მაისის სახელოვნებო აფიშა – სად რა ხდება და როდის
ავტორი: თამარ ჭინჭარაული
გაზაფხულის დადგომასთან ერთად უფრო და უფრო მეტი ღონისძიება იგეგმება, შესაბამისად რთულდება იმ კულტურული ღონისძიებების არჩევა, რომელზე დასწრებაც ღირს. სწორედ ამიტ ომ, გთავაზობთ მაისის სახელოვნებო აფიშას, სადაც თავმოყრილია ის გამოფენები, ფილმების ჩვენებები, კონცერტები თუ სპექტაკლები, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ. ასე რომ, ნახეთ მაისის სახელოვნებო აფიშა.
სალომე ჯაშის ფილმი “მოთვინიერება” ბოლო პერიოდის ყველაზე გახმაურებული და აქტუალური ფილმი გახდა მას შემდეგ, რაც კინოს სახლში დაგეგმილი ჩვენებები საქართველოს კინოაკადემიამ გააუქმა იმ მოტივით, რომ ეს არის “ნაწარმოები, რომელიც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს და საზოგადოებას პოლიტიკური ნიშნით ყოფს”. კინოს სახლში სეანსების გაუქმებიდან ფილმის ჩვენება მალევე გაიმართა სხვადასხვა თავისუფალ სივრცეში. ასე რომ, თუ ჯერ არ გინახავთ “აკრძალული” ფილმი, თადარიგი დაიჭირეთ, მაისში რამდენიმე ჩვენებაა დაგეგმილი – გოეთეს ინსტიტუტში – 11 მაისს, 20:00-ზე, ფრონტლაინ კლუბი ფილმს 13 მაისს უმასპინძლებს, საღამოს 8 საათზე. კიდევ ერთი ჩვენება House of Reconnection-ში GrlzWave-ის ორგანიზებით 24 მაისს შედგება, 20:00 საათზე. ღია სივრცე კი 28 მაისს, 19:00 საათზე აჩვენებს “მოთვინიერებას”. ყველა ჩვენების ბოლოს შედგება Q&A რეჟისორთან.
წიგნის კლუბი მარჯანიშვილის 7-ში შეხვედრების ახალი სერიით დაბრუნდა. “ქალთა იდენტობა ლიტერატურაში”- ამ თემას დაეთმობა მაისის თვე, რომლის პირველი შეხვედრაც 7 მაისს შედგა თემით “ქალი მწერლები საბჭოთა რეპრესიების დროს”.
11 მაისს ახალი სერიის მომდევნო შეხვედრა ჩატარდება – ნატაშა ლომოური და ეკა ტოგონიძე წარუძღვებიან საუბარს თემაზე “ომს არ აქვს ქალის სახე”. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ისაუბრონ ქალის თვალით დანახულ საბჭოთა ოკუპაციაზე, ომზე, პოლიტიკური გადაწყვეტილებების გავლენაზე ცალკეული ადამიანების ბედზე და პირიქით – ერთი ადამიანის გადაწყვეტილებებით შეცვლილ ისტორიის სვლაზე.
წიგნის კლუბი X They said books
კიდევ ერთი შეხვედრა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ წიგნის კლუბის და They Said Books-ის ერთობლივი ღონისძიებაა, რომლის ფარგლებშიც მომხსენებლები მიმოიხილავენ პოეზიას, პროზას და მუსიკას და შეეხებიან ისეთ ავტორებსა და მუსიკოსებს, როგორიცაა ჟან ჟენე, ჰენრი მილერი, სილვია პლათი, კურტ კობეინი და ჯიმ მორისონი. შეხვედრას სამი ყველასთვის საყვარელი სპიკერი ეყოლება – პოეტი დიანა ანფიმიადი, მუსიკის ჟურნალისტი რეზი ხუნწელია და გამომცემელი მაკა კასრაძე. შეხვედრის მოდერატორი ნინო დარასელი იქნება.
შეხვედრა 13 მაისს, პარასკევს, 18:00 საათზე გაიმართება თიბისი კონცეპტის ბიბლიოთეკაში, მარჯანიშვილის 7-ში. შეხვედრაზე დასასწრებად კი უნდა დარეგისტრირდეთ ვებ-გვერდზე www.conceptevents.ge
კაფე “მზიურის” ორგანიზებით გამორჩეული ქართული ფილმების და მსოფლიო კინოკლასიკის ჩვენებები გრძელდება. 12 მაისს მზიურის დიდ ეკრანზე ჩარლი ჩაპლინის პირველი ხმოვანი ფილმის “დიდი დიქტატორის” ნახვა შეგვიძლია.
“ღია სივრცეში” მიხეილ ჩარკვიანის დოკუმენტური სპექტაკლის – “Exodus * გამოსვლა” – პრემიერაა. სპექტაკლი 10 უნიკალური წარმოდგენისგან შედგება. თითოეული მათგანი აერთიანებს სხვადასხვა წარსულისა და გამოცდილების მქონე ადამიანს.
წარმოდგენაზე მაყურებელს საკუთარი ცხოვრებიდან მნიშვნელოვან ამბებს გაუზიარებს ელ-დეპო “გლდანის” საამქროს ოსტატი, დასუფთავების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, დევნილი აფხაზეთიდან, ბავშთა ფსიქოლოგი, მეტალურგი, სასწრაფოს თანამშრომელი, გარემოვაჭრე და კიდევ ბევრი, ერთმანეთისგან განსხვავებული პროფესიისა და ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე ასამდე ადამიანი.
ერეკლე დეისაძე – “ამ ენით ამენ” – ალბომის პრეზენტაცია
20 მაისს მონოჰოლში ერეკლე დეისაძის ალბომის “ამ ენით ამენ” საპრეზენტაციო კონცერტი შედგება. ახალი ალბომის გარდა, შესრულდება მუსიკოსის ცნობილი ჰიტებიც.
ალბომი, რომელიც 2021 წლის მიწურულს გახდა ხელმისაწვდომი ყველა ციფრულ პლატფორმაზე, 9 კომპოზიციისგან შედგება – დიდი ქართველი, უბანს, სიზმრები არ არიან, Love Song (feat. Dilla / kay g), ცეცხლი უკიდია ყველაფერს, კაპიტალი, ამ ენით ამენ, სეირნობის დროა, ინდუსტრიის ქარო (feat. ჯერონიმო). აღსანიშნავია, რომ ალბომზე ერეკლე დეისაძესთან ერთად მუსიკოსები – Dilla, Kay G და ჯერონიმო მუშაობდნენ. კონცერტზე მოწვეული იქნებიან – Dilla Al Sukhumi. JERONIMO, kkayg, NICK GREEN და SKAZZ.
დამოუკიდებელი თეატრალური კომპანია „ხვლიკი“ მოლიერისა და ალექსანდრე პუშკინის „დონ ჟუანის” გაერთიანებულ ვერსიას წარმოგიდგენთ. რეჟისორი საბა ასლამაზიშვილი და შემოქმედებითი გუნდი კლასიკად ქცეულ ნაწარმოებს სულ სხვა შინაარსითა და ფორმით წარადგენს მაყურებლის წინაშე. სპექტაკლი თბილისის ცირკში მხოლოდ ერთელ, 21 მაისს გაიმართება.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი
თბილისის წიგნის ფესტივალი, რომელიც წიგნის მოყვარულებისთვის ნამდვილ დღესასწაულად იქცევა ხოლმე, წელს 26 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით გაიმართება. რიგით 24-ე ფესტივალი წელს სრულად უბრუნდება ტრადიციულ ფორმატს და მასშტაბს, რაც იმას ნიშნავს, რომ მაისის ბოლო დღეების საინტერესოდ და ნაყოფიერად გატარება ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში შეგვეძლება, სადაც ქართველი და უცხოელი გამომცემლების და სხვადასხვა ორგანიზაციის სტენდები იქნება წარმოდგენილი. ფესტივალი, ტრადიციულად, განსაკუთრებული ფასდაკლებების გარდა, გვთავაზობს სხვადასხვა ღონისძიებას – შეხვედრებს ქართველ და უცხოელ ავტორებთან, გამოფენებს, საბავშვო შემეცნებით-გასართობ ღონისძიებებს. ფესტივალს უბრუნდება პროექტი “მსახიობები ლიტერატურისთვის”, რომლის ფარგლებში, ქართველი მსახიობები წარადგენენ მათ მიერ შერჩეულ წიგნებს. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის წლევანდელი ფოკუს ქვეყანა თურქეთია, რაც იმას ნიშნავს, რომ ფოკუს ქვეყნის სტენდზე 10-მდე თურქი გამომცემელი იქნება წარმოდგენილი, ხოლო ფესტივალის პროგრამის ფარგლებში 15-ზე მეტი ავტორი გამართავს შეხვედრას.