“ომის დღიურები” – თბილისსა და ბათუმში უკრაინელი არტისტების მონაწილეობით მულტიმედიური პროექტი იწყება
ავტორი: ნინო იმერლიშვილი
28 მაისიდან თბილისის თანამედროვე გალერეების საგამოფენო სივრცეები მნიშვნელოვან სახელოვნებო პროექტს დაეთმობა. “ომის დღიურები” მულტიმედიური პროექტია, რომლის მიზანიც უკრაინიდან ინფორმაციის გავრცელებაა. “ომის დღიურები” აერთიანებს ხელოვნების სხვადასხვა დარგში მოღვაწე უკრაინელ არტისტებს – მხატვრებს, მუსიკოსებს, მსახიობებსა და მწერლებს. პროექტის ფარგლებში გამოფენები, მუსიკალური პერფორმანსები და არტისტების მიერ სათქმელის გამოხატვის სხვადასხვა ფორმა წარმოდგენილია განსხვავებული ღონისძიებების სახით. თბილისში პროგრამა აერთიანებს ე.წ. Gallery Weekend-ს და ლაივ სტრიმს Mutant Radio-დან, რომელშიც უკრაინელი და ქართველი მუსიკოსები მონაწილეობენ. მონაწილე მუსიკოსების სია საკმაოდ დიდია, მათ შორის არიან: ნიკა მაჩაიძე, ტუსია ბერიძე, რეზო კიკნაძე, ანუშკა ჩხეიძე, მაიკლ ბალოგი, ანტონ სლეპაკოვი, ანდრეი სოკოლოვი, ოლეგ შპუდეიკო და Junket.
რაც შეეხება გამოფენების კვირეულს, მასში 11-მდე გალერეა და ხელოვნების დაწესებულებაა ჩართული: Artbeat, 4710, E.A. საერთო სივრცე და ჟურნალი Danarti, Window Project, Propaganda.network, POSTA DA KONA & LC-QUEISSER, THE WHY NOT გალერეა, Patara გალერეა, JIBU/TASO – სწორედ ამ გალერეებში იქნება წარმოდგენილი ისეთი არტისტების ნამუშევრები, როგორებიც არიან: ამ Kinder, ტარას ბიჩკო, ნიკიტა კადანი, ალევტინა კახიძე, ჟანა კადიროვა, ლესია ხომენკო, ვლადისლავ კრასნოშჩოკი, დანილო მოვჩანი, ნეივან მადე, სტანისლავ ოსტროუსი, ვლადა რალკო და ოლექსანდრ შატოხინი. პროგრამის თითქმის ყველა მონაწილე უკრაინაში რჩება. ამიტომ, ღონისძიების მიზანი ისიც არის, რომ შეაგროვოს ფინანსები მათ მხარდასაჭერად ამ რთულ დროს.
თბილისის შემდეგ, ფესტივალ nterchanGE-ის ფარგლებში, “ომის დღიურები” ბათუმში გადაინაცვლებს და ივნისის ბოლომდე გაგრძელდება. ქართველ მუსიკოსებთან ერთად ბათუმის პროგრამის ფარგლებში უკრაინული მუსიკალური ჯგუფის – ATOMIC SIMAO-ს ლაივ სტრიმიც გაიმართება. ომის დღიურების გამოფენა უკვე ჩატარდა პოლონეთში, ვროცლავში და აპირებს გამგზავრებას კორეასა და ევროპის სხვა ქვეყნებში.
“ომის დღიურების” კურატორი ანა რიაბოშენკოა. პროექტის იდეა მაშინ დაიბადა, როდესაც ომის დაწყების შემდეგ არტისტებმა საკუთარი ნამუშევრების გაზიარებით გარე სამყაროსთან კომუნიკაციის დამყარება დაიწყეს. სოციალური მედია ომის პირისპირ მყოფი ხელოვანებისათვის ერთადერთი პლატფორმა და საშუალება იყო, რომ მსოფლიო საზოგადოებისათვის ხმა მიეწვდინათ.
“მათი პიროვნული განცდები გატარებული მათსავე ნამუშევრებში ძალიან გულწრფელი ჩანდა. სწორედ ამ გულწრფელობამ გააჩინა ის იდეა, რომ მთელი ეს ინფორმაცია რაღაც ფორმით გამეერთიანებინა და აუდიტორიამდე მიმეტანა. ეს ნამუშევრები რეალურად ქმნის დღიურებს, რომელიც ომს სახელოვნებო ფორმატში ასახავს”. – ანა რიაბოშენკო.
იდეის განსახორციელებლად საჭირო იყო ყველა არტისტთან დაკავშირება, ამ შემთხვევაში მათთან უკუკავშირის გზა ისევ სოციალური მედია აღმოჩნდა, რამდენადაც ქვეყნის დატოვებას უმეტესი მათგანი დღემდე ვერ ახერხებს. თითოეული არტისტისათვის ამ ფორმატის პროექტში მონაწილეობა საინტერესო და საკმაოდ მნიშვნელოვანი ინიციატივა აღმოჩნდა, საბოლოოდ “ომის დღიურებმა” სხვადასხვა მედიაში შესრულებული არაერთი ნამუშევარი გააერთიანა. იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინიდან საომარ ვითარებაში დედანი ნიმუშების გამოგზავნა შეუძლებელია, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი მასალა ციფრული ფაილების მეშვეობით მიღებული ეგზემპლარებია. როგორც უკვე აღინიშნა, პროექტი მულტიმედიურია. დამთვალიერებელს საგამოფენო სივრცეებში ძირითადად დახვდება ფოტომასალა, ასევე ნახატები და ტექსტუალური ნამუშევრები.
“არსებული ვითარებისა და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რა რეალობაშიც დღეს უკრაინელ არტისტებს უწევთ მუშაობა, ბუნებრივია, რომ მათ ნამუშევრებში ფერწერული მასალის სიმწირეა. ვხვდებით მხოლოდ ფანქრითა და ნახშირით შესრულებულ ნამუშევრებსაც”.
მინიმალისტური შესრულებით უკრაინელმა არტისტებმა შეძლეს და ძლიერი გზავნილები გადასცეს მსოფლიოს. სწორედ ამ გულწრფელობამ და უშუალობამ გამოიწვია ის, რომ დღეს ისინი საერთაშორისო პრესის ფოკუსში არიან და გლობალურ მედიაში გავრცელებული პოლიტიკური სიახლეების პარალელურად, მსოფლიოს ომს სრულიად სხვა კურსით აჩვენებენ, სადაც უპირველესი ადამიანური ტრაგედიებია. ამ ისტორიებს 28 მაისიდან ქართველი დამთვალიერებელი საგამოფენო სივრცეში ნახავს.
პროგრამის მხარდამჭერები არიან Creative Europe Georgia Desk, თიბისი და აჭარის ჯგუფი, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო, თანამედროვე ხელოვნების სივრცე და ქვემო სილეზიის (პოლონეთი) მთავრობა.