fbpx

“ქოლგა თბილისი ფოტო კვირეული” 2022 – 10 მაისის პროგრამა


გააზიარე სტატია

 

6 მაისს თბილისში “ქოლგა თბილისი ფოტო კვირეული” გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც ქალაქის გალერეებსა და საგამოფენო სივრცეებში 2022 წლის ფოტოკონკურსის მონაწილეთა ნამუშევრები გამოიფინება. 

 

გთავაზობთ “ქოლგა თბილისი ფოტო კვირეულის” 10 მაისის პროგრამას:

“ქოლგა თბილისის ფოტო კვირეულის” ფარგლებში 2022 წლის 10 მაისს, 19:00 სთ-ზე საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიმართება მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთი გამოჩენილი ფოტოგრაფის, გივი კიკვაძის გამოფენა.

გივი კიკვაძე დაიბადა 1934 წელს ქალაქ თბილისში. თავდაპირველად ის კინომექანიკოსად მუშაობდა, შემდეგ კი ფოტოკორესპონდენტად ტასს-ში. მონაწილეობდა  საერთაშორისო ფოტოგამოფენებში  და მიღებული აქვს მრავალი ჯილდო. გარდაიცვალა 1996 წელს, 62 წლის ასაკში. 

გივი კიკვაძე „საქინფორმის“ გაერთიანების ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრად გამოხატული  ფოტოხელოვანია,  რომელმაც შექმნა სოცრეალისტური და მეტად მეტყველი ფოტოგრაფია. „საქინფორმმა“ კი დიდი როლი ითამაშა ქართული ფოტოგრაფიის განვითარებაში, რადგან მიუხედავად მკაცრი ცენზურისა, მაინც აშუქებდა ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებას. ეს იდეალური, ინფორმაციული, სტრუქტურული ფოტოგრაფიული მანქანა იყო. მასში გაერთიანებულმა ფოტოგრაფებმა რეალიზმისა და დოკუმენტალიზმის საუკეთესო ნიმუშები შექმნეს, უფრო  მეტად   კი პორტრეტები და  ასევე ასახეს  ის  სინამდვილე, რომელშიც ქვეყანა ცხოვრობდა. გივი კიკვაძე მუშაობდა „საქინფორმის“ ფოტოქრონიკის მთავარ რედაქტორად.  დაჯილდოებული იყო  ლენინის ორდენითა და შრომის ვეტერანის წოდებით. 

ის  ქმნიდა პორტრეტებს, მათ  შორის ცნობილი პიროვნებების, მსახიობების და საზოგადო მოღვაწეებისას.  განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი, როგორც სპორტული ფოტოკორესპონდენტისა და სპორტული მატიანის შემქმნელის როლი. ასევე, ასახავდა ქარხნებისა, ფაბრიკებისა და ზოგადად,  საბჭოთა წარმოების ქრონიკებს. 

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი ნამუშევრები 9 აპრილის ტრაგედიის თემაზე, სადაც ნებისმიერი დეტალი და ნიუანსი მეტყველებს ფოტოგრაფის ოსტატობაზე. 

ფოტოგრაფიის განვითარებისა და პოლიტიკურ-სოციალური მატიანის შექმნისთვის 2022 წელს ალექსანდრე როინაშვილის პრიზს მიაკუთვნებენ  გივი კიკვაძეს, რომლის დამსახურება ფოტოგრაფიაში დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და ფასეულია. 

 

სანდრო სულაბერიძე – “გარე თვალით დამკვირვებელი”

“ქოლგა თბილისის ფოტო კვირეულის” ფარგლებში 2022 წლის 10 მაისს, 17:00 სთ-ზე თიბისი კონცეპტში გაიხსნება ქართველი  ხელოვანის, სანდრო სულაბერიძის გამოფენა.

დაკვირვება ინტერაქციაა. ადამიანის სუპერძალა მის  თვალებშია.  ფარული კადრები და მიზანმიმართულად მანიპულირებული სურათები დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე.  ტექნოლოგიები, რომელიც დღეს უკვე ყოველდღიურობაა, ხან ძალიან საშიში და ხანაც საინტერესო და სასიამოვნოა. რეკრეაციულ პარკში დამონტაჟებული ასეულობით კამერა დაცულობისა და დაუცველობის შეგრძნებას ერთდროულად გვიტოვებს. “გარე თვალით დამკვირვებელი” – სანდრო სულაბერიძის ექსპერიმენტების შედეგების კრებითი გამოფენაა. 

 მედიახელოვანი და ფოტოგრაფი  სანდრო სულაბერიძე 1991 წელს დაიბადა.  2015 წლიდან სახელოვნებო ინიციატივა ობსკურას წევრია. თავისი შემოქმედებით ის იკვლევს სინათლეს, როგორც ინფორმაციის, ენერგიის ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს  და აინტერესებს, როგორ განსაზღვრავს ეს ყველაფერი ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებას. როგორ არის აგებული ვირტუალური რეალობა და როგორც გვცვლის აღქმა.

სანდრო აქტუალურად მონაწილეობს სახელოვნებო ინიციატივებში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. მისი ბოლო რამდენიმე გამოფენაა: Tete-a-Tete – დროებითი სტუდია მოლში;

Chewing Fat-kristina kite gallery (ლოს-ანჯელესი, აშშ, 2021); 

Supermarket 2021 (სტოკჰოლმი, შვედეთი, 2021).

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.