fbpx

ქართული სიხარული და გზა ჩრდილოეთ კორეიდან ჩრდილოეთ მაკედონიამდე


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ისტორიული დღის შესახებ, რომელმაც საფეხბურთო სამყაროს დაუვიწყარი სიურპრიზი შესძინა, კიდევ კარგა ხანს ისაუბრებენ. აბა სხვაგვარად როგორ შეიძლება შეფასდეს იტალიის ნაკრების გარეშე უკვე ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება?

ჯერ კიდევ კენჭისყრის დღიდან მოყოლებული, ფეხბურთის გულშემატკივრები გულდაწყვეტილნიც კი იყვნენ, რომ მუნდიალი ნებისმიერ შემთხვევაში იტალიის ან პორტუგალიის ნაკრების გარეშე უნდა ჩატარებულიყო, რადგან ეს გუნდები პირველ მატჩებში, შესაბამისად, ჩრდილოეთ მაკედონიის და თურქეთის დამარცხების შემთხვევაში, ერთმანეთს უნდა დატაკებოდნენ. 

მაგრამ საქმე აქამდე არც მისულა, რადგან სულ სხვაგვარად ფიქრობდნენ „სკუადრა აძურას“ მეტოქის სამწვრთნელო შტაბში, სადაც გაცილებით დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრას ევროპის ჩემპიონ იტალიის ნაკრებთან შედარებით. 

მატჩის ერთადერთი გოლი მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე გავიდა, როდესაც მასპინძლები უკვე დამატებითი დროის სათამაშოდ ემზადებოდნენ. 

საუდის არაბეთის კლუბ „ალ ფაიჰას“ თავდამსხმელმა ტრაიკოვსკიმ დაახლოებით 20 მეტრის მანძილიდან იტალიელთა გოლკიპერ დონარუმასთვის აუღებელი დარტყმით ისტორიული გამარჯვება მოუტანა ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად აწი არანაკლები სირთულის გადაჭრა, გასვლაზე პორტუგალიის ნაკრების ძლევა მოუწევს. 

იტალიის ნაკრების შემდეგ, პორტუგალიაში კრიშტიანუ რონალდუს და მისი თანაგუნდელების დამარცხება კი ჩრდილოეთ მაკედონიის კატეგორიის გუნდისთვის, სადაც „ლევანტეს“, ზაგრების „დინამოს“, „შერიფის“ და „რიეკას“ ფეხბურთელები თამაშობენ, ალბათ მსოფლიო ჩემპიონატის მოგების ტოლფასი იქნება…

პალერმოს სტადიონი ბუნებრივია, რომ მატჩის 92-ე წუთზე ერთიანად გაინაბა, რადგან „ტიფოზებს“, იმავდროულად, გაახსენდათ თავიანთი საყვარელი გუნდისგან შვედებთან დაპირისპირების შედეგად ოთხი წლის წინათ მორთმეული „საჩუქარი“… 

მაშინ „სკუადრა აძურამ“ იმდენი მოახერხა, რომ ორ მატჩში ერთი გოლის გატანაც ვერ შეძლო. მაგრამ 2018 წლის შემდეგ ხომ დიდი დრო გავიდა. მას შემდეგ იტალიის ნაკრებს მწვრთნელი შეეცვალა და გუნდი ევროპის ჩემპიონიც გახდა. თანაც, ბოლოს და ბოლოს, ჩრდილოეთ მაკედონიასთან შედარებით, შვედეთი ხომ უფრო ძლიერი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული?

ევრო 2020-ის გამარჯვებულთა მორიგი ფიასკოს მიზეზებზე პასუხი ალბათ ამ გუნდის ფსიქოტიპში უნდა ვეძიოთ. იტალიის ნაკრებისთვის მეტსახელად ტყუილად არ შეურქმევიათ „მაკარონიკები“, რადგან მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი ამ „ტიტულს“ დროდადრო ამართლებს ხოლმე.

ასეთი მეტსახელი „სკუადრა აძურას“ ჯერ კიდევ 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან მოსდევს, როდესაც ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი გათამაშებას ჯგუფურ ეტაპზევე, ჩრდილოეთ კორეის ნაკრებთან დამარცხების შემდეგ გამოეთიშა.

ზოგადად, იტალიელებს ყოველთვის უჭირდათ შედარებით სუსტი მეტოქეების წინააღმდეგ მებრძოლი განწყობის შექმნა. სამაგიეროდ, მათ „უემბლიზე“ ინგლისის ნაკრების ძლევის და გერმანიის ნაკრებთან ისტორიულად შესანიშნავი სტატისტიკის დამყარების უნარი შესწევთ.

ჩრდილოეთ მაკედონიის მომავალმა მეტოქემ, პორტუგალიის ნაკრებმა კი საკუთარი გულშემატკივრების წინაშე საკმაოდ იოლად დაამარცხა თურქეთის ეროვნული გუნდი. 

კრიშტიანუს გოლი არ გაუტანია, მაგრამ თავი სხვა ფორვარდებმა გამოიჩინეს, რომელთაც სამჯერ დაამწუხრეს ამბიციური მეტოქის მეკარე, ერთხანს ბელგიურ „გენტში“ გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელი ბოლატი.

პორტუგალიელთა და ჩრდილოეთ მაკედონიელთა მსგავსად, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ბარიერი წარმატებით დასძლიეს შვედეთის და უელსის ნაკრებებმა. 

შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრების მიერ განაწყენებულმა შვედებმა ჩეხებს ერთადერთი გოლი დამატებით დროში გაუტანეს, უელსმა კი, თავის მხრივ, ავსტრია საკუთარი გულშემატკივრების წინაშე გარეთ ბეილის დუბლის მეშვეობით მინიმალური ანგარიშით 2:1 დაამარცხა და აწი ფიფას წინასწარი ვარაუდის მიხედვით, ივნისში დაუპირისპირდება შოტლანდია-უკრაინის წყვილში გამარჯვებულს.

შვედეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გადამწყვეტ შესარჩევ მატჩში ამ კვირაში ხოჟუვში პოლონეთის ნაკრებს ესტუმრება. პოლონელებმა შვედებთან პირდაპირ თამაშის უფლება ფიფადან და უეფადან რუსეთის ნაკრების მოკვეთის შედეგად მოიპოვეს.

საინტერესოა, მოახერხებენ თუ არა პოლონეთის ნაკრების ფეხბურთელები შარშან ევროპის ჩემპიონატზე შვედებთან ანგარიშით 2:3 მარცხზე რევანშის აღებას. 

იმ შეხვედრაში რობერტ ლევანდოვსკიმ გაიბრწყინა, დუბლიც შეასრულა, მაგრამ მსოფლიოს საუკეთესო ცენტრფორვარდი ფაქტობრივად  მარტო აღმოჩნდა გაცილებით უკეთ მომზადებული გუნდის წინაშე, რომლის დონეზეც მის პარტნიორებს  თამაში არ შეეძლოთ.

ევროპის პარალელურად, გასულ კვირას მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეებს სხვა კონტინენტებზეც ავლენდნენ. კატარის მუნდიალის საგზურები ურუგვაის და ეკვადორის ნაკრებებმაც მოიპოვეს.

საინტერესო იყო აფრიკული დაპირისპირებები, რომელთაგან ხუთი მონაწილის ვინაობა ამ კვირაში ორრაუნდიანი ბრძოლების შედეგად გახდება ცნობილი. განსაკუთრებულ ყურადღებას კი ეგვიპტისა და სენეგალის ნაკრებების ორმატჩიანი დუელი იწვევს, რადგან ეს გუნდები ერთმანეთს დაახლოებით ერთი თვის წინ აფრიკის თასის ფინალშიც დაუპირისპირდნენ.

ოფიციალური მატჩების პარალელურად გულშემატკივართა ყურადღება უპირველეს ყოვლისა საქართველოს ნაკრებისადმი იყო მიპყრობილი, რომელიც ამხანაგურ მატჩში ბოსნია და ჰერცეგოვინის ნაკრებს ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

შეხვედრა სანახაობრივი თვალსაზრისით მიმზიდველი მაინცდამაინც ვერ გამოდგა. მთავარი სხვა რამაა: საქართველოს ნაკრებმა კოსოვოსთან და შვედებთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების მოგების შემდეგ, ამხანაგურ შეხვედრებში  უზბეკეთისა და ბოსნია და ჰერცეგოვინის ნაკრებებიც დაამარცხა. 

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვილი სანიოლის გუნდმა ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო, რაც გულშემატკივრებს ოპტიმიზმის საფუძველს უნერგავს ერთა ლიგის მოახლოებული მატჩების წინ.

ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ერთადერთი გოლი ბუდუ ზივზივაძემ მატჩის 49-ე წუთზე, ხვიჩა კვარაცხელიას გადაცემის შემდეგ გაიტანა. 

ხვიჩა, როგორც ყოველთვის, გამორჩეული იყო მოედანზე. ბათუმის „დინამოს“ ახალი შენაძენი მეტოქის კართან შექმნილი ნებისმიერი სახიფათო ეპიზოდის თანამონაწილე იყო, ერთხელ კი მან ბურთი მასპინძელთა კარის ხარიხასაც მოარტყა.

საქართველოს ნაკრები თავის მეორე ამხანაგურ შეხვედრაში ალბანეთის ნაკრებს ეწვევა, სადაც ზედიზედ მეხუთე გამარჯვებას ეცდება.  

საფეხბურთო მოვლენები გასულ კვირას კოსტა რიკის ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ გოლკიპერ კეილორ ნავასის დიდებულმა საქციელმა დაჩრდილა. ნავასმა პარიზის საკუთარ სახლში 30 უკრაინელი მოქალაქე შეიფარა და მეუღლესთან ერთად მათთვის საცხოვრებელი პირობების შექმნის უზრუნველყოფა ითავა.

ნავასის ქმედება იმდენად შთამბეჭდავია, რომ ის სამაგალითოდ შეიძლება იქცეს უპირველეს ყოვლისა მისი შეძლებული თანაგუნდელებისთვის. 

მთელი მსოფლიო ალაპარაკდება, თუკი ნავასს მაგალითად, მესი, მბაპე ან მისი ძირითადი შემადგენლობიდან ამომგდები, ამ ბოლო ხანს ჯერ მადრიდის „რეალთან“ მატჩის ანტიგმირი და გასულ კვირას ჩრდილოეთ მაკედონიასთან 92-ე წუთზე გოლის გამშვები იტალიელი კოლეგა დონარუმა მიჰბაძავენ…   

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.