fbpx

კლასიკური მუსიკა ცნობილ რეკლამებსა და კამპანიებში 


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინო იმერლიშვილი

 

ალბათ გაიხსენებთ შემთხვევას, როცა ინტერნეტსივრცეში ან სატელევიზიო არხზე სარეკლამო ვიდეო გინახავთ და მას იმდენად ნაცნობი და ნოსტალგიური ემოციები აღუძრავს, რომ სამუდამოდ დაგმახსოვრებიათ. ეს შემთხვევითი არ არის – თანამედროვე სარეკლამო ინდუსტრია არაერთ თვალსაჩინო თუ ფარულ დეტალს იყენებს იმისათვის, რომ ნანახი რეკლამა ადამიანის მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაიბეჭდოს. ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ხმოვანი ეფექტები და მუსიკალური გაფორმებაა. რაც უფრო ნაცნობი და დამახასიათებელია მელოდია, ვიდეოს შინაარსიც მეტად იქცევს ჩვენს ყურადღებას.  

სტატიაში გაგაცნობთ რამდენიმე ცნობილ რეკლამასა და კამპანიას, რომელშიც კლასიკური მუსიკის ავთენტური და ინტერპრეტირებული ვერსიები გაჟღერდა. 

 

Maxell. რიხარდ ვაგნერი – “ვალკირია”

 

იაპონური კომპანია Maxell-ის აუდიომოწყობილობის ეს ვიდეო 80-იანი წლების სარეკლამო ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე საკულტო ნამუშევრად მიიჩნევა. რეკლამაში მრავალი დამახასიათებელი დეტალია გამოყენებული, მაგალითად, მთავარ რეკვიზიტად ვხედავთ ლე კორბუზიეს დიზაინით შექმნილ GRAND CONFORT CHAIR-ს. 30-წამიან ვიდეოში რიხარდ ვაგნერის “ვალკირია” ჟღერს, რაც რეკლამას დამახასიათებელ ხიბლს და დინამიკას სძენს. აღსანიშნავია, რომ Maxell-ის ეს ვიდეო  წლების განმავლობაში არაერთი მუსიკალური კლიპისა თუ თანამედროვე სარეკლამო კამპანიის ინსპირაციად იქცა. 

 

Apple. ჯოაკინო როსინი – “უილიამ ტელ ოვერტურა”

Apple სანახაობრივი სარეკლამო კამპანიებით გამოირჩევა. კომპანიამ 2016 წლის MacBook Pro წარადგინა ვიდეოთი, რომელშიც მე-19 საუკუნის სახელგანთქმული იტალიელი კომპოზიტორის, ჯოაკინო როსინის ნაწარმოები “უილიამ ტელ ოვერტურა” გაჟღერდა. თავად ვიდეოს კონცეფცია ის დიდი აღმოჩენები და ნოვატორული იდეებია, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში კაცობრიობის ისტორია შეცვალა. დინამიკური სიუჟეტის განვითარებისათვის როსინის ეს კომპოზიცია შთამბეჭდავი არჩევანი აღმოჩნდა. 

 

Amazon, Alexa. ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი – “მაგიური ფლეიტა” 

Amazon-ის მიერ შექმნილი ჭკვიანი აუდიო მოწყობილობის, Alexa-ს რეკლამაში წამყვან როლს მოცარტის სახელგანთქმული ოპერის,  “მაგიური ფლეიტის” ცნობილი არია ასრულებს. რეკლამის სიუჟეტი და კოსტიუმების დიზაინიც მე-18 საუკუნის გავლენით არის შექმნილი. აღსანიშნავია, რომ  ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი ის კომპოზიტორია, რომლის ნაწარმოებები ყველაზე ხშირად გვესმის სარეკლამო რგოლებში. 

 

INTEL. ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი – სიმფონია № 5

კომპიუტერული მოწყობილობების კომპანია INTEL-მა თავის ერთ-ერთ რეკლამაში ბეთჰოვენის ცნობილი კომპოზიციის – სიმფონია № 5-ის  ინტერპრეტაცია გააჟღერა. ნაწარმოების დრამატიზმი რეკლამის ვიზუალის განმსაზღვრელად იქცა და საბოლოოდ, საკმაოდ საინტერესო ნამუშევარი ვიხილეთ. განსაკუთრებით შთამბეჭდავ სურათს ქმნის ვიდეოში გადმოცემული ტექნოლოგიურად განვითარებული სამყაროს იდეა, რომელიც ბეთჰოვენის ამ საკულტო მელოდიის ფონზე ვითარდება. 

 

British Airways. ლეო დელიბე – “ყვავილების დუეტი”

ბრიტანული ავიახაზების რეკლამებში ხშირად ჟღერდება კლასიკური მუსიკალური ნაწარმოებები. ავიაკომპანიის ერთ-ერთი უახლესი ვიდეოს მთავარ მუსიკალურ თემად გამოყენებულია ფრანგი რომანტიკოსი კომპოზიტორის, ლეო დელიბეს სახელგანთქმული საოპერო ნაწარმოების, “ლაკმეს” ერთ-ერთი ცნობილი მონაკვეთი –  “ყვავილების დუეტი”. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როცა British Airways-მა აღნიშნული ნაწარმოები თავის რეკლამაში გააჟღერა. 

 

Balenciaga. ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი – “ელიზესთვის”

მუსიკა ყოველთვის დიდი შთაგონების წყარო იყო მოდის ინდუსტრიისათვის. სხვადასხვა დროს არაერთმა მოდის სახლმა და დიზაინერმა წარადგინა კლასიკური მუსიკით ინსპირირებული კოლექციები, კამპანიები, ჩვენებები. კლასიკური მუსიკის საკმაოდ ორიგინალური მონაწილეობა ვიხილეთ Balenciaga-ს 2022 წლის საგაზაფხულო კოლექციის კამპანიაში. ბრენდისათვის დამახასიათებელი ორიგინალური რეჟისურისა და კონცეფციის ვიდეოში მოქმედება ბეთჰოვენის შედევრის,  “ელიზესთვის” ფონზე ვითარდება. 

 

როდესაც მუსიკის მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ, ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ირგვლივ ყველაფერი კავშირშია. მუსიკას აქვს განსაკუთრებული ძალა, მრავალი განსხვავებული დეტალი ერთმანეთთან დაახლოვოს და ჰარმონიულ მთლიანობად აქციოს. სწორედ კლასიკური მუსიკის, ისტორიისა და კულტურული ღირებულებების ერთიანობა იქცა წინანდლის ფესტივალის მთავარ იდეად. დღესასწაულად ქცეული ფესტივალი, რომელსაც სილქნეტი უკვე მეოთხე წელია წარმოგიდგენთ, წელს ახალი სეზონით დაბრუნდა. წინანდლის  ფესტივალი 2 სექტემბერს გაიხსნა და 11 სექტემბერს დაიხურება.  10 დღის განმავლობაში წინანდლის ისტორიულ მამულში კლასიკური მუსიკის მომნუსხველი ენერგია კიდევ ერთხელ შექმნის ზღაპრულ გარემოს და  ფესტივალი თავისი ისტორიის კიდევ ერთ თავს დაწერს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.