fbpx

თოვლიანი დიდი ველი – დემნა გვასალიას და ნატა ბუაჩიძის ვიზუალური დამთხვევები


გააზიარე სტატია

ავტორი: თეონა ჯაფარიძე

 

ერთ აღმოჩენაზე მინდა გიამბოთ, რაზეც ამ უცნაურად თოვლიანი მარტისა და უკრაინის ამბების ფონზე სულ ვფიქრობდი:

გაელვებასავით მომენტია, როცა ორი არტისტი, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად იდენტურ ვიზუალს ქმნის. მით უმეტეს, როცა ნამუშევარი და მისი შექმნის პროცესი  გლობალურ და ემოციურ  მოვლენას – უკრაინის ომს ეხმიანება. 

აი  შეხედეთ: ერთი ნატა ბუაჩიძის ფერწერაა, მეორე  – დემნა გვასალიას შოუს ფრაგმენტი. 

თებერვლიდან უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ ნატა ბუაჩიძის ნამუშევრები თბილისში,  კამერულ გარემოში – მის სახელოსნოში იქმნებოდა.  პარალელურად  პარიზში დემნა და Balenciaga-ს გუნდი პარიზის მოდის კვირეულისთვის შოუს ამზადებდა:

ნატა ბუაჩიძე, მხატვარი: “ძალიან ძნელია ხატვაზე ფიქრიც კი, როცა ბავშვები, მშვიდობიანი მოსახლეობა, ჯარისკაცები იღუპებიან. ომის დაწყების დღიდან თითქოს პარალიზებული ვიყავი. მივდიოდი სახელოსნოში, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდი…”

ამ კვირაში ამ შოუზე მუშაობა ჩემთვის წარმოუდგენლად რთული იყო. ასეთ დროს მოდა კარგავს მნიშვნელობას და არსებობის უფლებასაც კი. მოდის კვირეული აბსურდულად ჟღერს. ვფიქრობდი შოუს გაუქმებას, რომლისთვისაც მე და ჩემმა გუნდმა ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და მოუთმენლად ველოდით..” – წერს დემნა.

მაგრამ 24 თებერვალს – რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ყველაფერი შეცვალა: დემნას “წარსულის ტრავმები გაცოცხლდა” და „ბალენსიაგას’ კრეატიულმა დირექტორმა შოუ “ბრძოლის ველად” აქცია და ის  “წინააღმდეგობას” (“resistance”) მიუძღვნა. პარალელურად თბილისში, თავის სახელოსნოში ტილოზე – ზეთით, თუ  ქაღალდზე და მუყაოზე – ფერადი ფანქრითა და შერეული ტექნიკით ნატა ამ სერიას ქმნიდა. 

დემნა გვასალია: „24 თებერვლის   შემდეგ გავაცნობიერე, რომ შოუს გაუქმება დანებება იქნებოდა იმ ბოროტებასთან, რომელიც თითქმის 30 წელია ასეთ ტკივილს მაყენებს. გადავწყვიტე, რომ საკუთარ თავს ვეღარ შევწირავ ეგოს უაზრო, უგულო ომსს. ამ შოუს ახსნა-განმარტება არ სჭირდება. ის ეძღვნება უშიშრობას, გამძლეობასა და სიყვარულისა და მშვიდობის გამარჯვებას“.

ნატა ბუაჩიძე:  ”..ეს სერია თავისით წამოვიდა, სპონტანურად, სიმწრისაგან.  ვხატავდი ყოველდღე, გამწარებული უსუსურობის გრძნობით. ასეთი ტკივილის და უსამართლობის შეგრძნება და სიბრაზესა და ცრემლებთან გამკლავება იყო იმაზე მეტი, რაც ხელოვნებაა..“

ერთმანეთისგან სრულად განსხვავებული მედიების, ჟანრისა თუ მასშტაბების მიუხედავად, საბოლოო ჯამში დაგვრჩა ორი იდენტური ვიზუალი – სითეთრე ლურჯი და ყვითელი შტრიხებით/ლაქებით.  რა მოვლენაა ეს – შემთხვევითი დამთხვევა თუ ქვეცნობიერის მიერ მოვლენის  ერთნაირად აღქმის მომენტი, ან სინესთეზიის სიმპტომი, როცა მოვლენებს თუ საგნებს მგრძნობიარე ადამიანების ტვინის სენსორები გარკვეულ ფერებში ხედავენ? მოდით, ლოგიკას გავყვეთ:

Balenciaga-ს შოუ თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, როგორც კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული კრიზისის გამოძახილი. ამიტომაც  სცენოგრაფია – როგორც ცნობილი სუვენირის – Snow globe-ის (თოვლიანი გლობუსის) იმიტაცია,  ხელოვნური ქარბუქითა და ციფრული თოვლით  Balenciaga-ს არქიტექტორების გუნდმა – სტუდია Sub-მა შექმნა, იმისათვის, რომ ეჩვენებინა მომავლის რეალობა – „მომავალი, როცა ნამდვილ  თოვლსა და ზამთარს –  სიმულაციური თოვლი ჩაანაცვლებს“.

 ბერლინში დაფუძნებული სტუდია SUB (კრეატიული დირექტორი Niklas Bildstein Zaar  და არქიტექტორი Andrea Faraguna) ბალენსიაგას Architecture Program-ს წარმოადგენს.  SUB ფუნქციონირებს როგორც დიზაინის ოფისი და აგრეთვე იკვლევს მეტავერსს და მეტავერსის მანიფესტაციის გაგებას როგორც რეალურ, ისე ციფრულ სამყაროში . 

მაგრამ როცა უკვე უკრაინაში რუსეთის შეჭრამ თავისი მასშტაბით  ემოციურად და უდიდესი დანაკარგით კლიმატის კრიზისის მასშტაბები  გადაფარა, Balenciaga-ს კრეატიულმა დირექტორმა შოუს უკრაინის დროშის ფერების შრტიხები და კიდევ ბევრი სხვა კომპონენტი დაამატა (მაგ: სტუმრებისთვის განკუთვნილ სკამებზე  მაისურები უკრაინის დროშის ფერებში, წერილი, რომლის ფრაგმენტებიც ზემოთ მოვიყვანეთ, საუნდი,  სადაც თავად დემნა კითხულობს ცნობილი უკრაინელი პოეტის – ოლექსანდრ ოლესის ლექსს -Живи, Україно, живи для краси,.. ) და შოუ მასშტაბურ პაციფისტურ და უკრაინის მხარდამჭერ პერფორმანსად იქცა, სადაც ის საბოლოო ვიზუალი დაიდო, რომელიც Balenciaga-ს გუნდმა  6 მარტს პარიზის მოდის კვირეულზე წარმოადგინა: თოვლის გლობუსში (Snow globe) მოქცეული კაშკაშა სითეთრე და თოვლიანი და ქარბუქიანი  დიდი ველის ლანდშაფტი, სადაც შოუს კონცეფციის თანახმად  დემნას მოდელები დააბიჯებდნენ და სადაც  დემნას კოლექციის შავი, ნაცრისფერი და ყავისფერი  პალიტრა ყვითელმა და ლურჯმა დემონსტრაციულად გადაფარა.  

ამ დროს კი თბილისში, სახელოსნოში გაცილებით სპონტანურად და ემოციურად იხატებოდა ნატას სერია. არტისტი თითქოს ექსტაზში იყო.  ის აქცენტს სისპეტაკეზე და სითეთრეზე აკეთებდა:

„თავიდან სერიაც არ იყო. პირველი ნახატი იყო უკრაინაზე, მამაც ადამიანებზე, სისპეტაკეზე, სამართლიანობაზე და მშვიდობაზე და რა მომენტში გადავწყვიტე, რომ ეს ნამუშევრები სერიად მექცია, ვერც მივხვდი. ყველა ნამუშევარი თეთრია და ესეც სიმბოლურია. დიდება უკრაინას!“ – ამბობს ის. 

P.S. ნატას მიერ შექმნილი სერია (9 ფერწერული ნამუშევარი)   ელვის სისწრაფით გაიყიდა და თანხა უკრაინის დახმარების ფონდში გადაირიცხა. 

Balenciaga-მ კი თავისი ონლაინპლატფორმები სრულად დაუთმო უკრაინის კონფლიქტს მსოფლიო სურსათის პროგრამასთან (WFP) პარტნიორობით. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.