fbpx

FLYING-ACE – მფრინავი ასი უკვე ასაფრენ ბილიკზეა


გააზიარე სტატია

 

ბავშვობაში ვის არ უოცნებია ფრენაზე ან ფრთებზე, ან მფრინავ ხალიჩაზე, ან ჯადოსნურ მანტიაზე? ჰოდა, დიდობაში უკვე კიდევ უფრო შორს გაფრენის და ოცნებების ასრულების  დროა. თუმცა ეს ბავშვების  გარეშე მაინც არ გამოვა, ამიტომაც სწორედ მათთან თამაშისას დაებადათ ახალი საბავშვო ბრენდის კონცეფციის იდეა Flying Ace-ის შემქმნელებს. ნინი და სოფო ზალკალიანებმა, თათა კვარაცხელიამ და ნუცა ქისტაურმა ბავშვებისათვის შექმნილი ჯადოსნური ნივთები ივლისში უკვე პარიზში გამართულ საერთაშორისო საბავშვო გამოფენაზე – Playtime Trade Show-ზეც წარადგინეს. ბავშვებს უკვე მთელ მსოფლიოში შეეძლებათ, საქართველოში წარმოებულ სამოსით თავის ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურონ, უფრო სწორად კი იფრინონ.

AT: რამ ან ვინ შთაგაგონათ, შეგექმნათ “მფრინავი ასი“?

თათა კვარაცხელია: 2021 წლის ზაფხულში დაგვებადა იდეა შეგვექმნა ბავშვთა ხაზი, რომელიც გამორჩეული იქნებოდა ბაზარზე არა მხოლოდ მისი კონცეფციით და დიზაინით, არამედ უმაღლესი ხარისხით, რაც ასე საჭიროა, როდესაც საქმე ბავშვებს ეხებათ. მე თვითონ სამი შვილის დედა ვარ და ეს იდეაც სწორად  მათთან თამაშის დროს დამებადა. წარმოსახვითი თამაშები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია ბავშვთა კოგნიტიური განვითარების პროცესში. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ,  ადრეულ ასაკში აქტიურად უნდა მოხდეს წარმოსახვითი თამაშების სტიმულირება მშობლის/აღმზრდელის მხრიდან. პანდემიის პერიოდში, მაშინ როდესაც გარეთ გასვლაც კი შეზღუდული იყო და ძირითადად სახლში გვიწევდა ყოფნა, ვცდილობდით, რომ სწორედ ამ ტიპის თამაშებისთვის მიგვემართა.  ერთ დღესაც კი ჩემმა შვილებმა მთხოვეს „ჯადოსნური მანტიები“ ე.წ. cape-ები და ყველაფერი აქედან დაიწყო… თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბრენდის კონცეფციის იდეა ჩემი შვილებისგან წამოვიდა, რის დახვეწაზეც შემდეგ უკვე  მთელმა გუნდმა (ნუცა ქისტაური, სოფო ზალკალიანი, ნინი ზალკალიანი,  თათა კვარაცხელია) ერთად ვიმუშავეთ და  1 წლის შემდეგ საბოლოო შედეგიც გავაცანით საზოგადოებას“. 

AT: რა არის თქვენი კოლექციის მთავარი პროდუქტი?

სოფო ზალკალიანი: ბრენდის მთავარ საწარმოო ხაზია მანტიები, რომელიც სხვადასხვა თემატიკის მიხედვით არის  შექმნილი. “მფრინავი ასის“ პირველი კაფსულური კოლექცია, რომელიც ხელოვან თეკლა კიღურაძის ნამუშევრებით არის ილუსტრირებული, შედგება 4 სხვადასხვა პრინტის მანტიისგან. მანტიებთან ერთად, ბრენდის ერთ-ერთი მთავარი პროდუქტია – წინდები.

გვინდა განსაკუთრებულად ხაზი გავუსვათ, რომ მიუხედავად მანტიებზე არსებული ხასხასა ფერებისა და გამორჩეული ვიზუალისა, ჩვენი თითოეული პროდუქტი არის ნატურალური, შედგება 100%-იანი ორგანული ბამბის ქსოვილისაგან და შესაბამისი პრინტიც ანტიალერგიული, არატოქსიკური ნივთიერებებისგანაა დამზადებული. 

AT: რადგან ბრენდი არა მარტო კონცეფციით და დიზაინით, არამედ უმაღლესი ხარისხითაც  გამოირჩევა, რაც ასე საჭიროა ბავშვებისთვის, სად და როგორ იქმნება FLYING ACE?

“მფრინავი ასის”, როგორც ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ მოგვეძიებინა ისეთი მწარმოებელი, რომელიც პროდუქციის ხარისხის გარანტი იქნებოდა და ამავდროულად, ჩვენი ბიზნესგეგმის მოლოდინს გაამართლებდა. სწორედ ასეთის მოძიება იყო ყველაზე რთული, ვინაიდან დაგვჭირდა მრავალი სატესტო ვერსია, ხარისხის შემოწმება, თარგების მორგება, ფერების კორექცია, სტრუქტურის შემოწმება და ა.შ. მანტიების შემთხვევაში, ძირითადი მასალა და ნედლეული შემოგვაქვს უცხოეთიდან, ხოლო პროდუქციის წარმოების ციკლი სრულად საქართველოში ტარდება. წინდების  შემთხვევაში კი ძალიან გაგვიმართლა, რომ ადგილობრივ ბაზარზე მოიძებნებოდა ისეთი კომპანია, რომელსაც მინიჭებული ჰქონდა OEKO-TEX STANDARD 100-ის სერტიფიკატი, რაც გულისხმობს, რომ მათ მიერ წარმოებულ პროდუქტში არ შედის არანაირი ქიმიური ნივთიერებები და დანამატები. 

AT: როგორ გადაწყდა, რომ თქვენი პირველი კოლექცია სწორედ თეკლა კიღურაძის ნახატებით გაგეფორმებინათ?

ნინი ზალკალიანი: თითოეული ილუსტრაცია და პატერნი არის ძალიან დიდი შრომის შედეგი. მაშინ როდესაც „მფრინავი ასის“  იდეა დაგვებადა და ჩვენს გონებაში იხატებოდა, გადავაწყდით თეკლა კიღურაძის ნამუშევრებს და უცებ მივხვდით, რომ ჩვენს იდეას ფრთებიც შეესხა, რადგან თეკლას ზუსტად ის ხედვა და სტილი ჰქონდა, რასაც ასე ვნატრობდით. და აი ასე, ერთი ჩანაფიქრით და თეკლას ჯადოსნური ხელწერით შეიქმნა ჩვენი მანტიების მთავარი გმირები: ლოყებაღაჟღაჟებული კეთილი მზე, დინჯი მთვარე, კოსმოსური სისწრაფით მქროლავი რაკეტა და ბალანსის ქალღმერთი ცირკის დედოფალი…

AT: სახელზე რას გვეტყვით. რატომ Flyin Ace?

ნუცა ქისტაური: სახელის შერჩევა ნამდვილად დიდი გამოწვევა იყო, რადგან რამდენიმე ვერსიაზე ვმუშაობდით და მომხმარებლებთან მიმართებაში პატარა კვლევებსაც ვაწარმოებდით, საბოლოოდ კი ჩვენმა ერთ-ერთმა თანადამფუძნებელმა სოფო ზალკალიანმა მიაგნო მფრინავი ასის იდეას და ოთხივეს იმ წუთშივე შეგვიყვარდა ჩვენი მფრინავი. 

მფრინავი ასი საჰაერო ბრძოლების დიდოსტატს ნიშნავს. სახელწოდებაც სწორედ ამ მიზნით შევარჩიეთ, რადგან გვსურდა ჩვენი ბრენდი გამხდარიყო სათავგადასავლო ფრენის სიმბოლო. ლოგოც სწორედ აქედან მოდის, მფრინავი ასი თავის ვერტმფრენში ზის და ღრუბლების ფონზე სულ მაღლა, ზევით დიდი სისწრაფით მიექანება, მისი მანტია კი ფრთებივით არის გაშლილი და თითქოს ფრენაში ეხმარება ვარსკვლავებიან ვერტმფრენში მჯდომ საჰაერო ბრძოლების დიდოსტატს.

AT: ალბათ გეგმავთ საერთაშორისო ბაზრის ათვისებას. ამ მხრივ რა გეგმები გაქვთ?

ნუცა ქისტაური: ბრენდის შექმნის პირველივე დღიდან ჩვენი მიზანი იყო “მფრინავი ასი” საზღვრებს გარეთ გაგვეტანა და სწორედ ამ მიზანს მოვარგეთ ჩვენი პროდუქციის გაყიდვების ძირითადი ნაწილი. პირველ ეტაპზე ჩვენთვის პრიორიტეტული საექსპორტო ქვეყნების ნუსხაში არის: საფრანგეთი, ლუქსემბურგი, იტალია და ბელგია, ვინაიდან ამ ეტაპზე უკვე გვაქვს კონკრეტული მოლაპარაკებები აღნიშნულ ქვეყნებში არსებული კონცეპტუალური პლატფორმებიდან. ამ  თვეში „მფრინავმა ასმა“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილ საერთაშორისო თრეიდ-შოუში მიიღო მონაწილეობა და ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო მყიდველებისგან ჩვენი ბრენდის მიმართ ინტერესი სულ უფრო და უფრო მზარდი იქნება.

მაშ ასე, “მფრინავი ასი” უკვე სტარტზეა და ახლა შეგიძლიათ ჯადოსნური მანტიები თქვენს შვილებს მოასხათ და ჯადოსნურ სამყაროში ბედნიერი ფრენა უსურვოთ.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.