საბავშვო წრეები მეცნიერებასა და რობოტექნიკაში
ბავშვების მეცნიერებით დაინტერესების ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდი თანამედროვე სამყაროში ისეთი შემეცნებითი პროგრამებია, როცა ბავშვი თავად არის ჩართული ექსპერიმენტებში და მისი ტვინი და ხელები ერთდროულად მუშაობენ ახალი ინფორმაციის აღქმისა და დამუშავებისთვის.
ადრეული ასაკიდან საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით, ელექტრონიკითა და რობოტიქსით დაინტერესებისთვის რამდენიმე პროგრამა გამოიყენება: Lego Education, WeDo, Steam (Science – მეცნიერება, Technology – ტექნოლოგია, Engineering – ინჟინერია, Art – ხელოვნება, Mathematics – მათემატიკა), პროგრამირება და ა.შ. ყველა პროგრამა კონკრეტული ასაკისა და განვითარების ბავშვებისთვის არის განკუთვნილი და ერთგვარად ავსებს ერთმანეთს.
ბავშვების ჩართვა ამ ტიპის პროგრამებში ადრეული ასაკიდან არის შესაძლებელი. თბილისში არსებული რობოტიქსისა და ელექტრონიკის ყველაზე მარტივი ჯგუფები 5 წლის ასაკის ბავშვებისთვის არის განკუთვნილი.
გთავაზობთ იმ რამდენიმე „სკოლას”, სადაც ბავშვები შეიძლება მეცნიერებებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით დაინტერესდნენ.
UG-Limes
სასწავლო პროგრამებს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის გთავაზობთ. აქ შეიძლება ისწავლოს როგორც პირველკლასელმა, ასევე 35 წლის ზრდასრულმა. I-II კლასელების მეცნიერებით დაინტერესება Steam-ის პროგრამით იწყება, რომელიც თავის თავში აერთიანებს მეცნიერებას, ტექნოლოგიებს, ინჟინერიას, ხელოვნებასა და მათემატიკას, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვი ხუთივე მიმართულებით ჰარმონიულად ვითარდება.
განვითარების ეს მიდგომა საგაკვეთილო სტრუქტურაშია ასახული: ყოველი თვე გაყოფილია 4 ნაწილად. პირველი ნაწილი მოიცავს მეცნიერების კომპონენტს, მეორე ნაწილი ტექნოლოგიების, მესამე ნაწილი ინჟინერია-ხელოვნების, მეოთხე ნაწილი კი მათემატიკის კომპონენტს.
თითოეული გაკვეთილი ეფუძნება პრაქტიკულ, ხელით მუშაობას. მესამედან მეექვსე კლასამდე ბავშვებს აქ რობოტექნიკასა და ელექტრონიკას შეასწავლიან, უფრო მოზრდილებს ფიზიკას და პროგრამირებას, ზრდასრულებს კი ელექტრონიკისა და პროგრამირების სწავლა შეუძლიათ. იუჯი ლიმესი მოხერხებულია გრაფიკის თვალსაზრისითაც, ვინაიდან მეცადინეობების დიდი ნაწილი დასვენების დღეებზე მოდის, აქვთ ასევე საზაფხულო ბანაკებიც.
Robotics
ბავშვთა /მოზარდთა განმავითარებელი, რობოტოტექნიკის და პროგრამირების შემსწავლელი ცენტრი, რომელიც დაფუძნებულია LEGO Education საგანმანათლებლო სისტემაზე და სხვა უახლესი პროგრამების და რესურსების გამოგონებებზე. Steam-ის სისტემას აქაც შეხვდებით. აქ თვლიან, რომ ის პროგრამები, რომლებსაც ბავშვებს სთავაზობენ, არა მარტო ცოდნას აძლევს ბავშვებს, არამედ უვითარებს ლოგიკურ და შემოქმედებით აზროვნებას, აჩვევს გუნდურ მუშაობას, უყალიბებს პრეზენტაციის ჩვევებს და ასწავლის საკუთარი პროექტების შექმნას, განვითარებასა და დაცვას. ეს სკოლა 4 წლიდან 21 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ პროგრამებს სთავაზობს მომხმარებლებს. ყველაზე პატარები მენტალური მათემატიკით იწყებენ და შემდეგ (5 წლიდან) WeDo პროგრამაში შეუძლიათ ჩართვა, რაც მარტივ კონსტრუირებასა და პროგრამირებას გულისხმობს. 5-7 წლის ბავშვებისთვის ფუნქციონირებს ასევე კურსი “შექმენი შენი ისტორია”, რომელიც ბავშვებს შემოქმედებით უნარებს უვითარებს. ასაკის მატებასთან ერთად კი რობოტიქსი, ელექტრონიკა და პროგრამირება ჩნდება.
ბავშვების მიერ შექმნილი მზის ენერგიაზე მომუშავე რობოტი, რომელსაც ყავის მიტანა შეუძლია დანიშნულების ადგილზე 🙂
Junior Innovations Lab – Junior ინოვაციების ლაბორატორია
აქ ბავშვებს სამი წლიდან იღებენ და Lego Duplo-თი ათამაშებენ წარმოსახვის განსავითარებლად. ეს ცენტრი საინტერესოა იმითაც, რომ საქართველოში Lego Educations-ის ოფიციალური წარმომადგენელია, შესაბამისად, პერიოდულად აქვთ ხელსაყრელი შეთავაზებები ლეგოს სხვადასხვა ნაკრებზე, ასევე დაინტერესების შემთხვევაში თანამშრომლობენ სკოლებში ამ პროგრამების ინტეგრაციაზე.
გარდა ბავშვებისა, რობოტიქსი, ელექტრონიკა და პროგრამირება პერსპექტიულია უკვე ზრდასრულებისთვისაც. დაინტერესების ზრდასთან ერთად ჩნდება მასწავლებლების, ინსტრუქტორებისა და სპეციალისტების მოთხოვნა, რომლებიც დღეს საქართველოში არც ისე ბევრია და მათი გადამზადება ისევ ხსენებული ცენტრების ბაზებზე ხდება. რაც უფრო მეტი იქნება დაინტერესება, მით მეტი კადრი გახდება საჭირო და თუკი ამ მიმართულებებისადმი ინტერესი გაგაჩნიათ, შეიძლება ღირდეს პროფესიის მოდიფიკაციაზე დაფიქრებაც.