62 საფეხური ზემელის ცამდე, ანუ ერთი კიბის ისტორია
ავტორი: ცირა ელისაშვილი
ის, ყოველთვის მაღალ ქოლგას მაგონებდა. პირველად დედამ მანახა. მის სიმაღლეს თვალი რომ ავაყოლე თავბრუ დამეხვა. მე ბავშვი ვიყავი, ის კი იდგა ამაყად აშოლტილი, ხვეულად ცაში აჭრილი, რაღაცნაირი ორფერი, ერთდროულად ღია მომწვანოც და მოცისფროც – ბარნოვის 2 ნომრის ჭვირული (ეს სიტყვა მაშინ არ ვიცოდი) კიბე.
თბილისური ხვეული კიბეების სიმრავლის მიუხედავად, მისი გამორჩეულობა უდავოა.
ჩემთვის მას დარეჯანის ეზოს კიბე ჰქვია. დარეჯანი დედას ბავშვობის მეგობარი იყო, რომელიც ამ ეზოში ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც მოგვიანებით გავიგე, ამავე ეზოში სერგო ზაქარიაძეს და ლადო ასათიანის დას უცხოვრიათ, ჩემს მეხსიერებაში ის მაინც დარეჯანის ეზო სახელით დაილექა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ კიბის ზუსტი ასაკი არ ვიცით (სავარაუდოდ, 130 წლისაა) ფაქტია, რომ სამ საუკუნეს მოესწრო.
რამდენ ადამიანსაც მასზე აუვლია, იმდენი ფიქრი და ამბავი ახსოვს. ჰო, ბარნოვის კიბეზე დაუფიქრებლად ვერ ახვალ. ბედისწერა როგორც ტრიალებს ადამიანის გარშემო, ადამიანიც ასე ტრიალით მიუყვება ამ კიბეს, უსასრულობისაკენ. მიუყვება ფიქრით, შეიძლება სევდით, საკუთარი ცხოვრების კინოკადრებად გახსენებით, ან პირიქით – აჩქარებით, სიხარულით და ბედნიერებით…
ამ კიბეს ყველა ზემელელი ახსოვს, მეწაღე ნიკა მაჩაიძიდან დაწყებული… ულამაზესი და უცნაური მედიკოთი დამთავრებული.
ბარნოვის კიბეს თბილისური ამბების გასაგებად სხვებივით თითის წვერებზე დადგომა არასოდეს დასჭირვებია. მისი სიმაღლე ყოველთვის საკმარისი იყო ქალაქური სურათების დასანახად. თბილისში მომხდარი კეთილ ამბებსაც ხედავდა და ტკივილიანსაც…
მაგრამ ამდენი ამბების მომსწრე, რას იფიქრებდა, რომ მთავარ და ნამდვილ ისტორიას თვითონ დაწერდა:
დანგრევას ბეწვზე გადარჩენილი კიბე (მის გვერდით სამშენებლო მოედნად გამზადებული ტერიტორია დღესაც ინვესტორის მოლოდინშია) ბერდებოდა, მოუვლელობით სუსტდებოდა. სიმაღლეში კი იყო ისევ ზეცაში აჭრილი, მაგრამ მისი სიმყარე აღარ იყო საიმედო. მის საფეხურებს ადამიანები უკვე არა ფიქრით, არამედ შიშით აუყვებოდნენ. ამ შიშმა ფიქრები დაჩრდილა და ერთხელაც, ადამიანებმა კიბით სარგებლობაზე უარი თქვეს. აღარც მორბენალი ბავშვები და აღარც სარეცხის გაფენისას ერთმანეთთან მოსაუბრე მეზობლები არღვევდნენ მის მყუდროებას.
უფუნქციოდ დარჩენილმა კიბემ, რომელიც მთელი ცხოვრება სხვის ნაბიჯებს ითვლიდა და ეს ნაბიჯები საკუთარ გულისცემად მიაჩნდა... ცხოვრება შეწყვიტა.
და, ასე გახევებული და საკუთარ ბედთან შეგუებული იდგებოდა კიდევ დიდხანს, რომ არა 5 ქვეყნის 13 ახალგაზრდა არქიტექტორის მთავარი ფიქრი. ფიქრი, რომელიც მას ეხებოდა. ხმოვანი გზავნილი თუ შეძახილი, რომელიც სწორედ იმ ადამიანებისგან ძალიან ცხადად გაიგო, ვინც რამდენიმე დღე მის გარშემო უცნაურად ტრიალებდნენ, ხმამაღლა ფიქრობდნენ, დავობდნენ და ბოლოს ხმამაღლა ამოსძახეს: ეჰეი, ბარნოვის კიბევ, უნდა გა-დარ-ჩეეეე!
და დაიწყო!
დაიწყო, პროექტირების, ნებართვების, თანხების მოძიების გრძელი და რთული პროცესი…
კვლევა, აზომვა, ფიქსაცია, დაშლა, აწყობა, გაწმენდა, ჩაკერება… ყველა გადარჩენილი დეტალის უკან დაბრუნება, ნაკლულის ახლით ჩანაცვლება… ამასობაში ამბავი ქალაქს მოედო… რა ხდება? რა ამბავია? მართალია? ანგრევენ თუ აკეთებენ?
გაკვირვება, აღტაცება… ისევ საფეხურზე ამავალი ადამიანები ფიქრებით… ისევ, ნაბიჯების ხმა! ხმა, რომელიც გულისცემას ნიშნავს!
ჰო, გულისცემას, სიცოცხლეს! ახალ სიცოცხლეს!
გადარჩა! გადარჩა კი არა, სიძველის ყველა დაღი დეტალებს ისევ ასვია. ეს ნამდვილობა (ავთენტიკურობა რომ ჰქვია) ისეთი თვალსაჩინოა, რომ პირველადი ფერით დაფერვა დაგენანება.
ბარნოვის კიბე უმოკლესი გზაა ცაში ასასვლელად. 62 საფეხურის ავლით მეცხრე თუ არა, ზემელის ცაზე მაინც მოხვდებით. გზად ზუსტად 362 ჭვირულ ორნამენტს აივლით, რომელიც 14 მეტრი სიმაღლის კიბეს მიუყვება.
ამ კიბის პირვანდელი ავტორების და ოსტატებისგან განსხვავებით, რომელთა სახელებიც დრომ და მეხსიერებამ არ შემოგვინახა, ამ კეთილ საქმეზე მომუშავე ყველა ადამიანის სახელი და გვარი ცნობილია.
ზუსტად ვიცი, რომ უკაპიკოდ და უანგაროდ შესრულებული სამუშაოსთვის მათაც ანონიმურად დარჩენა ურჩევნიათ, მაგრამ ჩემთვის ახლა დარეჯანის ეზოს კიბეს აი, ამ ხალხის სახელი ჰქვია:
პროექტის გუნდის წევრები:
- ტომას იბრაჰიმი
- თურან ზიაიმერი
- ფრა კროტტი
- მარტინას კილიუსი
- ფელიქს ეიბლი
- ლუკა ღუდუშაური
- ნიკა გაბისკირია
- გიორგი შაბურიშვილი
- დათო შაბურიშვილი
- ნიტა ივანიშვილი
- კატია პეტროვსკაია
- ლაშა შარტავა
- გიო სუმბაძე
დურგალი: დავით ლილუაშვილი
კონსტრუქციული ზედამხედველობა: ბორის დგებუაძე
ფიზიკური სამუშაოების დამხმარე მოხალისეები:
- ულლა ალლა
- ლუკა გოგლიძე
- ნოდარ ჩარკვიანი
- გიორგი თოდაძე
- ნინუცა შატბერაშვილი
- რეზო ხარჩილავა
- რეზო შარაშიძე
- გაგა თურმანიშვილი
- დათი ცინცაძე
- გიორგი ჟორჟოლიანი
- მარიამ ძიმისტარიშვილი
- კოტე გაფრინდაშვილი
- კოტე ვაჩეიშვილი
- ლევან ჭილაშვილი
განსაკუთრებული მადლობა:
- რამაზ გაბისკირია
- მარია ტერეზა პელლეგრინო
- მეჰრ შად ზიაიმერი
- პაოლა გუერინი როკკო
- სანდრო სულაბერიძე
- ანგუს ლიდლი ბრაუნი
- ჰუბერტ ვან დერ მილი
- ტრიინ რეიდლა
- გივი მაჭავარიანი
- თამაზ ტუღუში
- რეზი გვარამაძე
- გიორგი ნამგალაძე
- სანდრო გაბისკირია
- ბექა წიქარიშვილი
- ანა კაპანაძე
- ნანა გოგოჭური
- ნინა წოწორია
- ავო ტრაგელი
- ზაზა აბუაშვილი
- ვალერი ლაზაშვილი
- ალვიდას ამბრასასი
ეს სია ისეთივე ჭრელია, როგორც ნაღდი თბილისი და ისეთივე გრძელი, როგორც ბარნოვის 2 ნომრის კიბე.
მადლობა, სიკეთისათვის!
ცირა ელისაშვილი
ფოტო © ნინუკა საკანდელიძე