In the Shoeshop Near the Bakery – ნესტან აბდუშელიშვილის და ვაჟიკო ჩაჩხიანის დუო გამოფენა გალერეა 4710-ში
ფოტო: გიორგი ნაზღაიძე
გალერეა 4710 წარმოგიდგენთ ნესტან აბდუშელიშვილისა და ვაჟიკო ჩაჩხიანის ერთობლივ გამოფენას – In the Shoeshop Near the Bakery.
გამოფენის სათაური აღებულია სიმღერის ტექსტიდან “Cordoba”(ბრაიან ინოსა და ჯონ ქეილის ერთობლივი ნამუშევარი) და იმ წინადადების ნაწილია, რომელიც ორი ადამიანის შეხვედრის შესახებ მოგვითხრობს. თუმცა როგორც სათაურიდან, ასევე გამოფენიდანაც, ადამიანის პოზიცია გამქრალია.
მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილ ნამუშევრებში არ არის ნახსენები ან ასახული ადამიანი, თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და ერთობლივადაც მათ არსებობაზე მიანიშნებს.
ირგვლივ ყველაფერი ადამიანის ხელით არის შექმნილი, ურბანული პეიზაჟების ფრაგმენტები მოგვაგონებს ყოველდღიურ ქალაქურ ცხოვრებას, მაგრამ მისი მცხოვრებლების არარსებობა ამბავს მითოლოგიურ თხრობად აქცევს: განცდა, რომ რაღაც მოხდა ან უნდა მოხდეს, მაყურებელს ექსპოზიციის დათვალიერებისას მიჰყვება.
ვაჟიკო ჩაჩხიანი იღებს ნარცისის მითოლოგიურ ამბავს და ისე განმარტავს მას, რომ თანამედროვე საზოგადოებას და მის წინაშე არსებულ გამოწვევებს მოერგოს. ურბანული ობიექტებისა და მასალების გამოყენებით ის აშკარა პარალელებს ავლებს, მაგრამ არ ხსნის მის მიერ განხორციელებულ ცვლილებებს.
ნესტან აბდუშელიშვილის ფოტოებზე ასახულია სხვადასხვა ქალაქის მუზეუმების, რკინიგზის სადგურების, საზოგადოებრივი სპორტული სივრცეების და სხვა სოციალური თავშეყრის ადგილების დეტალები. კედლებზე ფოტოები ისეა განთავსებული, რომ გვახსენებს, როგორ ვხედავთ ქალაქის ფრაგმენტებს, როცა მის ქუჩებში დავდივართ. ფოტოებს პოეტური მარტოობის განცდა დაჰყვება. მარტოობის, რომელიც მოსალოდნელი იყო, მაგრამ არ არის აუცილებელი სამუდამოდ გაგრძელდეს.
ნესტან აბდუშელიშვილი, ფოტოგრაფი:
როგორ გაჩნდა ფოტოგრაფია შენს ცხოვრებაში?
ბავშვობიდან მინდოდა გამოვსულიყავი მხატვარი (პირდაპირი გაგებით). ხატვა ჩემი საყვარელი საქმიანობაა დღემდე, მაგრამ გაუბედურებულ 90-იანებში რატომღაც ჩემზე დიდ იმედებს ამყარებდნენ ოჯახში და ამ ინერციით ხან იურისპრუდენცია, ხან პოლიტიკა ვისწავლე. საბედნიეროდ ადრეული თინეიჯერობის ასაკში გამიტაცა ფოტოგრაფიამ. მიუხედავად სწავლისა, ყოველთვის რაღაცას ვიღებდი ფოტოაპარატით. 25-26 წლის ასაკში მივხვდი, რომ ეს არის სფერო, რომელიც უნდა გახდეს ჩემი საქმე.
როგორია შენი სამუშაო პროცესი?
თითქმის ერთი წელია, რაც სახელოსნო გავაკეთე, შესაბამისად, ჩემი სამუშაო პროცესი შეიცვალა. სტუდიაში ყოველდღიურად ვმუშაობ, მაგრამ ყველა დღე სხვადასხვანაირია, არ მაქვს მუშაობის ერთი კონკრეტული სტილი, რაღაც შეიძლება დავგეგმო წინასწარ, მაგრამ შეიძლება სახელოსნოში დამხვდეს ისეთი განათება ან განწყობა, რომ სულ სხვაგან წაიყვანოს პროცესი. შესაბამისად, ჩემი მუშაობა გახდა პროცესზე ორიენტირებული – რაც დავგეგმე ჯერ არაფერი დამიმთავრებია.
როგორი ქალაქია თბილისი ფოტოგრაფისთვის სამუშაოდ?
თბილისი ფოტოგრაფისთვის იდეალური ქალაქია და საქართველო მთლიანად. აქ ისეთი განათებაა, როგორსაც სხვაგან ვერსად ნახავ, მე ასე მგონია. სხვა ქალაქებში არც მიმუშავია, მადრიდში ვსწავლობდი ფოტოგრაფიას, მაგრამ იქ თითქმის სულ ერთნაირი მზეა, თბილისში კი პირიქით.
ფოტოსერია 4710-ში?
4710-ში წარმოდგენილი ფოტოები ბოლო 2 წლის განმავლობაში გადავიღე. ეს ფოტოები სხვადასხვა სერიებიდან ამოვკრიბე და გავაერთიანე ერთ ხაზში. სხვადასხვა ქალაქის დეტალებია, თან ადამიანების თავშეყრის ადგილები, ოღონდ მათ გარეშე. ალბათ ერთიანი ლოგიკური ბმაც არის განვლილ ორ წელიწადთან.
როგორი გამოცდილება იყო დუო და მუშაობა ვაჟიკოსთან?
დუო შოუში პირველად 2020 წელს ვმონაწილეობდი ნინო სეხნიაშვილთან, გალერეა “ნექტარში”. მაშინ მეორე ავტორს არ ვიცნობდი და შესაბამისად, ბევრად ადვილი გამოვიდა მუშაობა, ვაჟიკოსთან პირიქით, ბევრს ვკამათობდით და რადგან სახლშიც შეგვეძლო ამაზე გამუდმებით საუბარი, ბევრად ინტენსიური გახდა პროცესი, მაგრამ როგორც ერთმა ჩემმა საყვარელმა ხელოვანმა მითხრა, შოუ ჰარმონიული გამოვიდა.