fbpx

თანამედროვე ხელოვნება და ქრისტიანობა


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ჟერომ კოტანი (1), მოამზადა ნიკოლოზ ნადირაშვილმა

პასტორის, ჟერომ კოტანის წერილის ადაპტაცია

 

მოდერნისტულ და თანამედროვე ხელოვნებასა და ეკლესიას შორის დიალოგის საინტერესო მაგალითები XX საუკუნეშივე გვხვდება. მაგალითად, პოლ ტილიქი, გერმანო-ამერიკელი ლუთერანი თეოლოგი, გერმანელ ექსპრესიონისტთა ნამუშევრებში, პროტესტული მუხტის მიღმა, დიდ სულიერებას ხედავს; ხოლო პიკასოს გერნიკას, საერთოდაც, „დიდ პროტესტანტულ ნამუშევრად“ მოიხსენიებს (რასაც კომუნისტი და ათეისტი პაბლო პიკასო, სავარაუდოდ, არაფრის დიდებით არ დასთანხმდებოდა).

1950-იან წლებში ისეთი სახელოვანი არტისტები, როგორებიც არიან: ფერნანდ ლეჟე, მარკ შაგალი, ანრი მატისი, ჟორჟ ბრაკი… ქმნიან ნამუშევრებს ასსის ღვთისმშობლის ტაძრისთვის. ეკლესიასა და ამ მხატვართა თანამშრომლობა კათოლიკე მღვდლის, მარი-ალენ კუტურიეს ძალისხმევის შედეგია, რომელიც თვლიდა, რომ ქრისტიანობასა და ხელოვნებას შორის ნაყოფიერი დიალოგი მხოლოდ იმ პირობით არის შესაძლებელი, თუკი პროცესში მიმდინარე დროის დიდი ხელოვანები არიან ჩართული, განურჩევლად მათი აღმსარებლობისა. 

დღეს ასსის ღვთისმშობლის ტაძარი მთელ მსოფლიოშია ცნობილი, როგორც თანამედროვეობის თვალსაჩინო ქმნილება, რომელიც მიზიდულობის ცენტრია როგორც მორწმუნეთა, ისე, ზოგადად, ხელოვნების მოყვარულთათვის.

 

მესამე შემთხვევა შედარებით გვიანდელია და ის ეხება ვენის არქიეპისკოპოსის, ოტტო მაუერის და ავსტრიელი ავანგარდისტი მხატვრის, არნულფ რაინერის მეგობრობას. რაინერი ცნობილი იყო როგორც მეამბოხე ფიგურა, რომელიც სხვადასხვა ინსტიტუციას უპირისპირდებოდა, იქნებოდა ეს პოლიტიკური, საზოგადოებრივი, სახელოვნებო თუ რელიგიური დაწესებულება. ის საკუთარ ნამუშევრებში ქრისტიანულ მოტივებს საღებავის ფენით „ნიღბავდა“ და, შესაბამისად, მისი პრაქტიკა ხატმებრძოლეობასთან ბადებდა ალუზიებს. თუმცა, არქიეპისკოპოსი, რომელიც თავადაც თანამედროვე ხელოვნების დიდი გულშემატკივარი იყო, შეეცადა ალტერნატიულად დაენახა და განემარტა რაინერის შემოქმედება: მისთვის ქრისტიანულ მოტივთა შენიღბვის ეს აქტი ამავდროულად იყო „განცხადების“ სიმბოლო: მისთვის მხოლოდ ნაწილობრივ დაფარული რელიგიური სიუჟეტები ახალ-ახალ  შინაარსს იძენდნენ… ეს იყო არა ხატმებრძოლეობა, არამედ ძიების პროცესი. (2)

თუმცა, XX და XXI საუკუნეები გაცილებით მდიდარია ჩაშლილი დიალოგებით თანამედროვე ხელოვნებასა და ეკლესიას შორის და, როგორც წესი, აღნიშნულზე პასუხისმგებლობა ეკლესიას ეკისრება. ამის მიზეზი სხვადასხვაა: სასულიერო პირები ხელოვნებას, პირველ რიგში, აფასებენ მორალური და დოგმატური კატეგორიებით; მათი კომპეტენციები თანამედროვე ხელოვნების მიმდინარე ტენდენციების შესახებ საკმაოდ მწირია და ნაცვლად გაგებისა, ისინი განსჯიან. ასე რომ არა, თავადაც დარწმუნდებოდნენ, რომ ხშირად ბევრი  ნამუშევარი სულაც არ არის იმდენად პროვოკაციული, რამდენადაც ეს ერთი შეხედვით ჩანს.

1910-20-იან წლებში ეკლესიაც და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილიც უკმაყოფილოა ემილ ნოლდეს შემოქმედებით, რამდენადაც ის წინააღმდეგობაში მოდის კონსერვატიულ გამომსახველობით ესთეტიკასთან, ბურჟუაზიულ გემოვნებასა და ანტისემიტურ განწყობებთან. ისინი უხეში მანერითა და ცოცხალი ფერებითაა შესრულებული; და, რაც ყველაზე მთავარია, მის პერსონაჟებში ხაზგასმულია მათი სემიტური წარმომავლობა. შესაბამისად, ისინი უარყოფილია როგორც ქრისტიანებისა და სახელოვნებო საზოგადოების რაღაც ნაწილის, ისე ნაცისტების მიერაც. დღეს კი ნოლდეს „ქრისტეს ცხოვრება“ XX საუკუნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნამუშევრადაა მიჩნეული როგორც სახელოვნებო სამყაროს, ისე ეკლესიის მიერ.

1930-იან წლებში პაციფისტი სულისკვეთებით განმსჭვალული მხატვრები – კეტე კოლვიცი, ერნსტ ბარლახი, ჯორჯ გროსი მიმართავენ ქრისტიანულ თემატიკას, რათა დაუპირისპირდნენ იმ დროის პოპულარულ მილიტარისტულ იდეოლოგიას. ამ სამივე ხელოვანს სხვადასხვა დამოკიდებულება ჰქონდა ქრისტიანობასთან, თუმცა სამივე ერთიანდებოდა საზოგადოების კრიტიკაში, რომელიც კონფორმისტულ ურთიერთობაში  იყო ნაციზმთან. მათი არაერთი ნამუშევარი განადგურდა, ჩამოიხსნა მუზეუმის კედლებიდან და „ანათემას გადაეცა“. 

ბარლახის ნამუშევარი – „მშვიდობის ანგელოზი“ (რომლის იერსახედაც ბარლახმა სწორედ კეტე კოლვიცის სახე გამოიყენა) ნაციონალ-სოციალისტებმა გიუსტროვის ლუთერანული ეკლესიიდან ჩამოხსნეს და გადაადნეს; მასალისგან საბრძოლო იარაღი დაამზადეს (თუმცა, ხელოვანის მეგობრებმა სინთეტიკურ მოდელზე დაფუძნებით სკულპტურა აღადგინეს). (3)

ნაცისტებმა დაგმეს ჯორჯ გროსიც – ქრისტიანული იკონოგრაფიის გამოყენებით, ფაშისტური რეჟიმის უკომპრომისო კრიტიკის გამო.

სტატიაში უკვე ნახსენებ ასსის ეკლესიისთვის ექსპრესიონისტი მხატვარი ჟერმან რიშიე 1950 წელს ასრულებს ჯვარცმის სკულპტურას, რომლის იკონოგრაფიაც თანხვედრაშია ესაია წინასწარმეტყველის წერილებთან.  მიუხედავად ამისა, კონსერვატიული კათოლიკური საზოგადოების და თვით ვატიკანის ძალისხმევით, ნამუშევარმა დატოვა საეკლესიო სივრცე და მას მხოლოდ 20 წლის შემდეგ დაუბრუნდა.

ანგლოფონურ სამყაროში მსგავსი ბედი გაიზიარეს ისეთმა არტისტებმაც, როგორებიც არიან რენე კოქსი, კრის ოფილი და ანდრე სერრანო. და ეს დაძაბულობა დღემდე გრძელდება: ქრისტიანულ თემატიკაზე „დაფუძნებულ“ თანამედროვე ხელოვნებას ხშირად უწევს თავის დამკვიდრება და „მართლებაც“  ხელოვნების  მემკვიდრეობის (წარსულის სხვადასხვა სტილის, ფორმებისა და გამოყენებული მასალების) წინაშე. 

განსხვავებით „წარსულის ხელოვნებისგან“, თანამედროვე ხელოვნება ხელოვანისა და განმცდელის კოლექტიური ძალისხმევის პროდუქტია. ის „აქ და ახლას“ ეფუძნება  და ამ მხრივ მას აქვს შესაძლებლობა ესაუბროს ღმერთს, რომელიც ყველგან და ყველაფერშია.

ამავდროულად, ის ხშირად იბრძვის გაცილებით სამართლიანი სამყაროსთვის და ამ ეთიკური და ეგზისტენციალური ძალისხმევის გათვალისწინებით, თანაზიარია ჭეშმარიტ ქრისტიანთა და სამოქალაქო აქტივისტთა მისწრაფებებშიც. 

მარკ შაგალი ქრისტეს ხატავს, როგორც წამებული ებრაელი ხალხის სიმბოლოს; ალჶრედ მანასიეს აბსტრაქტული ტილოები კვლავინდებურად უსამართლო სამყაროს „წესრიგთან“ მებრძოლია – მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევრები 1968 წელს ამერიკელი ბაპტისტი პასტორის, მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობას ეხმიანება… და კარიკატურისტებიც ხშირად მიმართავენ ჯვარცმის იკონოგრაფიას, რათა მათი პროტესტული ხმა რასიზმის, თანმდევი სეგრეგაციის და მოწყვლადი ჯგუფების ჩაგვის თაობაზე უფრო ჟღერადი იყოს.

2001 წელს რენე კოქსი, აფროამერიკელთა და მეტისთა თანასწორობის საკითხის დომინირების მიზნით, ბრუკლინის მუზეუმში ფენს საიდუმლო სერობის ფოტოინსტალაციას, სადაც ქრისტეს ადგილას შიშველი ქალია. 

არ არის რთული  პარალელის გავლება  ამ ხელოვანებსა და ქრისტიანული კონფრონტაციის სულისკვეთებასთან და აღმოვაჩინოთ საზიარო წინასწარმეტყველური ეთიკა, რომელიც უპირისპირდება უსამართლობას, ექსპლუატაციას, ძალადობას და სიცრუეს. ამ კუთხით თანამედროვე ხელოვანები მოცემული დროის წინასწარმეტყველებსაც შეგვიძლია შევადაროთ.

აღსანიშნავია ისიც, რომ XX საუკუნე აბსტრაქტული ხელოვნების სავანეა. აბსტრაქციონისტებისთვის ხშირად მხატვრული კვლევის საგანი სულიერებაა: ვასილი კანდინსკი წერს სპირიტული ხელოვნების შესახებ; კაზიმირ მალევიჩი ინტერესდება ქრისტიანული მისტიციზმით; პიტ მონდრიანი – კალვინისტური კულტურით; 1971 წელს იხსნება მარკ როტკოს სამლოცველო ჰიუსტონში… თითქოს მათი შემოქმედება მეტაფორაა იმ ბიბლიური ღმერთის, რომლის სახებაც გამოუხატავია.

აღსანიშნავია ტექსტის როლიც – რენე მაგრიტის „ეს არ არის ჩიბუხიდან“  დაწყებული, ალბერ გლეზის ინტერპრეტაციული ჩანაწერებით დამთავრებული საკუთარსავე ხელოვნებაზე, რომლის საშუალებითაც ის გვიხსნის, თუ როგორ ცდილობს განაახლოს რომანული და ბიზანტიური სულიერება კუბისტურ და აბსტრაქტულ ფორმებში. 

აღსანიშნავია სხეულის ფენომენიც,  ერთი მხრივ, როგორც მხატვრული მოტივი და, მეორე მხრივ, რიტუალური ობიექტი, რომელიც, მაგ., ბილ ვიოლას შემოქმედებაში ადამიანის მიერ მადლის მიღების აქტს გამოხატავს. 

 

დღეს, ალენ გინზბერგის თანახმად, ის, ვინც მართავს მედიასა და იმიჯებს, მართავს კულტურას; და ამ მხრივ, ალბათ, მედიამონოპოლია ერთგვარად უპირისპირდება კიდეც ან გვაგონებს ეკლესიის ჰეგემონიას საუკუნეების განმავლობაში. ვფიქრობ, სწორედ ამის გამოა, რომ ავტორი საკუთარ წერილში აღნიშნულ თემასაც ეხება და, თუკი თანამედროვე ხელოვანთა, როგორც წინასწარმეტყველთა, როლს გავიხსენებთ, ლოგიკურია, რომ ის ამ უკანასკნელებს წარმოგვიდგენს, როგორც მედიაკრიტიკოსებს, რომლებიც ხშირად პოპ-არტისა და ვიდეოხელოვნების მედიუმის საშუალებით ამხელდნენ და ამხელენ ვირტუალური რეალობების სიყალბესაც.

ნიკოლოზ ნადირაშვილი, თანამედროვე ხელოვნების მკვლევარი

 


შენიშვნები:

 

  • აღნიშნული სახელწოდებით სტატია პირველად 2014 წელს გამოქვეყნდა პროტესტანტი თეოლოგისა და პასტორის, ჟერომ კოტანის ავტორობით. უშუალოდ მისი  ნებართვით  at.ge-ზე წარმოგიდგენთ სტატიის რეზიუმირებულ ვერსიას.
  • არქიეპისკოპოსთან თანამშრომლობის შედეგად რაინერი 2005 წელს ვესტფალიის კათოლიკური უნივერსიტეტის დოქტორი ხდება.
  • Der Barlach-Engel „Der Schwebende“ ist ein Friedensdenkmal, 2022, https://www.koeln-lotse.de/2022/04/09/der-barlach-engel-der-schwebende-ist-ein-friedensdenkmal/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.