StyleNotCom-ისა და VOGUE CZECHOSLOVAKIA-ს კოლაბორაცია – ინტერვიუ ბექა გვიშიანთან
ინსტაგრამ გვერდი StyleNotCom გასული წლის სექტემბერში შეიქმნა და მალევე დიდი ინტერესის ობიექტი გახდა. პლატფორმა ყველა იმ ახალ ამბავს თუ დეტალს აქვეყნებს, რაც მოდის სფეროში ხდება.
გვერდის ავტორი ARIALBOLD-ის დამფუძნებელი და ბრენდ ANOUKI-ის კომუნიკაციების მენეჯერი ბექა გვიშიანია, რომელსაც მოდის მიმართ ინტერესი ბავშვობიდან ქონდა.
როგორ გაჩნდა StyleNotCom-ის შექმნის იდეა?
ბავშვობიდან ჩემი მოდის მიმართ დაინტერესება სხვადასხვა ჟურნალების შეგროვებით დაიწყო. ბევრ სხვადასხვა გამოცემას ვყიდულობდი, რადგან ძალიან მაინტერესებდა ბეჭდური მედია, მოდა და საუკეთესო კომბინაცია ამ ყველაფრის ჟურნალებში ხდებოდა.
2008-11 წლებში ჩემი ბლოგი შევქმენი, სადაც სხვადასხვა ჟურნალების ყდებსა და ედითორიალებს ვაზიარებდი, რომლებიც მომწონდა.
შემდეგ როდესაც მოდის სფეროში დავიწყე მუშაობა აღარ მქონდა დრო ჩემი ბლოგისთვის, თუმცა ყოველთვის ვაკვირდებოდი სიახლეებს და კვლავ ვაგროვებდი ჟურნალებს. ამის შემდეგ დავინტერესდი მოდით, როგორც ბიზნესით და უფრო მეტად დავინტერესდი არა მხოლოდ კოლექციებით, არამედ ზოგადად მოდის სფეროს სიახლეებით.
პანდემიის დროს, როდესაც შედარებით ნაკლები საქმე მქონდა გადავწყვიტე დავბრუნებოდი ჩემს ძველ საქმიანობას, უბრალოდ სხვა ფორმატით, რომელიც დიდ დროს არ წამართმევდა, მაგრამ მომცემდა საშუალებას, რომ გამომეხატა ჩემი აზრები. ბევრი ფიქრის შემდეგ მივხვდი, რომ არ მინდოდა დიდი სტატიების წერა და გადავწყვიტე მოკლედ გადმომეცა პოსტებით მოდის სფეროში მიმდინარე მოვლენები.
რაც შეეხება სახელს, StyleNotCom – ბავშვობიდან ვადევნებდი თვალს მოდის პორტალ Style.com-ს, რომელიც 2015 წელს დაიხურა და სრული კონტენტი vogue.com-ზე გადავიდა. სწორედ აქედან გამომდინარეობს ჩემი ბლოგის სახელიც, რაც ალბათ ერთგვარი ნოსტალგიაა.
რატომ ლურჯი ფერი?
ზოგადად ჩემი ერთერთი ფავორიტი ფერია ლურჯის ის ტონალობა, რომელზეც ფრაზები იწერება. პარიზში იყო მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ცნობილი კონცეპტუალური მაღაზია კოლეტი, რომელიც ჩემთვის ცალკე პატარა სამყარო იყო, სადაც ყოველი მოგზაურობისას ყოველთვის მივდიოდი და ყველაფერს ვაკვირდებოდი. ეს მაღაზიაც დაიკეტა სამწუხაროდ და სწორედ მისი ფერი იყო ეს ლურჯი.
შესაბამისად გადავწყვიტე ზოგადად პლატფორმაზე ჩემი ბავშვობის ორი ნოსტალგიური დეტალი გამეერთიანებინა ერთ ინსტაგრამის გვერდზე.
გვერდზე მუშაობა დავიწყე შარშან სექტემბერში. გვერდი ძალიან მალე გახდა პოპულარული და უკვე იანვარში პარიზის კაცების მოდის კვირეულიდან მივიღე მოწვევა, რომ დავსწრებოდი ისეთი ბრენდების ჩვენებებს როგორებიცაა: louis vuitton, AMI paris, Dior.
VOGUE CZECHOSLOVAKIA-სთან კოლაბორაცია
პარიზის მოდის კვირეულის დასრულებისთანავე, დაახლოებით მარტის დასაწყისში დამიკავშირდნენ VOGUE CZECHOSLOVAKIA-ს წარმომადგენლები და მითხრეს, რომ უკრაინულ ვოგთან ერთად აკეთებდნენ კოლაბორაციას და უნდოდათ ამ კონკრეტული ნომრის სპეციალური კოლაბორატორი ვყოფილიყავი, ჩემი ინსტაგრამის პოსტების ფერის გამოყენებით და ჩემ მიერ მოფიქრებული წარწერებით, რომელიც გამოხატავდა ჩემ დამოკიდებულებას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე.
ჩემთვის ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო. დაახლოებით 50-მდე სხვადასხვა ვერსია გავაკეთე.
ჩემთვის ეს თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. სამომავლოდ არა მხოლოდ ვოგთან, სხვა ბევრ გამოცემასთან, ბრენდთან თანამშრომლობას ვგეგმავ და მგონია ამით ჩემ ცხოვრებაში ამ გვერდის შექმნით ახალი ეტაპი დაიწყო.








