც ერთმა შემსრულებელმა, მათ შორის ხოაკინ ფენიქსმა, ვერ შეძლო ლეჯერის ლეგენდარული პერფორმანსის განმეორება. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.