fbpx

იტალიელი სუფი – მეიმოუნა გუერესის სპირიტუალური ხელოვნება


გააზიარე სტატია

ავტორი: ანო კლდიაშვილი

მეტაფიზიკურ შეკითხვას იმის შესახებ, თუ რა არის სპირიტუალიზმი, იტალიელი მულტიმედია არტისტი – მეიმოუნა გუერესი  მისი საოცარი შემოქმედებით სცემს პასუხს – თეთრისა და შავის კონტრასტი,  მეჩეთების მინარეთები, სარკეები, მცენარეები, რძე, ჰიჯაბში გამოწყობილი ქალები  თუ აფრიკელი მამაკაცები ფერადი ქუდებით… დაუსრულებელია იმ ღრმა მეტაფორათა სია, რომლითაც სუფი არტისტის ნამუშევრებია დატვირთული. მისი მიზანი სამყაროში არსებულ საიდუმლოებათა მდუმარე კვლევა და იმ იდეის წარმოჩენაა, რომლის თანახმადაც, არსებობს უნივერსალური სპირიტუალიზმი, რომელიც მთელ კაცობრიობას ერთ ტომში აერთიანებს.

პატრისია გუერესი 1951 წელს იტალიაში, ღრმადმორწმუნე კათოლიკურ ოჯახში დაიბადა – მის ცხოვრებაში გარდატეხა 40 წლის ასაკში მოხდა, 1991 წელს ხელოვანმა აფრიკაში, კერძოდ,  სენეგალში იმოგზაურა, სადაც ისლამის მისტიკური მიმართულების – სუფიზმის მიმდევარი გახდა. ხელოვანმა სუფიზმთან ზიარებისას ახალი იდენტობა შეიძინა, სახელიც შეიცვალა – მეიმოუნა დაირქვა, რაც არაბულად დალოცვილს ნიშნავს.

აღმოსავლეთში მოგზაურობამ მისი გამომსახველობითი ენა და მხატვრული ხედვაც გარდაქმნა – არტისტის ევროპული სტილი აფრო-აზიური ელემენტებით დაიტვირთა; სარწმუნოების შეცვლის შემდეგ, ყოველი ის იდეა, რომელსაც მეიმოუნა ნამუშევრების საშუალებით წარმოაჩენს, სუფიზმითაა ნასაზრდოები: მიუხედავად იმისა, რომ სუფიზმი ისლამის განშტოებაა, ამ რწმენის მიმდევრები მიიჩნევენ, რომ ნებისმიერი რელიგიისა თუ სოციალური ფენის წარმომადგენელს შეუძლია შეუერთდეს ჭეშმარიტ მოგზაურობას, „რომელიც შინაგანი სამყაროს კვლევას გულისხმობს”. 

ხელოვანიც ასე ფიქრობს, მისი ნამუშევრები გადმოსცემენ აზრს, რომლის თანახმადაც, განსხვავებული რწმენისა თუ რასის მიუხედავად, რეალურად, აბსოლუტურად ყველა ადამიანი მიჰყვება იმ მისტიკურ გზას, რომელიც ღმერთამდე მიდის, მათ საერთო არსი და ბედისწერა აერთიანებთ.

იტალიელი ხელოვანი სხვადასხვა მედიუმში მუშაობს: ქმნის როგორც ვიდეოკონტენტსა და ინსტალაციებს,  ასევე  სკულპტურებსც, თუმცა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობა  ფოტოგრაფიაა. მეიმოუნა გუერესის ფოტოები ანარეკლია იმისა, თუ როგორია მის აღქმაში ისლამური მისტიციზმი – არტისტის მიერ გადაღებისას გამოყენებული სახე-სიმბოლოები ყოველ ადამიანში არსებული სპირიტუალიზმის კვლევას ემსახურება: „ჩემთვის შავი რაღაც ამოუცნობია, უსასრულობის სიმბოლო, თეთრი კი სინათლის მეტაფორაა, ერთგვარი კურთხევა. ჩემ მიერ ნამუშევრებში გამოყენებული საგნები – არტეფაქტები, კოსტიუმები, ქუდები,  კალიგრაფია – მეტაფორებია, რომლებიც შეჩერებას, ლევიტაცას, ფსიქოლოგიურ ბალანსსა და მარადიულობას გადმოსცემს“. – ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ხელოვანი.

მეიმოუნა გუერესის მიერ შექმნილი გამორჩეულად საინტერესო ფოტოსერიაა “M-eating”: „ამ ნამუშევრით შევეცადე, რომ აგრეგაციასა და იზოლაციას შორის მიმდინარე კონფლიქტი გამეღრმავებინა. პერსონაჟებს, რომლებსაც ამ სერიაში გიჩვენებთ, ღრმა ან გაფანტული მზერა აქვთ. ფოტოსერიის სახელწოდება ჭამას უკავშირდება, თუმცა მაგიდაზე საჭმელი არ არის, მხოლოდ  ისეთი საგნებს ვხედავთ, რომლებიც შესაძლოა ომის ნარჩენებად აღვიქვათ, თუმცა ჩემ მიერ შექმნილ ესთეტიკაში ისინი საფრთხის თავდაპირველ მნიშვნელობას კარგავენ და დეკორატიულ ნივთებად გვევლინებიან. 

“M-eating” თანამედროვე ადამიანისა და მისი საზოგადოებასთან ურთიერთობის ვიზუალიზაციაა, ანალიზია იმისა, თუ როგორ უკავშირდებიან და შორდებიან ადამიანები ერთმანეთს სუფრასთან”.  – ამბობს მეიმოუნა. ხელოვანის კიდევ ერთი ენიგმატური ფოტოსერიაა „Giants”, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანებს არარეალურ, მეტაფიზიკურ არსებებად წარმოაჩენს – ისინი ისეთი სამოსით არიან შემოსილნი, რომ არქიტექტურულ სტრუქტურებს ჰგვანან, ხატებად გვევლინებიან. „ამ სერიის შექმნისას ისლამთან დაკავშირებული თემებით  ვიყავი დაინტერესებული, მინდოდა, რომ ისლამური მისტიციზმის სიდიადე და სილამაზე წარმომეჩინა. გადავიღე როგორც  უცნობი ადამიანები, ასევე ჩემი ოჯახის წევრებიც – მათი სხეულები ბნელი და იდუმალი გამოქვაბულებივით ცარიელია, ისინი ქმნიან ახალ, უცნობ სივრცეებს, რომლებიც რეალურად უსასრულო სამყაროს ნაწილია.“

მეიმოუნას შემოქმედებაში  ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ ქალებს,  ხელოვანი მათ შინაგან სამყაროს ყოველთვის მაგიურად გადმოსცემს – „მე ქალის სულიერების უსაზღვრო შესაძლებლობების გამოკვლევა მაინტერესებს, ნებისმიერი კულტურისა და ეპოქის მასშტაბით”. მის ნამუშევრებზე ქალები ხშირად არიან გამოსახული ჰიჯაბით, რაც ევროპულ სახელოვნებო წრეებში არაერთგვაროვან დამოკიდებულებებს იწვევს, ვინაიდან დასავლურ სამყაროში აქტუალურად განიხილება ის, უნდა იმოსებოდნენ თუ არა ამგვარად ქალები, თუმცა არტისტისათვის ჰიჯაბსა და ისლამურ სპირიტუალიზმს შორის ძლიერი კავშირია: „ვფიქრობ, რომ ჰიჯაბი უნდა განიხილებოდეს არა როგორც რელიგიური აქსესუარი, არამედ როგორც საყრდენი მუსლიმი ქალებისათვის, ვინაიდან ის ისლამური სარწმუნოებისადმი მიკუთვნებულობის სიმბოლოა“. – განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში მეიმოუნამ. 

ხელოვანის მიერ ამ თემატიკაზე შექმნილი გამორჩეულად მშვენიერი ფოტოა „Mother Minaret” – კედელზე მეჩეთის მინარეთია დახატული, ნახატის გვერდით კი არარეალური სიმაღლის ფერადკანიან ქალს ვხედავთ, რომელსაც მხოლოდ სახე მოუჩანს: „თეთრი ჰიჯაბი, რომლითაც ქალის თმა და ყელია დაფარული, მისტიკური და სიზმრისეულია, შორდება ყოველგვარ კულტურულ თუ რელიგიურ ცნებებს. ჩემთვის დაფარული ფიგურები სხეულის სიწმინდის სიმბოლოა“. – აღწერს ნამუშევარს ავტორი.

მეიმოუნა გუერესის ჯადოსნური შემოქმედება რწმენის, მისტიკის კვლევისა და თითოეული ადამიანის არსში ჩაწვდომის მცდელობაა, მცდელობა იმისა, რომ კაცობრიობა ყოველგვარი კულტურული, რელიგიური თუ პოლიტიკური საზღვრების მიღმა შეფასდეს – ხელოვანისათვის  იმის ძიებაა მნიშვნელოვანი, რაც მაშინ რჩება, როცა ადამიანი ყოველგვარი ცოდნისა თუ აზრებისაგან იცლება და საინტერესოა ის მაგია, რომელსაც მაშინ ვფლობთ, როცა გარემოს ყოველგვარი ზეგავლენისაგან ვართ თავისუფალი.

მას სარწმუნოებებითა და ტრადიციებით აღძრული საიდუმლოებების ამოხსნა სურს. მეიმოუნას ხელოვნება ასახავს მის დამოკიდებულებას ცხოვრების მიმართ:   ნამუშევრებში ყოველთვის აკავშირებს ერთმანეთთან თეთრსა და შავს, აღმოსავლურსა და დასავლურს, აფრიკულს, ევროპულსა და აზიურს, იმიტომ რომ მისთვის, როგორც ჭეშმარიტი სუფისათვის, არსებობს ერთი, როგორც ფუნდამენტი, და არა მრავალი სხვადასხვა – არტისტისათვის ღვთაებრივ პრინციპთან შერწყმაა მნიშვნელოვანი და ინდივიდებისა თუ კულტურების საერთო, ჰუმანურობისა და სპირიტუალიზმის ნიშნის ქვეშ გაერთიანება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.