fbpx

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესოა!


გააზიარე სტატია



ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

განვლილ უიკენდზე ევროპის სტადიონებზე არაერთი მნიშვნელოვანი მატჩი ჩატარდა, რომელთაგან „უნიონი“ – „ბაიერნის“ და „რეალი“ – „ბეტისის“ დაპირისპირებებს სეზონის დაწყებამდე ფეხბურთის მოყვარულები ცენტრალურის სტატუსით ნაკლებად მოიაზრებდნენ.

„რეალმა“ მინიმალური სხვაობით – 2:1 მოუგო იქამდე უდანაკარგოდ მავალ მეტოქეს და ახლა უკვე ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში ესპანეთის ლა ლიგის სატურნირო ცხრილს, სადაც მას „ბარსელონა“ „სევილიასთან“ მორიგი გამარჯვების შემდეგ, სულ რაღაც ორი ქულით ჩამორჩება.

აი „უნიონისა“ და „ბაიერნის“ შეხვედრის საბოლოო შედეგი კი, კიმიხის საპასუხო გოლის შემდეგ,  მატჩის მე-15 წუთზე დაფიქსირდა. მასპინძლებმა ანგარიში იქამდე სამი წუთით ადრე გახსნეს, როდესაც ნოიერს „ჩაეძინა“ და ბეკერის გამიზნულ დარტყმაზე რეაგირება ვერ მოასწრო.

ცალკე აღნიშვნის ღირსია „უნიონის“ გოლკიპერ ფრედერიკ რონოვის თამაში, რომელსაც ნამდვილად არ გაუუმჯობესებია წინა ტურში იან ზომერის მიერ დაფიქსირებული ხსნათა რეკორდი, მაგრამ მატჩის დამატებულ მეორე წუთზე სადიო მანეს თავური დარტყმის მოგერიება მის ადგილზე  მყოფ ნებისმიერი მაღალი კლასის მეკარეს შეშურდებოდა.

საინტერესოა, რომ ლიდერთა შეფერხებით ერთბაშად ორმა მდევარმა – „დორტმუნდმა“ და „ფრაიბურგმა“ ისარგებლეს და მძიმე ბრძოლებში მოპოვებული გამარჯვებების წყალობით, სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგნენ, გადაუსწრეს რა „ბაიერნს“ და „უნიონს“ თითო ქულით. 

თუკი გერმანიაში „ბაიერნის“ დროებით ჩამორჩენას სერიოზულად ბევრი არავინ აღიქვამს და მის ჩემპიონობაში ეჭვი „დორტმუნდის“ მგზნებარე გულშემატკივრებს თუ ეპარებათ, იტალიაში მდგომარეობა სრულიად განსხვავებულია, რადგან სერია A-ს ცხრილის ზედა ნაწილში წლეულს უდიდესი კონკურენციაა მოსალოდნელი.

გუნდები ცალი თვალით უკვე ჩემპიონთა ლიგის კარსმომდგარი მატჩებისკენაც იხედებიან და ამიტომ ორცეცხლშუა მოხვედრილი „სკუდეტოს“ მაძიებლები, რომლებიც კლასით ჩამოუვარდებიან თავიანთ გერმანელ, ინგლისელ თუ ესპანელ მეტოქეებს, მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან.

ამ თვალსაზრისით ყველაზე მეტად შეჭირვებული მილანის „ინტერია“, რომელსაც, ერთი მხრივ, აღარ აქვს საკუთარი „ტიფოზების“ წინაშე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩენის მორალური უფლება, მეორე მხრივ კი – „ლაციოს“ შემდეგ უკვე მილანურ დერბიში განცდილი მარცხი „ნერაძურის“ აქამდე დაფარულ ფსიქოლოგიურ პრობლემებს ავლენს.

აი იტალიის გასული წლის ჩემპიონი კი ისევე ლაღად შეხვდა „ინტერთან“ დაპირისპირებას, როგორც ცოტა ხანში „რედ ბულთან“ გავა სათამაშოდ, რადგან „მილანს“ „ინტერისგან“ განსხვავებით არ ამოძრავებს ჩემპიონთა ლიგაზე ვინმეზე რევანშის აღების სურვილი და მისთვის, შარშანდლის მსგავსად, ჯგუფში ჩარჩენაც არ იქნება განსაკუთრებული ტრაგედია.

თანაც „მილანის“ შემადგენლობას ხომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ოლივიე ჟირუ ამშვენებს, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა შარშან „როსონერის“ მიერ „სკუდეტოს“ მოპოვებაში.

სწორედ ჟირუმ დააწინაურა მატჩის მეორე ტაიმში თანაგუნდელები უხვგოლიან დაპირისპირებაში, რომელიც „მილანმა“ ანგარიშით 3:2 მოიგო.

„ინტერის“ ფეხბურთელებმა ყველაფერი იღონეს ანგარიშის გასათანაბრებლად, მაგრამ მათ ამაში ხელი მეტოქე გუნდის მეკარე მაიკ მენიომ შეუშალა, რომელმაც მატჩის მიწურულს ორი ურთულესი ბურთი მოიგერია. 

ჩემპიონატის საწყის ხუთ ტურში განცდილი ორი მარცხის შემდეგ კი „ინტერი“ მაინცდამაინც დალხენილი ვერ შეხვდება ჩემპიონთა ლიგის შეხვედრას მიუნხენის „ბაიერნთან“…

სამაგიეროდ გაიხარეს ქართველმა გულშემატკივრებმა, რადგან ხვიჩა კვარაცხელიას მიერ „ლაციოსთან“ მატჩის 61-ე წუთზე გატანილი ულამაზესი გოლი გამარჯვებისა აღმოჩნდა „ნაპოლისთვის“, რომელმაც შაბათ საღამოს ბურთების უკეთესი სხვაობის მეშვეობით დაიბრუნა იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში ლიდერის პოზიცია.

ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვება კი თავის მხრივ ხალისიან განწყობას შეუქმნის „ნაპოლის“ფეხბურთელებს „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირების წინ.

„ლაციოსთან“ მატჩი დიდი გამოწვევა იყო ქართველი ფეხბურთელისთვის, რომელმაც უკვე ყველას დაანახვა, რომ ავტორიტეტები მისთვის არ არსებობენ და მას ნებისმიერი კატეგორიის გუნდის კარის დალაშქვრა ძალუძს.

„ლაციო“ პირველი ოთხი ტურის შემდეგ წაუგებელი იყო იტალიის სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში და „ინტერთან“ მოგების შემდეგ, მზად იყო შინ კიდევ ერთი სერიოზული მეტოქე დაემარცხებინა.

თამაში თავიდან მასპინძლებისთვის სასურველი სცენარით წარიმართა, რადგან ისინი მოულოდნელი გოლით მეოთხე წუთსვე დაწინაურდნენ. 

„ნაპოლის“ ფეხბურთელებს საკუთარ კარში მიღებული ბურთის შემდეგ საკმაო დრო დასჭირდათ ადაპტაციისთვის და ამ კრიზისის დაძლევაში ლომის წილი სწორედ ხვიჩამ გაიღო, რომელიც კიმის მიერ 38-ე წუთზე გატანილ საპასუხო გოლამდე ინდივიდუალური გარღვევების შედეგად ორჯერ აღმოჩნდა „ლაციოს“ მეკარესთან პირისპირ. 

თავდაპირველად მას გადამწყვეტი დარტყმა არ გამოუვიდა, ხოლო მეორე შემთხვევაში კი ბურთმა მეტოქის კარის ძელი შეაზანზარა. სწორედ მაშინ  გამოაშკარავდა, რომ ხვიჩა და მისი თანაგუნდელები შესვენებაზე მხოლოდ მატჩის მოსაგებად გადიოდნენ.

მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრებმა რამდენიმე უაღრესად სახიფათო მომენტი  შექმნეს მეტოქის კართან და თითოეულ ამ ეპიზოდში ცენტრალურ ფიგურას სწორედ ხვიჩა კვარაცხელია წარმოადგენდა. 

გამარჯვების გოლამდე ცოტა ხნით ადრე მან სასწაულებრივ ვერ შეძლო საკუთარი გუნდის დაწინაურება, მაგრამ საბოლოოდ მოვლენები „ნაპოლისთვის“ სასიკეთოდ წარიმართა, რომელმაც ბოლო 7 წლის მანძილზე „ლაციოსთან“ ჩატარებულ 16 შეხვედრაში მე-13 გამარჯვება იზეიმა.

მწვრთნელმა კვარაცხელია ტრადიციულად მატჩის დასრულებამდე 25 წუთით ადრე შეცვალა, სავარაუდოდ, „ლივერპულთან“ შეხვედრისთვის ახალგაზრდა ფეხბურთელის  ძალების დაზოგვის მიზნით და ამ ქმედებით გარისკა კიდეც, რადგან როგორც „ლეჩესთან“ და „ფიორენტინასთან“, ისე „ლაციოსთან“ დაპირისპირებამ ცხადყო, რომ ქართველი ფეხბურთელის გარეშე „ნაპოლის“ შეტევები ფანტაზიას და მახვილგონივრულობას მოკლებულია. 

„ლაციოსთან“ შეხვედრაში გატანილი მეოთხე გოლის შემდეგ ხვიჩა კვლავ სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირია.

„ლივერპულთან“ მატჩში კი ალბათ სასურველია, რომ ქართველ ფეხბურთელს სტანდარტული მდგომარეობების შესრულების საშუალებაც ჰქონდეს, რადგან ხვიჩა კვარაცხელიას, როგორც იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციის გამოკითხვის შედეგად დასახელებულ სერია A-ს აგვისტოს  საუკეთესო ფეხბურთელს, უნდა მიეცეს თავის გამოჩენის მაქსიმალური შესაძლებლობა!   

როგორი მატჩი იქნება „ლივერპულთან“? ამის წინასწარმეტყველება საკმაოდ რთულია, რადგან, ერთი მხრივ, მერსისაიდული კლუბი საუკეთესო ფორმაში არ იმყოფება, მეორე მხრივ კი – იურგენ კლოპის გუნდი ყველანაირად ეცდება უკანასკნელ პერიოდში ჩემპიონთა ლიგაზე თუ ამხანაგურ მატჩებში „ნაპოლისთან“ განცდილ სამ მარცხზე რევანშის აღებას.

ამიტომ, სავარაუდოდ, „ნაპოლი“ თავიდან ფრთხილი „მეორე ნომრის“ ტაქტიკას აირჩევს, ხვიჩაზე აწყობილმა კონტრშეტევებმა კი „ლივერპულელთა“ სახელოვან  მცველებს შეიძლება დიდი პრობლემები შეუქმნას.

„ნაპოლი“ – „ლივერპულის“ მატჩს, „ინტერი“ – „ბაიერნთან“ ერთად, მთელი საფეხბურთო სამყარო მოუთმენლად ელის, რადგან პირველი ტურის შეხვედრებიდან სწორედ ეს ორი დაპირისპირებაა განსაკუთრებით დამაინტრიგებელი.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.