CINEDOC – ხარისხის ნიშანი!
2022 წლის გამოშვება CineDOC-Tbilisi – ისთვის საიუბილეოა, ფესტივალს 10 წელი შეუსრულდა!
დოკუმენტური კინო, ისევე როგორც მემუარული და დოკუმენტური პროზა, ყოველწლიურად აფართოებს ჟანრის საზღვრებს და უფრო და უფრო პოპულარული ხდება.
წელს BIAFF- ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალი და CineDOC-Tbilisi 18-25 სექტემბერს ბათუმში კინოთეატრ აპოლოში ჩატარდა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ორივე ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილმა დოკუმენტურმა ფილმებმა თავისი თემატიკით და ხარისხით მხატვრულ პროგრამას აჯობა და გაცილებით დიდი აუდიტორია შეკრიბა.
ორი ფესტივალის თანამშროლობით შექმნილ პროგრამაში ფილმის სახელწოდების გასწვრივ მინიშნება – “CINEDOC” ხარისხის გარანტი გახდა.
პროგრამა ორი სექციისგან შედგებოდა, საკონკურსო – FOCUS CAUCASUS COMPETITION და SPECIAL SCREENINGS.
2022 CineDOC-Tbilisi-ის საკონკურსო სექციის – FOCUS CAUCASUS COMPETITION გამარჯვებულია დოკუმენტური ფილმი “რესპუბლიკა”, რეჟისორები: ხვიჩა და თინათინ ემირიძეები, პროდიუსერი – მარიამ ჭაჭია, ოპერატორი – ნიკ ვოიგთი.
სანაგვეზე ერთწლიანი ცხოვრების შემდეგ, დათო გადაწყვეტს, რომ შექმნას უტოპიური რესპუბლიკა, სადაც ადამიანებსა და ცხოველებს ექნებათ თანაბარი უფლებები. მაგრამ, შესაძლებელია თუ არა, რომ შექმნა კაპიტალიზმის ალტერნატიული სამყარო, საზოგადოების ნარჩენებისგან, სადაც ყველა თანასწორი იქნება?
გამარჯვებული საერთაშორისო ჟიურის წევრებმა , ელიზ ჟალადომ, ჰელენ მარკოვამ და გიორგი მრევლიშვილმა გამოავლინეს.