fbpx

კლასიკური მუსიკის შვიდი ეპოქა


გააზიარე სტატია



ავტორი: ნინო იმერლიშვილი

 

სტატიის კითხვისას გირჩევთ, მოუსმინოთ კლარა შუმანის ნაწარმოებებს მაო ფუჯიტას შესრულებით. ამ ნაწარმოებების ცოცხლად მოსმენა კი 4 სექტემბერს წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალზე შეგიძლიათ. 

 

 

კლასიკური მუსიკის შვიდი ეპოქა

ჩვენი ცივილიზაციის ჯერ კიდევ პრეისტორიული პერიოდიდან მუსიკას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ადამიანის ცხოვრებაში. მუსიკამ გარდამტეხი როლი შეასრულა კაცობრიობის განვითარების, ადამიანის მიერ სამყაროს აღქმისა და გარემო მოვლენების გააზრების პროცესში. მრავალი საუკუნის განმავლობაში მუსიკას ადამიანები იყენებდნენ საკუთარი ემოციების გამოსახატავად, საბოლოოდ ის ხელოვნების წამყვან ფორმად იქცა, რომელსაც უდიდესი დატვირთვა ჰქონდა ტრადიციული თუ რელიგიური რიტუალებისას. 

კლასიკური მუსიკის განვითარებისა და ტრანსფორმაციის პერიოდი მრავალ საუკუნეს მოიცავს. მკვლევრები კლასიკურ მუსიკას ისტორიულ ეტაპებად  და სტილისტურ ქვეჟანრებად ყოფენ. ამგვარი კლასიფიკაციით სულ შვიდი ძირითადი ეპოქა გამოიყოფა. 

 

შუა საუკუნეების პერიოდი (1150-1400)

მიუხედავად იმისა, რომ მუსიკა უძველესი დროიდან ადამიანებთან ერთად არსებობდა, უმეტესი ისტორიკოსი კლასიკური მუსიკის განვითარების ათვლას შუა საუკუნეების ეპოქიდან იწყებს. ამ პერიოდის მუსიკა მონოფონიური სტილით გამოირჩეოდა და რელიგიური რიტუალების განუყოფელი ნაწილი იყო. აღსანიშნავია, რომ შუა საუკუნეების ეპოქაში ძირითადად სიმებიანი საკრავები გამოიყენებოდა, რამაც ამ პერიოდის კლასიკური მუსიკის სპეციფიკური ჟღერადობა, ტემპი და ხასიათი განაპირობა. 

 

რენესანსის პერიოდი  (1400-1600)

რენესანსის ეპოქამ მსმენელის საკმაოდ დიდ აუდიტორიას პოლიფონიური მუსიკა გააცნო. ძველ სიმებიან საკრავებს დაემატა იმ დროისათვის მეტად ახალი ინსტრუმენტები:  ვიოლიონო, რებეკი და ლირა. ამ პერიოდში ინსტრუმენტების დამზადებისას ლითონის სიმების გამოყენებაც დაიწყეს, რამაც ჟღერადობის ცვლილებასა და განვითარებაზე  დიდი გავლენა მოახდინა. რენესანსის ეპოქის ცნობილ კომპოზიტორებს შორის არიან: ჯოვანი პიერლუიჯი და პალესტრინა, ჯონ დაულენდი და თომას ტალისი. 

 

ბაროკოს პერიოდი (1600-1750) 

ბაროკოს პერიოდში კლასიკური მუსიკა კომპლექსური სტრუქტურითა და ჟღერადობით წარდგა მსმენელის წინაშე. ამ ეპოქის მუსიკა უკვე  გამოკვეთილად  დაიყო მინორულ და მაჟორულ ნაწარმოებებად. ბაროკოს ეპოქის ნაწარმოების დაკვრისას გამოიყენებოდა სწორედ ის ინსტრუმენტები, რომლებსაც დღეს საორკესტრო შესრულებისას  ვხვდებით. რაც შეეხება კლავიშიან საკრავს, მიუხედავად იმისა, რომ პიანინო სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა, ბაროკოს ეპოქის წამყვანი კლავიშიანი ინსტრუმენტი კლავესინი იყო. ადრეული ბაროკოს ეპოქის ცნობილ კომპოზიტორებს შორის არიან ალესანდრო სკარლატი და ჰენრი პერსელი. ე.წ. გვიანი  ბაროკოს  პერიოდში კი ჩნდებიან ისეთი ხელოვანები, როგორებიც არიან: ანტონიო ვივალდი, გეორგ ფრიდრიხ ჰენდელი და გეორგ ფილიპ ტელემანი. თუმცა, ბაროკოს ეპოქის ყველაზე დიდ კომპოზიტორზე თუ ვისაუბრებთ, ის უდავოდ იოჰან სებასტიან ბახია, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში აღიარებული და საკულტო ნაწარმოებები შექმნა. 

 

კლასიკური პერიოდი (1750-1820) 

1750-1820 წლები  კლასიკური მუსიკის ისტორიაში დიდი გარდატეხის მონაკვეთად მიიჩნევა. სწორედ ამ დროს დაიწყო სიმფონიური კლასიკური მუსიკის საღამოებისა და მასშტაბური კონცერტების ტრადიცია, რამაც არაერთი ვირტუოზი ხელოვანი გამოკვეთა, ხოლო ცალკეულ მუსიკალურ ნაწარმოებებს დიდი აღიარება მოუტანა. ამ ეპოქას განეკუთვნებიან ისეთი საკულტო კომპოზიტორები, როგორებიც არიან: ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი, იოზეფ ჰაიდნი, ფრანც შუბერტი. შესაძლოა ითქვას, რომ ეს ხელოვანები კლასიკური პერიოდის ვარსკვლავებად მიიჩნეოდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში მოცარტმა და კრისტოფ ვილიბალდ გლუკმა კლასიკურ მუსიკაში ცალკე საოპერო მიმართულება განავითარეს. ამ დროს დაიწყო მოღვაწეობა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენმაც, თუმცა, მისი შემოქმედებითი აღმასვლის პერიოდი კლასიკური მუსიკის შემდეგ ეპოქას – რომანტიზმის პერიოდს განეკუთვნება. 

 

რომანტიზმის პერიოდი (1820-1900) 

რომანტიზმის პერიოდში კლასიკურმა მუსიკამ გამოკვეთილი ხასიათი, დრამატურგია, ემოციური დატვირთვა და მეტად ღრმა შინაარსი შეიძინა. რომანტიზმის ადრეულ პერიოდს განეკუთვნება ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია, რომელმაც მომავალი საუკუნეების განმავლობაში კომპოზიტორებს ძლიერი ინსპირაცია და განვითარების გეზი მისცა. დღევანდელი სიმფონიური რეპერტუარის  წამყვანი კომპოზიტორებიდან  უმეტესობა სწორედ რომანტიზმის ეპოქაში მოღვაწეობდა და ქმნიდა შედევრებს. ამ საკულტო კომპოზიტორებს  შორის არიან: შოპენი, ლისტი, შუმანი, ბრამსი, ვაგნერი და ასე შემდეგ. აღსანიშნავია, რომ სწორედ რომანტიზმის პერიოდში გაჩნდა საქსოფონი, რომელმაც თავისი მნიშვნელობა მომდევნო საუკუნეში შეიძინა. 

 

მოდერნისტული პერიოდი (1900-1930) 

ხელოვნებისა და კონკრეტულად მუსიკის მოდერნისტული ეპოქა მეოცე საუკუნეს პირველ ნახევარს მოიცავს. ამ პერიოდის მუსიკა განსაკუთრებით გამოირჩევა ჩარჩოებიდან გასვლით და ინოვაციური მიდგომებით. მეოცე საუკუნის 

კომპოზიტორებმა დაიწყეს იმ წესების დარღვევა, რამაც გასული საუკუნეების კლასიკური მუსიკის სახე განსაზღვრა. მოდერნისტული პერიოდის ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო კომპოზიტორი იყო იგორ სტრავინსკი, რომლის ნაწარმოებები მრავალფეროვანი ჟღერადობით გამოირჩევა. ამ პერიოდის გავლენიან და ნოვატორ კომპოზიტორებს შორის არიან კლოდ დებიუსი და მორის რაველი, რომელთა მოღვაწეობას  იმპრესიონიზმის სახელით ცნობილი კლასიკური მუსიკის ქვეჟანრის განვითარება უკავშირდება. მეოცე საუკუნის მოდერნისტულ პერიოდს განეკუთვნება გერმანელი კომპოზიტორი არნოლდ შონბერგი, რომლის რადიკალურმა გადაწყვეტებმა და ორიგინალურმა ხედვამ დიდი გავლენა მოახდინა მეოცე საუკუნის მუსიკალურ აზროვნებაზე. 

 

პოსტმოდერნისტული პერიოდი (1930 წლიდან დღემდე) 

პოსტმოდერნისტული, იგივე თანამედროვე მუსიკალური პერიოდის განვითარება 1930 წლიდან დაიწყო. თუკი მასშტაბურად შევხედავთ, სწორედ კლასიკური მუსიკის მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ განაპირობა პროცესები, რამაც საბოლოოდ წარმოშვა ისეთი მუსიკალური მიმდინარეობები, რომლებიც დღეს აკადემიური სივრცეების მიღმა აგრძელებენ არსებობას და თანამედროვე პოპკულტურის მთავარ მამოძრავებელ ძალად განიხილებიან. რაც შეეხება კლასიკური მუსიკის ცნობილ კომპოზიტორებს, სწორედ ამ პერიოდში მოღვაწეობდა ოლივიე მესიანი, რომელმაც კლასიკური მუსიკის ფორმები თანამედროვე ინსტრუმენტებთან გააერთიანა. პოსტმოდერნისტულ პერიოდს განეკუთვნებიან  კომპოზიტორები:  პიერ ბულეზი, ვიტოლდ ლუტოსლავსკი, ფილიპ გლასი, სტივ რაიჰი,  ჯონ ადამსი – პერსონები, რომლებმაც ექსპერიმენტული მიდგომებით,  კლასიკური მუსიკა თანამედროვე ჟანრებთან და ფორმებთან დააახლოვეს. 

 

ბოლოს კი, კლასიკური მუსიკის მოყვარულებს შეგახსენებთ,  დღესასწაულად ქცეული წინანდლის ფესტივალი წელს ახალი სეზონით ბრუნდება, რომელსაც სილქნეტი უკვე მეოთხე წელია წარმოგიდგენთ.  ფესტივალი 2 სექტემბერს გაიხსნება და 11 სექტემბერს დაიხურება. 10 დღის განმავლობაში წინანდლის ისტორიულ მამულში კლასიკური მუსიკის მომნუსხველი ენერგია კიდევ ერთხელ შექმნის ზღაპრულ გარემოს და  ფესტივალი თავისი ისტორიის კიდევ ერთ თავს დაწერს. 

 

წყარო: masterclass.com

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.