fbpx

ფეხბურთი რუსეთის გარეშე


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში არსებული უმძიმესმა ვითარებამ ბუნებრივია, რომ ფეხბურთზეც სათანადო ასახვა პოვა. 

პოლონეთის, შვედეთის და ჩეხეთის ნაკრებების მიერ რუსეთთან თამაშის ბოიკოტირებას მალე ფიფადან და უეფადან აგრესორი ქვეყნის მოკვეთა მოჰყვა და დღევანდელი მდგომარეობის მიხედვით, გამორიცხულია რუსეთის მსოფლიო ფეხბურთში ხელახალი დაბრუნების პროგნოზირება.

ნაკლები სიმკაცრით მიუდგა უეფა ბელარუსულ ფეხბურთს. ევროპის წამყვანი საფეხბურთო ორგანიზაციის ვერდიქტის თანახმად, უეფას ეგიდით საშინაო შეხვედრებს ბელარუსის ნაკრები და ამ ქვეყნის წარმომადგენელი კლუბები ნეიტრალურ მოედნებზე ჩაატარებენ მაყურებელთა გარეშე.

რუსეთის ფეხბურთის მესვეურები კი უკვე ალაპარაკდნენ ჩემპიონატის მაისის ნაცვლად აპრილი დაჩქარებული რეჟიმით დასრულების შესახებ. ამ გზით კლუბები თითო-ოროლა ლეგიონერის შენარჩუნებას იმედოვნებენ.

„კრასნოდარი“ და „სოჭი“ ლეგიონერებმა უკვე სრულად დატოვეს. მნიშვნელოვანია „კრასნოდარიდან“ ვიქტორ კლასონის წასვლა. ალბათ გვახსოვს, რომ შვედ ფეხბურთელს საქართველოს ნაკრების კარშიც აქვს გოლი გატანილი. 

უცხოელები სხვა კლუბებიდანაც გარბიან. მისაბაძი მაგალითი მათთვის შესაძლოა მოსკოვის „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი მარკუს გისდოლი იყო,  რომელმაც 1 მარტს მიიღო  წასვლის  გადაწყვეტილება. 

„არანაირი მორალური უფლება არ მაქვს  იმ ქალაქში მუშაობისა, სადაც მეზობელი ქვეყნის ქალაქების დაბომბვის თაობაზე იღებენ  გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა და  რუსეთის ტერიტორია დატოვა.

მის გარეშე დარჩენილი სახელოვანი კლუბი კი სათასო მატჩში ანგარიშით 0:4 განადგურდა მეორე დივიზიონის წარმომადგენელ „ენისეისთან“. 

მარკუს გისდოლისგან განსხვავებული პოზიცია უკავია მოსკოვის “სპარტაკის” მწვრთნელ პაოლო ვანოლის.

„მე და ჩემი სამწვრთნელო შტაბი კლუბიდან წასვლას არ ვაპირებთ და დავრჩებით ბოლომდე, სანამ ამის შესაძლებლობა იქნება, რადგან ფეხბურთი მსოფლიოსთვის მშვიდობის დესპანია“, – აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.

რუსეთის ჩემპიონატისა თუ სათასო დაპირისპირებათა შედეგების მიკვლევა (მაგალითად, თასზე „რუბინის“ მოგება) კი მხოლოდ რუსულ საიტებზეა შესაძლებელი, რადგან რუსეთის ფეხბურთი ფიფას და უეფას მსგავსად, ბუნებრივია, რომ ცოცხალ რეჟიმში მიმდინარე მატჩების შედეგების მომწოდებელმა საიტებმაც ამოიღეს. 

აი როგორ შეფასებას აძლევს რუსეთის მსოფლიო ფეხბურთისგან იზოლაციას წარსულში საბჭოთა კავშირის ნაკრების მეკარე ანზორ კავაზაშვილი: 

„ფიფა და უეფა არ არიან პოლიტიკური ორგანიზაციები. ამიტომ მათ არ ჰქონდათ ასეთი უაზრო გადაწყვეტილების მიღების უფლება. ლეგიონერები გარბიან? სულ ნუ დაბრუნდებიან! მომავალში კლუბებში სამ ლეგიონერზე მეტი არც უნდა დავუშვათ და თანაც თითოეული მათგანი საკუთარი ქვეყნის ნაკრების წევრი უნდა იყოს. ამით ჩვენ თანამემამულე ფეხბურთელებს მეტ შესაძლებლობებს მივცემთ“, – განაცხადა მან.

კარჩაკეტილობის „უპირატესობით“ სარგებლობა რუსეთის ფეხბურთის ფედერაციამაც გადაწყვიტა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების დღეებში, 24 და 29 მარტს, ძირითადი ნაკრების ამავე ქვეყნის მეორე ან ახალგაზრდულ ნაკრებთან დაპირისპირება დაგეგმა. გამოსავალიც ამას ჰქვია!

უფრო „ფართო ხედვას“ რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი ვიაჩესლავ კოლოსკოვი ავლენს. მან რუსეთის ჩემპიონატის მომავალი გაფართოების გეგმა წარმოადგინა, რომელიც აგრესორი ქვეყნის პირველობაში ბელარუსის და ყაზახეთის რამდენიმე კლუბის ჩართვას ემყარება.

როგორც ჩანს, დიდი წნეხის ქვეშ აღმოჩნდა ლონდონის „ჩელსის“ მფლობელი რომან აბრამოვიჩი. ამჟამად რუსი ოლიგარქი ინგლისში არსებული აურაცხელი ქონების და იმავდროულად, ლონდონის „ჩელსის“ გაყიდვის პროცესითაა დაკავებული. 

ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის ფინანსურ საქმეებს დროებით ერთ-ერთი საქველმოქმედო ფონდი განაგებს. კლუბის ყიდვა კი აბრამოვიჩმა რამდენიმე ბიზნესმენს შესთავაზა, რომელთა შორისაც შვეიცარიელი ჰანსიორგ ვისი ფიგურირებს.

მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმენის ქონება 5 მილიარდი დოლარითაა შეფასებული, იგი არ ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას, რადგან აბრამოვიჩის მიერ შეთავაზებული თანხა ეძვირება…

აბრამოვიჩის ვაჭრობის პარალელურად „ჩელსის“ მწვრთნელი თომას ტუხელი თავს არიდებს არსებული სიტუაციის შეფასებას:

„ნუ მისვამთ შეკითხვებს ომთან დაკავშირებით, რადგან ომში არასოდეს ვყოფილვარ“, – აცხადებს გერმანელი სპეციალისტი. „ლაიპციგის“ მწვრთნელ დომენიკო ტედესკოს აზრით კი, უეფა და ფიფა სრულიად სამართლიანად მიუდგნენ   აგრესორი ქვეყნის ფეხბურთს: 

„ფეხბურთელები მეცოდებიან, მაგრამ გადაწყვეტილებას სავსებით ვამართლებ“, – აღნიშნა ბუნდესლიგის ერთ-ერთი წამყვანი გუნდის მწვრთნელმა.

რუსეთის ჯარების უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით სიტყვებს არ იშურებს იტალიის ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ დაცვის ბურჯი ჯორჯო კიელინი:

„ყოველი დილა ჩემთვის საშინელებაა. ვიღვიძებ, ვუცქერ ფოტოებს და საკუთარ უსუსურობას ვგრძნობ, რადგან უკრაინელ ხალხს ვერაფრით ვეხმარები… ვფიქრობდი, რომ საქმე კონფლიქტამდე არ მივიდოდა და ვიმედოვნებ, რომ დიპლომატია თავის სიტყვას იტყვის და სიტუაცია მოგვარდება. ჩემი გული და ფიქრები ომით დაზარალებულ უკრაინელ ხალხთანაა“, – განაცხადა 2021 წლის ევროპის ჩემპიონმა.

„მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელი პეპ გვარდიოლა კი პოლიტიკური ელფერის მქონე განცხადებას ავრცელებს:

„კარგია, როდესაც ინგლისის პრემიერლიგა მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას, მაგრამ ეს მხოლოდ ჟესტია. მთავარი კი ქმედითი ზომების მიღებაა. ომი გრძელდება და იღუპებიან ადამიანები. პოლიტიკოსებს არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. ეს კი ნატოს და ევროპის ქვეყნების წარუმატებლობის შედეგია“, – აღნიშნა სახელოვანმა მწვრთნელმა.

მსოფლიო ფეხბურთიდან რუსების მოკვეთასთან ერთად უეფამ ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ სპონსორ „გაზპრომთან“ შეწყვიტა თანამშრომლობა. ევროპის წამყვანი  საფეხბურთო ორგანიზაცია ფიფასთან ერთად 24 მარტს გლაზგოში ჩასატარებელი შოტლანდიის და უკრაინის შესარჩევი მატჩის წინასწარი ვარაუდით ივნისში  გადადებაზეც მსჯელობს. ომით დაზარალებული უკრაინელი ბავშვებისთვის კი მან ერთი მილიონი ევროს ოდენობის თანხა გამოყო.

საინტერესოა, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ მისთვის არასასურველი საინფორმაციო წყაროების გაუქმების მიუხედავად, რუსულ და ბელარუსულ სპორტულ სატელევიზიო არხებზე წამყვანი საფეხბურთო ჩემპიონატების მატჩების ტრანსლაციისას ტელეეკრანებს გასულ კვირას მაინც ამშვენებდა წარწერა „No war in Ukraine“…

ამ ფონზე ევროპა ჩემპიონთა ლიგის მატჩებისათვის ემზადება. ფეხბურთის მოყვარულები უპირველეს ყოვლისა მადრიდის „რეალის“ და „პარი სენ-ჟერმენის“ განმეორებითი დაპირისპირების მოლოდინში არიან.

სულ რაღაც სამიოდე კვირის წინ, როდესაც მერვედფინალური მატჩების პირველი რაუნდი ტარდებოდა, ალბათ ვერც შორსმჭვრეტელი პეპ გვარდიოლა წარმოიდგენდა, რომ მისი „მანჩესტერ სიტის“ მიერ ლისაბონის „სპორტინგის“ ანგარიშით 5:0 „დაბომბვის“ შემდეგ, ნამდვილი დაბომბვა უკვე ევროპის შუაგულში დაიწყებოდა… 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.