fbpx

აპრილის ბოლო კვირის აფიშა


გააზიარე სტატია

წარმოგიდგენთ აპრილის ბოლო კვირის აფიშას – სპექტაკლები, გამოფენები, პრემიერები და სახელოვნებო ღონისძიებები თბილისში, რომლებიც არ უნდა გამოგრჩეთ,  ნახეთ ჩვენს სტატიაში. 

 

სამასსამოცდახუთი 

შაბათს, 30 აპრილს, 15:00 საათზე დედაენის ბაღში გაზეთ “სამასსამოცდახუთის” მეორე ნომრის პრეზენტაცია გაიმართება. გამოცემა, რომელიც წელიწადში ერთხელ გამოდის, თავს უყრის ქართველ ხელოვანებს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში დაგროვილ საკუთარ გამოცდილებას, შთაგონებას, ფიქრებს და ძიებებს უზიარებენ მკითხველს. 

გაზეთში ქართველი ხელოვანების 61 ტექსტია თავმოყრილი.

პრეზენტაციისას გაიმართება ლალი პერტენავას და თამარ ჭაბაშვილის საუბარი თემაზე – ხელოვანი საზოგადოებრივ სივრცეში და არქივის მნიშვნელობა ამ პროცესში. 

გაზეთის ავტორები არიან მარიამ კუპრაშვილი, ელენე გაბრიჩიძე და სალომე სორდია,  ტექსტის ინგლისური თარგმანი კი გურამ ღონღაძეს ეკუთვნის.

 

ქართული ხელოვნება XX საუკუნიდან დღემდე

27 აპრილს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიხსნება გამოფენა “ქართული ხელოვნება XX საუკუნიდან დღემდე, ნამუშევრები კერძო კოლექციებიდან”. გამოფენაზე  წარმოდგენილი იქნება   ალექსანდრე (შურა) ბანძელაძის, ვერა ფაღავას, კარლო კაჭარავას, მამუკა ცეცხლაძის, ლია შველიძის, თეა ჯორჯაძის, თეა გვეტაძის, სალომე მაჩაიძის, დათო მესხისა და სხვა ქართველი ხელოვანების უნიკალური ნამუშევრები. მათი დიდი ნაწილი პირველად გამოიფინება. გამოფენას SOLO და საქართველოს ბანკი წარმოგვიდგენს, ორგანიზატორი და კურატორი კი ლიკა ჭკუასელია.

 

რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ? – კინო მზიურში

28 აპრილს, 20:00 საათზე მზიური სეზონის პირველ კინოჩვენებაზე გეპატიჟებათ. მზიურის დიდ ეკრანზე ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული ქართული ფილმის – “რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ?” ჩვენება  გაიმართება. 

ალექსანდრე კობერიძის ფილმის პრემიერა 2021 წლის მარტში ბერლინის კინოფესტივალზე შედგა, სადაც ის მთავარ საკონკურსო პროგრამაში იყო ჩართული და კინოკრიტიკოსთა ფედერაციის საერთაშორისო ჯილდოც მოიპოვა. ფილმი პრესის ერთ-ერთ ფავორიტად იქცა ფესტივალზე, ხშირად იწერებოდა დადებითი რეცენზიები მსოფლიოს წამყვან გამოცემებში, გასული წლის ბოლოს კი Indiwire-ის გამოკითხვაში, სადაც ხმა მსოფლიოს 187-მა კრიტიკოსმა მისცა, წლის საუკეთესო 10 ნამუშევარში მოხვდა.  

ფილმის დასრულების შემდეგ დისკუსია გაიმართება ავტორებთან და მსახიობებთან ერთად.

 

მორბის წყალი

29 აპრილს ესთერ კემფის გამოფენა “მორბის წყალი” საქართველოს ეროვნულ ფონდში გაიხსნება. შვეიცარიელმა ხელოვანმა 2021 წლის სექტემბერში თუშეთის მთებში იმოგზაურა 2 ადამიანთან და 5 ცხენთან ერთად. ამ მოგზაურობის მიზანი ლიკოპოდიუმის, პრეისტორიული ხავსის მოძიება იყო. სწორედ ამ მოგზაურობის დროს შექმნილი ნამუშევრები იქნება გამოფენაზე წარმოდგენილი. გამოფენის ძირითადი თემა რესურსებია და წარმოაჩენს მოძრაობასა და უძრაობას შორის არსებულ დაძაბულობას. გამოფენა გაიხსნება ნინუცა შატბერაშვილის სუფრა პერფორმანსის და ანუშკა ჩხეიძის მუსიკის თანხლებით. გამოფენის კურატორია ლალი პერტენავა.

 

ტროელი ქალები

სამეფო უბნის თეატრში შაბათს, 30 აპრილს დათა თავაძის სპექტაკლის, “ტროელი ქალების” ნახვა შეგიძლიათ. სპექტაკლი დოკუმენტური მასალისა და ევრიპიდეს ამავე სახელწოდების პიესის მიხედვითაა შექმნილი და გვიამბობს იმ ქართველი ქალების ისტორიებს, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოცადეს ომი 90-იანი წლებიდან დღემდე.

ტექსტზე დავით გაბუნიამ და დათა თავაძემ იმუშავეს, მუსიკის ავტორი ნიკა ფასურია, ხოლო სპექტაკლში მონაწილეობენ ნატუკა კახიძე, კატო კალატოზიშვილი, მაგდა ლებანიძე, იაკო ჭილაია, სალომე მაისაშვილი და ქეთა შათირიშვილი.

 

 

თბილისური ბაზარი – Tbilisi Street Market / SPR22

აპრილის ბოლო შაბათის გატარება რუსთაველზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წინ მოწყობილ თბილისურ ბაზრობაზე შეგიძლიათ. შუადღის 12-იდან საღამოს 21:00 საათამდე  მოწყობილ გაზაფხულის ბაზრობაზე   ქართველი მეწარმეებისა და ხელოვანების ნამუშევრების დათვალიერება და შეძენაა შესაძლებელი. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.