ქართველი ილუსტრატორი, რომელიც მსოფლიოს წამყვან მედიაპლატფორმებთან თანამშრომლობს
ავტორი: ნინო იმერლიშვილი
თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიურმა განვითარებამ უამრავი ცვლილება გამოიწვია, მათ შორის – ხელოვნებაშიც, რომელმაც ციფრულ სამყაროში საინტერესო და მრავალფეროვანი ფორმით გადაინაცვლა. ციფრული ხელოვნება დღესდღეობით თანამედროვე მედიის, მარკეტინგის, კინოს, ანიმაციისა თუ ამბის თხრობის ნებისმიერი მულტიმედიური პროექტისათვის შეუცვლელი კომპონენტია.
ციფრულმა სამყარომ არტისტებს ახალი შესაძლებლობები მისცა, ეს კი პირველ რიგში, ამ სივრცეში საზღვრების არარსებობის შედეგია. მიუხედავად დიდი შესაძლებლობებისა, ციფრული ხელოვნების სხვადასხვა მიმართულება დიდი კონკურენციით გამოირჩევა, ამიტომ ხელწერის დამკვიდრება და საკუთარი შემოქმედებით ერთგვარი ბრენდის შექმნა საკმაოდ რთული გამოწვევაა.
რეალურად შემოქმედებით პროფესიონალიზმთან ერთად, ამ სფეროში წარმატება ბევრ სხვადასხვა უნარ-ჩვევას მოითხოვს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ არაერთმა ქართველმა ციფრულმა არტისტებმა შეძლო საკუთარი თავის, როგორც პროფესიონალის გლობალურ ასპარეზზე პოზიციონირება.
დღეს სწორედ ერთ-ერთ გამორჩეულ ქართველ ილუსტრატორს – ანანო მიმინოშვილს გაგაცნობთ, რომელიც ისეთ ცნობილ პლატფორმებთან თანამშრომლობს, როგორიც არის The New York Times, The Washington Post, Hollywood Reporter და ასე შემდეგ. სწორედ ახლახან Hollywood Reporter-მა ანანო მიმინოშვილის მიერ შექმნილი კანის კინოფესტივალის ილუსტრაცია გამოაქვეყნა.
როდესაც ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული მედია ყველაზე გავლენიანი კინოფესტივალის გაშუქებისას კონკრეტული არტისტის ნამუშევარს იყენებს, ეს ნამუშევრის ავტორისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანი წარმატებაა. ანანო არაერთი გავლენიანი კონკურის გამარჯვებულია. ამჯერად ის თავად ასწავლის ციფრული ილუსტრაციის ტექნიკას და დამწყებ ილუსტრატორებს საკუთარი უნარების გაუმჯობესებაში ეხმარება. სწორედ კარიერული და შემოქმედებითი ზრდის საკმაოდ შრომატევად პროცესზე ვესაუბრეთ ანანოს.
“ხატვა ყოველთვის მიყვარდა. ათი წელი სამხატვრო სკოლაში დავდიოდი და მეგონა, რომ აკადემიურ ცოდნას მონუმენტურ გრაფიკაში ან მეტად ტრადიციულ მედიაში გამოვიყენებდი. თუმცა, რაც უფრო მეტად ვეცნობოდი თანამედროვე ილუსტრაციას, მით უფრო მეტად მაინტერესებდა. 17 წლის ასაკში პლატფორმა Behance აღმოვაჩინე და ასე მომინდა გრაფიკული დიზაინის, რეკლამის, ვებდიზაინის მიმართულებით რაღაც ახლის შექმნა. რამდენიმე წლის განმავლობაში ტრადიციული და ციფრული ტექნიკის სინთეზით ვმუშაობდი – ერთგვარ ექსპერიმენტებს ვატარებდი. ამის შემდეგ სარეკლამო სააგენტო “ლივინგსტონში” მოვხვდი, სადაც მხოლოდ პროექტისთვის სკეჩების ხატვიდან მულტიდისციპლინარულ დიზაინერამდე გავიარე გზა, თანაც საუკეთესო გუნდთან ერთად. ჩემი დილეტანტური ციფრული უნარებიც განვითარდა და საბოლოოდ ამ ვიწრო პროფესიაზე ჩამოვყალიბდი. ბოლო ოთხი წელია, უკვე დამოუკიდებელი, ე.წ. ფრილანსერი ილუსტრატორი ვარ”, – ამბობს ანანო მიმინოშვილი.
ციფრული ვიზუალური ხელოვნება თანამედროვე მარკეტინგისა და კრეატიული ინდუსტრიების განუყოფელი ნაწილია. ამასთან ერთად, ეს მიმართულება სულ უფრო სინთეზური ხდება და სულ უფრო ბევრ ელემენტს აერთიანებს. ანანოს, როგორც ილუსტრატორის საქმიანობაც ბევრ ვიწრო სპეციალობად იყოფა. თუმცა, თუ განვმარტავთ, ის ზოგადად გულისხმობს სხვადასხვა დამხმარე ვიზუალური მასალის შექმნას, რომელიც მოკლედ, მარტივად და ესთეტიკურად გადმოსცემს კონცეფციას. როგორც უკვე ვახსენეთ, ანანოს დამკვეთთა სია საკმაოდ შთამბეჭდავ ბრენდებს აერთიანებს, შესაბამისად, დიდია პასუხისმგებლობაც და სამუშაოს მოცულობაც, რაც სხვადასხვა ეტაპისაგან შედგება.
“როგორც პირადი, ისე კომერციული ილუსტრაციებიც ყოველთვის ჩანახატიდან იწყება ხოლმე. პირველი სკეჩი, ჩვეულებრივ, ძალიან უხეშია. შეიძლება ჩაძინებისას მომაფიქრდეს და უცბად ნოუთების აპლიკაციაში ჩავინიშნო, შემდეგ უფრო დახვეწილ ჩანახატად გადაიქცევა, რის მიხედვითაც ვკრავ ე.წ. მუდბორდს და გადავდივარ საბოლოო ნამუშევრის შექმნის ეტაპზე. ეს უკვე გულისხმობს შესაბამის პროგრამებში – ილუსტრატორსა და ფოტოშოპში მუშაობას”.
ანანოს ნამუშევრები ძალიან დამახასიათებელი ხელწერით გამოირჩევა. თუკი არტისტის შემოქმედებას გაეცნობით, მისი ავტორობით შესრულებულ ნამუშევრებს აუცილებლად ამოიცნობთ. მიუხედავად ამ გამოკვეთილი ხელწერისა, თითოეული ილუსტრაცია ამავდროულად, ინდივიდუალური და იდეურად უნიკალურია. შესაძლოა, სწორედ ასეთმა გამორჩეულმა სტილმა მიიპყრო ჩამოთვლილი წამყვანი საერთაშორისო მედიაპლატფორმების ყურადღება. ამ გამომცემლობებისათვის აუდიტორიასთან ვიზუალური კომუნიკაცია უპირველესი ამოცანაა, ვინაიდან სწორედ ვიზუალური მხარე აკავშირებს მკითხველს ტექსტთან. როგორც აღმოჩნდა, ანანოსთვისაც ერთ-ერთი საყვარელი მიმართულება საგამომცემლო ე.წ. Editorial ილუსტრაციებია.
“გამომცემლობებთან თანამშრომლობა 2020 წლის ბოლოს დავიწყე, პირველი იყო The Washington Post, შემდეგ სხვა გამოცემების არტ დირექტორებიც დამიკავშირდნენ. ახლა ძირითადად საერთაშორისო დამკვეთებთან ვმუშაობ, ქართული პროექტები იშვიათად მაქვს”.
თანამედროვე პროფესიების ერთ-ერთი გამოწვევა და ამავდროულად, ხიბლი ის არის, რომ აკადემიური სასწავლო სივრცეები მათი დაუფლებისათვის საკმარისი არ არის. ეს დაწესებულებები ხშირ შემთხვევაში ვერ უპასუხებენ ციფრული სამყაროს მუდმივად ცვალებად მოთხოვნებს. მიუხედავად ამისა, ისევ ამ პროგრამულ სამყაროში არსებობს უამრავი ინფორმაცია, რომლის შეგროვება და ანალიზი ციფრულ მედიაში მომუშავე არტისტებისათვის დიდი სარგებლის მომტანია.
“ვფიქრობ, ყველა ინფორმაციის შენთვის სასარგებლოდ დამუშავებაა შესაძლებელი, ამიტომ, განათლება არასოდეს არის ზედმეტი. თუმცა, არცერთი კურსის გავლას არ აქვს აზრი, თუ არ გაქვს მონდომება და არ ხარ მზად საკუთარ თავზე იმუშაო. როგორც ყველაფერში, ალბათ ამ სფეროშიც მთავარი მონდომება და შრომაა – ხატვა. Ჩემი აზრით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ცნობისმოყვარეობა – თუ ნამდვილად გაინტერესებს ეს სფერო და ახალი რაღაცების აღმოჩენით ერთობი, ეს ნამუშევრებშიც აუცილებლად გამოჩნდება”.