ტაიპეის ხელოვნების ცენტრი ტაივანში – OMA-ს პროექტის გახსნა
ტაიპეის ხელოვნების ცენტრი – ტაივანში OMA-ს პროექტი გაიხსნება
დიდი ხნის შემდეგ ტაივანში დასრულდა ხელოვნების ცენტრის პროექტი, რომელსაც არქიტექტურული ოფისის, OMA-ს წარმომადგენელი, პრიცკერის პრემიის ლაურეატი, არქიტექტორი რემ კულჰაასი ხელმძღვანელობს. ხელოვნების ცენტრის ოფიციალური გახსნა 2022 წლის 7 აგვისტოს იგეგმება. კონკურსი, რომელიც ტაიპეის მთავრობამ გამოაცხადა ამ შენობისთვის, სტუდიამ 2009 წელს მოიგო, მისი მშენებლობა 2012 წელს დაიწყო და 2015 წელს დასრულდა, ოფიციალური გახსნა კი 2022 წლის აგვისტოში დაანონსდა.
59 000 კვადრატული მეტრის კულტურულ ძეგლს თეატრისთვის საკმაოდ უცნაური გეომეტრია აქვს, მისი სამი დარბაზი ცენტრალური კუბური ნაგებობიდან გარეთ სხვადასხვა ფორმით არის გამოჭრილი. რემ კულჰაასს, რომელიც პროექტს მმართველ პარტნიორ დევიდ ჯანოთენთან ერთად ხელმძღვანელობდა, სურდა, შენობა განსხვავებული ყოფილიყო სხვა სტანდარტული თანამედროვე თეატრებისგან, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა დიდ ქალაქში შენდება.
“თეატრს ძალიან დიდი ტრადიცია აქვს, – ამბობს კულჰაასი, – ჩვენ ვნახეთ, რომ თუნდაც თანამედროვე თეატრები უფრო სტანდარტული და კონსერვატიულია, ჩვენი მიზანი თეატრის არსებობის ისტორიაში წვლილის შეტანა და ახალი სიტყვის თქმა იყო. აქ, ტაიპეიში შევძელით სამი დარბაზის კონკრეტული გზით გაერთიანება ერთ შენობაში. ძალიან საინტერესო იყო, არქიტექტურული გადაწყვეტა თეატრზე როგორ იმოქმედებდა”.
კულჰაასს ასეთივე მიდგომა ჰქონდა CCTV-ის სათავო ოფისის პროექტისთვის პეკინში, რომელიც მან მაღალსართულიანი შენობების ალტერნატიული ფორმების წახალისების მიზნით შექმნა.
შენობა ტაიპეიში, შილინის ღამის ბაზრის (Shilin Night Market) ახლოს მდებარეობს. ის, როგორც აღვნიშნეთ, სამი დარბაზისგან შედგება, რომლებიც შენობის ცენტრალური ფორმიდან არიან გამოზრდილი. მათგან ალბათ ყველაზე გამორჩეულია 800-ადგილიანი Globe Playhouse, რომელსაც სფეროს ფორმა აქვს და გარედან ორ სვეტზეა დამაგრებული. ამ სფერულ აუდიტორიასთან ერთად შენობაში ასევე არის 1500-ადგილიანი დიდი თეატრი და 800-ადგილიანი კიდევ ერთი აუდიტორია – Blue Box. ეს ორი სივრცე ერთმანეთის გასწვრივ, პირისპირ მდებარეობს, ერთსა და იმავე დონეზე, რაც საშუალებას იძლევა, რომ ისინი გაერთიანდნენ ერთ დიდ დარბაზად, რომელსაც “სუპერ თეატრს” უწოდებენ.
შენობის ცენტრალური ნაწილი ერთგვარ პლაზას ქმნის და მოიცავს შესასვლელებს, ფოიეებს და ამ სამი თეატრის კულისებს. მათ შორის გადის საჯარო ბილიკი, სახელად Public Loop, რომელიც ვიტრაჟულ კულისებს ჭრის და ადამიანებს საშუალებას აძლევს აქამდე უხილავი, კულუარული სივრცეები დაათვალიერონ. ბილიკი სფეროსებრი თეატრის სახურავამდე ადის, იქიდან კი ლიფტებით შესაძლებელია უკან დაბრუნება, ისე რომ შიგნით არ ვხვდებით. თეატრს ასევე აქვს ბევრი დამატებითი სივრცე, რომელთა გამოყენებაც ასევე შეიძლება სპექტაკლებისთვის.
“ყველა ფოიე, ყველა მოედანი და კუთხე სავსეა შემოქმედებითი პოტენციალით. ჩვენ გვჯერა, რომ მომავლის თეატრი გადააჭარბებს ჩვეულებრივ თეატრალურ სივრცეებს. ტაიპეის საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი მომზადებულია თანამედროვე პერფორმანსული ხელოვნების ყველანაირი ფორმისთვის”.
“ცენტრალურ კუბში შეერთებული სამი თეატრის კონფიგურაციის შთაგონებით სპექტაკლებიც სხვანაირია, ბილიკი Public Loop კი გამვლელებს შემოქმედებით პროცესს უჩვენებს. ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ იმით, თუ როგორ ქმნის შენობა მუდმივად ახალ ურთიერთობებს ხელოვანებს, მაყურებლებსა და საზოგადოებას შორის”, – ამბობს ჯანოთენი.