fbpx

ქართველების დიზაინით შექმნილი პროდუქტები


გააზიარე სტატია

ავტორი: ანა ჭიღიტაშვილი

 

საქართველოში პროდუქტის დიზაინი უფრო და უფრო პოპულარული ხდება და უკვე მრავალი არქიტექტურული და ინტერიერის დიზაინის კომპანია გვთავაზობს თავიანთი დიზაინით შექმნილ პროდუქტებს. სტატიაში AT.ge-ს მიერ შერჩეულ ინტერიერის ნივთებს და რამდენიმე საყოფაცხოვრებო პროდუქტს წარმოგიდგენთ:

 

Penitentiary Chair N6 – Studio Gypsandconcrete
ხე და ფანერა

Studio Gypsandconrete 2020 წელს დაარსდა,  რომლის დამფუძნებელიც არქიტექტორი ლადო ლომიტაშვილია. სტუდიის ძირითადი მიმართულებები პროდუქტის და სივრცითი დიზაინია, თუმცა ამავდროულად, სხვადასხვა სახელოვნებო და არქიტექტურული პროექტის განხრითაც მუშაობს. 

“ნამუშევრის Penitentiary Chair N6-is დიზაინი ქართული ტრადიციების სიმბოლიზაციაა. საქართველო 50-მდე სახეობის ყველს აწარმოებს.სწორედ ამიტომ, ამბობენ, თუ სახლში ყველი არ არის, მკვდარი ხარო. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ყველის სახეობა სულგუნია, რომლის დასახელებაშიც, გადმოცემით, ორი ქართული სიტყვაა წარმოდგენილი – სული და გული.” – ლადო ლომიტაშვილი

 

Tilisma book accessories – რამაზიკო კიკნაძე
კაკალი

“ბოლო დროს  პროდუქტის დიზაინზე ვმუშაობ,  უფრო მეტად ხის მასალაზე. 

“თილისმა” ქართული კომპანიაა, რომელიც ადგილობრივი ხის მასალისგან აწარმოებს აქსესუარებს წიგნის მკითხველთათვის. უფრო მეტად კაკალს ვიყენებთ – კარგი თვისებების გამო, მაგრამ ახლა  წარმოება სხვადასხვა მიმართულებით ფართოვდება და  სხვა ჯიშებზეც ვიმუშავებთ.

ინსპირაციის მისაღებად ქართული ტრადიციული ხის დამუშავების წესების  ცოდნა მეხმარება,  იქნება ეს ავეჯი, ჭურჭელი თუ სხვა კონსტრუქცია.  მაგალითად, ჩვენი ახალი პროდუქტია რეცეპტების შესანახი ყუთი, რომელიც მთლიანად  ხისგანაა დამზადებული,  ანჯამაც ხის აქვს და თავსახურიც. 

მისი პროტოტიპი სვანეთში და რაჭაში გავრცელებული ტრადიციული სამარილე, ან მარცვლეულის შესანახი ყუთია. ვცდილობ, თუ ამის საშუალებაა, ნივთის კონსტრუქცია მთლიანად ხის იყოს, ეს ყოველთვის დადებითად აისახება პროდუქტის საბოლოო სახეზე.”

 

Four bar lamp – სანდრო ლომინაშვილი
ალუმინი, პლასტმასა, LED ნათურა

“Four bar lamp  ინპირირებულია Four Bar Linkage-ით. ამ მექანიზმის შესახებ  2010 წელს Kings College London-ში მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე სწავლის დროს გავიგე, როცა  დაგვავალეს  მოგვეფიქრებინა პროდუქტი მისი  გამოყენებით.

ამ სანათში  სწორედ აღნიშნული მექანიზმია გამოყენებული, ასევე – ალუმინი, პლასტმასა და ლედ ნათურა.  გამოდის, რომ  დავალება 12 წლის შემდეგ შევასრულე”. 

 

Felt Armchair – Around The Studio
ალუმინი, მატყლის ქსოვილი 

Around the studio 2020 წელს დააარსეს თიკა შელიამ და ანო ჯიშკარიანმა.   მათი ხედვა გულისხმობს ქართული პრიმიტიული ხელობების შენარჩუნებას და გათანამედროვებას –  ჩვენს დროში  ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობები ამოუწურავია. 

რბილი ავეჯის დამზადებისას,  ექსპერიმენტის სახით,  თექა გამოიყენეს. მატყლის ქსოვილზე მუშაობა და საჭირო მასალის მიღება ხანგრძლივი და საინტერესო პროცესი აღმოჩნდა. მასალების ამ კომბინაციაში ჩანს  კონტრასტულობა, თანამედროვე და უძველესი  მასალისგან ქსოვილის მიღების ხელოვნება.  სავარძლის კონსტრუქციის აწყობის პრინციპი დიზაინის მთავარ ხაზს წარმოადგენს.

 

პანოები – WOM Project

WOM  არქიტექტურის და ინტერიერის დიზაინის სტუდიაა, რომელიც  2018 წელს დააარსეს ელენე პაპიაშვილმა და ლიზა ხუნდაძემ.  ისინი მუშაობენ სხვადასხვა ტიპის საცხოვრებელ, კომერციულ, საოფისე, საგანმანათლებლო და კულტურული სივრცეების დაგეგმარებასა და დიზაინზე.

“პანოების შექმნის იდეა ინტერიერის პროექტზე მუშაობის პროცესში დაგვებადა.  ვეძებდით ტექსტილს, რომლითაც შევძლებდით კედლების გამრავალფეროვნებას. სწორედ ამ დროს გადავწყვიტეთ ჩვენ თვითონ შეგვექმნა კედელზე დასაკიდი პანო. პანო წარმოადგენს ნაჭრის აპლიკაციას, რომლის მასალადაც გამოყენებული გვაქვს ბუნებრივი ქსოვილები. პროცესი შემდეგი თანმიმდევრობით ვითარდება: თავიდან ვაკეთებთ ესკიზს, შემდეგ ხდება მისი ციფრული ვერსიის შექმნა, ხოლო შემდეგ ნაჭერზე გადატანა”.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.