fbpx

350 ქაღალდის თვითმფრინავი NATO-ს უკრაინის თავზე საჰაერო სივრცის ჩაკეტვისკენ მოუწოდებს #Noflyzone


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინკა მამულაშვილი

 

პერფორმანსულ ხელოვნებას არტისტები ხშირად სოციალურ საკითხებზე კომენტირების საშუალებად იყენებენ. უკრაინაში მიმდინარე ომის საპასუხოდ, ნიუიორკელი მხატვრების ჯგუფმა თავიანთი პოზიცია ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მუზეუმში  გამოხატა. შაბათს, 5 მარტს, მათ გუგენჰაიმში 350 ქაღალდის თვითმფრინავი მუზეუმის გუმბათიდან გაუშვეს, რითაც უკრაინის თავზე საჰაერო სივრცის ჩაკეტვას  დაუჭირეს მხარი. 

თვითმფრინავებზე დაბეჭდილი იყო ფლაერი, რომელიც დამთვალიერებლებს  მოუწოდებდა, პრეზიდენტ ბაიდენს უკრაინის ცის აკრძალულ ზონად გამოცხადება მოსთხოვონ: „ეს აღარ არის ადგილობრივი კონფლიქტი. იმოქმედეთ სამყაროს გადასარჩენად.“ პერფორმანსის  ორგანიზატორებს შორის იყვნენ მხატვრები: ანტონ ვარგა, ბეა ფრემდერმანი, V Pan და Volk Lika. 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი  NATO-ს მისი ქვეყნის ცის ჩაკეტვისკენ მოუწოდებს, რათა ბოლო მოეღოს რუსების მიერ ქალაქების უმოწყალო დაბომბვას, რომლის მსხვერპლიც მშვიდობიანი მოსახლეობაა. სამხედრო ალიანსი  ჯერჯერობით უარს ამბობს პრეზიდენტ ზელენსკის მოთხოვნაზე – რუსეთთან აქტიურ ომში ჩარევის თავიდან აცილების მიზნით. 

არტისტებმა პერფორმანსის კონტექსტზეც ისაუბრეს: „ჩვენ გვსურს უკრაინაში მიმდინარე ომზე გავამახვილოთ ყურადღება. პუტინის მიერ განხორციელებული სამხედრო სისასტიკე გავლენას არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ მთელ ევროპასა და საბოლოოდ მსოფლიოზე ახდენს. მნიშვნელოვანია NATO-ს საჰაერო სივრცის ჩაკეტვა მოვთხოვოთ, რომ ბირთვული კატასტროფის პრევენცია შევძლოთ“. 

მხატვრები  ფლაერით მუზეუმის დამთვალიერებლებს მოუწოდებდნენ,   წარმოედგინათ, რას იგრძნობდნენ ისინი, თუ თვითმფრინავები ქაღალდის ნაცვლად ფოლადისგან იქნებოდა დამზადებული. ქაღალდზე ასევე განთავსებული იყო QR კოდი, რომლის სკანირებაც უკრაინის მხარდამჭერ ბმულებს სთავაზობდა საზოგადოებას. 

პერფორმანსში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ნიუ-იორკში მცხოვრები  უკრაინული წარმოშობის მხატვრის,  ბეტი როიტბერდისთვის. მისი თქმით, ის აცნობიერებს, რომ უკრაინის საჰაერო სივრცის აკრძალულ ზონად გამოცხადება პოტენციურად მესამე მსოფლიო ომის საშიშროებას ქმნის, მაგრამ მესამე მსოფლიო ომი გარდაუვალი იქნება, თუ არ შევაჩერებთ პუტინს. „უკრაინის ცის ჩაკეტვაზე უარის თქმა ნიშნავს, რომ პუტინს ვეუბნებით – განაგრძოს“.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.