fbpx

ესპანეთი – ინგლისი 2:2


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

„სანტიაგო ბერნაბეუზე“ მადრიდის „რეალისა“ და ლონდონის „ჩელსის“ მატჩის დასრულების შემდეგ მასპინძელთა მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის სასწაულებრივი გამარჯვების მიუხედავად, დანა პირს არ უხსნიდა.

სახელოვან საფეხბურთო მოღვაწეს ემოციის გამოხატვის უნარიც კი დაეკარგა და ვინ იცის, რამდენი თეთრი თმის ღერი დაემატებოდა მას იმ საღამოს, რომ არა ისედაც ჭაღარა თავი…

ანჩელოტის ალბათ 2014 წლის 24 მაისის საღამოც გაახსენდა, როდესაც ლისაბონში ჩემპიონთა ლიგის ტურნირის ფინალში „რეალის“ კაპიტანმა სერხიო რამოსმა მსაჯის მიერ დამატებულ მეოთხე წუთზე უკანასკნელი დარტყმით აღადგინა წონასწორობა მადრიდის „ატლეტიკოსთან“ შეხვედრაში და შემდგომში ძლევამოსილად დაგვირგვინებული მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა.

„ჩელსისთან“ დაპირისპირება კი განსხვავებული სცენარით წარიმართა. მადრიდის „რეალის“ მწვრთნელს ცვლილებების თვალსაზრისითაც აშკარად გაუმართლა, რადგან მათი განხორციელების შედეგად მიღებულ ეფექტს ალბათ თავადაც არ ელოდა. 

კარლო ანჩელოტიმ მეორე ტაიმში მოედნიდან ნახევარდაცვის ბურჯები – ტონი კროოსი და კაზემირო გაიყვანა. სამაგიეროდ კარიმ ბენზემა არ დაინდო და მტკივანი ფერდის მიუხედავად, თავდამსხმელი ბოლომდე, დამატებით დროში გმირობის ჩადენამდე შეინარჩუნა…

აი „ჩელსის“ მწვრთნელმა თომას ტუხელმა კი მისი გუნდის საუცხოო თამაშის მიუხედავად, ერთი საბედისწერო შეცდომა მაინც დაუშვა. რატომ შეცვალა მან ვერნერი პულიშიჩით? 

განა მატჩის 75-ე წუთზე ვერნერის ჩინებულმა ინდივიდუალურმა გოლმა არ აიძულა ანჩელოტი მოედანზე მარსელოს და როდრიგოს გამოყვანა? 

გერმანელი თავდამსხმელის მიერ გატანილი ბურთის შემდეგ ტაბლოზე მასპინძელთათვის სამარცხვინო ანგარიში – 0:3 დაფიქსირდა. 

„ჩელსის“ მუდმივი ზეწოლიდან გამომდინარე, „რეალისთვის“ თითქოს საშველიც არსაიდან ჩანდა. მაგრამ უეცრად მოხდა ის, რასაც მხოლოდ უკიდურესი გამართლება შეიძლება  დაერქვას.

ჯერ 78-ე წუთზე კურტუამ ურთულესი თავური დარტყმა აუღო კაი ჰავერცს და თავისი გუნდი აშკარა და ლოგიკური 0:4-გან იხსნა, რაც „რეალს“ გავარდნას უკვე საბოლოოდ უქადდა.

მატჩის მე-80 წუთზე კი მადრიდის „რეალის“ იმ მომენტისთვის ცვლილებაზე გამოსულმა სამივე ფეხბურთელმა – კამავინგამ, მარსელომ და როდრიგომ მიიღეს საგოლე შეტევაში მონაწილეობა!

მოედნის შუაგულთან ახლოს, მარცხენა ფლანგისკენ გადანაცვლებულმა კამავინგამ ბურთი თავით ჩაჭრა, გადაუგზავნა იგი მარსელოს, მარსელომ თავის მხრივ მოდრიჩი გამონახა, ამ უკანასკნელმა კი საოცარი ტრაექტორიის გადაცემით დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა როდრიგო, რომელმაც ერთი შეხებით, ურთულეს სიტუაციაში მოახერხა ბურთის გატანა.  

ასეთი გოლები იშვიათად გადის, რადგან მცველთა გარემოცვა და მეკარის სწორი პოზიცია ართულებს თავდამსხმელის მიერ ბურთის ზუსტად დამიზნების შესაძლებლობას. 

„ჩელსი“ დამატებით დროშიც ფლობდა აშკარა უპირატესობას და საკუთარ კარში 95-ე წუთზე ბენზემასგან საბედისწერო გოლის მიღების მიუხედავად, დარჩენილ 25 წუთში არაერთხელ იყო ახლოს კურტუას კარის დალაშქვრასთან, რაც თამაშს სულ მცირე, თერთმეტმეტრიანების სერიამდე მიიყვანდა. 

მაგრამ „რეალს“, რომელსაც „სტემფორდ ბრიჯზე“ პირველი თამაშის ანგარიშით 3:1 მოგების შემდეგ, ეტყობა, თავი უკვე ნახევარფინალში ეგონა და საპასუხო შეხვედრისათვის სათანადოდ არ განეწყო, იმ საღამოს ბეწვის ხიდზე გავლა მოუწია და აწი მას ფინალში გასასვლელად კიდევ ერთი ინგლისური კლუბის – „მანჩესტერ სიტის“ ბარიერის გადალახვა მართებს.

პეპ გვარდიოლას გუნდს, მოლოდინისამებრ, მძიმე ბრძოლის გადატანა მოუწია „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ შეხვედრაში, მაგრამ მასპინძლები „რეალისგან“ განსხვავებით, იღბალმა დააღალატა. 

„ატლეტიკოს“ ფეხბურთელებმა დიდი დრო და ენერგია მსაჯთან კამათს შეალიეს და მეტოქის კართან მატჩის მეორე ტაიმში არაერთი საგოლე ეპიზოდის შექმნის მიუხედავად, შეხვედრა „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელებისთვის სასურველი შედეგით – 0:0 დასრულდა.

ნიშანდობლივია, რომ თამაშის დაცვითი სტილით სახელგანთქმულმა „ატლეტიკომ“ საკმაო ხნის განმავლობაში მოახერხა „მანჩესტერ სიტის“ ნახევარზე თამაშის გადატანა, რისი გაკეთებაც ალბათ თვით მადრიდის „რეალისთვისაც“ არ იქნება მარტივი ინგლისურ კლუბთან შეხვედრაში.

მეოთხედფინალების პირველი სათამაშო დღე „რეალთან“ ერთად იღბლიანი გამოდგა „ვილიარეალისთვისაც“, რომელმაც ერთი შეხედვით სენსაციურად გამოაგდო მიუნხენის „ბაიერნი“.

სინამდვილეში კი „რეკორდმაისტერი“ აშკარა კრიზისს განიცდის და მისი მდგომარეობა „პარი სენ-ჟერმენისას“ ემსგავსება, რომელსაც საკუთარ ჩემპიონატში ასევე არ ჰყავს ღირსეული მოწინააღმდეგე.

„ბაიერნი“ „ვილიარეალთან“ დაპირისპირების მეორე ტაიმის დაწყებისთანავე თითქოს სერიოზულად მოეკიდა საქმეს. ნაგელსმანის გუნდმა მეტოქის კარის მიმართულებით რამდენიმე სახიფათო იერიში განახორციელა და 52-ე წუთზე, მიულერის გადაცემის შემდეგ, ლევანდოვსკიმ ორი მატჩის ჯამში წონასწორობა აღადგინა.

პარალელურად მიმდინარე „რეალი“ – „ჩელსის“ დაპირისპირებასთან ერთად გულშემატკივრები ამ შეხვედრაშიც სეირის საყურებლად დამატებითი დროის მოლოდინში იყვნენ, როდესაც მორენოს გადაცემის შემდეგ „რეკორდმაისტერის“ კარის წინ წამით განმარტოებულმა ჩუკუეზემ 88-ე წუთზე ბურთი ნოიერის კარის ბადეში გაახვია და მრისხანე „რეკორდმაისტერი“ ნახევარფინალის მიღმა დატოვა.

საინტერესოა, რომ „ვილიარელმა“ „ბაიერნთან“ორი მატჩის ჯამში  მეტოქის კარის ჩარჩოში სულ ორჯერ დაარტყა, ორივეჯერ გაიტანა და ერთხელაც ბურთი ძელს მოახვედრა. 

ევროპის ლიგის შარშანდელი ტრიუმფატორი აწი „ლივერპულს“ დაუპირისპირდება, რომელმაც საპასუხო შეხვედრაში იოლად მოაგვარა „ბენფიკას“ ძლევის საკითხი და „ენფილდ როუდზე“ საკუთარ გულშემატკივრებს ამხანაგური მატჩის ყაიდის  უხვგოლიანი სანახაობა შესთავაზა.

ასეთ სცენარზე „ბენფიკაც“ თანახმა იყო, რადგან ანგარიში 3:3, თუნდაც სტატისტიკის თვალსაზრისით, ურიგო არ უნდა იყოს ძლევამოსილ „ლივერპულთან“ შედარებით  პორტუგალიის სუსტი ჩემპიონისთვის.

როგორც ვხედავთ, ნახევარფინალები ორი ესპანურ-ინგლისური წყვილითაა წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე ფინალი როგორც ინგლისურ-ესპანური, ისე ინგლისური ან ესპანური შეიძლება აღმოჩნდეს. მათი ალბათობა თითქმის თანაბარია.

მთავარი სენსაცია კი ევროპის ლიგაზე დაფიქსირდა, სადაც გათამაშების აშკარა ფავორიტი „ბარსელონა“ ტურნირს საკუთარ მოედანზე „აინტრახტთან“ მარცხის შემდეგ გამოეთიშა.

გერმანიაში პირველი მატჩის ფრედ დასრულების შემდეგ, „აინტრახტისგან“ წარმატებას ალბათ ბარსელონაში ჩასული მისი უაღრესად ერთგული გულშემატკივრები თუ ელოდნენ, რადგან „კამპ ნოუზე“ დაპირისპირებას გერმანული კლუბი ზედიზედ მოუგებელი ხუთმატჩიანი  სერიით შეეგება.

„აინტრახტი“, რომელმაც გასულ კვირას საკუთარ ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა, 67-ე წუთისთვის მშრალი ანგარიშით – 3:0 ამარცხებდა „ბარსელონას“. 

კატალონიელები გონს მხოლოდ მატჩის მიწურულს მოეგნენ, მწვავედ შეუტიეს და ორი ბურთი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გაიტანეს. 

ანგარიშის გათანაბრებამდე მათ შეიძლება სულ ცოტა დააკლდათ, მაგრამ  ეს ასეა თუ არა, ფეხბურთის მოყვარულები ვერასოდეს გაიგებენ. 

ფაქტი კი ისაა, რომ ჩავი ერნანდესის აღმავლობის გზაზე მყოფი „ბარსელონა“ ტურნირს დაემშვიდობა და ამით „აინტრახტის“ ქომაგებთან ერთად, რა თქმა უნდა, მადრიდის „რეალის“ თაყვანისმცემელთა გაცილებით მრავალრიცხოვან არმიას უდიდესი სიხარული მოუტანა…

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.