თბილისის ახალი საინტერესო კაფე-რესტორნები და ცოტაოდენი რამ მათ შესახებ
ავტორი: ნინა გოჩიტაშვილი
ალბათ თქვენც ხშირად გაწუხებთ კითხვა, თუ სად შეიძლება ახალი და საინტერესო კერძების გასინჯვა. გასტრონომიული თვალსაზრისით კი თბილისში ასეთი საკვები ობიექტების რაოდენობა ნელ-ნელა მატულობს. დღევანდელ სტატიაში სწორად ამგვარ ადგილებსა და მათ მიმართულებებს გავეცნობით. ასევე უკეთეს წარმოდგენას შევიქმნით ობიექტების კონცეფციებსა და მათ მნიშვნელობაზე დღევანდელ სარესტორნო სფეროში.
საღიღინო
კონსტიტუციის ქუჩაზე სოკოებივით მომრავლდა პატარ-პატარა კაფე-რესტორნები. ერთ-ერთი ასეთი ადგილი სწორედ იმერული ბისტრო-საღიღინოა, რომელიც სტუმრებს იმერული სტუმართმოყვარეობითა და სანაქებო სიმყუდროვით ხვდება. გასტრონომიულად, რესტორნის მთავარი ხაზი სწორედ იმერული სამზარეულოა.
ცნობილია, რომ იმერული სამზარეულო ფხალეულის მრავალფეროვანი არჩევანით არის განთქმული, რაც რესტორნის ერთ-ერთ მთავარ ღირსებას წარმოადგენს. ფხალეულის მენიუ სეზონურად იცვლება და სტუმრებს შეუძლიათ ფხალეულთან ერთად დააგემოვნონ მჭადი, ლობიო, ხაჭაპური… და იქვე დასავლეთ საქართველოს მარგალიტებს გაჰკრან კბილი – არომატულ შემწვარ კუპატს, ლეგენდარულ რაჭულ შქმერულს… და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს აგვირგვინებს შემწვარი სიმინდის მადისაღმძვრელი არომატი.
დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს, რომ არც პატარებს დასწყვიტონ გული და სპეციალურად მათთვის ბურგერ-სლაიდერები შექმნეს საოცარი ტრიუფელის სოუსით.
პოლიფონია
რესტორანი სტუმრებს ჭონქაძის ქუჩაზე, სასიამოვნოდ ჩაფლულ სიმწვანეში ხვდება. როგორც წესი, იგი საღამოს ხუთი საათიდან მასპინძლობს მსურველებს, გარდა ორშაბათისა და სამშაბათისა. პოლიფონია ნატურალური ღვინის მრავალფეროვანი არჩევანითა და კერძების საინტერესო შეხამებით გამოირჩევა. მადის აღმძვრელი ჯონჯოლის ტემპურა გახსნის დღიდან რესტორნის სავიზიტო ბარათად იქცა. ყოველდღიურად განახლებული დესერტის მენიუ კი მუდმივ სიახლეს სთავაზობს სტუმრებს. კონცეფციის დამფუძნებლები ჯონ ვუნდერმანი, ლევან კოღუაშვილი და გვანცა კოტეტიშვილი არიან. ჯონი 90-იანი წლებიდან ქართული ღვინის მეხოტბედ იქცა და საკუთარი ღვინის წარმოება წამოიწყო, რომელიც “ხოხბის ცრემლების” სახელით არის ცნობილი.
რესტორნის მთავარი ღირსება ნატურალური ღვინო და პეტნატებია, რომელიც დახლზე მოხვედრამდე საკმაოდ გრძელ გზას გადის. რესტორანში 300-ზე მეტი სახეობის ნატურალური ღვინოა თავმოყრილი როგორც საქართველოდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. მფლობელების მთავარი აქცენტიც სწორედ აქედან მოდის, რომ შენარჩუნდეს ქართული ღვინის მაღალი ხარისხი, მიუხედავად იმ დაბრკოლებებისა, რაც შეიძლება ნატურალური ღვინის წარმოებისას შეიქმნას. აქ შეხვდებით სეზონური ქართული პროდუქტით მომზადებულ კერძებს. შესაბამისად, ყოველ 3 თვეში სრულად განახლებული მენიუ ხვდება სტუმრებს.
მიუხედავად იმისა, რომ ღვინოს ხორცის კერძები მეტად უხდება, რესტორანი ვეგეტარიანელებისთვისაც სასიამოვნო ალტერნატივას ქმნის და ნებისმიერი ტიპის სტუმარს მათთვის მორგებულ მენიუს სთავაზობს. საბოლოოდ, ღვინისა და კერძების იდეალური ტანდემი ქმნის დაუვიწყარ აურას და სტუმრებს აქ გატარებული ყოველი საღამო სასიამოვნო მოგონებად გაჰყვებათ.
იაპონური
ბარნოვზე გახსნილ კონცეპტუალურ მაღაზია “ლილი როუზ მარკეტში” სრულიად ახალი სიტყვა ითქვა: “იაპონური სამზარეულო ლილისთან” ამომავალი მზის ქვეყნის გასტრონომიის თვალსაჩინო ნიმუშია. რესტორანი ყურადღებას ამახვილებს ცოცხალ თევზეულზე, რომელიც დღევანდელ პირობებში მეტად რისკიანი გადაწყვეტილებაა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, სავსებით შესაძლებელია.
როგორც რესტორნის დამფუძნებელი ქეთა საკანდელიძე გვიყვება, რესტორნის იდეა ჩაისახა მაშინ, როდესაც “იკიგაიმ” – ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების იაპონურმა საიდუმლომ – მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და გადაწყვიტა, საკუთარი სივრცე იაპონური კულტურის პოპულარიზაციისთვის დაეთმო.
ჯერჯერობით რესტორნის მენიუს შემადგენლობაში ძირითადი ადგილი ცივ კერძებს უკავია, თუმცა მომავალში უამრავ სიახლეს უნდა ველოდოთ.
კლარა ბარი
პირველი, რაც კლარა ბარზე გაგახსენდება ადამიანს, ამ ადგილას ჩატარებული დაუვიწყარი ნატას სტენდაფებია, რომელზეც შეუძლებელია გულიანად არ გაიცინო და ამავდროულად, მსოფლიო სევდის თანამონაწილე არ გახდე. ბარის კონცეფცია საკმაოდ მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანია – დაწყებული ტაროს საღამოებიდან, გაგრძელებული კინოჩვენებებითა და დისკუსიებით. გემრიელი და ნატიფი ვიზუალის კოქტეილების თანხლებით ბარში საზეიმო განწყობა მუდმივად სუფევს.
ამ განწყობას ბარის ვიზუალიც ქმნის, რომელიც საკმაოდ ანარქისტული, ფერადი და მოდერნისტულია. “შემომსვლელებმა ყველა იმედი გარეთ დატოვეთ!” და ნურც იფიქრებთ, რომ სახლში ფხიზლად წასვლას მოახერხებთ.
ელეგია
ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გახსნილი კონცეპტუალური ღვინის რესტორანი ქართული ღვინის პოპულარიზაციას ემსახურება. გამომდინარე იქიდან, რომ ილია აკადემიური თვალსაზრისით ქართული ღვინის ერთ-ერთი პირველი მკვლევარი იყო, მის სახლ-მუზეუმში ნატურალური ღვინის რესტორანი შეიქმნა, რომელიც სტუმრებს საკმაოდ საინტერესო კერძებით უმასპინძლებს.
მეცხრამეტე საუკუნის შენობაში განთავსებული რესტორანი – „ელეგია“ ელეგანტური სახლის ნაწილია, საოცრად მიმზიდველი ეზოთი, ბაღითა და უძველესი ხეებით, რომლებიც დიდი ქართველი მოღვაწის – ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და საქმიანობის პერიოდიდან ამშვენებს აქაურობას. თანამედროვე ქართულ სამზარეულოსთან, ნატურალური ქართული და უცხოური ღვინის ფართო არჩევანთან ერთად, „ელეგიაში“ კრეატიული კოქტეილებიც დაგხვდებათ, რომელიც მზადდება ადგილობრივი ინგრედიენტებით. განსაკუთრებული მოთხოვნის შემთხვევაში, „ელეგია“ ასევე უზრუნველყოფს ქართული და უცხოური ღვინოების საგანმანათლებლო და კულინარიულ შედარებით დეგუსტაციებს, სადაც ახსნილი და განხილული იქნება კერძები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
ელეგიის მენიუ მდიდარია საინტერესო და უცხო ინგრედიენტებისგან შექმნილი კულინარიული კომპოზიციებით, როგორიცაა: “შემწვარი ატამი ჩილითა და კოჭათი”, “შუ კალმახითა და პრასით”, “ბულგური ფინიკით ვაზის ფოთოლში” და სხვა მრავალი.