fbpx

საბიუჯეტო ფლანგვის ენციკლოპედია – “არასწორი” თვითმმართველობები


გააზიარე სტატია

არსებობს ფულის ხარჯვის ოთხი გზა:

  • როდესაც საკუთარ ფულს ხარჯავ შენივე თავისთვის – ამ დროს ყველაზე მომჭირნედ ხარჯავ და ცდილობ დახარჯული ფულის სანაცვლოდ მაქსიმალური სარგებელი ნახო.
  • როდესაც საკუთარ ფულს ხარჯავ სხვისთვის – ამ შემთხვევაშიც საკმაოდ ფრთხილი ხარ, თუმცა სარგებლის მაქსიმიზაცია მეორე პლანზეა.
  • როდესაც სხვის ფულს ხარჯავ შენთვის – ასეთ დროს ცდილობ მაქსიმალური სარგებელი და სიამოვნება მიიღო და მომჭირნეობა, სიფრთხილე თითქმის აღარ გაწუხებს.
  • და როდესაც სხვის ფულს ხარჯავ სრულიად სხვისთვის – ეს კი ის სიტუაციაა, როდესაც დიდად არც ამ ფულით მიღებული სარგებელი განაღვლებს და არც მოზომილი ხარჯვა.

პირველი ორი შემთხვევა კერძო სექტორს ახასიათებს.

ბოლო ორი – ბიუროკრატიას.

განსაკუთრებით ნათლად კი ეს დიქოტომია რეგიონული თვითმმართველობების მაგალითზე ჩანს.

საქართველოში, სამწუხაროდ, თვითმმართველობა სრული ბუტაფორიაა – რეგიონული მოწყობის ვერტიკალური, ცენტრალიზებული სისტემის გამო თვითმმართველი ერთეულები პირდაპირ ცენტრიდან იმართებიან და მათი ფუნქციონირება დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, რამდენ ფულს გამოუყოფს მათ მთავრობა ცენტრალური ბიუჯეტიდან.

მართალია, თვითმმართველობებს ადგილობრივ დონეზე საკუთარი შემოსავლები აქვთ, მაგრამ ხშირად ეს მათი ბიუჯეტის არცთუ დიდი წილია.

მაგალითისთვის:
საჩხერის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი 16,7 მილიონი ლარი იყო, საიდანაც 7,3 მილიონი ცენტრალური ბიუჯეტის გრანტი გახლდათ.

ვანის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარი იყო, საიდანაც 3,3 მილიონი ცენტრალური ბიუჯეტიდან მიიღეს.

ცენტრალურ ბიუჯეტზე თვითმმართველობების ასეთი ჩამოკიდება ამ ერთეულების დამოუკიდებლობის ხარისხზე უკუპროპორციულად მოქმედებს, რადგან თვითმმართველობები ერიდებიან რეალური ადგილობრივი პოლიტიკის კეთებას – ეშინიათ, რამე ისეთი არ ქნან, რაც “ცენტრს” გააბრაზებს და ნაკლებ გრანტს მიიღებენ.

ამ სიტუაციიდან მარტივი გამოსავალი იქნებოდა:

  • ადგილობრივი გადასახადების იმგვარი ლოკალიზება, რომ ზესტაფონში გადახდილი გადასახადის დიდი წილი ადგილზევე რჩებოდეს, ან
  • თუ მოხდება ისე, რომ ცენტრალურ ბიუჯეტში გაიწეროს ჯამური გრანტი თვითმმართველობებზე, ხოლო შემდეგ ეს გრანტი per capita გადანაწილდეს და თუ ზესტაფონში ცხოვრობს 50 000 ადამიანი, ზესტაფონის თვითმმართველობამ მიიღოს ამ რაოდენობის მოქალაქეების შესაბამისი ტრანსფერი.

ეს ორივე გზა თვითმმართველ ერთეულებს ეკონომიკურ და, შესაბამისად, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას დაუბრუნებდა.

მეორე პრობლემა ისაა, რომ რეგიონების ეკონომიკური განუვითარებლობის გამო, ასეთ ადგილებში დასაქმების თითქმის ერთადერთი წყარო სამთავრობო სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები, გამგეობები და საკრებულოებია. მთავრობაში მოსული ნებისმიერი პარტიის პირდაპირ ინტერესშია, რომ ის ხალხი, ვინც მას ხელისუფლებაში მოსვლაში დაეხმარა პარტაქტივის თუ ხმების მოზიდვით, “დააჯილდოოს” და როგორმე მათი ლოიალობა იყიდოს მომავალი არჩევნებისთვის.

ამის ყველაზე მარტივი გზა კი ამ ხალხის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში თუ სხვადასხვა სამსახურებში დასაქმებაა.

შედეგად ვიღებთ გაბერილ შტატებს და უაზრო, ხშირად სასაცილო პოზიციებსაც კი თვითმმართველობების შიგნით.

მაგალითად – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის რელიგიური, კულტურული და სპორტული ღონისძიებების მიმართულებაში 270 ადამიანია ჩართული.

– თავად ქალაქ ზესტაფონის მერიაში კი 74 კადრია დასაქმებული, რომელთა შენახვაც (ანაზღაურება, საქონელი და მომსახურება) 2,3 მილიონი ჯდება.

– 2017 წელს აბაშის მუნიციპალიტეტმა საკრებულოს თანამშრომლების სიაში ასეთი პოზიცია დაამატა – მთავარი სპეციალისტი ქართული სახელმწიფო ენის სიწმინდის დაცვის საკითხებში. ანაზღაურება – 750 ლარი.

აქვე არ შეგვიძლია არ აღვნიშნოთ ააიპ “სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ხელოვნური დათესვლის ზესტაფონის ცენტრი” – სადაც ორი ადამიანი მუშაობს და ეს ცენტრი ჯამში 13 400 ლარი გვიჯდება.

ზოგადად, თუ გინდათ დაინახოთ, როგორ ეკონომიკურ პარაზიტებადაა თვითმმართველობები ქცეული, შეხედეთ მათი ბიუჯეტებისა და მათი ხარჯების შეფარდებას:

ვანის მუნიციპალიტეტი
2018 წლის ბიუჯეტი – 7 მლნ ლარი
აქედან ხელფასები, საქონელი და მომსახურება – 2,7 მლნ ლარი (39%)

ონის მუნიციპალიტეტი
2018 წლის ბიუჯეტი – 3,5 მლნ ლარი

აქედან ხელფასები, საქონელი და მომსახურება – 1,9 მლნ ლარი (54%)

ახმეტის მუნიციპალიტეტი

2018 წლის ბიუჯეტი – 7,8 მლნ ლარი

აქედან ხელფასები, საქონელი და მომსახურება – 2,4 მლნ ლარი (31%)

ეს მეორე პრობლემა უფრო რთულად მოსაგვარებელია, ვიდრე პირველი. თუმცა პირველის მოგვარება ავტომატურად ხელს შეუწყობს თვითმმართველობების ავტონომიურობას და პარტიული აქტივის პირდაპირ დანიშვნა გართულდება.

ამ მეორე პრობლემის საბოლოოდ მოგვარებისთვის კი სწრაფი ეკონომიკური ზრდაა საჭირო – რეგიონებში ალტერნატიული სამუშაო ადგილების გაჩენა ბუნებრივად გააქრობს საჯარო სამსახურში შედარებით დაბალ ხელფასზე მუშაობის სტიმულს.

თვითმმართველობების მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ რადგან სწორი სტიმულები არ აქვთ და მხოლოდ ცენტრთან არიან პასუხისმგებლები, ადგილზე ფეოდალური წარმონაქმნებივით იქცევიან.

არ ვიცით, ბოლო დროს იმატა თუ უბრალოდ სააშკარაოზე გამოვიდა, მაგრამ სხვადასხვა გამგეობებისა თუ საკრებულოების მხრიდან ფლანგვისა თუ პირდაპირ დანაშაულის ელემენტების შემცვლელი რამდენიმე ნიუსი გავრცელდა.

(წყარო – არასამთავრობო ორგანიზაცია “ფლანგვის დეტექტორი”)

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნიდან ვიგებთ, რომ 2016 წელს ხაშურის მაშინდელმა გამგებელმა (და შემდგომში ხაშურის მერმა) გიორგი გურასპაშვილმა საბავშვო ბაღის რემონტისთვის გამოყოფილი ფულით საკუთარი ადმინისტრაციის ოთახები და სახურავი გაარემონტა. მართალია, გამგებლის ადმინისტრაცია და ბაღი ერთ შენობაშია, ამიტომ სახურავის გარემონტებით ბაღმაც იხეირა, თუმცა ადმინისტრაციის ოთახების ამ ფულით გარემონტება აშკარად დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. აუდიტის ამ დასკვნას სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია.

ქუთაისის მერიამ მას მერე, რაც “დროშა ვერ დაკიდენ”, დროშის სადგამის მონტაჟზე 65 000-ლარიანი ტენდერი გამოაცხადა, მაგრამ მედიის ყურადღების ცენტრში მოქცევისთანავე ტენდერი გააუქმა.

შიდა ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა ბიუჯეტიდან საკუთარ თავს წლიური სატელეფონო ხარჯისთვის 4800 ლარი დაუმტკიცა. ამ თანხით რომ მას ულიმიტო პაკეტები შეეძინა, 2034 წლამდე დაუსრულებლად შეძლებდა ტელეფონზე საუბარს.

2018 წლის მარტში ფოთის მუნიციპალიტეტმა ახალი დეპარტამენტი შექმნა “ეკონომიკური განვითარებისა და ტურიზმის სამსახური”, რომელშიც 3 უფროსი და ერთი სპეციალისტია. ეს სამსახური ფოთელებს თვეში 6400 ლარი დაუჯდებათ.

თანაც, მსგავსი მიზნების მქონე სააგენტო “ფოთის ტურიზმის განვითარების ცენტრი”, უკვე არსებობს და ბიუჯეტიდან 160,000 ლარითაც ფინანსდება.

ადამიანის თუ ადამიანებით დაკომპლექტებული ადმინისტრაციული ორგანოს ქცევა თითქმის ყოველთვის შეესაბამება ის გარეგან სტიმულებს, რომელშიც მას ჩააყენებენ. დღეს ჩვენი თვითმმართველობები ასე იმიტომ კი არ იქცევიან, რომ იქ აპრიორი ცუდი ხალხი მუშაობს, არამედ იმიტომ, რომ მათ ასეთი ბუნებრივი სტიმულები გაუჩინა გარემომ და ცენტრალურმა ხელისუფლებამ.

თვითმმართველობების გაჯანსაღების და ფუნქციის დაბრუნების გზა მათთვის სწორი ბუნებრივი სტიმულების შექმნაზე გადის. ეს სტიმულები კი იქნება ფინანსური თუ პოლიტიკური დამოუკიდებლობა ცენტრისგან და სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება რეგიონებში იმაზე, რომ გამგებელი, მერი თუ რაიმე დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჩვეულებრივი დაქირავებული მუშაკია, რომელსაც ფულს ვუხდით კონკრეტული დავალებების გადასაჭრელად.

თვითმმართველობების გაკეთილშობილების სხვა ნებისმიერი მცდელობა, გარდა ამ სტიმულების შექმნისა, უბრალოდ მორიგი საკადრო კარუსელი იქნება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.