fbpx

“დროშები ჩქარა” – მემარცხენე ჯგუფების გაერთიანებისთვის პეტიცია ვრცელდება


გააზიარე სტატია

საქართველოს კულტურისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლები და ორგანიზაციები მემარცხენე ჯგუფებს გაერთიანებისა და ერთობლივი ბრძოლისკენ მოუწოდებენ.

წერილზე ხელმომწერები კონკრეტულ ორგანიზაციებსა და ჯგუფებს ქმედითი საკოორდინაციო საბჭოს შექმნას სთავაზობენ, რომელიც საქართველოს ევროპული სოციალურა კეთილდღეობის სახელმწიფოს მშენებლობისთვის იმუშავებს, როგორც საკანონმდებლო ისე ნარატივების წარმოების კუთხით.

ხელმომწერთა აზრით პროევროპულ დისკურსებსა და აქტივობებზე მონოპოლია აქვთ მემარჯვენე ჯგუფებს და სწორედ ახლაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამ დისკურსებში სოციალური სამართლიანობის იდეის შეტანა.

წერილი პეტიციის სახით გუშინ შეიქმნა და მას უკვე 60-ზე მეტი არტისტი, კინოსა და თეატრის რეჟისორები და მსახიობები, მუსიკოსი, არქიტექტორი, ფესტივალი და სხვადასხვა ინსტიტუციები აწერენ ხელს. მათ შორის არიან თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედია მუზეუმის ხელმძღვანელი ნესტან ნიჟარაძე, მუსიკოსი და პოეტი ერეკლე დეისაძე, წლევანდელი ვენეციის ბიენალეს საქართველოს პავილიონის წარმდგენი ერთ-ერთი კურატორი გიორგი სპანდერაშვილი, PROPAGANDA NETWORK-ის ხელმძღვანელი თინათინ
ასათიანი, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი – თბილისის დირექტორი ალექსი სოსელია, SOU ფესტივალი და მისი სამხავტრო ხელმძღვანელი სანდრო ლომინაშვილი, მეცნიერი ზაალ ანდრონიკაშვილი, ხელოვნებათმცოდნე და კურატორი ქეთი შავგულიძე, ფესტივალი MUZAME და გიორგი კიკონიშვილი, წლევანდელ ევროვიზიაზე საქართველოს წარმდგენი კოლექტივის ხელმძღვანელი და არტისტი უტა ბექაია, არქიტექტორი და არტისტი ლადო ლომიტაშვილი, არტისტი და კურატორი ნინო საკანდელიძე, რეჟისორი დავით ხორბალაძე, არტისტული კოლექტივი „ბულიონი“, მსახიობი ნინო ქორიძე, კლუბი „მტკვარზე“ დამფუძნებელი ქეთა გაბუნია, გალერისტი ელენე აბაშიძე, კინორეჟისორი და პროდუსერი გიორგი მუხაძე, არქიტექტორი დავით გიორგაძე, მუსიკოსი ვაჟა მარი, მკვლევარი ზაქრო თავბერიძე, არტისტი და კურატორი ნინა კინწურაშვილი, არტისტი და LEFT BANK-ის თანადამფუძნებელი ანდრო ერაძე, კულტურის მენეჯერი და კუროტორი ანა რიაბოშენკო, დიზაინერი თამარა ხოშტარია, კურატორი ანა გაბელაია, არტისტი ბაქარ მინგრიალი და მრავალი სხვა.

 

წერილი სრულად

კულტურის, ხელოვნების, შემოქმედებითი დარგებისა და აკადემიის წარმომადგენელთა ერთობლივი ინიციატივა

 

საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 5:

“საქართველო არის სოციალური სახელმწიფო.

სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე.”

 

ჩვენი ქვეყანა უმძიმესი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კრიზისის წინაშე დგას. ათწლეულების განმავლობაში ქვეყნის პოლიტიკური კლასის მიერ წარმართულმა ანტისოციალურმა, მერკანტილურმა, არაჰუმანურმა და ქაოტურმა პოლიტიკამ საზოგადოება მუდმივი კრახისთვის, უიმედობისა და ცხოვრების შეუცვლელ წესად ქცეული სიღარიბისთვის გაწირა. ამასთან, იგივე პოლიტიკის დამსახურებით, ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი რესურსები და წიაღისეული ერთეული ოლიგარქების ხელშია ჩავარდნილი.  ოლიგარქიულმა მმართველობამ უზრუნველყო სიმდიდრე, სიმშვიდე და ბედნიერება მხოლოდ ერთეულთა და მათი უახლოესი გარემოცვისთვის, ხოლო საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, რომელთა შრომაზეც დგას ამ ერთეულთა სიმდიდრე, დღემდე ვერ ახერხებს გამოსვლას 90-იანებისა და თანმდევ პერიოდში განხორციელებული ეკონომიკური ტერორის შოკისგან, რაც ადამიანებისთვის საქართველოში ცხოვრებას შეუძლებელსა და ქვეყნის მომავალს ბუნდოვანს ხდის, ხოლო მის პოლიტიკურ და კულტურულ ორიენტირს მუდმივი რყევების მდგომარეობაში ტოვებს. ეს მდგომარეობა ჩვენი მომავლის პერსპექტივებისა და კონტურების შემოხაზვას განსაკუთრებით ართულებს.

2022 წლის თებერვალში, მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური გარდატეხები, რუსეთ-უკრაინის ომი და რადიკალური ცვლილებები, რაც ამ ომმა გამოიწვია, უკრაინას, საქართველოს და სხვა ქვეყნებს გვაძლევს ისტორიულ შანსს, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ საკუთარ თავზე, ზუსტად განვსაზღვროთ პრობლემები რომლებმაც ამ უმწვავეს კრიზისში ჩაგვაყენა და ერთხელ და სამუდამოდ დავიწყოთ მუშაობა ამ პრობლემების გადაჭრის მართებულ, ქმედითუნარიან და ორგანიზებულ გზებზე.

მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს ევროპული მომავალი პირველ რიგში მისი, როგორც სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოს მშენებლობის იდეაზე გადის. გვჯერა, რომ თავად ევროპისკენ ჩვენი სწრაფვის მოტივიც პირველ რიგში სწორედ საზოგადოების კეთილდღეობაზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება უნდა იყოს, რადგან თავად ევროპა სხვა არაფერია, თუ არა პირველ რიგში ადამიანების კეთილდღეობაზე, მშვიდობაზე, თავისუფლებაზე, თანასწორ უფლებებსა და შესაძლებლობებზე დაფუძნებული ერთობა და ყველა ზემოთ ჩამოთვლილი უფლებისა თუ კეთილდღეობის შექმნაში სახელმწიფოს როლი გადამწყვეტია.

ვფიქრობთ, რომ სწორედ ასეთი ერთობა და შეთანხმება უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფო იდეის საფუძველი, რადგან მიგვაჩნია, რომ არ დასრულდება სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი, არ დასრულდება “პოლარიზაციად” წოდებული ბრძოლა რესურსების ექსკლუზიურად ფლობისთვის, არ გვექნება თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული, თავისუფალი, დემოკრატიული სახელმწიფო, არ იქნება სხვა შეთანხმება მანამ, სანამ არ შევთანხმდებით მთავარზე:

ყველას აქვს (და თუ არ აქვს, უნდა ჰქონდეს) სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საცხოვრისის, განათლების, ღირსეული და უსაფრთხო შრომის, სუფთა გარემოს, სიყვარულის, დასვენების, თავისუფალი შემოქმედებითი, გონებრივი და სულიერი განვითარების თანასწორი უფლება და შესაძლებლობა.

სწორედ ამიტომ, კულტურის, ხელოვნების, შემოქმედებითი დარგებისა და აკადემიის წარმომადგენლები საქართველოში მოქმედ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ჯგუფებს, გაერთიანებებს, სოციალურ მოძრაობებსა და მკვლევრებს მოგმართავთ ინიციატივით: ერთობლივი ძალებით, წლების მანძილზე დაგროვილი ინტელექტუალური, აქტივისტური და შემოქმედებითი რესურსების კონსოლიდაციით, დავიწყოთ მუშაობა საერთო სამოქმედო გეგმასა და მასზე დაფუძნებული საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივაზე, რომელიც, გვჯერა, რომ ქვეყანას და ხალხს არსებული კრიზისის დასაძლევად ახალი გზების მოძიებასა და მის გადაჭრაში დაეხმარება. მიგვაჩნია, რომ  ვალდებულები ვართ ვიმოქმედოთ დროულად და დავიწყოთ გაერთიანება ქართველი ხალხისა და მისი სახელმწიფოს საკეთილდღეოდ.

არ გვაქვს უფლება ევროკავშირში გაწევრიანების დისკურსებსა და ნარატივებზე მონოპოლია ჰქონდეთ გამოცხადებული მემარჯვენე-ლიბერალურ პარტიებსა და მათთან აფილირებულ სხვადასხვა ჯგუფებს. ამ  ისტორიულ მომენტში ვალდებული ვართ ერთ მუშტად შევიკრათ და ერთიანი ძალებით ვიბრძოლოთ. გთავაზობთ დავიწყოთ აქტიური ორგანიზება და მოქმედებები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, სოციალური სამართლიანობისთვის და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებისთვის ბრძოლა.

ვფიქრობთ , რომ ბოლო წლებში საკმარისზე მეტი ითქვა, დაიწერა ბევრი კვლევა და დაგროვდა წინააღმდეგობისა და აქტივიზმის გამოცდილებაც. ჩვენ  პატივს ვცემთ თქვენს მიერ გაწეულ შრომას და სწორედ მასზე დაფუძნებით გთავაზობთ სამოქმედო გეგმას და დებულებებს, რომლის გარშემოც უნდა მოხდეს გაერთიანება და ქართული მემარცხენე ფრონტის ერთიან საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბება.

ვიწვევთ ორგანიზაციებს, მოძრაობებს და სხვადასხვა აქტორებს, რომელთა კომპეტენციასა და წესიერებაში ეჭვი არ გვეპარება. ნათლად  ვხედავთ პროცესს თუ როგორ უნდა მოხდეს სწრაფი გაერთიანება, ორგანიზება და შემდგომი ნაბიჯების გადადგმა. ამასთან, კარგად გვაქვს გაცნობიერებული ჩვენი, კულტურისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენელთა როლი სხვადასხვა ორგანიზაციისა თუ მოძრაობის კონკრეტული მიზნისთვის გაერთიანების საქმეში.

– მოგიწოდებთ გაერთიანებისა და ორგანიზებისკენ, მაშასადამდე გვსურს მოგიწვიოთ რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში, რომელსაც ამ ღონისძიებისთვის ჩვენ ვიქირავებთ,  რათა დავაარსოთ მრავალწევრიანი ქმედითი საბჭო საქართველოს სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოსთვის.

–  საბჭოს მიზანია გააერთიანოს მემარცხენე ფრონტზე მიმოფანტული სხვადასხვა შინაარსები. დაიწყოს მათი ერთიანი, მრავალშრიანი საკანონმდებლო პაკეტის სახით უსწრაფესად ჩამოყალიბება და ერთიანი ძალებით ბრძოლა მისი განხორციელებისთვის. საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნას სამუშაო ჯგუფები აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის დროულად შემუშავებისთვის.

– საკანონმდებლო პაკეტს სოციალური სამართლიანობის, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის ეწოდოს  –  ს ა ბ ა  რომელიც შემდეგი შრეებისგან უნდა შედგებოდეს.

 

პროგრესული გადასახადები
რუსული კაპიტალის ნაციონალიზაცია
ანტიოლიგარქიული კანონის მიღება
კონსტიტუციის 94-ე მუხლის გაუქმება
სასამართლოს რეფორმა
საარჩევნო სისტემის რეფორმა
სოციალური კეთილდღეობის ეფექტური სახელმწიფო სერვისები: ჯანდაცვა, განათლება, საბინაო პოლიტიკა, კულტურა, სპორტი და რეკრეაცია.
ახალი კულტურის პოლიტიკა
ფარმაცევტული ბიზნესის რეგულაცია
აზარტული თამაშების რეგულაცია
საბანკო რეფორმა
ენერგოინფრასტრუქტურის ნაციონალიზაცია და ახალი მწვანე შეთანხმება
მინიმალური ხელფასი და საარსებო მინიმუმის განსაზღვრა
უფასო კვება სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში
სამოქალაქო უფლებების თანასწორობა

დაინიშნოს საბჭოს შემდეგი სამუშაო შეხვედრა, სადაც გაიწერება უახლოესი დღეებისა და მომავლის სამოქმედო გეგმა.

მიგვაჩნია, რომ ამ საკითხების სიღრმისეულად მცოდნე და კომპეტენტური მკვლევრების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები, დაკვირვებები და მიგნებები ფასდაუდებელ შედეგს გამოიღებს, როდესაც მათი გაზიარება, შეჯერება და თანხვედრაში მოყვანა მოხდება თანამოაზრეთა ასეთი წარმომადგენლობითი და ფართო ჯგუფის მიერ.

გვჯერა, რომ ასეთ ყრილობას ექნება მნიშვნელოვანი გავლენა საზოგადოებაში მემარცხენე-ცენტრისტული დისკურსის გასაძლიერებლად, რათა ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დაიწყოს ღია და გამბედავი მსჯელობა და მოქმედება ნამდვილი პოლიტიკის წარმოებისთვის.

გვჯერა, რომ კრიზისიდან გამოსავალი სწორედ ინტელექტუალური, აქტივისტური და შემოქმედებითი რესურსების გაერთიანებაშია.

მოგიწოდებთ, არ გავუშვათ ხელიდან ეს ისტორიული შესაძლებლობა.

ორგანიზაციები, მოძრაობები და აქტორები რომელთაც მიემართებათ ეს ტექსტი:

სოლიდარობის ქსელი
ხმა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ახალგაზრდა მწვანეები
თანასწორობის მოძრაობა
მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი პლატფორმა
მწვანე ალტერნატივა
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
თემიდა
კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმა
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი
გილდია

ლაშა მესხი

**** გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შეიძლება ამ რთული და ემოციური ვითარების გამო რომელიმე ორგანიზაცია ან აქტორი გამოგვრჩა, მაგრამ სურვილის შემთხვევაში სია აუცილებლად გაფართოვდება.

პეტიციას შეგიძლიათ ხელი მოაწეროთ როგორც სახელითა და გვარით, ასევე ორგანიზაციის სახელითაც.

1,336 total views, 2 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.