7-9 ივლისს, თბილისი რიგით 25-ე ჯაზ ფესტივალს უმასპინძლებს
ავტორი: მანანა მუსხელიშვილი
Eastern Promotions და „თიბისი კონცეპტი“, თბილისის რიგით 25-ე ჯაზ ფესტივალს უმასპინძლებს.
ტრადიციულად, წლევანდელი ფესტივალის მონაწილეები მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან. ფესტივალის დღეებში, სტუმრებს საშუალება ექნებათ, სასტუმროს სივრცეში, დაათვალიერონ ახალგაზრდა ფოტოხელოვანი თეიოს გამოფენა და დაესწრონ სხვადასხვა კინოჩვენებებს. ასევე სამი დღის განმავლობაში, კომპანია „აუდიო ლაბი“ მოაწყობს ვინილების გამოფენა-გაყიდვას.
7. 07. 22 DIANNE REEVES
„JAZZ`S GREATEST LIVING VOCALIST“
ამ ხმამაღალი სიტყვების გამო არ კამათობენ, რადგან დაიენ რივსის დოგმატურობამდე იდეალური შესრულება, იმპროვიზაციის შეუზღუდავი არეალი და ვირტუოზული მუსიკალური მონაცემები კამათის ადგილს არ ტოვებს.
დაიენ რივსი დაიბადა 1956 წელს დეტროიტში, მუსიკოსების ოჯახში. იზრდებოდა კოლორადოში, მუსიკასთან დაახლოებულ გარემოში, მისი ნიჭი ადრევე აღმოაჩინეს. თვითონ დაიენმა კი ცოტა მოგვიანებით აღმოაჩინა ხმის ძალა.
როდესაც ის სკოლის გუნდში მღეროდა, სხვა ფირფიტებთან ერთად სარა ვონის ჩანაწერი ჩაუვარდა ხელში, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა მასზე.
„იქამდე არ ვიცოდი, რომ ხმას ადამიანში ამდენი ემოციის გაღვიძება შეუძლია“.
ახლა რივსს ხშირად ახსენებენ სარასა და ელა ფიცჯერალდთან ერთად, როგორც ჯაზ-ვოკალის გამორჩეული შესაძლებლობების მქონე მუსიკოსს და სკატ სიმღერის ყველა დროის საუკეთესო შემსრულებელს. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ შესანიშნავი მომღერლების ერთ მუსიკალურ კლასში გაერთიანება უფრო მართებულია, ვიდრე მათი მუსიკის შინაარსის შედარება.
დაიენ რივსი ადრეული ასაკიდანვე დაინტერესდა სხვადასხვა ტიპის მუსიკის გადამუშავებით და საკუთარ რეპერტუარში ინტეგრირებით. ამასთანავე, მას არასდროს ახასიათებდა ერთ ჟანრზე შეჩერება.
მისი მუსიკალური ექსპერიმენტები კულტურის მრავალ სტილს მოიცავს და ინსპირაციას განსხვავებული სათავეებიდან იღებს. ხოლო ამ ყველაფრის მუსიკალურად გასამართავად დაიან რივსს თითქმის შეუზღუდავი შესაძლებლობები აქვს.
ფესტივალზე დაიენ რივსთან ერთად გამორჩეული მუსიკოსები იდგებიან სცენაზე, მაგალითად, ჯონ ბისლი, გრემის მფლობელი, პიანისტი, კომპოზიტორი და სახელგანთქმული მონკ–ესტრას დამფუძნებელი, ასევე ბრაზილიელი ჯაზ-გიტარისტი რომერო ლუბამბო, ბასზე, წარმოშობით ბრაზილიელი, ნიუ-იორკში მოღვაწე იტაიგუარა ბრანდაო, ხოლო დრამზე ტერეონ გალი, უმაღლესი კლასის ამერიკელი დრამერი, რომელიც ირიცხება მსოფლიოში ტოპ ჯაზბენდად აღიარებულ კრისტიან მაკბრაიდის ბენდშიც.
8. 07. 22
CROSSCURRENT
ჯაზში არ უყვართ გადამეტებული სიტყვები და პათეტიკური აღმაფრენა, მაგრამ თუ რომელიმე შემადგენლობას შეიძლება ზევარსკვლავების სუპერ ბენდი ეწოდოს, ეს სწორედ “ქროსქარენთია”, ჯაზის სამი გიგანტისგან შემდგარი ექსპერიმენტული ჯგუფი, რომელიც მუსიკის მისტიკოსის, ზაკირ ჰუსეინის იმპულსური იდეის შედეგად შეიქმნა.
ჯაზის განვითარებაში სამივე ვირტუოზს, ინდივიდუალურად, უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი და ამიტომ არც არის გასაკვირი, რომ მათ მიერ ერთობლივად შექმნილ მუსიკას აქვს უნარი მსმენელს ისეთი გამოცდილება შესთავაზოს, რომელსაც მხოლოდ ნამდვილი ოსტატის მოსმენისას იღებ, რომელსაც შეუძლია ჩასწვდეს ადამიანის ქვეცნობიერს და ის, თუნდაც დროებით, უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანოს.
ტაბლას დიდოსტატი და ინდური კლასიკური მუსიკის გურუ ზაკირ ჰუსეინი არ იზიარებს იმ შეხედულებას, რომელიც მის შემოქმედებას მხოლოდ ინდური მუსიკის ჩარჩოში განიხილავს.
რა თქმა უნდა, ეს პერკუსიის ფენომენი მისი სამშობლოსგან განცალკევებით არ მოიაზრება, თუმცა, ამავდროულად, ის მსოფლიოს მუსიკის გრანდია, რომლის კრეატიულმა კოლაბორაციებმაც მუსიკის ისტორია დაწერა. სწორედ ამ ისტორიის განუყოფელი ნაწილია „შაკტი“ – ლეგენდარული ჯგუფი ჯონ მაკლაფლინის, ლ. შანკარის და ზაკირ ჰუსეინის მონაწილეობით, რომელიც ადრეულ 1970-იან წლებში დაფუძნდა და მის შემქმნელებს მონუმენტური მუსიკოსების სტატუსი მოუტანა.
მას შემდეგ რაც ის მაილს დევისმა ჯაზის კრიტიკოსების მიერ „დაკარგულ კვინტეტად“ წოდებულ ისტორიულ შემადგენლობაში აიყვანა, დეივ ჰოლანდის მუსიკალურ ოდისეას ჯაზის ათასობით მოტრფიალე ადევნებს თვალყურს.
სწორედაც ჰოლანდმა, ჩიკ კორეამ და ჯეკ დიჟონეტმა გააჟღერეს ჯაზში პირველად ელექტროჰანგები („In a silent way“, „Bitches Brew“).
თუმცა კვინტეტში დაკვრისას დეივ ჰოლანდს არ ტოვებდა შეგრძნება, რომ ელექტრობასი მას სულ უფრო და უფრო აშორებდა აკუსტიკურ კონტრაბასს, ინსტრუმენტს, რომლის ბგერაც სრულ თანხვედრაშია მუსიკოსის შინაგან ენასთან და ჰიპნოზური დაკვრის უსასრულო ველს უხსნის მას. ზუსტად ამის გამო დატოვა დეივ ჰოლანდმა მაილსის ბენდი და გააგრძელა ძიება ჯერ კიდევ შეუცნობელი მუსიკალური ტერიტორიების აღმოსაჩენად. ამ აღმოჩენების შედეგად შეიქმნა უნიკალური კოლაბორაციები და მუსიკალური ნაზავები, რომელმაც თავის მხრივ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აღმოსავლური და დასავლური მუსიკის დაკავშირებაში.
კრის პოტერი, რომელიც ჰუსეინსა და ჰოლანდზე თითქმის ორი ათწლეულით ახალგაზრდაა, თავისი თაობის ერთ–ერთ საუკეთესო საქსოფონისტად ითვლება.
პოტერი პატარა ასაკიდან დიდ მუსიკოსებთან ერთად იდგა სცენაზე, თუმცა ისინი ვერასდროს ჩრდილავდნენ პოტერის ინდივიდუალურობას, პირიქით, ამ სცენას პოტერისთვის ყოველთვის თავისი კომპლექსური იდენტობის გამოსავლენად იყენებდა. პოტერს ახასიათებს შეუდარებელი ბგერა, რიტმი და უნარი, იყოს ერთდროულად „ფანკურიც“, ლირიკულიც და ამასთანავე „ისეთი თავისუფალი, როგორც ყველაზე თავისუფალი ჯაზის კონცეფცია“. თავისი ძალდაუტანებელი დაკვრით, ინსტრუმენტებს შორის გამართული კოსმოსური დიალოგით, მუსიკალური ერთობის და ინდივიდუალურობის სინთეზით „ქროსქარენთი“ გვპირდება, რომ არასდროს დაუშვებს მუსიკის დემისტიფიკაციას.
9. 07. 22
ვიჯეი აიერ ტრიო
„ინტერაქტიური და კოლაბორაციული კრეატივი“, ასე აფასებს ვიჯეი აიერი საკუთარი ტრიოს შემოქმედებას.
აიერის ბოლო ალბომს, რომელიც ცნობილ ECM Recods-ზე გამოვიდა, უდიდესი წარმატება ხვდა წილად. მსოფლიოს ჯაზის კრიტიკოსთა ყველაზე მკაცრ ნაწილსაც კი არ დაუშურებია აღმატებული სიტყვები ამ ჩანაწერისთვის. კრიტიკოსები ამ მუსიკას აფასებენ, როგორც ჯადოსნურ ტრიოს, როგორც ახალი სტანდარტების შემქმნელს, ხოლო ვიჯეი აიერს – „ღრმად მოაზროვნედ“.
გარდა იმისა, რომ ის თავისი თაობის ერთ–ერთ წამყვან მუსიკოსად ითვლება, კრიტიკოსები აიერს ხშირად ჯარეტის და მელდაუს კვალის გამგრძელებლად ასახელებენ.
ტრიოს შემადგენლობაში ასევე შედიან: ლინდა მეი ჰან ო, ნიუ-იორკში მოღვაწე ავსტრალიელი ბასისტი, რომელიც უკრავდა პეტ მეტენისთან, კენი ბარონთან, ჯო ლოვანოსთან და დრამზე ტაიშონ სორი, ამერიკელი მულტიინსტრუმენტალისტი და კომპოზიტორი, თანამედროვე მუსიკის პროფესორი და კოლეგების მიერ შეუდარებელი მუსიკალური მეხსიერების და ვირტუოზული მონაცემების მუსიკოსად წოდებული.