თამარ ხმიადაშვილის გამოფენა “უხილავი სახეები” – Dédicace Gallery
ავტორი: მარიამ შერმადინი
თამარ ხმიადაშვილის მხატვრული გამომსახველობა მისივე არტისტული ძიების შედეგია, იგი ყოველ სერიაში განსხვავებულ ვიზუალურ სიმბოლიზაციას იყენებს. ერთი შეხედვით მკაფიოდ ფემინისტური ხასიათის ნამუშევრებზე, რომელთა მთავარი გმირი ყოველთვის ქალია, მამაკაცი ჩნდება, როგორც ობიექტი, დამხმარე საშუალება ძირითადი შინაარსის გადმოსაცემად. თუ მხატვრის რეტროსპექტივას გადავხედავთ, შევამჩნევთ, როგორ ვითარდება ვიზუალური გამოსახულებები ერთი თემის ირგვლივ. ამიტომ, ვფიქრობ, თამარ ხმიადაშვილის მხატვრობაში ფემინიზმის მხატვრული, ვიზუალური კვლევის საავტორო პროცესია აღწერილი.
გვიამბე სერია „ერორზე“.
ამ ნამუშევარს უფრო სტერეოტიპული მნიშვნელობა აქვს, სურათზე ვხედავთ ქალებს და მამაკაცს, რომელიც ღებავს კედელს, კედლიდან წამოსული საღებავი კი თანდათან ფარავს ქალების სახეებსაც. ამ შემთხვევაში ვარდისფერი სიმბოლურია, რომელიც ფემინურობის კლიშესთან ასოცირდება, საბოლოოდ ქალი მთლიანად ვარდისფერი გახდება. აქ გამოხატულია სიტუაციის გავლენა ადამიანებზე, კონკრეტულად კი ქალებზე.
შეგიძლია გაიხსენო, როდის გახდა შენი ნამუშევრები ფემინისტური?
ალბათ, ეს უფრო თავისთავად მოხდა, აღმოჩნდა, რომ თემები, რომლებზეც ვმუშაობ და ვმუშაობდი, ქალის სოციალურ ცხოვრებას, ადაპტაციას, შეგუებას, ზოგ შემთხვევაში კი პროტესტს ეხება. ახლა უკვე გადავაფასე მათი მნიშვნელობა და კონკრეტულ თემებს ვირჩევ.
როგორ დაახასიათებდი ქალებს, როგორც პერსონაჟებს, რატომ არიან ისინი განზოგადებულად წარმოდგენილი შენს ნამუშევრებზე?
ისინი არ არიან კონკრეტული ადამიანები, არ აქვთ კონკრეტული ისტორიები. ამიტომ ვამჯობინებ, სახასიათო სახეები არ შევქმნა, მირჩევნია ქალები ჩემს ნამუშევრებზე იყვნენ ინდიფერენტული ობიექტები, არაპერსონიფიცირებულები, ნამუშევრებისთვის მათ ვიყენებ როგორც მასალას კონკრეტული თემისა და იდეის გამოსახატავად. ეს უფრო ზოგადი გზავნილია ადამიანისთვის. მაგალითად, ქალები ჩემს ნამუშევრებზე თითქოს ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული, გარემოს მორგებული პერსონაჟები არიან, მაგრამ ყოველთვის არის რაღაც დეტალი, რაც იდეალურისთვის შეუსაბამოა. ყოველთვის ვფიქრობ, რომ რეალობის მიღმა არის რაღაც, რაც ცვლის ერთფეროვნებას, ნიჰილიზმს და გაფხიზლებს.
რას ნიშნავს ფემინიზმი შენთვის?
ვფიქრობ, ფემინიზმი დაეჭვებაა, რამდენად მართებულია ის, რასაც საზოგადოება ქალს სთავაზობს, თუმცა არ მიყვარს ადამიანების სქესობრივი დაყოფა, ჩვენი სოციალური და კულტურული შესაძლებლობები არ უნდა განისაზღვრებოდეს სქესით, როდესაც ასე ხდება, საპირისპიროს დამტკიცების სურვილი მიჩნდება.
რას ფიქრობ, ოდესმე მხატვრულად ამოწურავ ფემინიზმს?
წინასწარ არ ვიცი, ვნახოთ, სად მიმიყვანს.
სამომავლო გეგმები?
შეიძლება ითქვას, რომ ახალი სერია დასრულებული მაქვს, გამოფენისთვის ამ სერიას შევურჩიე სახელი „უხილავი სახეები“. აქაც ისევ უსახოდ, უმტკივნეულოდ, პროტესტის გარეშე გაქრობის იმიტაცია იქმნება, რომლის პრეზენტაციაც 15 აპრილს იგეგმება დედიკას გალერეაში.