ვენეციური დღიური 59-ე ბიენალედან – Bless me Mamita
„მოდით შევცვალოთ ისტორიული წარსული გრძელვადიან პერსპექტივაში“ – ეუბნება კიბორგი თავის ავატარ ადამიანს ვენეციის ბიენალეს მიერ სპეციალური პრიზით აღნიშნული ხელოვანის – ლინ ჰერშმან ლისონის ფილმში “ლოგიკა პარალიზებას უკეთებს გულს“.
59-ე გამოფენის დაჯილდოების ცერემონია, რომელის შემდეგაც გამოფენა საზოგადოებისთვის ოფიციალურად გაიხსნა, 23 აპრილს, 11 საათზე გაიმართა ტრადიციისამებრ Ca’ Giustinian-ში, La Biennale di Venezia-ს სათავო ოფისში.
როგორც ყოველთვის, ჯერ კიდევ გახსნამდე გახდა ცნობილი, რომ ვენეციის ბიენალეს ოქროს ლომი ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის (for Lifetime Achievement) გადაეცემოდა ორ საოცარ ქალს – გერმანელი მხატვარს, კატარინა ფრიჩს და ჩილელ ხელოვანს სესილია ვიკუნას.
თუ სხვა გამარჯვებულების ვინაობა სპეციალურმა ჟიურიმ დაადგინა, ეს გადაწყვეტილება გამოფენის კურატორის, სესილია ალემანის რეკომენდაციით დაამტკიცა ბიენალეს დირექტორთა საბჭომ. მან განაცხადა, რომ კატარინა ფრიჩის წვლილი შეუდარებელია. „ ყოველ ჯერზე მისი კულპტურების ნახვისას <…> თავბრუდამხვევ მიზიდულობას განვიცდი. მისი წვლილი თანამედროვე ხელოვნების, განსაკუთრებით ქანდაკების სფეროში, შეუდარებელია. კურატორმა ფრიჩის „ჰიპერრეალისტური“ ნამუშევრები, სადაც ავტორი მასშტაბისა და ფერის მეშვეობით მაყურებლის დეზორიენტაციას ახდენს ზებუნებრივ ხილვებს, „უცხო ცივილიზაციის მონუმენტებს ან უცნაურ პოსტადამიანურ მუზეუმში გამოფენილ არტეფაქტებს“ შეადარა.
მთავარი გამოფენა ჟარდინიში, სწორედ კატარინა ფრიჩის სარკეებით გარშემორტყმული სპილოთი იწყებოდა.
ჩემს სტუდენტებს კარგად ახსოვთ, თუ რა ხშირად არის კატარინა ფრიჩის ცნობილი ლურჯი მამალი ჩემს ლექციების პროტაგონისტი, როგორც თანამედროვე ხელოვნების ინტერპრეტაციის თავისუფლების მაგალითი. ის სულ ახლახანს სახელოვნებო პლატფორმა „პროპაგანდას“ დაკვეთით ბოლო დეკადის ქართული თანამედროვე ხელოვნების მიმოხილვის ნაწილიც გახდა. პატარა ამონარიდს შემოგთავაზებთ ჩემი ტექსტიდან:
„ჯგუფში ინტერპრეტაციასა და კატარინა ფრიჩის მამალზე ვსაუბრობდით − 4,7 მეტრის დიდ ლურჯ ფრინველზე ტრაფალგარის მოედნის მეოთხე პოსტამენტზე, სახელწოდებით Hahn/Cock (როგორც გერმანულ, ასევე ინგლისურ ენაზე ორმაგ მნიშვნელობას ატარებს). პრესაში განიხილავდნენ სათაურის ორმაგ მნიშვნელობასა და სექსუალურ კონოტაციას, მით უფრო, რომ ავტორი აღნიშნავდა მოედანზე ფალიკური ხასიათის გამოსახულებების სიჭარბეს. მამალს განიხილავდნენ როგორც ლონდონის საქმიან ცენტრში შეჭრილ ფემინისტურ ნიშანს, რეგენერაციის, განახლების განსახიერებას და სხვ.. ბორის ჯონსონი, რომელიც იმ დროს ქალაქის მერი იყო (პრესაში ბორის ჯონსონისა და გიგანტური ლურჯი Cock-ის ურთიერთობას ხუმრობების კასკადი მოჰყვა), ირონიულად მიიჩნევდა იმ ფაქტს, რომ მამალი, როგორც საფრანგეთის არაოფიციალური ნაციონალური სიმბოლო იმ მოედანზე განთავსდა, რომელიც ბრიტანელების ფრანგებზე გამარჯვების აღნიშნავდა, ნელსონის სკულპტურის გვერდით. ამ შემთხვევაში საინტერესო იყო თავად ავტორის პასუხი: ფრიში ამბობდა, რომ სანამ აუხსნიდნენ, არაფერი იცოდა ამის შესახებ − „მე ნამდვილად არასდროს მიფიქრია რაიმე ფრანგულზე” (სტანისლავსკი როგორც იტყოდა − „არ მჯერა!“) და იქვე გააკეთა დაშვება, რომ „სასიამოვნო იუმორისტული გვერდითი ეფექტია, გქონდეს რაღაც ფრანგული ისეთ ადგილას, სადაც ნაპოლეონზე გამარჯვებას აღნიშნავენ.“
The Guardian-ის კულტურის მკვლევრის, შარლოტა ჰიგინსის წინასწარმეტყველება ახდა, „კატარინას Cock“ ჰიტი გახდა არა მხოლოდ ბრიტანეთში არამედ ჩვენს პატარა ჯგუფშიც.“ (სტატის სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ )
ხელოვნებასი შეტანილი წვლილისთვის ოქროს ლომით დაჯილდოვებულმა სესილია ვიკუნამ აღნიშნა, რომ ძალიან ამაყობს იმ ბიენალეში მონაწილეობით, რომელიც მხატვრების წარმოსახული „პოსტადამიანურ სიტუაციის შესახებ მოგვითხრობს და გამოწვევის წინაშე აყენებს დასავლეთის იმ მდგომარეობას სადაც თეთრი კაცი ყველაფრის საზომია“ და სხვა, არაჩვეულებრივ მხატვრებთან ერთად, იზიარებს „სიზმრების რძის“ სულისკვეთებას, რომელიც ამ დედამიწაზე ყოფნის ახალი გზის დასახვისთვის ესოდენ მნიშვნელოვანია“.
სესილია ალემანიმ ფასდაუდებელი უწოდა ჩილელი მხატვრისა და პოეტის – სესილია ვიკუნას წვლილს არა მარტო ვიზუალურ ხელოვნებაში, არამედ ლათინოამერიკული ტექსტების გადარჩენის საქმეში, ისევე როგორც, ძირძველი მოსახლეობის უფლებებისთვის აქტივისტურ საქმიანობაში: – სესილია ვიკუნამ, რომელმაც წინასწარ განჭვრიტა რა აქტუალური ეკოლოგიურ და ფემინისტური საკითხები, დეკადების განმავლობაში გაიკვალა საკუთარი გზა და ტრადიციული საშუალებებითა და არადასავლური ეპისტემოლოგიებით, ინტიმური და ამავე დროს მძლავრი ხელოვნება შექმნა, რომელიც პირადი და კოლექტიური მითოლოგიების გადაკვეთაზე არსებობს.
დამეთანხმებით, რომ მის რბილ სკულპტურებში ვინც ერთხელ მაინც აღმოჩენილა, არასოდეს დაავიწყდება ეს შეგრძნება. სწორედ ვენეციაში გამგზავრებამდე თეით მოდერნში ვნახე მისი შეკიდული უზარმაზარი იმერსიული ინსტალაცია, თავის დროზე, დოკუმენტა 14-ისთვის შექმნილი ხასხასა წითელი, რბილი საშო – “Quipu Womb“. ვიკუნას Quipuპოემა, რომელიც თეით მუზეუმმა შეიძინა, კავშირების, მითოლოგიის, მენსტრუალური სიმბოლიზმის განსახიერებაა და მისი სახელწოდება Quipu, ფერადი ქსოვილის ნასკვების საშულებით ანდების მაცხოვრებლების კომუნიკაციის, ტექსტების ჩაწერის უძველეს მეთოდს უკავშირდება.
2022 წელს თეით მოდერნის ტურბინების დარბაზი სწორედ სესილია ვიკუნას ნამუშევარს უმასპინძლებს. ოქტომბრიდან იქ მისი უზარმაზარი ადგილ-სპეციფიკური ინსტალაცია იქნება წარმოდგენილი, ასე რომ, არ გამოტოვოთ.
ბიენალეს მთავარ გამოფენაზე ვიკუნას ფერწერული ნამუშევრებიც იყო წარმოდგენილი. სწორედ მისი ერთ-ერთი ნამუშევრის დეტალი იყო ბიენალეს კატალოგის გარეკანზე და პოსტერზე ასახული – მისი დედის თვალები გადასახლების დროს დახატული პორტრეტიდან “Bless me mamita”(1977), რომელიც ბიენალეზე ყველგან არის. და მამაკაცის მზერის ნაცვლად mamita- ს მზერა ხდება ვენეციის ბიენალეს ორიენტირი და ამოსავალი წერტილი, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ის სულ დაგყვება… სესილიას ბიენალეზე თან ახლავს 97 წლის დედა, რომელიც მისთვის „სიყვარულის ტრიუმფის განსახიერებაა, დიქტატურაზე, რეპრესიებზე, სიძულვილზე“.
ეხლა კი, ვენეციის ბიენალეს კონკურსის გამარჯვებულები:
პირველად, ვენეციის ბიენალეს ისტორიაში ორივე მთავარი ჯილდო შავკანიან ქალებს ერგოთ.
ოქროს ლომი საერთაშორისო გამოფენაში The Milk of Dreams საუკეთესო მონაწილეს –
სიმონ ლის (Simone Leigh), რომელიც წელს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ პავილიონსაც წარმოადგენდა. უმაღლესი ჯილდო მას გადაეცა „საგულდაგულოდ დამუშავებული, ვირტუოზულად რეალიზებული და მძლავრი დამაჯერებელი მონუმენტური სკულპტურისთვის“, რომელიც არსენალეს გამოფენის გამხსნელი ნამუშევარი იყო არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ მეტაფორული მნიშვნელობით. შავკანიანი ქალის უზარმაზარი სხეული არქიტექტურულ ფორმასთან – ტრადიციულ სახლთან იყო ერთგვარად გაიგივებული. მაშინ, როდესაც ყველგან თვალები დაგყვებოდა, თანამედროვე ხელოვნების ამბავი და სიურრეალისტური ტენდენციების ხელხალი გაჩენა, სწორედ ამ უთვალებო „აგურის სახლის“ (ნამუშევრის სახელწოდება) გავლით იწყებოდა.
ოქროს ლომი საუკეთესო ეროვნული პავილიონისთვის – დიდ ბრიტანეთი, სადაც
სონია ბოისმა (Sonia Boyce) ქალების ხმის/ ხმების მეშვეობით ისტორიის განსხვავებული წაკითხვა შემოგვთავაზა. „შავკანიან ქალებთან თანამშრომლობით, იგი უამრავ მიჩქმალულ ისტორიას წარმოაჩენს ძალიან თანამედროვე ენით, რეპეტიციის ფორმატში და ფრაგმენტული ფორმებით, რომელსაც რეციპიენტი პავილიონში ყოფნის დროს განიცდის და აერთიანებს“.
სპეციალური აღნიშვნა ეროვნული პავილიონებისთვის:
საფრანგეთი: სხვადასხვა თემს შორის იდეების გაცვლისა და სოლიდარობისთვის, კინოს კომპლექსური ისტორიის არადასავლური ხედვისთვის და წინააღმდეგობის მრავლობითი ისტორიებისთვის (წარმდგენი მხატვარი – Zineb Sedira, ფრანკო-ალჟირელი ფემინისტი ფოტო და ვიდეო ხელოვანი)
უგანდა: „მათი ხედვის, ამბიციისა და ხელოვნებისადმი ერთგულებისათვის“. აღსანიშნავია, რომ უგანდას პავილიონი წელს პირველად იყო წარმოდგენილი ვენეციის ბიენალეზე. სკულპტურული მასალები, რომლებიც გამოიყენეს მხატვრებმა (Acaye Kerunen and Collin Sekajugo), „განასახიერებდა მდგრადობას, როგორც პრაქტიკას და არა მხოლოდ პოლიტიკას ან კონცეფციას“.
მთავარ გამოფენაში მონაწილე “ახალგაზრდა პერსპექტიული მხატვრისთვის” განკუთვნილი ვერცხლის ლომი ალი ჩერის (Ali Cherri) ერგო, ინტერდისციპლინური და მრავალშრიანი ნამუშევრისთვის, „რომელსაც დედამიწაზე, ცეცხლზე და წყალზე მედიტაცია პროგრესისა და მიზეზის ლოგიკიდან და კონსტრუქციული ხედვის წერტილიდან მითოლოგიურ განზომილებაში გადაჰყავს“.
სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურეს შუვინაი აშუნამ (Shuvinai Ashoona), რომლის ნახატები და ფერწერული ნამუშევრები ძირძველი ინუკების კოსმოგონიების სიღრმეს იკვლევს, „სადაც სახეობები ურთიერთდამოკიდებულნი არიან და რომელიც არ არის განპირობებული ძალაუფლების კოლონიალურობით“.
ლინ ჰერშმან ლისონმა (Lynn Hershman Leeson) „კიბერნეტიკული პრობლემების მონიშვნისთვის, რომელიც ლაიტმოტივად გასდევს მის გამოფენებს და ვიზიონერული მომენტებს მოიცავს, რომელიც წინასწარ განჭვრეტს ტექნოლოგიის გავლენას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე“.
ოქროს ლომითა თუ სპეციალური პრიზით დაჯილდოვებული 10 ხელოვანიდან, მხოლოდ ვერცხლის ლომის მფლობელი ალი ჩერი და უგანდას პავილიონის თანაავტორია კაცი. სცენაზე არიან ქალები, სხვადასხვა ეროვნების, თაობის, გამოცდილების ხელოვანები, მეტყველი ვიზუალური ენითა და თვითმყოფადი სამყაროებით.
კურატორის, სესილია ალემანის გამოფენა ქალების ტრიუმფად მოინათლა, ბევრ ტექსტს ციფრებიც ერთვის – 213 მონაწილე მხატვრიდან მხოლოდ 21კაცი და მათგან მხოლოდ 15 ცოცხალი.
„რძე სიზმრებისა“ – ისტორიული ბიენალე, ქალის კურირებული, ქალების და არაბინარული ხელოვანების ნამუშევრებით, სადაც პრიზებს ქალები იღებენ; სესილია ალემანის მიერ მოთხრობილი ხელოვნების ისტორიის არახაზობრივი ამბავი, რომელიც როგორც თვითონ ამბობს, „აგებულია სიმბიოზის, სოლიდარობის, დობის პრინციპზე”.
უკრაინა რომ ვერ ვნახე ჩამონათვალში ხასიათი გამიფუჭდა. ჟიურის ოქროს ლომის გარდა ორი სპეციალური პრიზის გადაცემის უფლება აქვს. ნუთუ არ შეიძლებოდა?! საფრანგეთს და უგანდას აბა რას ვერჩი?! მაგრამ, მაშინ როდესაც საზარელი ომია, მაშინ როცა უკრაინელებს თანადგომა სჭირდებათ, მით უფრო იმ გზის მერე, რაც ვენეციის ბიენალეზე ჩამოსასვლელად გამოიარეს… აქ ხომ ნამუშევარზე არ არის, სოლიდარობაზეა და მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პავილიონის კურატორებს ბიენალეს საორგანიზაციო კომიტეტმა ხელი შეუწყო სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში, სამწუხაროდ, უკრაინა არ ახსენეს ესოდენ მნიშვნელოვან პლატფორმაზე, ხმამაღლა, გაბედულად, მაშინ, როდესაც ყველა პრიზი საკმაოდ მკაფიო პოლიტიკური შინაარსს ატარებდა…
გული მეტკინა და ნაცვლად პავილიონებისა, რომლის ნახვა ვერ მოვასწარი, ვაპორეტოზე დავჯექი და სან ჯორჯო მაჯორეს კუნძულზე წავედი… ამ ამბავს დღიურის შემდეგ ნაწილში მოგიყვებით. ნამდვილად ცალკე ამბავს იმსახურებს.
აქ კი, უკრაინის პავილიონის ოფიციალური გახსნის კადრებია: არსენალეზე უკრაინის პავილიონში წარმოდგენილი ნამუშევრის ავტორი – პავლო მაკოვი სიტყვით მიმართავს შეკრებილ ხალხს, უკრაინის ელჩი ზელენსკისგან გზავნილს მიუტანს უკრაინული პავილიონის გუნდს (ღვინისფერ საქაღალდეშია), მადლობას უხდიან იმ ადამიანებს, ვინც ხელი შეუწყო და დაეხმარა. იქვეა ის ხარკოველი ხელოვანი, ბორის ჯონსონს და ზელენსკის რომ ქუჩაში მამლების ფიგურები აჩუქა… მე და პავლო მაკოვი ჩავეხუტეთ ერთმანეთს. ქართული პავილიონის ჩანთა ვაჩუქე, მეტი არაფერი მქონდა, არადა მინდოდა რამე ჰქონოდა ჩემგან, სიყვარულის და პატივისცემის ნიშნად. სხვაც მაქვს მასთან ერთად გადაღებული, მაგრამ ეს „უხარისხო“ ფოტო გამიზნულად ავარჩიე, თვალდახუჭული…
საქართველოს პავილიონის მიღებაზე ჯუდეკაზე, Spazio Punch -ის ეზოში ბევრი ხალხი შეიკრიბა. ამ არაჩვეულებრივად კარგი ნამუშევრის სანახავად, უფრო სწორედ კი ქართველი ხელოვანების მიერ შემოთავაზებული უნიკალური იმერსიული გამოცდილების მისაღებად, იმდენმა მსურველმა მოიყარა თავი, რომ პავილიონი გვიანობამდე ღია დატოვეს.
კოლაჟი საქართველოს პავილიონის სივრცის დიზაინერის, ლუკა მუროვეცის ფოტოებისგან შევადგინე. ალბათ პროსეკოს გამო ჩემმა ფოტოების უმეტესობამ არ ივარგა და დღიურისთვის დასამატებლად რამოდენიმე ლუკას ინსტაგრამიდან გამოვიტაცე.
P.S. და ბოლოს გადაძახილი წარსულთან და ისევ ქალებთან, ამჯერად ვენეციელ ქალებთან…
ასეთ ტერასებს სახლების სახურავზე ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით ვენეციაში.
დღეს მათ პროსეკოს თანხლებით პანორამული ხედებით დატკბობისთვის იყენებენ, მაგრამ იყო დრო, როდესაც ალტანებს სხვა დატვირთვა ჰქონდა. მათი გავრცელება განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ ვენეციური სახლების უმეტესობა განათების, მზის სინათლის და ვენტილაციის გარეშე იყო. კლაუსტროფობიული და ნესტიანი სივრციდან თავის დაღწევის საშუალების გარდა, ტერასები გამოიყენებოდა ტანსაცმლის გასაშრობად და რაც მთვარია, მზის აბაზანებისთვის.
რენესანის პერიოდში ვენეციელი ქალები მოდური, ქერა თმისთვის სპეციების, მცენარეების და ცხენის შარდის ნაზავს იყენებდნენ. და ისხდნენ ტერასებზე ვენეციელი სავსე ქალები ფართოფარფლიან, თმის ადგილას ამოჭრილ ქუდებში – სოლანებში და დღეები და კვირები ამ „საღებავის“ მეშვეობით თმას მზეზე იხუნებდნენ.
გაგრძელება იქნება …