რვეული #18 – ევროპული მუსიკალური ფესტივალები 2022 წლის ზაფხულში
ავტორი: მიხეილ ციხელაშვილი
გასულ კვირას მეგობრებთან ერთად ერთ სრულიად შემაწუხებელ ფესტივალზე ამოვყავი თავი, სადაც კოშმარულად ცუდი მუსიკა უკრავდა. იმდენად ცუდი, რომ საფესტივალო დღის ბოლომდეც კი არ დავრჩი და დროზე ადრე გავბრუნდი სახლში. მიუხედავად ამისა, ფორიაქი, რომელიც ფესტივალმა გააცოცხლა, მაინც ღირდა: რამდენიმე სცენა, ადგილები, სადაც ამ სცენებიდან წამოსული მუსიკის მიქსი ისმის, ხალხის დიდი ნაკადი, რიგები ჭიშკართან და საკვებ ჯიხურებთან, სასმელით ხელში მობოდიალე მსმენელი…
ფესტივალის ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ, საათზე მეტი იმ გარემოსთან შესაგუებლად დაგვჭირდა, რომელსაც პანდემიით გატანჯული მსმენელი ასე გავუუცხოვდით. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის დახურული კონცერტების მოყვარული უფრო ვიყავი, ფესტივალის გარემო, რომელიც სოციალიზაციის გაცილებით ფართო საშუალებაა, დღევანდელ პირობებში აუცილებლად გასაცოცხლებელი გამოცდილება მგონია.
არაერთხელ მომხდარა, რომ ჩემი საზაფხულო მოგზაურობა სწორედ ფესტივალებიდან გამომდინარე დამიგეგმია. ქვეყანას იმიტომ ვსტუმრობდი, რომ იქ, რომელიმე ფესტივალზე ჩემთვის საყვარელი არტისტები უკრავდნენ. წინა კვირის საფესტივალო ფორიაქმა ახლა ამ ბლოგპოსტის დაწერა გადამაწყვეტინა, რომელშიც ევროპის რვა ისეთ ფესტივალზე გიამბობთ, სადაც სწრაფად დაგეგმვით, უვიზოდ შეძლებთ წასვლას, თორემ გლასტონბარიზე, მინთზე, რედინგისა და ლიდსის და სხვა ბრიტანულ ფესტივალზე რომ ყოველთვის მშვენიერი შემადგენლობა და გარემო დაგვხვდება, ეგ ისედაც კარგად ვიცით.
ევროპის დასაწყისიდან მოვყვეთ:
Paredes de Coura Festival (პორტუგალია, 16-20 აგვისტო)
- ვებგვერდი: https://www.paredesdecoura.com/
პორტუგალიაში არაერთ მნიშვნელოვან ფესტივალს გადაეყრება სხვადასხვა მუსიკის მოყვარული მსმენელი. ყველაზე მასშტაბური – NOS ALIVE ლისაბონშია. ბარსელონური Primavera Sound-ის ერთი განშტოება ქალაქ პორტუშიც ტარდება ხოლმე, Rock in Rio-ს განშტოებას კი ლისაბონი მასპინძლობს. არც სეტუბალის რეგიონში როკ-ფესტივალ Super Bock Super Rock-ს აკლია დამსწრე აუდიტორია და არც ალგარვეში არ-ენ-ბი და ჰიპ-ჰოპ ფესტივალ Afro Nation Portugal-ს. მაგრამ ჩემი უპირობო ფავორიტია, ესპანეთის საზღვართან, კოურას მუნიციპალიტეტში 1993 წელს დაარსებული Paredes De Coura.
პანდემიის გამო ფესტივალის ორი გამოშვება ჩაიშალა, მაგრამ წინა შემადგენლობები კოურაში მეტნაკლებად შეინარჩუნეს და წელს 16-20 აგვისტოს ძალიან ხმაურიანი არტისტებით წარდგებიან მსმენელის წინაშე: Pixies, IDLES, King Gizzard & The Lizard Wizard, Ty Segall. ფესტივალის ასევე მთავარ ჰედლაინერებს შორის არიან Beach House და The Blaze.
ფესტივალზე შეგიძლიათ ან კარვებში დარჩეთ, ან მიმდებარე კოტეჯებში, ანდაც იქვე, 50 კილომეტრში, მყუდრო და კოხტა ოკეანის ქალაქ ვიანა დო კაშტელოში.
Primavera Sound (ბარსელონა, 2-12 ივნისი)
- ვებგვერდი: https://www.primaverasound.com/en/barcelona
ესპანეთი ყოველთვისაა სავსე გრანდიოზული ფესტივალებით: Bilbao BBK, Mad Cool, Rock Fest Barcelona, Vida Festival, მაგრამ წელს თუკი რომელიმე ევროპულმა ფესტივალმა გაგვაკვირვა თავისი მასშტაბებით, პირველ რიგში ბარსელონას Primavera Sound-მა, რომლის სელექციაში ნებისმიერი გემოვნების მაყურებელი უპრობლემოდ იპოვის მინიმუმ ათ საყვარელ შემსრულებელს.
ბალეარის ზღვის სანაპიროსთან, Parc del Fòrum-ზე 2-იდან 12 ივნისის ჩათვლით სამ ეტაპად (ორი უიქენდი და შუა კვირის ოთხი დღე) ჩატარდება წლევანდელი გამოშვება, სადაც Tame Impala, Dj Shadow, The National, The Strokes, Tyler The Creator, Gorillaz და სხვა ძალიან დიდი მუსიკოსები დაუკრავენ.
Primavera Sound-ს უკვე ოცწლიანი ისტორია აქვს. 2001 წელს დაწყებული ფესტივალი წლიდან წლამდე იზრდებოდა და სწორედ წელს მიაღწია ყველაზე დიდ მასშტაბს. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო ორი გამოშვება აქაც ჩაიშალა, ბარსელონას წლევანდელ პრიმავერაზე ბილეთები მალევე გაიყიდა, მაგრამ გადამყიდველებისგან შოვნა ჯერაც შესაძლებელია. თუკი ივნისში კატალონიის მონახულებას აპირებთ, Primavera Sound-ის ამ ისტორიულ გამოშვებაზე დასასწრებად აუცილებლად ყველა ღონე უნდა იხმაროთ.
La Route de Rock (საფრანგეთი, 17-20 აგვისტო)
- ვებგვერდი: https://www.laroutedurock.com/en/
ბევრი დაგეგმავს არდადეგებს საფრანგეთშიც, სადაც Lollapalooza Paris, უკვე ლეგენდარული Hellfest-ის, LES EUROCKÉENNES-ის და სხვა ფესტივალების გარდა, უფრო ნაკლებად ცნობილი, მაგრამ, ჩემი აზრით, უკეთესი ღონისძიებები გელოდებათ. თუ პარიზში აპირებთ გამგზავრებას, ფესტივალ We Love Green-ს გირჩევთ, მაგრამ თუ რომელიმე ერთი უნდა გამოვარჩიო, აუცილებლად ბრეტანის რეგიონში, ქალაქ სენ-მალოში 2006 წლიდან მოქმედი LA ROUTE DU ROCK არის ჩემი რჩეული. წლევანდელი სელექცია მოიცავს როკ-მუსიკის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან ახალ და დებიუტანტ შემსრულებლებს და იმ არტისტებს, რომლებიც ახლა ყალიბდებიან დიდ სახელებად: Black Country New Road, Fontaines DC, Yard act, Porridge Radio, Wet Leg და სხვა არტისტების გვერდით სტაჟიანი Baxter Dury და King Gizzard & The Lizard Wizard იდგებიან. ფესტივალზე ყოველ კვირა ემატება ახალ-ახალი ბენდები. ასე რომ, წინ კიდევ ბევრი სიახლეა.
Tempelhof Sounds (გერმანია, 10-12 ივნისი)
- ვებგვერდი: https://tempelhofsounds.berlin/de/
ზაფხულში გერმანიაშიც არ მოაკლდება მსმენელს ფესტივალები – Rock am Ring და Wacken Open Air მძიმე მუსიკის, Melt და Nature One კი ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს. მაგრამ ზაფხულში ბერლინისკენ ვინც აპირებთ გამგზავრებას, არ გამოტოვოთ ახლად დაარსებული Tempelhof Sounds, რომელიც ქალაქში ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილას ჩატარდება. ძველ სამხედრო აეროდრომზე ივნისის სამი დღის განმავლობაში ისეთ არტისტებს დაეთმობათ სცენა, როგორებიც არიან – Muse, Florence + The Machine, The Libertines, IDLES, Fontaines DC, The Strokes და სხვები. საინტერესოა, თუ როგორ ჩატარდება Tempelhof Sounds-ის პირველი გამოშვება, ფესტივალის სადებიუტო სელექცია შთამბეჭდავად გამოიყურება და შეიძლება ევროპაში კიდევ ერთი ახალი და მნიშვნელოვანი ფესტივალის დაბადებას მოვესწროთ.
Gdynia Open’er Festival (პოლონეთი, 29 ივნისი – 2 ივლისი)
- ვებგვერდი: https://opener.pl/en/
იაფი რეისების პოვნა ყოველთვის შეიძლება პოლონეთის მიმართულებით. ქვეყნის ჩრდილოეთით კი, ბალტიის ზღვისპირა ქალაქ გდინიაში აგერ უკვე ოცი წელია ევროპის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ფესტივალი Open’er იმართება, რომელიც ზაფხულის ოთხი დღით ქალაქის სამხედრო აეროპორტის ნაწილს იკავებს და მრავალი ჟანრის მსმენელს სთავაზობს საკონცერტო შოუებს. წელს წინა გამოშვებებთან შედარებით ცოტა უფრო მოკრძალებული შემადგენლობა უკრავს, მაგრამ სცენაზე მაინც ნახავთ ისეთ მნიშვნელოვან არტისტებს, როგორებიც არიან – The Chemical Brothers, Moses Sumney, Porridge Radio, Michael Kiwanuka, Glass Animals და სხვა. დღის განმავლობაში კი ფესტივალის ტერიტორიიდან ძალიან ახლოს, გდინიას ტყისპირა სანაპიროზე შეგიძლიათ მიეფიცხოთ მზეს.
Sziget Festival (უნგრეთი, 10-15 აგვისტო)
- ვებგვერდი: https://szigetfestival.com/hu/
იაფი რეისები უნგრეთის მიმართულებითაც შეგიძლიათ გამოძებნოთ, სადაც ბუდაპეშტის ჩრდილოეთით, კუნულზე უკვე ლეგენდარული რეპუტაციის მქონე Sziget Festival ტარდება 1993 წლიდან. Sziget რაღაცნაირად უნიშო ფესტივალია და ყველაფერს მიედ-მოედება. აქ ჯასტინ ბიბერის და დუა ლიპას მსმენელებიც ერთობიან და ისეთ რეპ-არტისტებსაც მოისმენთ, როგორებიც Slowthai და Stromae არიან. როკ-არტისტებიდან Fontaines D.C.-სა და Kings of Leon-ს შეხვდებით, ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს კი ღამეს Jon Hopkins და Floating Points გაულამაზებს. ფესტივალი დინამიკური და ბევრისთვის დამღლელიცაა, მაგრამ მთლიანად თუ არა, ერთ-ორ სასურველ დღეზე დასწრება ნამდვილად კარგი გამოცდილებაა.
INmusic Festival (ხორვატია, 20-23 ივნისი)
- ვებგვერდი: https://www.inmusicfestival.com/en
ასევე კუნძულზე იმართება ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ქვეყნის ყველაზე მასშტაბური ფესტივალი INmusic, რომელიც 2006-ში დაარსდა და წლიდან წლამდე ისე იზრდება, რომ დამსწრე აუდიტორია ასი ათას მსმენელს პანდემიამდე უკვე რეგულარულად აღწევდა.
ბოლო ორი ჩაშლილი გამოშვების გასაბათილებლად, წელს კიდევ უფრო მძიმე არტილერიით გამოდის სცენაზე INmusic და მსმენელს ისეთ შემსრულებლებს დაახვედრებს, როგორებიც არიან: Nick Cave & The Bad Seeds, Kasabian, IDLES, Deftones, The Killers, Gogol Bordello და სხვა.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ INmusic აქ მოყვანილი ფესტივალებიდან ყველაზე იაფიც არის, და აბონემენტი ზოგიერთთან შედარებით ორჯერ და სამჯერ იაფიც კი ღირს, რაც – რატომაც არა – დამატებითი მოტივაციაა! თანაც ინტენსიური საკონცერტო დღეების შემდეგ, მოგზაურობის გაგრძელება ხორვატიის საზღვაო ქალაქებშიც შეიძლება.
Release Athens (საბერძნეთი, 8 ივნისი – 23 ივლისი)
- ვებგვერდი: https://www.releaseathens.gr/en/
ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და საინტერესო გამოშვება იქნება თვენახევრიანი ფესტივალი ათენში, სადაც 12 საკონცერტო დღეზე გადანაწილდება 100-ზე მეტი შემსრულებელი 40-ზე მეტი ქვეყნიდან. Release-ზე, რომელიც 2016 წლიდან იმართება, ისეთ არტისტებსაც ნახავთ, რომლებიც ძალიან გიყვართ და ისეთებსაც, რომელთა ატანაც არ გაქვთ. წლევანდელ გამოშვებაში ახალი სახელებთან ერთად ისეთ ლეგენდარულ არტისტებსაც შეხვდებით, როგორებიც არიან: Iggy Pop, Nick Cave & The Bad Seeds, Pet Shop Boys, Judas Priest, Bauhaus, Hooverphonic და სხვა. ფესტივალზე სცენა და დღეები ხშირად ჟანრების მიხედვითაა დაყოფილი, ამიტომაც საკუთარი ინტერესიდან და გემოვნებიდან გამომდინარე, მსმენელს შეუძლია მარტივად დაესწროს ფესტივალის მხოლოდ იმ დღეებს, რომელსაც თავად აირჩევს. დანარჩენ დროს კი იქვე, 2-3 კილომეტრში, სარონიკის ყურეში ბანაობა ან სანაპიროზე გდება და მზეზე მიფიცხება ყოველთვის კარგი გამოსავალია.
ბლოგის დასასრულს კი ბონუსად იმას შეგახსენებთ, რომ ნურც ქართულ საფესტივალო ტრადიციას ჩამოშორდებით. არ დაივიწყოთ და დაესწარით Tbilisi Open Air-ს, სადაც, პოპულარული Atl-J-ისა და Cigarettes After Sex-ის გარდა, ისეთ მნიშვნელოვან თანამედროვე არტისტებს მოუსმენთ ცოცხლად, როგორებიც, მაგალითად, ბელორუსული Molchat Doma ან ქართველი Kordz არიან.