ცნობილი დიზაინერები უკრაინის მხარდასაჭერად
ავტორი: ანა ჭიღიტაშვილი
მსოფლიოში ცნობილი დიზაინის სტუდიები და დიზაინერები, მათ შორის ოლაფურ ელიასონი და პენტაგრამი, აზიარებენ ილუსტრაციებს, რითაც უკრაინისადმი მხარდაჭერას გამოხატავენ და გმობენ რუსეთის მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოში შეჭრას, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ილუსტრაციების შექმნის გარდა, ბევრი დიზაინერი თავის პლატფორმას ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმაციის სწორად მიწოდებისთვის იყენებს. ასევე გაჩნდა სხვადასხვა გზები, თუ როგორ დაეხმარონ ლტოლვილებს და დაზარალებულებს. სტატიაში ჩვენ მიერ შერჩეულ რამდენიმე ნამუშევარს გთავაზობთ:
გრაფიკულმა დიზაინერმა ჰარი პირსმა დიზაინის სტუდია Pentagram-ში შექმნა ილუსტრაცია, რომელშიც სიტყვა ერთიანობა (UNITY) დაწერილია უკრაინის დროშის ფერებით, ყვითლით და ლურჯით. პოსტთან ერთად, ბრენდმა გამოაცხადა, რომ თანხებს გადასცემს გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს UNHCR-ს ომში დაზარალებული უკრაინელების დასახმარებლად.
დანიელ-ისლანდიელმა ცნობილმა მხატვარმა და არტისტმა ოლაფურ ელიასონმა, რომელიც ბერლინში მოღვაწეობს, გააზიარა ორგანიზაციის დეტალები, რომლებიც შემოწირულებებს უკრაინის საზღვრებამდე აგზავნიან და ასევე მხარს უჭერს იმ ჯგუფებს, რომლებიც ქალაქში ლტოლვილთა საცხოვრებლებს აწყობენ. ეს ინფორმაცია ელიასონის მიერ შექმნილ ნახატზე, ხის ნაჭერზე, ყვითელ, ლურჯ, შავ და თეთრ ფერებშია, რომელიც ამომავალ მზეს მოგაგონებთ.
დიზაინერმა ადამ ნათანიალ ფიურმანმა შექმნა დერჟპრომის კონსტრუქტივისტული კომპლექსის ილუსტრაცია ქალაქ ხარკივში, ასევე ლურჯი და ყვითელი ფერების გამოყენებით. ფურმანი ყიდის თავის ნამუშევრებს, ჭიქებს და მაისურებს, შემოსავალი კი მთლიანად უკრაინის ჰუმანიტარული დახმარების ფონდში გადაირიცხება.
ეს პრინტი People of Print-ისთვის ცნობილი უკრაინელი ჯარისკაცის სიტყვებით – “რუსულო ხომალდო, წადი *****” – იყო პენტაგრამის გრაფიკული დიზაინერის, საშა ლოუბის კრეატიული გზა უკრაინელი ლტოლვილებისთვის ფულის შესაგროვებლად. ეს პრინტი იყიდებოდა ქაღალდზე და მთელი თანხა ირიცხებოდა UNHCR-ში.
უკრაინისადმი სოლიდარობის გამოსახატავად კომპანია pantone-მა შექმნა სურათი, სახელწოდებით Freedom Blue და Energizing Yellow, რომელიც უკრაინის დროში ფერებშია. მან ასევე გამოაქვეყნა ყვითელი მზესუმზირის სურათი ლურჯი ცის ფონზე. ბრენდმა ასევე დაამატა ბმული იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც იღებენ დახმარებას და შემოწირულებას უკრაინელი ხალხისთვის.
ტრადიციული გზით ფული შეგროვების ნაცვლად, ტორონტოში მცხოვრებმა ციფრულმა მხატვარმა კრისტა კიმმა მოუწოდა მომხმარებლებს, რომ შემოწირულება ოფიციალურ უკრაინულ ციფრულ კრიპტო ყულაბაში ჩაერიცხათ. კიმი ყიდის NFT-ს პლატფორმაზე Super Rare-ს და შემოსული თანხით უკრაინელ ხალხს ეხმარება.
მხატვარი ოლივერ ჯეფერსმა მოგვაწოდა მაგალითები, თუ როგორ შეუძლიათ ადამიანებს, რომ გადავიდნენ ალტერნატიულ განახლებად ენერგიაზე. მისი აზრით, ნავთობზე დამოკიდებულება დიდ როლს თამაშობს ამ ომში და ეხმარება რუსეთის აგრესიას. ჯეფერსმა თავისი გზავნილის თანხლებით შექმნა ილუსტრაცია, რომელიც სვამს კითხვას: “რატომ დავბრუნდით აქ?”, რაც ერთგვარად მიუთითებს წარსულში მომხდარ ომებსა და კონფლიქტებზე.
ლიტვაში მცხოვრებმა მხატვარმა კაროლის სტაუტნიეკასმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პორტრეტის ილუსტრაცია შექმნა და მას “უხეშ მატყუარას, მანიპულატორს და ფსიქოპათს” უწოდებს. საკმაოდ შემზარავი გამოსახულება, რომელიც დიზაინერმა წარადგინა პლატფორმაზე Creatives for Ukraine, ასახავს პუტინს გველით, რომელიც მის სახეს ფარავს.