fbpx

„შეუსაბამო გადაკვეთები“ – თამარ გედევანიშვილის სოლო შოუ ქარვასლაში


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ხათუნა ხაბულიანი

 

თამარ გედევანიშვილს შექმნილი აქვს ქაღალდის ხელსახოცების  გრაფიკული სერია – სწრაფად და ექსპრესიულად მოდელირებული ესკიზები, – მალე გაქრობადი მომენტები ასევე არამყარ მასალაზეა გამოსახული და პერსონალურ მეხსიერებაში დარჩენილ წარმავალ ფრაგმენტებს აერთიანებს. კაფეების წარმავალი სურათები აქ ისეთ ტემპს იმეორებს, როგორითაც ისინი კაფეს სტუმრების მხედველობის არეში ხვდებიან.  ეს ჰაეროვნება და ეფემერულობა ახასიათებს დიდსა და ფერადოვან ფერწერულ სერიასაც, რომელიც პანდემიის პირობების ზოგად ფონზე შეიქმნა, როცა დროის ფენომენზე განყენებული დაფიქრება და საზრისებზე ორიენტირება მასობრივი კულტურის მოცემულობად იქცა. სერია ზუსტად იმ ნაწილს ეხება, რაც ვერ გადაიქცევა მასობრივ გასართობად და უფრო მეტად დისტანცირდება პროგნოზირებადი დინებებისგან. ეს სერია არის ვიზუალური მასალა იმ ისტორიიდან, სადაც მხატვარი შორდებოდა პანდემიის რუტინას და თავის საქმეს აკეთებდა, ფიქრობდა გამოსახულებებით.

გამოფენა სათაურით „შეუსაბამო გადაკვეთები“ აუცილებლად გაგახსენებთ პრუსტის ტექსტების მთავარ თემას  – დაკარგული დროის ძიებისთვის სახასიათო ფსიქო-ემოციურ კონსტრუქციებს: მხატვარი მეხსიერებიდან ამოღებულ სრულიად სუბიექტურსა და ინტიმურ მომენტებს, რომლებიც თავის დროზე არც გაცნობიერებულა და შესაძლოა, ბავშვური აღქმისთვის სახასიათო უშუალო შთაბეჭდილებაც ყოფილიყო, სხვა კონტექსტებში აქცევს და თითქოს ამ გზით ეძებს მათ მნიშვნელობებს, თან დამთვალიერებელსაც ეპატიჟება ემოციური ინტელექტისთვის შესაბამის თამაშებში ვიზუალური გამოცანების ამოსაცნობად. 

ეს გამოცდილებები, რომელთა  მნიშვნელობა თავის დროზე არ გამოთქმულა, ცოცხლდებიან უცხო, სხვა დროში მოქმედი და  შეიძლება სრულიად კონტრასტულ მოვლენებთან კომბინაციაში და ქმნიან ერთგვარ ახალ რეალობებს. თამარ გედევანიშვილის მხატვრობა შეიძლება იმასაც აღნიშნავდეს, რომ ყველაზე ნაკლები მნიშვნელობის მქონე პირადული შეგრძნება თუ მოვლენაც კი თავისებურად ღირებულია და ახალ მოცემულობაში მან შეიძლება ეს ღირებულება მაქსიმალურად აჩვენოს, სავსე შინაარსად იქცეს, ან სულაც ის ძველი ამოგზაუროს ახალ დროსა და გარემოცვაში.

თბილისის ისტორიის მუზეუმის (ქარვასლა) დროებითი გამოფენების ცენტრალურ სივრცეში წარმოდგენილი ექსპოზიცია ერთი შეხედვითაც ადასტურებს გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრების ერთიანობას. მაშინვე ხედავთ, რომ განსხვავებული კომპოზიციები, დიპტიქები, პოლიპტიქები ერთ ნაკადს ქმნიან და გამოსახულებები მდინარესავით მიედინებიან. პერსონაჟები უფრო ზოგადია, ვიდრე ინდივიდუალიზმით აღნიშნული, მაგრამ როცა აკვირდებით, თითქოს პორტრეტული მახასიათებლებიც აქტიურდება და მოულოდნელად უცნაური ისტორიების უწყვეტი კრებული გიდგებათ თვალწინ.

საერთო შთაბეჭდილებით სიურრეალისტური ალუზიები ჩნდება შიშველი, პლასტიკური სხეულების განსხვავებულ ტერიტორიებზე.  ისინი თითქოს ხილვებიდან ამოდიან, თან მოჰყვებათ თავიანთი ისტორიები ან მათივე წარმოსახვით აგებული სცენები. აქ დრო პირობითია, სივრცე სიზმრისეულად მოჩვენებითი, – ფიზიკური კანონებისა და ლოგიკის მიღმა. კომპოზიციების სტილსა და მხატვრის საავტორო ნიშანს განსაზღვრავს ისეთი ელემენტების ერთობლიობა, როგორიც არის თითქოს უწონადობაში მყოფი შიშველი სხეულების პლასტიკა მუდმივად ცვლად სპეციფიკურ გარემოში, იქნება ეს პეიზაჟი, შადრევნებიანი და ლამპიონებიანი პარკი, თუ ინდუსტრიული არქიტექტურის ფონი. არქიტექტურულ კონტექსტებში ხშირად ჩნდება სარკმელი, კარები, ზოგადად ღიობი, რომელთანაც გამოსახულ პერსონაჟს ინტენსიური ბმა აქვს, თითქოს სწრაფვაა სადღაც გახედვის ან გასვლის.

ამ პერსონაჟების სიშიშვლეც ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა, ის თავისუფალია მატერიალური სხეულისგან, წონისგან, ეს სიშიშვლე იმ მდგომარეობას გამოხატავს, რომელიც მხოლოდ მის ეგზისტენციალურ ველზე, გახსნილობაზე მიუთითებს. ძალიან შთამბეჭდავია ძველი ნაგებობის დრამატული ინტერიერი, რომელშიც ირიბად შეჭრილი ადამიანის მთელი ყურადღება ჭერისკენ არის მიმართული, თითქოს ეს არის კატასტროფის შიში თუ მოლოდინი, საყრდენდაკარგული მდგომარეობა. ედვარდ ჰოპერის Nighthawks-ის ასოციაციები ჩნდება წითელი პეიზაჟის ფონზე გამოსახულ ბარის ინტერიერის ფრაგმენტთან რამდენიმე პერსონაჟით.

თითქოს ცნობილი ნამუშევრის ეპიზოდი სხვა რეალობაში აღმოჩნდა, „სხვის სიზმარში“. ინტენსიური წითელი ხშირად განმსაზღვრელია ამ სერიის განსხვავებული კომპოზიციებისთვის, ყოველ მათგანში მას თავისი როლი აქვს. მეტროს ვაგონის ინტერიერის შემთხვევაში ის კონტრასტულად აძლიერებს ერთადერთი შიშველი მგზავრის მარტოობას, პარკის ეპიზოდში კი წითელი, ხალიჩისებური მიწა თეატრალურ მოტივს გამოკვეთს, ააშკარავებს ერთი შეხედვით იდილიური სურათის დრამატულ არსს.

„შეუსაბამო გადაკვეთები“ არის ექსტრავაგანტური სერია-ექსპერიმენტი ახალ შესაძლებლობებზე ან შესაძლებლობების უსასრულობაზე.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.