fbpx

მუსიკალური ინდუსტრიის ცნობილი ბრენდი Billboard საქართველოშია


გააზიარე სტატია

სასიამოვნო სიახლე მუსიკის მოყვარულებს და უნიკალური შესაძლებლობა- ქართველი მუსიკოსებისთვის.  მუსიკალური ინდუსტრიის ცნობილი ბრენდი Billboard   საქართველოშია.

 

ამერიკული ჟურნალი, რომელიც  ოქროს სტანდარტს აწესებს მუსიკალურ ინდუსტრიაში, ადგენს და აქვეყნებს მუსიკალურ ჩარტებს, სხვადასხვა კატეგორიის ყველაზე პოპულარული სიმღერების და ალბომების სიას აწარმოებს, საქართველოში კომპანია სილქნეტს შემოჰყავს. მხარეებმა ბილბორდ საქართველოს -Billboard Georgia-ს – დაარსების შესახებ უკვე განაცხადეს.

თანამშრობლობის შედეგად შეიქმნება პირველი ოფიციალური მუსიკალური ჩარტების სისტემა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვისაც. ბილბორდი საქართველო და სილქნეტი აქტიურად ითანამშრომლებენ Billboard გლობალურ პარტნიორებთან, რათა ქართველმა მუსიკოსებმა შეძლონ თავიანთი შემოქმედების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა და  მსოფლიოს სხვადასხვა  სცენაზე უკეთ წარმოჩენა.

მუსიკალურ ჟურნალისტიკაში Billboard ოქროს სტანდარტს წარმოადგენს.  ის ინდუსტრიაში ქმნის საუკეთესო ჩარტებს  და მუსიკის ნებისმიერი ჟანრის ყველაზე სრულყოფილ ბაზას აწარმოებს.  ქართული სამუსიკო სფეროსთვის ბილბორდის შემოსვლას გარდამტეხი მნიშვნელობა ექნება.

“სილქნეტი ციფრული ეკოსისტემის ფართო სპექტრს ავითარებს, რომლის საფუძველი საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე საუკეთესო ხარისხის ინფრასტურტურით არის განპირობებული. ბილბორდისა და სილქნეტის პარტნიორობით ჩვენ გვინდა ბაზარზე წარმოვადგინოთ ყველაზე სრულყოფილი მსოფლიო დონის მუსიკალური და გასართობი კონტენტი და მასთან ერთად პირველებმა გავაცნოთ საზოგადოებას მუსიკალური ინდუსტრიის ყველა სიახლე და ინოვაცია, რომელსაც ეზიარებიან ჩვენი მომხმარებლები, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, ვისთვისაც ეს სიახლეები ყველაზე აქტუალურია. ამასთანავე, ბოლბორდ საქართველო ქართველ მუსიკოსებსაც მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას უფრო ფართო აუდიტორიას გააცნონ თავიანთი შემოქმედება. მინდა ამ პარტნიორობისთვის და ნდობისათვის მადლობა გადავუხადო ბილბორდს,”- განაცხადა სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა.

გლობალური პროექტების საქართველოში შემოყვანა სილქნეტმა ჯერ კიდევ 10 წლის წინ დაიწყო, როცა საერთაშორისო ჟურნალ National Geographic -ის ქართული რედაქცია დაარსა. შემდეგ იყო სატელევიზიო არხის და ციფრული პლატფორმის Euronews Georgia-ს ქართველი მომხმარებლებისთვის შეთავაზება, რომელიც ასევე სანდო და რეიტინგული მედია ბრენდის Euronews -ის ნაწილია. კომპანიის ხელშეწყობით საფუძველი ჩაეყარა და ყოველწლიურად იმართება ვერბიეს (შვეიცარია) მუსიკალური ფესტივალის ანალოგი წინანდალში.

Billboard-თან პარტნიორობის დაწყების  აღსანიშნად 2 ივლისს საუთჰემპტონში (ნიუ-იორკი) სილქნეტი  გამართავს ღონისძიებას, რომელიც, ამავდროულად, საქართველოსა და ამერიკას შორის  დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს მიეძღვნება.

საუთჰემპტონის ხელოვნების ცენტრთან (Southampton Arts Center) და ჰემპტონის ჯაზის ფესტივალთან (Hamptons Jazz Festival) თანამშრომლობით გამართულ ღონისძიებას ამერიკისა და საქართველოს ბიზნესის, კულტურისა და დოლპომატიური სფეროს გამოჩენილი წარმომადგენლები დაესწრებიან; მათ შორისაა ამერიკული ჯაზის ლეგენდა ვინტონ მარსალისი (Wynton Marsalis), რომელიც Jazz at Lincoln Center Orchestra-სთან ერთად კონცერტს გამართავს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.