fbpx

STEP’n – ამბავი „ბოტასისა, რომელიც ფულს წერს“


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინო იმნაიშვილი

 

საქართველო პირველია იმ ქვეყანათა სიაში, სადაც ყველაზე ხშირად „იგუგლება“ STEP’n. ეს ის ბოტასია, მთელი ქვეყანა რომ ლაპარაკობს და როგორც აღმოჩნდა, მსოფლიოში ყველაზე ბევრს. 

რა არის STEP’n?

STEP’n „სოლანას“ ბლოკჩეინის მიერ შექმნილი  აპლიკაცია – თამაშია, რომლის საშუალებითაც  სიარულით, ძუნძულით ან სირბილით ნებისმიერ მსურველს შეუძლია, გარკვეული თანხა გამოიმუშაოს. 

 

როგორც ჩავერთოთ თამაშში?

თამაშში ჩასაბმელად უნდა გადმოწეროთ STEP’n-ის აპლიკაცია, დარეგისტრირდეთ და  კრიპტოვალუტა „სოლანათი“ შეიძინოთ ვირტუალური, ანუ NFT სპორტული ფეხსაცმელი. თქვენ მისი 4 არჩევანი გაქვთ Walker, Jogger, Runner და Trainer. ოთხივე ერთმანეთისგან განსხვავდება მახასიათებლებით და შესაბამისად, როგორც თქვენ მიერ გადასახდელი,  ასევე მათ მიერ გამომუშავებული თანხით. როგორც აღვნიშნეთ, მათი შეძენა „სოლანათი“ ხდება, თუმცა გამოიმუშავებს GST-ს (Green Satoshi Token).  მოკლედ განვიხილოთ თითოეული მათგანი:

  • Walker – ამ ვერსიის შეძენის შემთხვევაში თქვენ უნდა იაროთ 1-6 კმ/სთ სიჩქარით. 1 ენერგიით გამოიმუშავებთ 4 GST-ს.
  • Jogger -ის შემთხვევაში მოგიწევთ, იძუნძულოთ საათში 4-10 კმ/სთ სიჩქარით. 1 ენერგიით კი გამოიმუშავებთ 5 GST-ს.
  • Runner -ით უნდა ირბინოთ 8-20 კმ/სთ და 1 ენერგია გამოიმუშავებს 6  GST-ს.
  • Trainer – შეიძლება ითქვას, უნივერსალური ვერსიაა, რადგან აერთიანებს სამივე ზემოთჩამოთვლილს.  მისი შეძენის შემთხვევაში თქვენი მოძრაობის სიჩქარე არ არის შეზღუდული და თავისუფალი ხართ 1-20 კმ/სთ-ის ფარგლებში. შედეგად, გამოიმუშავებთ  4-6 GST-ს, თქვენ მიერ ყოველ ჯერზე არჩეული სიჩქარის შესაბამისად. 

რა არის ბოტასის ენერგია?

ბოტასის ენერგია არის მისი ყოველდღიური რესურსი. გაითვალისწინეთ, რომ მისით უსასრულოდ ვერ ივლით. უფრო სწორად, სიარულით, რა თქმა უნდა, ივლით, თუმცა ფულს ვეღარ გამოიმუშავებთ. ამისთვის საჭიროა ენერგია, ანუ  გამოიმუშავებთ იქამდე, სანამ ენერგია არ დაიხარჯება. 1 ენერგია კი უდრის 5 წუთს.  ასე რომ, დღიური გამომუშავების მაქსიმალური ფარგლები დადგენილია.

ის, თუ რამდენი ენერგია აქვს თქვენს ბოტასს, დამოკიდებულია მის ხარისხზე. ჩვეულებრივ (Common) ვერსიას 2 ენერგია აქვს. რაც უფრო მაღალი ხარისხის ბოტასს შეიძენთ, ენერგია და, შესაბამისად,  ფასიც უფრო მეტი ექნება. ენერგია კი  24 საათში ივსება – ყოველ 6 საათში 25%-ით.

 

თამაში

რა ხდის აპლიკაციას თამაშად?  თამაში მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ შეგიძლიათ თქვენი სპორტული ფეხსაცმელი ეტაპობრივად განავითაროთ. ამისთვის თანდათან უნდა გააუმჯობესოთ  მისი პარამეტრები (ეფექტურობა, იღბალი, კომფორტი, გამძლეობა), რაშიც დამატებით თანხებს იხდით.  შედეგად კი გადადიხართ მომდევნო ეტაპებზე. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ასევე თქვენი ბოტასის გაყიდვაც. 

 

დღეს მსოფლიოს მასშტაბით ადამიანებს STEP’n-ის აპლიკაციით უკვე 15 მილიონ კილომეტრზე მეტი აქვთ გავლილი.  თუმცა ის, თუ სადამდე და როგორ განვითარდება აპლიკაციისა და მისი მომხმარებლების ბედი, ამ ეტაპზე არავინ იცის. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.