„რადიკალური იმედი“ – ARTISTERIUM 15
2 ივნისს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში არტისტერიუმის ორგანიზებით და თბილისში პოლონური ინსტიტუტის მხარდაჭერით, პოლონური და აღმოსავლეთევროპული თანამედროვე ხელოვნების კოლექციების გამოფენა გაიხსნა, სახელწოდებით „რადიკალური იმედი“, რომელიც შთაგონებულია ჯონათან ლირის ამავე სახელწოდების ეგზისტენციალური შინაარსის ნაწარმოებით.
ბიალისტოკის გალერეა არსენალის „კოლექცია II“, რომელიც ეროვნულ გალერეაში არის წარმოდგენილი, 50-მდე მხატვრის ნამუშევრებს აერთიანებს, მათ შორის სამი პოლონელი მხატვრის – კაროლინა ვიკტორის („თამაში ანბანით“), პაველ მატიშევსკის („ხაზგასმული ნიუანსები“) და ჰუბერტ ჩერეპოკის („უწყვეტობა“) პერსონალურ პროექტებსაც. გამოფენა არა მხოლოდ ბოლო 30 წლის პოლონურ თანამედროვე ხელოვნებას, არამედ ცენტრალურ ევროპასაც ეხმაურება. მისი კონცეფცია ე.წ. ღია ნაკრების/კოლექციის იდეას ეფუძნება, რომელიც ჩვენი კულტურის და ევროპული საზოგადოების იმ მდგომარეობას აღწერს, რომელშიც ვარსებობთ.
გახსნაზე დამსწრეებს შორის ლუბლინის მერიის კულტურის დეპარტამენტის დირექტორი მიხაილ კაპაპუდა, ლუბლინის გალერეა „ლაბირინთის“ დირექტორი ვოლდემარ ტატარჩუკი და პოზნანის გალერეა „არსენალის“ დირექტორი მარეკ ვასილენსკი იყვნენ. ექსპოზიციის კურატორი მონიკა შევჩიკია (გალერეა „არსენალი“, პოლონეთი).
2024 წელს არტისტერიუმი პოლონეთში, კერძოდ, ლუბლინში ჩატარდება, სადაც ქართული თანამედროვე ხელოვნება იქნება წარმოდგენილი.
ეროვნული გალერეა გამოფენას 12 ივნისამდე უმასპინძლებს.