გერმანელი ქორეოგრაფის, ტულა ლიმნაიოსის დასის პერფორმანსი და მასტერკლასი თბილისში
კირკე – ცეკვისა და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი წარმოგიდგენთ:
სახელგანთქმული გერმანელი ქორეოგრაფის, ტულა ლიმნაიოსის დასის პერფორმანსსა და მასტერკლასს.
ჩვენება გაიმართება 30 სექტემბერს, 20:00 საათზე “სილქ ფაქტორ სტუდიოში”, მერაბ კოსტავას 59
“Isson“ ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს იგივეს; ის გამოხატავს კონტრასტებს, რეალობას და ილუზიას, შუქს და ჩრდილს, მღელვარებას და სიმშვიდეს. ორ რეალობას, რომლებსაც ერთმანეთისგან ვერ განაცალკევებ.
ორეულის მოტივი ერთდროულად დამაბნეველიცაა და მომხიბვლელიც: მისი გამოჩენა მე-ს და დანარჩენებს შორის საზღვარს აქრობს. ორეული ფიქრობს მსგავსებასა და განსხვავებაზე, განიხილავს სუბიექტისა და მისი იდენტობის პრობლემას. თავდაპირველად სპექტაკლი ჩაფიქრებული იყო, როგორც სოლო ორი ქალისთვის, რომელსაც ლენა მაიერკორდი და ტულა ლიმნაიოსი ორ პარალელურ სამყაროში სინქრონულად ცეკვავდა, ახლა კი მას მათი ანსამბლის ორი მოცეკვავე მამაკაცი განასახიერებს.
- კონცეფცია/ქორეოგრაფია: ტულა ლიმნაიოსი
- მუსიკა: რალფ რ. ოლერტცი
- ცეკვა: ლეონარდო დ’აკუინო, ალესიო სკანდალე
- განათების დიზაინი: კლაუს დუსტი
- სცენა/კოსტიუმები: ტულა ლიმნაიოსი
- განათების ტექნიკოსი: დომენიკ ენგემანი
სამხატვრო ხელმძღვანელი / ქორეოგრაფი ტულა ლიმნაიოსი დაიბადა 1963 წელს ათენში. ბრიუსელში კლასიკური და თანამედროვე ცეკვების, Alexander-და Labantechnik-ის, ასევე მუსიკისა და ცეკვის პედაგოგიკის შესწავლის შემდეგ მუშაობდა კლაუდიო ბერნარდოსა და რეგინე ჩოპინოტთან ერთად პერფორმერად და პიერ დრულერის ასისტენტად.
მოგვიანებით სწავლა გააგრძელა ესენის ფოლკვანგის სკოლაში და მალევე გახდა ფოლკვანგის ცეკვის სტუდიის წევრი. ის ცეკვავდა მუსიკოსების, კონრად ბაუერისა და პეტერ კოუვალდის იმპროვიზაციებში. 1996 წელს რალფ რ. ოლერტცთან ერთად დააარსა ტულა ლიმნაიოსის ცეკვის კომპანია cie. toula limnaios. სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი პატარა, 16 ადამიანისგან შექმნილი ჯგუფი ეფექტური სტრუქტურის მეშვეობით დღეს თანამედროვე ცეკვის ერთ-ერთ წარმატებულ კომპანიად არის მიჩნეული.
მიღებული აქვს მრავალი ჯილდო/პრემია და დღესდღეობით გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ქორეოგრაფად ითვლება. ის არის, ასევე, მოწვეული ქორეოგრაფი ოსნაბრუკის თეატრში, მაინის ფრანკფურტის საშემსრულებლო ხელოვნების ინსტიტუტსა და მიუნსტერის თეატრში. 2007-2008 წლებში ის იყო ქორეოგრაფიის მოწვეული პროფესორი ერნსტ-ბუშის სკოლაში.
ტულა ლიმნაიოსის მასტერკლასი – “თანამედროვე ცეკვა და კომპოზიცია”
- 28 სექტემბერი, 19:00
- მისამართი: გოეთეს ინსტიტუტი, მიხეილ ზანდუკელის 16
- დასასწრებად შეავსეთ ელექტრონული ფორმა
- ივენთის ლინკი
სხეული, როგორც დედამიწის და ცის დამაკავშირებელი, შუამავალი ელემენტი. სხეულის მუშაობა ემყარება Release-ს (გათავისუფლებას) და Alexander-Technik-ს (პედაგოგიური მეთოდი, რომლის მიზანიც ჩვევების შეცნობასა და მათ შეცვლაში მდგომარეობს) და წლების მანძილზე განვითარებულ სხეულის მუშაობის მეთოდიკას, ისევე როგორც მოძრაობის თანამედროვე ენას, ფოკუსირებულია სხეულის მოდუნებასა და კოორდინაციაზე სუნთქვისა და მოძრაობის დინამიკის მონაცვლეობისას.
მოძრაობის იმპულსს ვიღებთ ცენტრიდან – წყაროდან, რომლიდანაც ყველანაირი სახის ენერგია მოედინება. კუნთების მოდუნების შედეგად სხეული იძენს უნარს, ენერგიის დაუხარჯავად გაიმართოს და შინაგანი ენერგია გამოათავისუფლოს, რის შედეგადაც იქმნება ე.წ. მოძრაობის „ეკონომია“, რომელიც მოცეკვავის თვითგამოხატვას აძლიერებს, მოძრაობების ხარისხის/დინამიკის ფოკუსირებას ახდენს და შინაგან მუსიკალურობას ამძაფრებს.
მზა „რეცეპტები“ ქორეოგრაფიული ინსცენირებისთვის არ არსებობს. მართალია, დროთა განმავლობაში იქმნება ინდივიდუალური ხელწერა, თუმცა ყოველი სპექტაკლი ახალი გამოწვევაა. განსხვავებული თემები განსხვავებულ თვალთახედვას მოითხოვს, შესაბამისად, საკუთარი ხილვებისა და იდეების გადმოსაცემად, დრამატურგიულად მნიშვნელოვანი შინაგანი ძაფის და კომპოზიციის შინაგანი ლოგიკის შესაქმნელად, უნდა მოიძებნოს ადეკვატური კომპოზიციური საშუალებები, რათა სპექტაკლმა ადამიანები განსხვავებულ სამყაროებს აზიაროს და მათ ეს არავერბალურად მიაწოდოს.
მთავარი თანამედროვე ცეკვაა – ცეკვა, როგორც გამოხატულება, როგორც არავერბალური კომუნიკაცია და ჩვენი ეპოქის ასახვა, ეპოქისა, რომელშიც ვცხოვრობთ, ახლა და აქ…
პროექტის მხარდამჭერია გოეთეს ინსტიტუტი, თბილისის მერია, საქართველოს კულტურის სამინისტრო, სასტუმრო “რუმს ჰოტელ თბილისი”.