fbpx

ალიყული ჯაბადარი – ქართველი მხატვარი (1666-1694)


გააზიარე სტატია

ავტორი: მაია კიკაბიძე

იყო ისეთი დრო, როდესაც საქართველოდან ათასობით რჩეული ქართველი ქალი თუ კაცი ტყვედ მიჰყავდათ ოსმალეთსა თუ ირანში და მაშინ იწყებოდა მათი მონური ცხოვრება, მაგრამ ნიჭით და გამჭრიახობით, ვიცით, ბევრს თავიც დაუღწევია  მონობისგან. ისინი დაწინაურებულან, ფეოდალებიც გამხდარან, მმართველებიც, მებრძოლნიც და ხელოვანებიც. 

ჰოდა იყო ერთი ბიჭი, გვარად ჯაბადარი, შესაძლოა კახეთიდან, რადგან ეს გვარი  კახეთის რეგიონში გვხვდება. როგორც სხვადასხვა წყაროებიდან არის ცნობილი, ალიყული ჯაბადარი მონა იყო და ამას  არც მალავდა, საკუთარ თავს ყოფილ მონას უწოდებდა. XVIII საუკუნის წერილობითი წყაროებიდან ჯაბადარის, მხატვრის ხელმოწერების საფუძველზე ვარაუდობენ, რომ ის იყო ქართველი. (Amy S Landau – 2015, Pearls on a String: Artists, Patrons, and Poets at the Great Islamic Courts) ერთ-ერთ ხელმოწერაში მხატვარი მიუთითებს თავის ქრისტიანულ წარმომავლობაზე, ასევე თავს მოიხსენიებს  (ghulāmzāda-i qadimi ) ყოფილ მონად. გარდა ამისა, მის ორ ნახატს ქართული წარწერები აქვს.

ჯაბადარი ერთ-ერთი პირველია, ვინც ჩართო ევროპული გავლენა ტრადიციულ სეფიანთა ეპოქის მინიატიურულ მხატვრობაში. შემორჩენილია მისი რვა მინიატიურა – ოთხი მათგანი მეტროპოლიტენის მუზეუმში ინახება, ოთხი – რუსეთში. მისი ნამუშევრების  ნაწილი, ალბომი, ინახება რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში, სანქტ-პეტერბურგში, რომელიც შეიკრიბა სპარსეთში, 1739 წელს, რუსეთის მიერ გაძარცვის შემდეგ. მსგავსი ალბომი მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმშია, ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტში, იანში, საფრანგეთში, ბრიტანეთში, გერმანიაში …..

ჯაბადარი მინიატიურების მხატვრობის გარდა ილუსტრატორი და ფერმწერიც იყო, მუშაობდა ქაღალდზე გუაშის, აკვარელის, მელნის, ოქროსა და ვერცხლის საღებავებით. როგორც ნამუშევრებიდან ჩანს,  იგი ევროპის გარდა ინდოეთშიც იმყოფებოდა, მას ჰქონდა შემოქმედებითი ცოდნა სხვადასხვა ქვეყნის მხატვრობის ხასიათის თაობაზე, რაც მის ნამუშევრებს ბევრად ღირებულს ქმნის.

ირანში ევროპული სტილის მხატვრები ცოტანი  იყვნენ.  გამორჩეულად და  მეტად ნაყოფიერად   სწორედ ალიყული ჯაბადარი და მუჰამედ ზამანი აღინიშნებიან. მათ ხელი მიუწვდებოდათ  ევროპულ მასალაზე და იმდროინდელი სტილისტიკის ინფორმაციაზე, რაც მათი ევროპაში ყოფნით და ევროპული სტილის ნახატებით დასტურდება. ასეთი ცოდნის და შემოქმედებითი ნიჭის გამო ისინი ასევე მუშაობდნენ სამეფო სასახლის ინტერიერზეც, აბას II დროს, ფრესკულ და საინტერიერო მხატვრობის ევროპული თემებით (მაგ.,  შიშველი ფლორა და ფაუნა, ბიბლიური თემები და პორტრეტები). 

ჯაბადარი ნახატებს  ასევე ელიტური ფენებისთვისაც ქმნიდა და საკუთარ ნამუშევრებს   ხელს აწერდა. სულეიმანის კარზე მომუშავე ამ ორ მხატვარს  ერთმანეთში კონკურენცია ჰქონდათ, რადგან  თანატოლები  და იმ ეპოქის ევროპულ-ირანული მხატვრობის ფუძემდებლებიც იყვნენ. ამიტომ ჯაბადარი ნამუშევრებზე ხელმოწერით ცდილობდა თავი გამოეჩინა თავისი ტიტულებით და მეტი პრივილეგიით. იგი  თავის თავს ასახელებდა  ყოფილ მონად, მაგრამ სამეფო ოჯახის წევრად –  „ღულამზადა-იქადიმი“ – სახლის მსახურის დიდი ხნის შვილი. ამ ხელმოწერებიდან შესაძლოა დავადგინოთ, რომ ის საქართველოდან ოჯახთან ერთად იყო გატაცებული ან გაყიდული. ჯაბადარმა კარგად იცოდა ქართულად  წერა და   ქრისტიანული რელიგია.

ალიყული ჯაბადარი უძლიერესი მხატვარი იყო, მისი ნამუშევრები ყველა ქვეყნის მუზეუმს ამშვენებს და სიმრავლიდან გამომდინარე დღემდე ლონდონის დახურულ აუქციონებზე იყიდება კოლექციონერებისთვის. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.