ირანული კინემატოგრაფიის დიდოსტატი – მოჰსენ მახმალბაფი
ავტორი: ანო კლდიაშვილი
საოცარია, რომ ირანში არსებული დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობისა თუ ცენზურის მიუხედავად, ამ ქვეყანაში კინოხელოვანები მრავალფეროვან და საინტერესო ფილმებს იღებენ, რომლებიც ღრმა შინაარსის მქონე და, ამავდროულად, ვიზუალურად შთამბეჭდავია. სასწორის ერთ მხარეს დიდი დაძაბულობა, მრავალი აკრძალვა და ისლამური ფუნდამენტალიზმი დევს, მეორეზე კი ფერადი, ემოციებით სავსე კინო, რომლის ხარისხსა და კრიტიკოსების მიერ დამსახურებულ აღფრთოვანებაზე ის მეტყველებს, რომ თუ თავდაპირველად ეჭვქვეშ აყენებდნენ იმას, მიიღებდა თუ არა დანარჩენი მსოფლიო ირანულ კინემატოგრაფიას, დღეს ყველამ ზუსტად იცის, რომ დროთა განმავლობაში აღარსად იარსებებს კინოფესტივალები ირანული ფილმების გარეშე. რეჟისორები ირანიდან მუდმივად ცდილობენ ირანული ყოფა კინოხელოვნების ენით აღწერონ: „ჩემი ფილმები მაყურებლისათვის ირანის – ამ ქვეყნის კულტურისა და საზოგადოების შეცნობის შესაძლებლობაა“. – ამ ფრაზის ავტორი გამორჩეული ირანელი რეჟისორი, ფილმებში უცხო და მაგიური ესთეტიკის შექმნის დიდოსტატი მოჰსენ მახმალბაფია.
1957 წელს ქალაქ თეირანში, ღარიბულ ოჯახში დაბადებულ მოჰსენ მახმალბაფს, რელიგიური ბებია ზრდიდა, რომელიც არიგებდა, რომ კინოში წასვლის შემთხვევაში, ღმერთი ჯოჯოხეთში მიუჩენდა ადგილს და კინემატოგრაფია დიდი ბოროტება იყო. სწორედ ამ მიზეზით, მომავალმა რეჟისორმა პირველად ფილმი 22 წლის ასაკში ნახა. მანამ, სანამ კულტურითა და ხელოვნებით დაინტერესდებოდა, რეჟისორი 15 წლიდან პოლიტიკურ პროცესებში იყო ჩართული, 1974 წელს 17 წლის მოჰსენი ციხეშიც კი მოხვდა პოლიციელთან კონფლიქტის გამო, თუმცა ისლამურმა რევოლუციამ თავისუფლება მოუტანა, რის შემდეგაც კვლავ პოლიტიკას დაუბრუნდა; როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს, რეჟისორი ძალიან მალე მიხვდა, რომ ირანში არსებული პრობლემა არა პოლიტიკური, არამედ კულტურული ხასიათის იყო და სწორედ ეს ხდებოდა შემდეგ ქვეყანაში კონფლიქტებისა და დიქტატურის დამყარების მიზეზი, რის გამოც მახმალბაფმა 80-იან წლებში კულტურაში გათვითცნობიერებას მიჰყო ხელი, მოგვიანებით კი კინოს შესახებ ყოველგვარი ცოდნის გარეშე პირველი ფილმი გადაიღო.
მახმალბაფი ფიქრობდა, რომ კამერას კალამივით გამოიყენებდა – მწერლობას კინოხელოვნებაში შთაბერავდა სულს. ამ წლებში რეჟისორი ყოველგვარი ტექნიკის გარეშე მუშაობდა, პარალელურად კი ბევრს კითხულობდა ხელოვნების შესახებ და რომანებს, ზღაპრებსა თუ პიესებს წერდა. როგორც ცნობილია, რეჟისორს განსაკუთრებულად ზღაპრების წერა უყვარდა, რაც მის ხელწერაში ნათლად ვლინდება, ვინაიდან მის ფილმებს სწორედ რომ ზღაპრული ელფერი დაჰკრავთ – ვხედავთ კადრებს, რომლებიც სიზმრისეულია და ხშირად მათი ცქერაც კი საკმარისია იმისათვის, რომ ბოლომდე შევიცნოთ, რისი თქმა სურდა ავტორს. მიუხედავად იმისა, რომ, ისევე როგორც ეს სხვა ირანელი რეჟისორებისთვისაცაა დამახასიათებელი, მახმალბაფიც ცხოვრებისეულ, ხშირად ყოველდღიურ მოვლენებსა თუ პრობლემებზე კონცენტრირდება ხოლმე, ხელოვანს კოლეგებისაგან ეკლექტური და მდიდარი გამომსახველობითი ენა გამოარჩევს.
რეჟისორზე საუბრისას აუცილებელია აღვნიშნოთ მისი დაინტერესება ავღანეთითა და იქ არსებული კონფლიქტური სიტუაციით. კინოხელოვანი ხშირად აღნიშნავდა, რომ ავღანეთის საკითხით როგორც ზოგადად მსოფლიო, ასევე რეჟისორებიც ნაკლებად ინტერესდებოდნენ, არც ირანელ მსახიობებს სურდათ ამ ქვეყნის შესახებ გადაღებულ ფილმებში მონაწილეობა. 2001 წელს სწორედ რომ ავღანეთის თემატიკით დაინტერესება გახდა წინაპირობა ფილმ „ყანდაარის“ გადაღებისა. პასტელურ ფერებში შექმნილი კინოშედევრი თალიბების მიერ მართულ მეოცე საუკუნის ავღანეთს აღწერს და მოგვითხრობს ავღანური წარმოშობის მქონე კანადელი ჟურნალისტის – ნაფასის ყანდაარის მიმართულებით მოგზაურობის შესახებ. ავღანეთში ჟურნალისტის ინვალიდი და ცხოვრობს, რომელიც აცხადებს, რომ მეოცე საუკუნის უკანასკნელი მზის დაბნელებისას სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებს. ნაფასი ძალიან ჩქარობს, მიუხედავად იმისა, რომ 1 თვე აქვს ყანდაარში ჩასასვლელად, რაც თითქოსდა დიდი დროა ნებისმიერ ადგილას მოსახვედრად, მაგრამ არა ავღანეთში. ფილმში თითქოს თავიდანვე ნათელია, რომ მდგომარეობა უიმედოა, რის შეგრძნებასაც ის ამძაფრებს, რომ ქალს თალიბებისაგან მალულად უწევს გადაადგილება. საბოლოოდ ნაფასი მათი ტყვე ხდება, მისი და კი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. მახმალბაფის ეს ნამუშევარი საკმაოდ მძიმე და ემოციური ვიზუალიზაციაა ავღანეთის ყოფისა – ეს რეჟისორის მიერ მოთხრობილი ერთი ოჯახის ისტორიაა, რომელიც რეალურად უამრავი ავღანელის უბედურებას გვიხატავს.
ვფიქრობ, რომ მახმალბაფის მიერ გადაღებულ ოცამდე მხატვრულ ფილმს შორის როგორც ვიზუალური, ასევე შინაარსობრივი თვალსაზრისითაც მისი პოეტური ტრილოგია გამოირჩევა, რომელიც სამ ნამუშევარს აერთიანებს: „გაბეჰს“ (1996 წ.), „სიჩუმესა“ (1998 წ.) და „მებაღეს“ (2012 წ.). სამივე ფილმის საფუძველი ტკივილია, რომელიც ირანის სოციალურ-პოლიტიკური რეალობისგანაა შობილი, თუმცა კადრებში ჩატეული ღრმა ემოციების გარდა, ფილმებს გამორჩეული ესთეტიკა და ფერთა მდიდარი პალიტრა აერთიანებს. ტრილოგიის პირველი ფილმი „გაბეჰი“ იმის შესახებაა, რომ სიცოცხლეს, სილამაზეს და სიყვარულსაც – ყველაფერს თავისი ფერი აქვს. მახმალბაფი მოგვითხრობს ადამიანებზე, რომლებიც ცასთან, მზესთან, ყვავილებთან და თავიანთ ფერად ხალიჩებთან ერთად ცხოვრობენ. ფილმის დასაწყისში ვხედავთ სცენას, რომელშიც ირანელი მოხუცი წყვილი ნაქსოვი ფერადი ხალიჩის გასარეცხად ემზადება, მოულოდნელად კი ნაჭრიდან მაგიური ახალგაზრდა ქალი, გაბეჰი ამოდის, რომელიც წყვილს თავის სევდიან ისტორიას უყვება. ის ცხენოსანზე იყო შეყვარებული, რომელიც შორიდან უხმობდა ხოლმე, მაგრამ გაბეჰი ვერ მიჰყვებოდა, რადგან ტრადიციის თანახმად, იმისათვის, რომ ქალს დაოჯახება შესძლებოდა, მისი ბიძა უნდა ყოფილიყო დაქორწინებული – გაბეჰის ბიძა კი 57 წლისაა და ჯერ კიდევ მარტოა. ორნამენტებით სავსე ნაქსოვი ხალიჩები, ქალები, რომლებიც ფერად წყალში ყვავილებს ხარშავენ და მინდორში ყაყაჩოებით ხელში ცისფერ კაბაში მჯდომარე გაბეჰი, რომელიც შორიდან უსმენს საყვარლის ძახილს – დრომოჭმული ტრადიცია ცხოვრებას უნგრევს.
„სიჩუმე“ მახმალბაფის სუფიური სიმბოლოებით დატვირთული სპირიტული ფილმია, რომელიც ტაჯიკეთში დედასთან ერთად მცხოვრები ბრმა პატარა ბიჭის ცხოვრების შესახებ გვიამბობს. ბიჭმა აუცილებლად უნდა იშოვოს ფული, რომ სახლის ქირის გადახდა შეძლოს და ამას მხედველობის დაქვეითების ფონზე გამძაფრებული სმენის საშუალებით ახერხებს – ის საოცრად აღიქვამს რიტმს და საჭირო თანხას დაკვრით შოულობს. საინტერესო ისაა, რომ მუსიკა რეალურად მისი ძალა კი არა, სისუსტეა: განსაკუთრებულად გამძაფრებული შეგრძნებები ბიჭს ჟღერადი მუსიკის მიმართ აქვს და ყოველთვის, როცა რამის ხმა ესმის, დროისა და სივრცის აღქმას კარგავს – მუსიკის ხმას მიჰყვება. გარდა მუსიკის ძალით გასხივოსნების იდეის აღბეჭდვისა, რეჟისორი პატარა ბიჭის საინტერესო მეგობარსაც გვაცნობს – ნაწნავებიან გოგონას, რომელიც საყურეებად ალუბალს იყენებს და ჟოლოსფერი ყვავილების ფურცლებს იმაგრებს თითებზე.
კინოკრიტიკოსთა მიერ „რწმენის კულტივაციადაა“ წოდებული ტრილოგიის მესამე ნაწილი, 2012 წელს გადაღებული ფილმი „მებაღე“ , რომელიც რელიგიური ძიების შესახებ მოგვითხრობს. მთავარ პერსონაჟის – მებაღის არსებაში რწმენა სიმბოლოებით დატვირთული ყვავილის სახით ღვივდება და შემდეგ მრავლდება. ეს ფილმი რელიგიური რწმენის ინტიმური გამოკვლევაა, რაც შემდეგ სხვა საკითხებთან დაკავშირებულ კითხვებსაც სცემს პასუხს. მახმალფაბის გამომსახველობითი ენა იმდენად აბსტრაქტულ და უფორმო რამეს, როგორიც რწმენაა, კალეიდოსკოპურ ვიზუალს ანიჭებს – რწმენა მატერიალურ გამოვლინებას ფიჭვისა თუ ზეთისხილის ხეებსა და კაშკაშა ყვავილებში პოვებს.
რეჟისორის კიდევ ერთი განსაკუთრებული ნამუშევარი ომის თემატიკაზე გადაღებული ფილმი – „ნეტართა ქორწინებაა“. მთავარი პერსონაჟი ომში ტრავმირებული ფოტოგრაფია, რომელსაც მძიმე კადრების ხილვისა და აფეთქებების ხმის გამო ფსიქიკა დაუზიანდა, რის გამოც ხშირად იტანჯება შეტევებით – საზარელ კადრებს განმეორებით ხედავს. მახმალბაფი ამ ფილმში თხრობის სიურრეალისტური მანერით ბრძოლის ველიდან პოეტურ კადრებამდე გვამოგზაურებს, რისი მაგალითიც სცენაა, რომელშიც ფოტოგრაფის საცოლეს ბროწეულით სავსე თეფში ხელიდან უვარდება და წითელი მარცვლები ირგვლივ მიმოიყრება, რაც აფეთქებისა და სისხლის ალეგორიაა. რეჟისორის მიერ გადაღებულ კიდევ ერთ ლეგენდარულ კადრს მის 1996 წლის ფილმ „უმანკოების წამში“ ვხვდებით – იარაღი და დანა თეთრი ვარდითა და პურითაა ჩანაცვლებული.
მოჰსენ მახმალბაფმა შესანიშნავად მოახერხა გადაეღო არა მხოლოდ ესთეტიკური, არამედ ღრმა შინაარსის მქონე ფილმები, რომელთა ნახვაც მაყურებელს რამდენადაც ფერებითა თუ შთამბეჭდავი კადრებით ხიბლავს, იმდენად ამძიმებს და ასევდიანებს. „ხელოვანს აქვს შესაძლებლობა, ადამიანები მათ ტკივილსა თუ სურვილებზე საუბრით იხნას“. – ამბობს კინორეჟისორი და მისი ფილმების მთავარი იდეაც განურჩევლად შინაარსისა თუ ვიზუალური მხარისა, სწორხაზოვნად ემსახურება ამ იდეას. ირანელმა დიდოსტატმა მოახერხა, რომ კინემატოგრაფია – ის, რაც ბავშვობაში მისთვის ბოროტებასთან და ჯოჯოხეთში მოხვედრასთან იყო ასოცირებული, უამრავი მაყურებლისათვის სამოთხედ, დიდ სიკეთედ ექცია.