fbpx

„ერთადერთი ნაიარევი“ – ანნა ჯიბლაძის პერსონალური გამოფენა ღია სივრცეში


გააზიარე სტატია

ღია სივრცე წარმოგიდგენთ ანნა ჯიბლაძის პირველ პერსონალურ გამოფენას “The Only Scar / ერთადერთი ნაიარევი“, რომელიც აერთიანებს ავტორის მიერ ბოლო ორი წლის მანძილზე შექმნილ მულტიმედიურ ნამუშევრებს.

გამოფენა მატერიალურ სხეულსა და გონს შორის არსებულ კავშირს ეხება. ხელოვანის მიერ ეს ორი სისტემა აღქმულია არა ერთმანეთის ჰარმონიულ ნაწილად, არამედ გადაუწყვეტელი კონფლიქტის ორ მხარედ. სხეულის კვდომა, რუდიმენტებად ქცეული ინსტინქტები და ორგანიზმში დამოუკიდებლად მიმდინარე ქიმიური პროცესები ზღუდავს გონებას და არ აძლევს შესაძლებლობას გადააბიჯოს საკუთარ ევოლუციურ საფეხურს.

საკუთარ სხეულსა და ანატომიურ გამოსახულებებზე დაკვირვებით არტისტი ცდილობს შექმნას დისკომფორტის მომგვრელი სივრცე. ინტიმური მასალებით, ანატომიური პეიზაჟებით, ვნებიანი ან რუტინული სცენებით შექმნილ ნამუშევრებში მრავალჯერ მეორდება სიკვდილის სიმბოლოები, როგორც მისი მუდმივი შესაძლებლობის შეხსენებები. ამ მხრივ გამოფენა სიკვდილზე მედიტაციის მცდელობაა, რომელიც შეფარული იუმორითა და კიჩით არის გაზავებული.

რაც შეეხება წარმოდგენილ ტექსტუალურ ნამუშევრებს, ისინი ერთგვარი მანიფესტებია, ერთ-ერთი მათგანის ფრაგმენტი კი გამოყენებულია გამოფენის სათაურში, მისი მთლიანი ვერსია –  „The only scar I have is my navel” (ერთადერთი ნაიარევი, რომელიც მაქვს, ჩემი ჭიპია) – საკუთარ თავში აერთიანებს სხეულისა და გონის მქონე არსებად დაბადების დრამატიზმსა და სიმარტივეს.

ანნა ჯიბლაძე: „სიკვდილის ფენომენით ძალიან პატარა ასაკიდან დავინტერესდი. თავიდან რეინკარნაციის და სულის არსებობის იდეით ვიყავი გატაცებული. შემდეგ, გარდატეხის ასაკში ეგზისტენციალისტურმა ლიტერატურამ გამიტაცა და სხეულისა და კვდომის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გამიღვივდა. ამას მოყვა ტრანსჰუმანისტური თეორიებით და სიკვდილის დამარცხების იდეები. დროთა განმავლობაში ამ საკითხს სხვადახვა მხრიდან ვუყურებდი. შესაბამისად, ჩემს ნამუშევრებშიც ეს თემა მუდმივად და მრავალფეროვნად ფიგურირებს. 2021 წელს გავაკეთე ფერწერული სერია “კანქვეშა ლანდშაფტები”, რომელიც შედგება ა5 ზომის აბსტრაგირებული ორგანოებით შექმნილი პეიზაჟებისგან. ამ სერიას მოჰყვა იმავე სტილში შექმნილი დიდი ტილოც და გადავწვიტე მთლიანი გამოფენა სხეულისთვის მიმეძღვნა.

ხშირად ვაკეთებ მოკლე ჩანაწერებს და შემდეგ მათ ვიყენებ ნამუშევრებში ან ლექსებში. ერთერთი ასეთი მოკლე ფრაზა, რომელიც მქონდა ჩანიშნული, იყო “ერთადერთი ნაიარევი, რომელიც მაქვს, ჩემი ჭიპია” ეს ფრაზა ჩემთვის გამოფენის გამაერთიანებელი ხაზი გახდა, ერთის მხრივ ეს არის, უბრალოდ ფაქტი ჩემი სხეულის შესახებ, მეორე მხრივ, უფრო ფართო ჭრილში ეს ერთი გარდაუვალი, პირველი და ყოვლისმომცველი იარაა, დაბადების ერთგვარი საზღაური და სხეულთან ჩვენი, ადამიანების, სამუდამო მიჯაჭვულბის ნიშანი.“ 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.