fbpx

მბაპე საუკეთესოა!


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

პრესტიჟულობით გამორჩეული ჩემპიონთა ლიგის ტურნირი განსაკუთრებით რეკლამირებულია. ამიტომ წინასამატჩო პრესკონფერენციებზე მწვრთნელთა თუ წამყვან მოთამაშეთა მიერ გავრცელებულ გაცვეთილ ფრაზებს უმალ იტაცებენ ხოლმე ელექტრონულ თუ ჯერ კიდევ შემორჩენილ ბეჭდვით პრესაში. 

ინფორმაცია ელვის სისწრაფით ვრცელდება და ფეხბურთის მოყვარულებიც თითქოს უკვე წინასწარ იღებენ  მოსალოდნელი პაექრობის ამსახველ სურათებს.

სინამდვილე კი სხვაგვარია, რადგან ზოგჯერ მოედანზე გამოჩნდება ფეხბურთელი, რომელიც მატჩს „უბრალოდ“ იგებს და არავითარი მნიშვნელობა არ ენიჭება  მოწინააღმდეგე გუნდების მწვრთნელთა სტრატეგიას, რაც ხშირად ისედაც ცნობილია ხოლმე წინასწარ…

ასეთ მოთამაშედ „პარი სენ-ჟერმენის“ და „რეალის“ დაპირისპირებაში კილიან მბაპე იქცა, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში სასტიკად უსწორდებოდა  მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებს.

მბაპემ მიზანში მადრიდელთა სახელოვანი მცველი დანი კარვახალი ამოიღო, რომელმაც შეხვედრის მე-60 წუთზე საკუთარ საჯარიმო მოედანზე დაარღვია თამაშის წესი ფრანგი ფორვარდის წინააღმდეგ ორთაბრძოლაში.

იმ ეპიზოდში „რეალი“ გადარჩა, რადგან მესის მიერ შესრულებული ყოველგვარ ფანტაზიას მოკლებული პენალტი კურტუამ იოლად მოიგერია. მაგრამ საბოლოოდ საფეხბურთო ფორტუნამ მაინც დასაჯა სტუმრები აშკარა 0:0-კენ მიმართული სტრატეგიის არჩევისთვის.

მსაჯის მიერ დამატებულ მეოთხე წუთზე ნეიმარის მიერ ქუსლით შესრულებული საოცარი გადაცემის შემდეგ, მბაპემ ჯერ ადვილად აუარა გვერდი უსისტემოდ განლაგებულ მეტოქის მცველებს, შემდეგ კი მეკარე ტიბო კურტუასთან ერთად, ფაქტობრივად მთელ „სამეფო კლუბს“ გაუძვრინა ფეხებშუა ბურთი და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა „პარკ დე პრენსის“ სტადიონზე მისული 47000 გულშემატკივრის წინაშე.

სრულიად სამართლიანად მბაპე ტურნირის მერვედფინალური ეტაპის პირველი სათამაშო ტურის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. მაგრამ იგი ვერაფერს გახდებოდა იმ უმაღლესი დონის გუნდური თამაშის გარეშე, რომელიც „პარი სენ-ჟერმენმა“ „რეალთან“ მატჩში წარმოადგინა.  

სწრაფმა მანევრებმა, შეტევების ზეწოლის და მიმართულების არაპროგნოზირებადმა ცვალებადობამ და დროულმა და მიზანმიმართულმა ცვლილებებმა „რეალის“ თამაშის ჩაკვლისკენ მიმართული სტრატეგია საბოლოოდ მაინც მოშალა და ფრანგული კლუბისათვის სასურველი შედეგი გამოიღო. 

მიუხედავად იმისა, რომ ამ დაპირისპირებაში ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა, „სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელობა კარლო ანჩელოტის უკვე დაემუქრა, სწორედ რომ პარიზელთა ამჟამინდელ მწვრთნელ პოჩეტინოთი ჩანაცვლებით გუნდის მერვედფინალიდან გამოვარდნის შემთხვევაში. 

ასე რომ მადრიდელთა მწვრთნელს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ საკმაო ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მოუწევს ყოფნა გამარჯვებით ფრთაშესხმული მეტოქის წინააღმდეგ. ისიც ხომ გასათვალისწინებელია, რომ იმ პერიოდისათვის ნეიმარი სავარაუდოდ  სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იქნება საგოლე გადაცემების შესრულებისა თუ გოლების გატანისათვის…

ალბათ ბევრისთვის მოულოდნელად, „პარი სენ-ჟერმენი“ – „რეალის“ მსგავსად, ყველაფერი წინაა „ზალცბურგი“ – „ბაიერნის“ დაპირისპირებაშიც, რომლის პირველი რაუნდის შეხვედრა ფრედ – 1:1დასრულდა ავსტრიელთა მოედანზე.

„რეკორდმაისტერს“ ამჯერად ისე ცუდად არ უთამაშია, როგორც იქამდე ბუნდესლიგის გათამაშებაში „ბოხუმთან“, მაგრამ სუპერკლუბში ყველაფერი წესრიგში რომ არაა, ამაზე მისი თამაშის ხარისხი და მატჩის ანგარიშიც მეტყველებს. 

„ზალცბურგი“ სწრაფად განვითარებადი კლუბია, რომელიც ავსტრიის ჩემპიონატს დიდი უპირატესობით ლიდერობს, მაგრამ ძლევამოსილმა „ბაიერნმა“ შარშანწინ იგი ხომ ორჯერ (3:1, 6:2) დაამარცხა ამავე ტურნირზე. 

ნუთუ ასეთი მნიშვნელოვანია ნოიერის არყოფნის ფაქტორი „ბაიერნისთვის“? ამაზე პასუხს განმეორებით მატჩში შევიტყობთ. 

ნეიტრალური გულშემატკივრებისთვის სამწუხაროდ კი დანარჩენ ორ წყვილში  მეოთხედფინალისტების ვინაობა პრაქტიკულად პირველივე მატჩებში გაირკვა. „მანჩესტერ სიტის“ იოლი გასეირნება გამოუვიდა ლისაბონის „სპორტინგთან“ შეხვედრაში, რომელიც გასვლაზე ხუთი უპასუხო გოლით დაასაჩუქრა.

პეპ გვარდიოლას გუნდი ამჟამად საუკეთესო ფორმაშია, მაგრამ ასე იქნება მომავალშიც? „მანჩესტერ სიტი“ „ტოტენჰემთან“ მარცხის შემდეგ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მეორეადგილოსან „ლივერპულს“ მხოლოდ ექვსი ქულით უსწრებს და მერსისაიდელებთან შედარებით ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული. ჩემპიონთა ლიგაზე კი მას მეოთხედფინალამდე მშვიდად შეუძლია იყოს. 

მაგრამ რამდენად სასურველია ასეთი სიმშვიდე ფეხბურთელებისთვის? ხომ არ სჯობს „ბაიერნის“ ამჟამინდელი შესაძლო მოჩვენებითი კრიზისი თებერვალში „მანჩესტერ სიტის“ მსგავს ფეიერვერკებს? იქნებ სამომავლოდ სიფხიზლის შენარჩუნებას უნდა მოემსახუროს „ტოტენჰემთან“ წაგება?

სამომავლო სტრატეგიაზე ყველაზე მეტს რასაკვირველია, თვით გვარდიოლა ფიქრობს. ნუთუ მას წელსაც ხელი უნდა მოეცაროს ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე?

პრემიერლიგა „მანჩესტერ სიტიმ“ შარშან ნაადრევად მოიგო, მშვიდი  ცხოვრებისთვისაც დრო საკმარისი ჰქონდა, როგორც იქნა, ჩემპიონთა ლიგის ფინალამდეც გააღწია, მაგრამ გვარდიოლამ რაღაც მაინც ვერ გათვალა. რა იყო ეს „რაღაც“? 

ალბათ „ჩელსის“ ახალ მწვრთნელ თომას ტუხელის ფაქტორი, რომელიც გვარდიოლამ ანგარიშში ვერც ალბათობის თეორიით მოიმწყვდია, ვერც პრაქტიკული თვალსაზრისით.

აბა როგორ შეიძლებოდა, რომ „მანჩესტერ სიტი“ რომელიმე მეტოქესთან ზედიზედ 3(!) მატჩში და მათ შორის მაინცდამაინც ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხებულიყო? 

სავსებით შესაძლებელია, რომ ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე „მანჩესტერ სიტი“ წლეულსაც დაუპირისპირდეს რომელიმე ინგლისურ კლუბს. მით უფრო, რომ მასთან ერთად მერვედფინალის საგზური, პრაქტიკულად „ლივერპულმაც“ უკვე გაინაღდა. 

„ლივერპულმა“ „ინტერთან“ გასვლითი შეხვედრა ისე მოიგო, როგორც მაღალი კლასის გუნდს შეშვენის. 

თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლებმა სათამაშო ინიციატივა მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე ხელთ იგდეს. მაგრამ ეს თურმე მოჩვენებითი იყო, რადგან მატჩის 75-ე წუთზე რობერტო ფირმინოს გოლს მათი მხრიდან თავზეხელაღებული შეტევების მცდელობის ნაცვლად, სრული დემორალიზაცია და ცოტა ხანში „ინტერის“ კარში სალაჰის დამაგვირგვინებელი მეორე გოლი მოჰყვა.

ფირმინო მოედანზე მატჩის მეორე ნახევრის დასაწყისშივე გამოჩნდა და როგორც შემდგომში გაირკვა, ლივერპულელთა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ცვლილება „ცხრიანში გაარტყა“, რადგან ბრაზილიელმა ფორვარდმა ბურთი პრაქტიკულად პირველივე შეხებით გაიტანა.

აი „ინტერის“ მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ კი ცვლილებები თავის გუნდში იტალიის სერია A-ს გათამაშებაში ცოტა ხნის წინანდელი მილანური დერბის მსგავსად, ამჯერადაც ვერ გამოიცნო და ალბათ ეს ამბავიც უნდა იყოს ერთ-ერთი მიზეზი „ლივერპულთან“ მარცხისა.

„ინტერისგან“ განსხვავებით, მინდორი თავაწეული დატოვეს „ნაპოლის“ ფეხბურთელებმა, რომლებმაც „კამპ ნოუზე“ ფრედ – 1:1 დაასრულეს ევროპის ლიგის ფლეი-ოფის პირველი მატჩი „ბარსელონას“ წინააღმდეგ.

ლეგენდარული დიეგო მარადონას ყოფილი გუნდების დაპირისპირებაში მასპინძლები შეტევაში იმდენად ერთფეროვნად გამოიყურებოდნენ, რომ პირველი ტაიმის 29-ე წუთზე ზელინსკის მიერ გატანილი ბურთისთვის მათ შეიძლებოდა ვერც ეპასუხათ. 

„ბარსელონას“ ფეხბურთელებისთვის საბედნიეროდ, მეორე ტაიმის 65-ე წუთზე მათი მორიგი შეტევისას ბურთი ოდნავ შეეხო საჯარიმო მოედანზე მყოფი „ნაპოლის“ ერთ-ერთი ფეხბურთელის ხელს და მასპინძლებმაც წონასწორობა VAR-ის მიერ მოგვიანებით მითითებული თერთმეტმეტრიანის საშუალებით აღადგინეს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.