fbpx

ელექტრონები და ფოტონები – Sleepers Poets Scientists Vol. 2-ის მიმოხილვა


გააზიარე სტატია

ავტორი: რეზი ხუნწელია

 

წარმოიდგინე, რომ უცნობ დერეფანში სეირნობისას გვერდი ჩაუარე ქიმიის ლაბორატორიას, საიდანაც უცნაური ხმები გესმის. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ქიმიური ექსპერიმენტების ბუნება არ გესმოდეს, მაინც ხვდები, რომ კარს მიღმა რაღაც საინტერესო ხდება. შემდეგ უფრო მეტად აყურადებ და ცდილობთ გამოიცნო, თუ რასთან გაქვს საქმე… შემდეგ კი… 

როდესაც CES Records-მა პირველი ნაბიჯი გადადგა, ეს Sleepers Poets Scientist-ის კომპილაციური ალბომით მოხდა – თამამი, უკომპრომისო და საკმაოდ პრეტენზიული ჩანაწერით, რომელიც 9  მუსიკოსი ქალის შემოქმედებით ბუნებას გვაცნობდა. მაშინ პროექტის ერთ-ერთმა კურატორმა, ნატალია ბერიძემ აღნიშნა, რომ „ეს კომპილაცია არის იმ ყველაფრის ხერხემალი, რის მიღწევასაც მე, როგორც მუსიკოსი და მასწავლებელი ვცდილობ“. სამი წლის შემდეგ კომპილაციის მეორე ნაწილი გამოიცა და კიდევ უფრო ნათელი გახდა ყველა ის დეტალი, რაც წლების წინ ცოტათი ბუნდოვანი ჩანდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერში ამჯერადაც მხოლოდ  კომპოზიტორი ქალები გვხვდებიან, არაკორექტული იქნება თუ ვიტყვით, რომ ეს (მხოლოდ) მიზანმიმართული ფემინისტური განაცხადია – პირველ რიგში ეს ალბომი არის მუსიკალური განაცხადი, რომელსაც თავისი ფემინისტური პერსპექტივა კიდევ უფრო საინტერესოს და საყურადღებოს ხდის. 

Sleepers Poets Scientist-ის ამ კომპილაციაში ნაზი ჭავჭავაძის კომპოზიცია MarTobdaSaati ზუსტად ის “უცნაური ხმებია”, რომელიც ქიმიის ლაბორატორიის კარზე ყურს მიგადებინებს. როგორც წესი, მსგავს კომპილაციებში პირველი კომპოზიცია პრელუდიის ფუნქციას ასრულებს – ის ერთდროულად ცდილობს მოსმენის რიტუალში ჩაგრთოს და თან არ გააფუჭოს სიურპრიზები, რომლებიც წინ გელოდება. ამ შემთხვევაში კი MarTobdaSaati სრულიად განსხვავებულ როლს ითავსებს. ნაზი ჭავჭავაძე იდეალურად ახერხებს მსმენელის დეზორიენტაციას მსმენელისვე სასარგებლოდ, რაც, ჩემი აზრით, აბსოლუტურად გამართლებული და შეიძლება ითქვას, საუკეთესო გზაა Sleepers Poets Scientist-ის წარსადგენად. 

ის მელოდიური კონტრასტი, რომელიც ალბომში ანუშკა ჩხეიძის Olympic-ს შემოაქვს, კიდევ ერთხელ ამყარებს იმ აზრს, რომ Sleepers Poets Scientist-ის მუსიკალური ორიენტაციის პროგნოზირება ყოველი შემდეგი კომპოზიციის მოსმენის შემდეგ უფრო და უფრო რთული და აბსურდული ხდება. „ალბომში შესული ორივე ტრეკი (Olympic და Give Me Age) ძალიან სწრაფად შეიქმნა. ზოგადად, როდესაც მუსიკას კონკრეტული პროექტისთვის აკეთებ, უფრო კარგი გამოდის, ვიდრე უკვე შექმნილი ტრეკის მორგება“. – ანუშკა ჩხეიძე ერთ-ერთი ის არტისტია, რომელიც როგორც პირველი, ასევე მეორე Sleepers Poets Scientist-ის კომპილაციაში ტოვებს თავის ძალიან საინტერესო კვალს. მსგავსებების პარალელურად, კომპილაციებში ადვილად შეიმჩნევა ახალი აქცენტებიც: 3 წლის წინანდელი ჩანაწერისგან განსხვავებით, აქ უფრო მეტად იგრძნობა საერთო მუსიკალური წახნაგების ირგვლივ გაერთიანება. ცალკეულ შემთხვევაში ეს არის მეტი აქცენტი ელექტრონული წარმოშობის ბგერებზე, ზოგჯერ კი ღია საცეკვაო მოედნებისთვის შესაფერისი რიტმული სტრუქტურები. ამავდროულად, Gute Nacht და It’s Burning-ის შემთხვევაში ვხვდებით ნეოკლასიკურ მუსიკალურ ტრადიციებსაც, რომლებიც, ალბომის ზოგადი ბგერითი ხასიათიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ვიბრაციებს იწვევენ. 

თუმცა, Olympic-ს ამ კრებულში სხვა საინტერესო ფუნქციაც აქვს: ის ერთდროულად არის ალბომის საუკეთესო ტრეკი, რომელზეც ნაკლებად ილაპარაკებენ და თან ძალიან კარგი ხიდი იმ შემოქმედებითი სივრცეებისკენ, რომლებსაც ჯერ ELY ANN კომპოზიციით No More TikTok, ხოლო შემდეგ თამო ნასიძე Gute Nacht-ით ეხება. ალბომის პირველ მესამედს კი ნატალია ბერიძე The Dawn-ით ასრულებს და კომპილაციის ყველაზე კომპლექსურ და სრულყოფილ მუსიკალურ ნაწარმოებს გვთავაზობს. როგორც მასწავლებელი, რომელიც სტუდენტებთან მუშაობს, ამბობს, რომ ამ სამუშაო პროცესის ერთ-ერთი ხიბლი საკუთარი სტუდენტების სხვა კუთხით გაცნობა და შეფასებაც არის:

 „[კრებულზე მუშაობისას] ზოგჯერ კომპრომისებზე გვიწევს წასვლა, რადგან ალბომი მაინც ერთ მთლიანობად უნდა იყოს შეკრული. მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერები ძალიან ეკლექტურია, ეს ეკლექტიკაც კი აუცილებლად ერთიანობას უნდა ქმნიდეს. ეს ძალიან ჯადოსნური პროცესია“. 

ტუსია ბერიძის მუსიკალური მანევრების სილამაზე ქართველმა (და არამარტო ქართველმა) მსმენელმა დიდი ხნის წინ დაინახა, თუმცა The Dawn მაინც საჭიროებს რამდენჯერმე მოსმენას, რადგან აქ ზედაპირზე თითქმის არაფერი არ დევს. ზოგადად, ნატალიას და ნიკა მაჩაიძის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათი კურატორობით შექმნილი კურსი (Sleepers Poets Scientist-ის კომუნა) ქართულ რეალობაში ცალკეულ მუსიკალურ სკოლას უფრო წარმოადგენს, ვიდრე სასწავლო კურსს. ეს სკოლა კი წლებია წარმატებით “აწარმოებს” მკაფიო მუსიკალური მსოფლმხედველობით შეიარაღებულ მუსიკოსთა თაობას, რომლებიც საკუთარი თვითგამოხატვის ფორმების შერჩევისას კომპრომისებს ადვილად ირიდებენ. 

ამ კომუნის კიდევ ერთი მთავარი ღირებულება ის არის, რომ საერთო ქოლგის არსებობის მიუხედავად, არტისტები მაინც ახერხებენ საკუთარი იდენტობის დაფიქსირებას ისე, რომ სახეზე გვაქვს არა უბრალოდ  კომპოზიტორი ქალების მუსიკალური კრებული, არამედ ერთიანი ბგერითი გალაქტიკა, რომლის უკანაც კონკრეტული სახელები და გვარები დგანან. 

 

ერთ-ერთი ასეთი სახელი და გვარია თამო ნასიძეც, რომელმაც Mtiebisa-ს მოსმენა ნამდვილ სპირიტულ გამოცდილებად აქცია. ხოლო Emil Aus Berlin-ით Raster Noton-ის საკულტო ჩანაწერები გაგვახსენა. ამ არტისტის ექსპერიმენტული ნაბიჯების კვალდაკვალ ადვილად შეიმჩნევა, რომ მას ძალიან საინტერესო აკადემიური წარსულიც აქვს – გამოცდილი ყური მის ნაწარმოებებში ადვილად შეამჩნევს, თუ რამდენად ფაქიზად არის ცალკეული კომპონენტები თუ ტექსტურები დამუშავებული და აწყობილი. ვფიქრობ, რომ დროა თამო ნასიძე საკუთარ შემოქმედებას სოლო რელიზებითაც აქტიურად გვაცნობდეს. 

ნაზი ჭავჭავაძე კი ალბომის შუა ნაწილში Moning You Are Trying to Open You Eyes-ით ბრუნდება, სადაც აბსოლუტურად განსხვავებულ ისტორიას გვიყვება და გვაჩვენებს, რომ MarTobdaSaati-ს ბრუტალური ხასიათი მისი შემოქმედებითი სამყაროს მხოლოდ ერთი ნაწილია. კომპილაციის ბოლო მესამედი ისეთივე აგრესიული ელემენტებით და ტექსტურებით გამოირჩევა, როგორც საწყისი ნაწილი, თუმცა ამ ყველაფერს ამჯერად უფრო მეტი IDM განწყობა და საცეკვაო მოედნის მტვერი დაჰყვება. თამთა გვარლიანი და CES Records-ის დამფუძნებელი sTia კი თავიანთი ნაწარმოებებით მსმენელს ამ 50-წუთიანი მოგზაურობის ლოგიკურ დასასრულს სთავაზობენ. მიუხედავად სათაურებს შორის არსებული კონტრასტისა, Sleepy და It’s Burning-იც Sleepers Poets Scientist-ის დასასრულს თანაბრად კომფორტულს და ძალდაუტანებელს ხდის. 

არცერთი ექსპერიმენტი დაზღვეული არ არის წარუმატებლობისგან და ეს მოცემულობა ყველა ექსპერიმენტის ყველაზე მომხიბვლელი ელემენტია… Sleepers Poets Scientist-იც ქიმიურ ექსპერიმენტს ჰგავს, რომელსაც ერთდროულად პოეტები და მეცნიერები წარმართავენ… და რომელმაც ორივე ჯერზე გაამართლა, თან ძალიან გაამართლა… შედეგში ზოგჯერ ქიმიური რეაქციები ჭარბობს, ზოგჯერ მეცნიერული რაციონალიზმი, მაგრამ არასდროს იკარგება მთავარი ხიბლი, რაც ამ პროცესს თან სდევს: წარუმატებლობის გარანტია – ერთადერთი გარანტია, რომელიც ექსპერიმენტატორს შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ მაინც აკეთებდეს იმას, რისიც სჯერა… ზუსტად ამ დროს შეამჩნევს, რომ კარს უკან ვიღაც უსმენს, ვიღაცას აინტერესებს და შემდეგ კი… 

შემდეგ კი წარმოიდგინე, რომ უცნობ დერეფანში სეირნობისას გვერდი ჩაუარე ქიმიის ლაბორატორიას, საიდანაც უცნაური ხმები გესმის…

 

https://cesrecords.kudosrecords.co.uk


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.