fbpx

კლასიკური მუსიკის მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში


გააზიარე სტატია

ავტორი:  ნინო იმერლიშვილი

 

სტატიის კითხვისას გირჩევთ, მოუსმინოთ ბრამსის საფორტეპიანო კონცერტ No.1-ს მაო ფუჯიტას შესრულებით, პანკავკასიური ორკესტრის აკომპანირებით და ოკსანა ლინივის დირიჟორობით. ნაწარმოები შესრულდა 2022 წლის წინანდლის ფესტივალის ფარგლებში. 


მსოფლიო ხელოვნების ისტორიის კვალდაკვალ, კლასიკურმა მუსიკამ  განვითარების არაერთი მონაკვეთი განვლო. დროსთან ერთად იცვლებოდა არა მხოლოდ მისი ჟღერადობა და შინაარსი, არამედ კონტექსტიც. გასულ საუკუნეებში კლასიკური მუსიკა დიდგვაროვანი საზოგადოების ცხოვრების წესის განუყრელ ნაწილად განიხილებოდა. რელიგიური თუ ტრადიციული რიტუალები, ოფიციალური მიღებები თუ გასართობი თავშეყრის საღამოები – ყველა ეს მნიშვნელოვანი  მოვლენა სწორედ კლასიკური მუსიკის ნაწარმოებების ფონზე მიმდინარეობდა. 

დღევანდელ რეალობაში კლასიკურმა მუსიკამ შეძლო და თავისი ავტორიტეტი, გავლენა, შინაარსი უცვლელად შეინარჩუნა, თუმცა, თანამედროვე პოპკულტურასა და ცხოვრების წესშიც მრავალმხრივად ინტეგრირდა. 

უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ უდიდესია კლასიკური მუსიკის გავლენა თანამედროვე მუსიკალურ ჟანრებსა და ქვეჟანრებზე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მის გარეშე არ იარსებებდა მუსიკის არცერთი მიმდინარეობა. სწორედ კლასიკური მუსიკის მრავალსაუკუნოვანმა თავგადასავალმა და  ჟღერადობის, ტექნიკისა თუ დრამატურგიის ტრანსფორმაციის მრავალფეროვანმა პროცესმა შეუწყო ხელი ახალი ექსპერიმენტული ფორმების ძიებასაც. მიიჩნევა, რომ კლასიკურმა მუსიკამ შექმნა უნიკალური მასალა და გამოცდილება, რომელიც სხვადასხვა ეპოქამ, კულტურამ, სუბკულტურამ თუ კონტრკულტურამ განსხვავებული სახით წარმოადგინა და განავითარა. 

კლასიკურმა მუსიკამ და ცნობილი კომპოზიტორების მოღვაწეობამ ჯერ კიდევ საუკუნეების წინ განსაზღვრა მუსიკის თანამედროვე ინტერაქციული დანიშნულება. მაგალითისათვის, მოცარტის შემოქმედებამ ხალხმრავალ აუდიტორიას დაუდო დასაბამი;  შუბერტმა პირველმა შექმნა სამწუთიანი ნაწარმოებები, რაც დღეს პოპ-კომპოზიციების ერთგვარ სტანდარტად მიიჩნევა; ფრენც ლისტმა მუსიკით ისტორიების თხრობა დაიწყო. თავის დროზე სწორედ დიდი კომპოზიტორების ნოვატორულმა მიგნებებმა და გადაწყვეტებმა ჩამოაყალიბა თანამედროვე მუსიკალური სამყაროს უამრავი ისეთი ტრადიცია, რომელთა გარეშე ეს ინდუსტრია დღეს წარმოუდგენელია. 

კლასიკური მუსიკა თანამედროვე რეალობაში ცხოვრების სტილის განმსაზღვრელ ფენომენადაც იქცა. რუტინული და ხმაურიანი ყოველდღიურობის ფონზე კლასიკური მუსიკის საღამოებზე დასწრება განტვირთვისა და ძლიერი შთაბეჭდილებების მიღების საუკეთესო საშუალებაა. კლასიკური მუსიკა აუდიტორიას საშუალებას აძლევს იმ სამყაროში მოხვდეს, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი ტრენდებისაგან და უკომპრომისო ხელოვნებას გვაზიარებს. თანამედროვე სამყაროში კლასიკური მუსიკის საღამოები ისტორიასთან დამაკავშირებელ ერთ-ერთ ყველაზე ცოცხალ ფორმადაც იქცა, რასაც დროის სასიამოვნოდ გატარებასთან ერთად შემეცნებითი დატვირთვაც აქვს. 

 

სწორედ კლასიკური მუსიკის აქტუალობას და  მნიშვნელობას წარმოაჩენს დღესასწაულად ქცეული წინანდლის ფესტივალი, რომელსაც სილქნეტი უკვე მეოთხე წელია წარმოგიდგენთ. ღონისძიება წელს 2 სექტემბერს გაიხსნა და 11 სექტემბერს დაიხურა. 10 დღის განმავლობაში წინანდლის ისტორიულ მამულში კლასიკური მუსიკის მომნუსხველმა ენერგიამ კიდევ ერთხელ შექმნა ზღაპრული გარემო და  ფესტივალმა თავისი ისტორიის კიდევ ერთი თავი დაწერა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.