fbpx

Vantablack – საღებავი, რომლის გამოყენების უფლებაც მხოლოდ ერთ არტისტს აქვს


გააზიარე სტატია

 

ავტორი: სალომე დადუნაშვილი

დახუჭეთ თვალები. რას ხედავთ? რა ფერს? შავს?

არა, თქვენ ცდებით. ის, რასაც თქვენ ხედავთ, შავი ფერი სულაც არ ყოფილა. სიბნელე, რომელიც ჩვენი დახუჭული თვალების კუთხეებში ისადგურებს, ფეირევერკია უშავეს შავთან შედარებით. პიგმენტთან, რომელიც არ არსებობდა და გამოიგონეს. შავი, ისეთი შავი, რომ გეგონება, კოსმოსის შავი ხვრელის უფსკრულმა თვალებში ჩაგხედა. შენც შეგიძლია ჩახედო მას თვალებში, მაგრამ მხოლოდ სიცარიელეს დაინახავ.

 

 

ვანტაბლექი (Vantablack) კოსმოსური ტექნოლოგიებისთვის შექმნეს და ალბათ ეს უძირო სიშავე კოსმოსისვე უსასრულო სივრცეში დარჩებოდა, რომ არა კომპანია Surrey NanoSystems, რომელმაც ამ საღებავის უფრო იაფი, სპრეის კონსისტენციის ვერსია შეიმუშავა.

 

 

უეცრად ის, რაც 2016 წლამდე ურთულესი კოსმოსური ტექნოლოგია იყო – ხელმისაწვდომი გახდა. ვანტაბლექი კი უბრალოდ – ფერი. მართალია ძალიან, ძალიან, ძალიან შავი ფერი.

 

 

და სწორედ მაშინ დაიწყო – რაც დაიწყო.

ურთულესი ნანოტექნოლოგიების გამოყენებით წარმოებული საღებავის არსი მარტივად ასეთია: საღებავი არ ირეკლავს სინათლის არცერთ ფოტონს, შთანთქავს მას და სითბურ ენერგიად გარდაქმნის.

 

 

ვიზუალურ ენაზე ნათარგმანი ეს ყველაფერი კი შემდეგს ნიშნავს:

როცა ადამიანი ვანტაბლექით დაფარულ საგანს ხედავს, მისი თვალი და ტვინი ფორმას ვეღარ აღიქვამს. თვალი ვერცერთ ანარეკლს ვერ ეჭიდება, აბსოლუტური სიშავის ზედაპირზე ცურდება და ტვინიც საგანს, როგორც შავ ხვრელს, ისე ხედავს. ადამიანისთვის აღარ არსებობს ფორმა, არსებობს მხოლოდ უძირო, შავი არაფერი.

მაგალითისთვის: თუ სფეროს ვანტაბლექით დავფარავთ, ადამიანის თვალი მას მოცულობაში ვეღარ წაიკითხავს და მხოლოდ ბრტყელ, წრის ფორმის ხვრელს დაინახავს.

 

 

ჩვენს პლანეტაზე არაფერია ვანტაბლექზე უფრო შავი. კოსმოსში კი მას მხოლოდ შავი ხვრელი უწევს კონკურენციას.

ახლა წარმოიდგინეთ, რამდენად დიდ პოტენციალს ფლობს ეს ფერი თანამედროვე არტისტებისთვის.

 

უბრალოდ შეღებე რამე და თავბრუდამხვევი ინსტალაცია მზადაა.

როგორც კი Surrey NanoSystems-მა განაცხადა, რომ ჯადოსნური შავი ფერი მათ განკარგულებაშია, კომპანიაში არა ერთი ზარი შევიდა. თუმცა, როცა საქვეყნოდ ცნობილმა არტისტმა ანიშ კაპურმა გამოთქვა ვანტაბლექისადმი ინტერესი, მეცნიერები ღელვამ მოიცვა. ანიშ კაპურის სახელი მათი პროდუქტის საყოველთაო აღიარებას ნიშნავდა.

 

 

კონტრაქტს ხელი მოეწერა და ვანტაბლექი ანიშს ჩაბარდა. აი ასე – მისი გახდა და მორჩა.

ანიშ კაპურის სკულპტურა იმდენად დომინირებს ჩვენი დაძაბული საუკუნეების მიჯნაზე, რომ რთულია მის რეპუტაციას წინ აღუდგე. ყველა მუზეუმი, ყველა გალერეა მზადაა მასთან თანამშრომლობისთვის. მზადაა დაუთმოს მას სივრცე, გადაუხადოს ფული და კაპურის ნებას დაჰყვეს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთები მას ნარცისულ მანიაკად მოიხსენიებენ.

ანიშ კაპური ყოველთვის ინტერესდებოდა სკულპტურის ზედაპირის სტრუქტურით. მისი გიგანტური, ხან სარკესვით პრიალა, ხან კი თითქოს ხაოიანი ფორმები დაუმორჩილებელი ლავასავით ავსებს და იპყრობს საგამოფენო სივრცეებს, კაშკაშებს მზეზე, პარკებსა და მოედნებზე.

მოკლედ, ანიში ძალიან ნიჭიერია, ეს ფაქტია და ამას ისინიც აღიარებენ, ვინც კაპურს მანიაკს ეძახის.

მაგრამ რამდენად საკმარისია მისი ნიჭიერება იმისთვის, რომ სრულიად დაიმორჩილოს, ერთპიროვნულად მიისაკუთროს და არავის გაუყოს 21-ე საუკუნის ვიზუალიზაციის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სუბსტანცია – უცნობია.

თუმცა ბრიტანელი არტისტის, სტიუარტ სეპლისთვის ყველაფერი გაცილებით უფრო მარტივია. ფერი არ შეიძლება ვინმეს ეკუთვნოდეს, ამტკიცებს ის და ანიშ კაპურისგან პოზიციების დათმობას მოითხოვს.

 

 

სტიუარტ სეპლმა Surrey NanoSystems-ს ვანტაბლექზე წვდომის თხოვნით მიმართა, მაგრამ უარი მიიღო. ეს შავი უკვე კაპურისააო, – უპასუხეს. ახალგაზრდა ბრიტანელი მხატვრისთვის ანიშ კაპურის სიხარბე აუტანელი აღმოჩნდა.

სტიუარტმა მთელი კამპანია წამოიწყო ვანტაბლექის „გასათავისუფლებლად.“ #sharetheblack-მა მალე სოციალურ ქსელში თითქმის არტ-ინსტალაციის ფორმა მიიღო.

ინტერნეტმა და სოციალურმა ქსელებმა „შავის მიტაცება“ არტისტების, მათი მიმდევრების და ყოვლისმცოდნე უსაქმურების განხილვის თემად აქცია. ბოლოს საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ზოგიერთმა ჩათვალა, ანიშ კაპურმა შავი ფერი მთლიანად მიისაკუთრაო.

 

ფაქტი სახეზე იყო. ვანტაბლექი სხვა არტისტებსაც უნდოდათ.

შურისძიებამ სტიუარტისთვის ფლუოროსცენციური ვარდისფერის ტონალობა მიიღო. სეპლმა მის მიერ დაყენებული ვარდისფერი პიგმენტი დააპატენტა და ინტერნეტში მისი გაყიდვა დაიწყო. არავის უნახავს უფრო ვარდისფერი ვარდისფერიო, ამტკიცებდა.

ფერის შეძენის მსურველებს სტიუარტი ანკეტას ავსებინებდა, რომ ისინი – რაც მთავარია, არ ყოფილიყვნენ ანიშ კაპური, არ ჰქონდათ კავშირი ანიშ კაპურთან და პირობას დებდნენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ ჩაუგდებდნენ ხელში ამ ვარდისფერს ანიშ კაპურს. პასუხად კაპურმა სტიუარტს მის ვარდისფერ პიგმენტში ამოვლებული შუათითის ფოტო გაუგზავნა.

მოკლედ, ფერთა დაპირისპირებამ აშკარად გამოაცოცხლა არტისტული სამყარო, მეტიც, თითქმის ეროტიკული ვიბრაციები გამოიწვია.
ხელოვანები მთელ მსოფლიოში უვარდისფრესი ვარდისფრით ქმნიდნენ არტს და შემდეგ ჰეშთაგით #sharetheblack ნეტში ათავსებდნენ.

მაგრამ ეს ყველაფერი საკმარისი არ იყო, იმიტომ რომ ანიშს ჰქონდა ის, რაც არ ჰქონდა სტიუარტს – უშავესი შავი პიგმენტი.

ამიტომ მეგობრებისა და თანამოაზრეების დახმარებით სეპლმა თავის ვანტაბლექზე დაიწყო მუშაობა. თქვენ წარმოიდგინეთ, ათასობით ცდის მიუხედავად, მან მოახერხა თითქმის ისეთივე ეფექტის მქონე შავი ფერის მიღება და მას Black 2.0 დაარქვა. ამ საღებავის წარმოება გაცილებით უფრო იაფი ჯდება, არატოქსიკურია და რაც მთავარია, ერთადერთი ადამიანი, ვისაც მისი ყიდვა არ შეუძლია, ანიშ კაპურია.

 

 

კაპურმა ვანტაბლექი შვეიცარიული საათების მწარმოებელ კომპანია MCT -სთან თანამშრომლობისას გამოიყენა. მან შავი უფსკრულის მსგავსი ფერით დაფარული საათების Sequential One S110 Evo Vantablack ლიმიტირებული ვერსია შექმნა. ქრონოგრაფის ღირებულება 95 000 ევრო იყო და ყველა მოდელი ცხადია, გაყიდულია.

ეს ისტორია ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას: შავი იქა, შავი აქა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.