Salone Del Mobile-ის გამორჩეულთა შორის ქართული სტუდიაცაა
პრესტიჟულმა ამერიკულმა გამოცემამ The New York Times-მა მილანში მიმდინარე ავეჯის ბაზრობის მონაწილე 13 გამორჩეული დიზაინერი დაასახელა, რომელთა შორისაა ქართული სტუდიის, Rooms-ის მიერ შექმნილი რესტორნის, Gheama-ს დიზაინი.
ქართველი დუეტის, ნატა ჯანბერიძისა და ქეთი თოლორაიას დაფუძნებულმა ინტერიერის დიზაინის სტუდიამ იტალიის ქალაქ მილანში არსებული პირველი ქართული რესტორნის დიზაინი შექმნა. მილანური ბაზრობა-გამოფენის დროს Rooms-მა სწორედ რესტორან „გეამას“ სივრცეში უმასპინძლა ვახშამს, სადაც ლონდონელი დამწყები დიზაინერის, ელიოტ ბარნსის რამდენიმე ახალი ნათურის გარდა, ავეჯი, ტექსტილი და საკუთარი დიზაინის განათება იყო ნაჩვენები.
The New York Times-ის სხვა რჩეულთა შორისაა ოსკარის ნომინანტი იტალიელი რეჟისორის, ლუკა გუადანინოს მიერ 2016 წელს ქალაქ კრემაში დაარსებული დიზაინის სტუდიის ნამუშევარი – By the Fire, რომელიც კერამიკულ ბუხარსა და გასაშლელ სავარძელთან ერთად ხის პანელებს, ხალიჩებსა და ყავის პატარა მაგიდასაც მოიცავს.
აღსანიშნავია ფრანგი მხატვრის, ანრი მატისის ოჯახის მეოთხე თაობის მიერ დაფუძნებული ფირმის (Maison Mattisse) შექმნილი „ფორმაფანტაზმა“, რაც თანამედროვე კონცეპტუალური, ორიგინალურად ამოჭრილი ქაღალდის განათებების სერიას წარმოადგენს.
სიაში აგრეთვე არიან ესპანური მოდის სახლი Loewe, იტალიელი დიზაინერი მარტინო გამპერი, ამერიკული Beni Rugs და სხვა.
წყარო: https://www.nytimes.com/