საკონცერტო დღიური #1 – Fontaines D.C. მადრიდი
Please Don’t f*ck it up!
თვითთერაპიით დაიწყო. რამდენიმე დღე გადაუღებლად წვიმდა, თებერვლის ერთი მოსაწყენზე მოსაწყენი საღამო იყო, ვგრძნობდი, თუ როგორ მეწყებოდა შფოთვითი შეტევა და თავს ვუთხარი, Don’t fuck it up, რამე ისეთი გააკეთე, რაც თუნდაც ილუზორულად, მაგრამ მომენტალურად გაგაბედნიერებს-მეთქი. “Fontaines DC tour dates” დავგუგლე და აღმოჩნდა, რომ ევროპულ ტურს მადრიდითა და ბარსელონით იწყებდნენ. თავს ერთხელ ვკითხე, რომელი ბილეთი ვიყიდო-მეთქი, მაგრამ უარი ვერცერთზე ვერ ვთქვი.
იმ საღამოს შემდეგი თვის ქირისთვის გამიზნული ფული ნახევარ საათში დავხარჯე.
ხუთ კვირაში მადრიდში ჩავფრინდი. აეროპორტიდან პირდაპირ იმ უბანში წავედი, სადაც კონცერტი იმართებოდა. კარის გაღებამდე რამდენიმე საათით ადრე კლუბ La Riviera-ს მოპირდაპირედ კაფეებს ჩამოვუარე, სადმე ყავა უნდა დამელია. ყველაზე პატარა, მოკრძალებულ კაფეს წარწერა ჰქონდა – “Fontaines D.C.” ნიშანია, აუცილებლად უნდა შევიდე, ეგებ და სწორედ ესაა ის კაფე, სადაც კონცერტამდე ბენდის ბიჭები შემოვლენ ლუდის, ვისკის თუ ყავის დასალევად-მეთქი.
მსგავსი არაფერი ხდება. ორი ჭიქა ყავის შემდეგ კლუბისკენ მივდივარ, ბენდის დიდი ავტობუსის კარი ღიაა, კიბეზე ბას-გიტარისტი კონორი ჩამომჯდარა და ეწევა. ერთმანეთს ვესალმებით – აშკარად ინტროვერტია, მაგრამ ზედმეტად თავაზიანი – ავტოგრაფზე, ფოტოსა და ორიოდე სიტყვის გაცვლა-გამოცვლაზე უარს არავის ეტყვის. მეც ჩემს A Hero’s Death-ის ვინილის გამოცემას ვუშლი და მისი სურათის ქვეშ ვთხოვ ხელის მოწერას. ნერვიულობს, წელს მხოლოდ თითო-თითოჯერ მოსინჯეს ძალები ლონდონსა და მანჩესტერში, დღეს კი იმ დიდ ტურს იწყებენ, რომელიც რამდენიმე ოკეანის გადასერვა-გადმოსერვით გაგრძელდება და მინიმუმ ერთი წელი არ მორჩება. აპრილში ახალი ალბომია დაგეგმილი, პრესა, შოუები, უამრავი ინტერვიუ – რას იზამ, ასეა, როცა „მსოფლიოს საუკეთესო ბენდის“ ჯილდოს იღებ, თუნდაც NME-ს დაჯილდოება იყოს. კონორს ვტოვებ და იქვე მობორიალე მთვრალ ირლანდიელებთან ვაბამ საუბარს.
- საქართველოში საიდანღა იცით ფონტენს დისის შესახებ? – გაოცებას ვერ მალავს შეინი.
- რაც გვაინტერესებს, ყველაფერს ამოვთხრით. – მოკლედ ვუჭრი.
პორტუგალიაში გადმოსახლების შემდეგ არაერთხელ შევეჩეხე დასავლეთ ევროპელებისგან ასეთ დამოკიდებულებას – შესაბრალისი ქვეყნის შვილებმა არ უნდა ვიცოდეთ, ვინ უკრავს დღეს საუკეთესო როკ-მუსიკას, ვინ იღებს საუკეთესო ფილმებს, ვინ წერს საუკეთესო წიგნებს…
- ქვეყანა ჯორჯია ხო? – მაინც არ მეშვება შეინი. ვერ იჯერებს, რომ ევროპის მეორე ბოლოში არსებობს ვიღაც, ვინც მისი თანაქალაქელ გრიანს უსმენს.
ის და მისი ძმაკაცი ტერი იხსენებენ, თუ როგორ მოუსმინეს პირველად Fontaines D.C.-ს დუბლინის ერთ პატარა პაბში – სახელსაც ამბობენ, მაგრამ არ მამახსოვრდება – ჯერ კიდევ მაშინ, სანამ ბიჭები სადებიუტო ალბომს ჩაწერდნენ. მათთვის არ აქვს მნიშვნელობა NME რა სტატუსს მიანიჭებს ბენდს, ტერის და შეინს ერთგვარ მშობლურ მზრუნველობას ვატყობ, ამ ჯერაც პატარა, შვილის ტოლი ბიჭების გასამხნევებლად დუბლინიდან მადრიდში ჩამოფრინდნენ ამ დილით.
- They shouldn’t fuck it up! – ამბობს ტერი, – ან ძალიან დიდები გახდებიან, ან ჩაფლავდებიან. შუალედი არ არსებობს. – და ის და შეინი აგრძელებენ ძველი კონცერტების შესახებ მოყოლას.
მზად ვარ ამ მთვრალ ირლანდიელებს აბსოლუტურად ყველაფერი დავუჯერო. რატომაც არა?! მათი მშობლიური მზრუნველობა მეც გადმომედება. ერთია, რომ კარგ კონცერტებს მინდა დავესწრო, მაგრამ მეორეა, რომ Fontaines D.C. მართლა შეიძლება ყველაზე დიდი როკ-ბენდი გახდეს ჩვენს დროში, ჰოდა, რატომ არ უნდა ვუგულშემატკივროთ ამ ხუთ კოლეჯელ პოეტს, ერთ დღეს რომ პანკის დაკვრა გადაწყვიტეს?!
- ეს მენეჯერია! – ხელს იშვერს ვიღაცისკენ გრეგი, რომელსაც საფეხბურთო კლუბ Bohemian FC-ს საქველმოქმედო მაისური აცვია და აქამდე სიტყვა არ უთქვამს, ნერვიულად დაბორიალობდა აქეთ-იქით.
- სხვები როდის გამოვლენ? ეს ვინილი უნდა შევავსო ხელმოწერებით.
- კარლოსი და ჯონი რამდენიმე წუთის წინ გავიდნენ კაფეში.
ჯანდაბა! აშკარაა, რომ იმ კაფეში შევიდნენ, სადაც წეღან ყავას ვსვამდი. ეგ არაფერი, კონცერტის მერე დავიჭერ, სად წამივლენ?! ან იქნებ მანამდეც გამოვიდნენ.
მანამდე არ გამოდიან. კარი იღება, მე კი არ მინდა წინა ადგილი დავკარგო, ასეთ კონცერტებზე ისევ თინეიჯერი ფანბოი ვხდები, რომელიც სცენის წინ ჯებითან დგომას არაფრის დიდებით არ დათმობს.
შოუს JUST MUSTRAD ახურებს; სცენას ტოვებენ და ყველანი ველოდებით, თუ როდის გამოვლენ ირლანდიის მთავარი სიამაყეები. სიღრმეში ჩამოშვერილ ფარდაზე წითლად აელვარდება ძველი გოტიკური ფონტით ნაწერი – fontaines d.c. და ხუთივენი სცენაზე გამოდიან. გრიანს უსტილო თინეიჯერივით აცვია. He’s the cutest rock-star in the lamest outfit ვთანხმდებით მე და მარტა. ორი ზომით დიდი, ღია ცისფერი ჯინსის შარვალი და ტყავის ქურთუკი; ვერ გადამიწყვეტია, 90-იანების გაპარსულ მხედრიონელს უფრო ჰგავს თუ 2000-იანების შუაში, ხორავას თეატრში როკ-კონცერტზე დამსწრე თინეიჯერ ახალგაზრდას.
„When you speak, speak sincere and believe me friend everyone will hear, life ain’t always empty“ – თავიდანვე მღერიან კარიერის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან სიმღერას, აუდიტორია აღელდება და დარბაზში უკვე ის ენერგია ტრიალებს, რომელიც მერე უაზრო მოშ-პიტშიც კი გადაიზრდება. ვაკვირდები, დარბაზში თითქმის ნახევარი ბრიტანელი ან ირლანდიელია. ვერ ვიჯერებ, რომ ყველანი გასამხნევებლად ჩამოვიდნენ. ერთ მომენტში დრამერს რაიდ-ციმბალი უტყდება, რასაც Just Mustard-ის დრამერი ამჩნევს და მისთვის მაშინვე ახალი ციმბალი შემოაქვს. ამის შემჩნევაზე მეცინება, რადგან რამდენიმე წუთის წინ იმ დრამერს იატაკის დოლი მოერყა და ჩამოუვარდა, სცენაზე რამდენიმე წამში Fontaines D.C.-ს ჯონი შემოვარდა და დოლი მაშინვე გაუსწორა.
You Said-ზე გრიანი გამეტებით უკრავს ტამბურინზე და ისე ხდება, რომ ინსტრუმენტი შემოემსხვრევა. სცენაზე აძრომა რომ შემეძლოს, იმ გატეხილ ტამბურინს ხელს დავავლებდი და რელიკვიად შევინახავდი, მაგრამ დაასრულებენ თუ არა სიმღერას, გიტარისტი კონორი ერთ ნამსხვრევს იღებს და წინა რიგში მდგარ გრეგს უწვდის. მეორე, ჯერაც ხელში შერჩენილ ნაწილს, გრიანი სცენის უკან გადააგდებს და იწყებენ ირლანდიისადმი მიძღვნილი “ზედმეტად პოლიტიკური” ლავსონგის დაკვრას.
ეს ბენდის უკვე ერთ-ერთი უმთავრესი სიმღერაა, მერე რა, თუ ჯერ ერთი თვეც არ გასულა მისი გამოსვლიდან. კლასობრივ გაუცხოებაზე, მრავალგზის ჩაფლავებასა და მაინც უპირობო სიყვარულზე დამღერებული უაღრესად პოეტური ტექსტი ორ ძალიან ხანგრძლივ რეჩიტატივს მოიცავს.
And I loved you like a penny loves the pocket of a priest
And I’ll love you ‘til the grass around my gravestone is deceased.
კონცერტის ნახევარი ასე გადის. ოღონდ არავის გვგონია, რომ ეს ნახევარია. ამის შემდეგ მუდმივად მზარდი, ველური დინამიკა, რომელიც Hurricane Laughter-სა და Too Real-ზე კულმინაციას აღწევს, აუდიტორიასაც და ბენდსაც ექსტაზში აგდებს. დარბაზში დიდი ბუშტები დაფრინავს, კარლოსი ძირს ხოხავს და ისე უკრავს. ოფლში ვიწურებით და ოფლიანივე მაისურებით ვიწმენდთ სველ სახესა და თმას, მაგრამ არაფერი გამოდის. აღგზნება არც იმ ახალი სიმღერის დროს კლებულობს, რომელსაც პირველად ვუსმენთ, თითქოს ზეპირად ვიცოდეთო, ისე ვყვებით ბენდს რიტმში და უცბად გრიანი აცხადებს, რომ ბოლო სიმღერის დრო მოვიდა.
ცხადია, ენქორზეც გამოვლენ, მაგრამ მაინც ძალიან, ძალიან, ძალიან მოკლეა ეს კონცერტი. რაღაც არ უნდა დავიჯეროთ. რაღაც არაა რიგზე.
ენქორზე ორ სიმღერას ასრულებენ, მათ შორის მომავალი ალბომის იმ ახალ სიმღერას უკრავენ, რომლის არც სათაური ვიცით და რომლის ნაწილიც კი არსად არ გავრცელებულა. What the fuck! – გაოგნებას ვერ ვმალავთ და თუმცა სცენა უკვე ცარიელია, ადგილიდან არავინ ვიძვრით. მერე რა, თუ ყველამ ვიცით, რომ Fontaines D.C. ის პრანჭია ბენდი არაა, ორი ენქორი ჰქონდეს დაგეგმილი, მაინც არ ვიჯერებთ, რომ კონცერტი მორჩა. ფეხმოუცვლელად ვდგავართ. დარბაზში შუქი ინთება.
გარეთ გავდივართ და რამდენიმე მსმენელი წრეს ვკრავთ. ენა არავის მოგვიბრუნდება, კონცერტი გადასარევი იყო, მაგრამ რატომ მორჩა ასე მალე?! რატომ დავრჩით იმდენი ენერგიით, რომ კონცერტის შემდეგ 3-3 ქილა ლუდი კართანვე დავლიოთ და ამბები მოვყვეთ?! ერთმანეთის კონტაქტებს ვცვლით, ერთმანეთს სახელით და ბენდის დუბლინური ინიციალით ვიმახსოვრებთ: Terry DC, Misha DC, Sara DC, Andres DC, Floren DC. ყველანი სხვადასხვა ასაკის მსმენელები ვართ, მაგრამ იმაზე ყველანი ვთანხმდებით, რომ ეს ტური, ეს ალბომი, ეს პერიოდი გარდამტეხი იქნება ბენდის კარიერაში. ტერი, რომელმაც კონცერტამდე თქვა, რომ ახლა არ უნდა შეეშალოთ არაფერი, ჩვენ გვერდით დგას. ისევ იმეორებს, რომ არ სჯერა შუალედური ტერიტორიის, რომ არ არსებობს ასეთი ტერიტორია.
რომც არსებობდეს, რამდენად გვემეტება Fontaines D.C. ამ ტერიტორიისთვის? ისევ ჩაფლავება და ლამაზ სიზმრად დარჩენა არ ჯობს?!
ხალხი შეცოტავდება და ამ დროს გამოდიან გარეთ ბენდის წევრებიც. მთავარი პოეტი სულ ბოლოს გამოდის, როცა გარეთ სულ 7-8 მსმენელიღა ვრჩებით. ეს მცირე რაოდენობა იმის შანს გვაძლევს, რომ გავისაუბროთ. დრო ყველასთვის აქვს. ჩემდა გასაკვირად, ძალიან მოულოდნელად, პირად საუბარში ზედმეტად გამომეხატება საკუთარი მოწყვლადობა და მაშინვე ვფრთხები, მაგრამ გრიანის პასუხი – რომლითაც პირადად მე მომმართავს, ვხვდები, რომ არაა ზოგადი მიმართვა ფანისადმი – მამშვიდებს. იმ რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩემ წინ როკ-სტარი კი აღარ დგას, არამედ ჩემი თანატოლი, რომელსაც მგონია, რომ ამდენი წელია ვიცნობ, ამიტომაც ვსაუბრობთ ასე უპრობლემოდ. მერე გრიანთან ვიღაც გოგო მოდის, ექაჩება და უყვირის: Grian, you are needed over there! ორიოდე სიტყვას კიდევ ვცვლით, ერთმანეთს ვეხუტებით და ვშორდებით.
ბიჭები მიდიან.
- See you tomorrow! – გამომძახებს კარლოსი, რომელმაც იცის, რომ რამდენიმე საათში ბარსელონისკენ დავიძვრები, რომ კიდევ ერთ და კიდევ უფრო მოკლე კონცერტს დავესწრო.
ალმერიადან სპეციალურად კონცერტისთვის ჩამოსული ოჯახი მეპატიჟება, შემოგვიერთდი, სადმე დავლიოთ და ხამონი ვჭამოთო. მივყვები. ოჯახის მამა, ფლორენი – რომელმაც სამი წლის წინ შემთხვევით რადიოში მოისმინა Boys in the better lands, მას შემდეგ კი ცოლსა და ხუთივე შვილს ისევე შეაყვარა Fontaines D.C. – აღფრთოვანებას ვერ მალავს, ვინ აღარ მინახავს სცენაზე და ასეთი მაგრები ძალიან ცოტა თუ მახსოვსო.
- He hopes they will not fuck it up, – მითარგმნის მოგვიანებით უკვე მთვრალი, ინგლისურისდამვიწყებელი მამის სიტყვებს მარინა.
*
– You Shall not fuck it up boys! – ვიძახი გულში, უკვე ბარსელონას შოუს დროს, როცა ჩემ წინ მდგარი გრიანი ცხვირს გამეტებით იფხანს.