მულტიმედიური გამოფენა – “მხოლოდ მდინარის ხმა ისმის”
ავტორი: თინა ლაღიძე
შორიდან, სადაც ჩვენ არ ვართ, მდინარეს მოაქვს ამბები, აქამდე უხილავი, მოულოდნელი ისტორიებით… და რა ამბებია ეს?!
დღეს, როცა ათასობით უდანაშაულო ადამიანი რუსეთის აგრესიის გამო უკრაინაში იღუპება, რთულია რაიმე სხვა ამბავზე კონცენტრირება გარდა ომის სისასტიკისა და მშვიდობის სურვილისა. უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, თითოეულ ჩვენგანში გამძაფრებულია სამშობლოს განცდა. დღეს საქართველოში საზოგადოება აქტიურად მონაწილეობს საკუთარი სახელმწიფოს პოზიციის, მისი მომავალი განვითარების იდეის და თანამედროვე სამყაროს პოლიტიკური გადაწყობის პროცესში. დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების ერთიანობა, რომელიც საბედნიეროდ, სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფებისგან შედგება; დღეს, როგორც არასდროს, აუცილებელია გვესმოდეს თითოეული მათგანის მკაფიო ხმა.
ჩვენ ხშირად გვსმენია, რომ საქართველომ საშუალება მისცა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ჯგუფებს შეენარჩუნებინათ თვითმყოფადობა, ენა, რელიგია, წეს-ჩვეულებები და რიტუალები, განევითარებინათ ადრე შეძენილი ხელობა თუ დაეწყოთ ნებისმიერი ტიპის საქმიანობა, აღეზარდათ თაობები. მართლაც, საქართველო დღეს, ამ ხალხებისთვის ერთადერთი სამშობლოა და ისინი საქართველოს მოსახლეობის 13 პროცენტს შეადგენენ. მაგრამ, საინტერესოა, სინამდვილეში რამდენად კარგად ვიცნობთ მათ? რამდენად გვესმის და ვიზიარებთ მათ ტკივილსა თუ სიხარულს? რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ შევქმნათ ერთიანი სამოქალაქო იდენტობა?
თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში მიმდინარე გამოფენა – „მხოლოდ მდინარის ხმა ისმის“ ამ პროცესების ერთგვარი დოკუმენტია, მაღალი ხარისხის კონცეპტუალური და დოკუმენტური, ფოტოგრაფიული თუ ვიდეოგამოსახულების მეშვეობით გადმოცემული. სხვადასხვა თაობის, ხედვის და ნაციონალობის ფოტოგრაფის ნამუშევარი თოთხმეტ განსხვავებულ პარალელურ სამყაროში გვამოგზაურებს და საშუალებას გვაძლევს საქართველოს ეთნიკური მრავალფეროვნება ერთ დიდ პანოდ აღვიქვათ. მუზეუმის საგამოფენო სივრცე აერთიანებს – პანკისის ხეობაში მცხოვრებ ვაინახ ქალებსა და ჯავახელ დუხობორებს, ზემო აჭარელ მუსლიმებს და ასურელ გერმანელებს, გარდაბანში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს თუ წალკელ სომხებს, თბილისელ ებრაელებს, იეზიდებსა და ქურთებს.
გამოფენის ერთ-ერთ საინტერესო კომპონენტს საარქივო მასალა შეადგენს. აგრეთვე, მედიათეკის ნაწილში, მნიშვნელოვანია ჯიპას სტუდენტების ნამუშევრები, რომლებიც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები არიან და თავიანთი საცხოვრებელი გარემოს შესახებ გვიყვებიან ვიზუალური გამოსახულების მეშვეობით. ჯიპას სტუდენტები ამ გზით ერთგვარ “მეხსიერებას” ქმნიან მომდევნო თაობებისთვის. თუკი ყოველდღიურობაში საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ ჯგუფებს შესაძლოა, შეუმჩნევლობის განცდა ჰქონდეთ, ასეთი ტიპის პროექტები მათ ერთიანობის შეგრძნებას მატებთ, საკუთარი ხმის ჟღერადობის მნიშვნელოვნებას სძენს და იმის აღქმას, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარება მათ ხელშიც არის.
ვფიქრობ, გამოფენა ყველა სკოლის მოსწავლემ უნდა ნახოს, რათა საქართველოს მრავალფეროვნების ერთიანობა იგრძნოს. დარწმუნებული ვარ, ვინც გამოფენას – „მხოლოდ მდინარის ხმა ისმის“ ნახავს, არასდროს დასვამს შეკითხვას: დავაწეროთ თუ არა საქართველოში კვების ობიექტებს, რომ გარკვეულ ეთნიკურ ჯგუფებს შიგნით შესვლა ეკრძალებათ, თუნდაც ისინი აგრესორი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ.
მონაწილე არტისტები:
ტბელ აბუსერიძე, შახ აივაზოვი, ნათელა გრიგალაშვილი, იუსტინა მელნიკიევიჩი, თაკო რობაქიძე, დათო მესხი, იური მეჩითოვი, დინა ოგანოვა, ჟულიან პებრელი, გიორგი შენგელია, გია ჩხატარაშვილი, გურამ წიბახაშვილი, ვახო ხეთაგური, ირმა შარიქაძე.
ჯიპას სტუდენტები:
სევაკ გაბრიელიანი, ბაჰარ მემედოვი, გუნელ კელილოვა, არზუ ოსმანოვა, მანსურ ნასიბოვი, ვარდუი კურგინიანი, იდრის რუსტამოვი, ნაჰიდ მამედოვი, სემა გასანოვა, აზიზ განიევი, ნიჰატ მამედოვი, აისუნ ალიევა, ელდარ მეიკანუმოვი, სენან სერიფოვი, აზიზ განიევი და ნიჯატ ჰუსეინოვი, ამილ მამედოვი, ელდარ მეიხანიმოვი, ლემან ნაბიევა, ტერან გასიმოვა, ადილ მამადლი, სეხავეტ ილიასოვი, აიხან ფაშაევი, ტურქაი დემირჩელოვი, ტაიფუნ პასაევი, საკინა რუსტამოვა, ნარინ მუსტაფაევა, ნიამედინ სერეევი, აშკენ ხაჩატრიანი, არაქს დემურჩიანი და კატია სარკისიანი, ტატევ ტუმასიანი, ანდრეას პარონიანი, ვილიამ ღაზარიანი, ლუსინე ნურჯანიანი, რიმა მარაგოზიანი, ნაზელი, რობერტ ხაჩატრიანები, სლავა კარსლიანი, ნარინე ტონაკ ანიანი, კრისტინა ჰაკობიანი, ლიდა მნატსიანი, კარენ შაიბეკიანი, სევალ გაბრელიანი, არტიომ კოსიანი, ჰასმიკ ავაგიანი, ჟანა ჩოგანდარიანი, აკსანა გიგოლიანი.
გამოფენისთვის შექმნილი მუსიკა ეკუთვნის Liza Rivs-ს.
გამოფენა იმართება USAID/საქართველოს #ჩვენვართსაქართველო კამპანიის ფარგლებში.
გამოფენა აერთიანებს ფოტოანაბეჭდებს, ისევე როგორც ვიდეო- და საუნდ-ინსტალაციას.
პარტნიორები: USAID/საქართველო, ღია საზოგადოების ფონდი, “სტამბა”, საქართველოს ეროვნული არქივი, თბილისი ფოტო ფესტივალი, Ukiyo კრეატიული სააგენტო.
გამოფენა გაგრძელდება 15 აპრილამდე
მისამართი: მერაბ კოსტავას 14, სასტუმრო “სტამბა”